ორგანიზაციის შესახებ

Platforma.ge დაარსდა 2018 წელს, სხვადასხვა გამოცდილების მქონე მკვლევრების, აქტივისტებისა თუ აკადემიის წარმომადგენლების ინიციატივით. პლატფორმის მიზანია ალტერნატიული ცოდნის, ხედვებისა და თვალსაზრისების შეთავაზება აუდიტორიისთვის, რაც ხელს შეუწყობს სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ახლებურად გააზრებას. პლატფორმა ეყრდნობა სოლიდარული, თანასწორი და თავისუფალი საზოგადოების განვითარების იდეას და ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობა სწორედ ამ იდეებისკენ მივმართოთ.

პლატფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გარშემო აკადემიური ცოდნის გაზიარებაა. რადგან მიგვაჩნია, რომ არსებული სოციალური წესრიგი და გლობალურად იერარქიზებული სისტემები ქმნის იდეოლოგიურად ფორმირებულ და გამოყენებაზე ორიენტირებულ ცოდნას, რაც ხელს უშლის საზოგადოებაში არსებული სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობის კრიტიკულად გააზრებას და მათ სისტემურ ანალიზს. პლატფორმა მიზნად ისახავს არსებული ძალაუფლებრივი სისტემის გავლენისგან დაცლილი სივრცის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალი ცოდნის/ინფორმაციის მიღებასა და კრიტიკულ გააზრებაზე. მიგვაჩნია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების უმთავრესი მიზანი სოციალური სამართლიანობის იდეის ხელშეწყობა უნდა იყოს.

2018 წლიდან პლატფორმა, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ამზადებს აკადემიურ კურსებს პოლიტიკური ეკონომიის, ადამიანის უფლებების, ფემინისტური სამართლიანობის და სხვა საკითხების გარშემო. ამ მხრივ, ვცდილობთ გავაფართოვოთ ცოდნა ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ხშირად საუნივერსიტეტო სივრცის მიღმა რჩება. რამდენადაც ჩვენი მიზანი არ და ვერ იქნება ალტერნატიული აკადემიური სივრცის შექმნა, მიგვაჩნია, რომ სწორედ უნივერსიტეტებთან და სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი არსებული სივრცის/სისტემის სამართლიანი გარდაქმნა. ამასთან, პლატფორმა სივრცეს უთმობს როგორც პროფესიონალ, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარი ნაშრომების, პოზიციებისა და თვალსაზრისების გაზიარებისთვის.

პლატფორმა ეწევა მთარგმნელობით საქმიანობასაც. 2019 წელს გამოვეცით ზიგმუნტ ბაუმანის ,,თხევადი მოდერნულობის” ქართული ვერსია. 2020 წელს კი, ფემინისტური თარგმანების კრეული. მიმდინარე წელს დაგეგმილია კარლ პოლანის ,,დიდი ტრანსფორმაციის”, ნენსი ფრეიზერის, ტიტი ბატაჩარიას და ცინზია არუზას მანიფესტის ,,ფემინიზმი 99%-სთვის” და ადამიანის უფლებების შესახებ კრიტიკული შესავლის გამოცემა. ასევე, გამოიცემა XIX-XX საუკუნეების რადიკალურად მოაზროვნე ავტორების ტექსტების კრებული ,,სხვა მიმართულებების ძიებაში”.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან ჩვენთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ: platformage@gmail.com-ზე.

2021 წელს ჩამოყალიბდა ორგანიზაციის სამუშაო მიმართულებები:

(1) კრიტიკული პოლიტეკონომია;

(2) განათლება და სოციალური სამართლიანობა;

(3) კრიტიკული ფემინისტური აზრი