კრიტიკული პოლიტიკის სკოლა 2022

ახალი შრომა: გლობალური და ადგილობრივი გამოწვევები

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, იწყებს კრიტიკული პოლიტიკის სკოლისთვის მონაწილეების შერჩევას.

2022 წელს, კრიტიკული პოლიტიკის სკოლები ჩატარდება ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში, ფიზიკურ სივრცეებში. სკოლის მიზანია ფართო და თანმიმდევრული პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ,,ახალი შრომის“ კონცეფციებზე თეორიისა და პრაქტიკის სინთეზით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში მისი მნიშვნელობისა და ღირებულების შესახებ ინფორმირების გაზრდას.

შრომის პოლიტიკის ფართო სპექტრიდან დაკვირვებისას ჩანს, რომ შრომის რეფორმა მხოლოდ უფლებრივ დონეზე გარანტიებით იქნა შემოფარგლული და მის მიღმა დარჩა ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა შრომის ფორმალიზების პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკა, საცხოვრებელი და მინიმალური ხელფასი და შრომის ახალი ფორმების საკითხი. აღნიშნულ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ცალკეული ინიციატივები არსებობდა, თუმცა ის ვერ აღმოჩნდა პოლიტიკის დღის წესრიგში. ერთი მხრივ, არსებული გარემოება შრომის რეფორმას ტოვებს ძირითადად სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ვიწროვდება შრომითი ურთიერთობების პროცესში დასაქმებულებისთვის გარანტიების შექმნასა და აღსრულებაზე, მეორე მხრივ, კი შრომის ახალი რეფორმა ვერ პასუხობს იმ მნიშვნელოვან გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებს, რაც თანამედროვე შრომის ფორმებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ახალი შრომა სულ უფრო მეტად შორდება სამართლებრივ ჩარჩოს (GIG ეკონომიკა და პლატფორმის შრომა, პრეკარიულობისა და თვითდასაქმების ახალი ფორმები), რის გამოც შრომის კოდექსი ვერ წვდება ,,ახალ შრომაში“ ჩაბმული დასაქმებულების უმრავლესობას. შრომის ახალი ფორმების გლობალურად მზარდი ტენდენცია, რომელიც, ასევე აქტუალურია ადგილობრივი კონტექსტისთვის, სულ უფრო მეტად აჩენს იმის საჭიროებას, რომ შრომის პოლიტიკა უფრო მეტად სისტემური პერპსექტივიდან გაანალიზდეს და მასთან დაკავშირებულ დისკუსიებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ახალი შრომის კონცეფციამ.

კურსის ძირითადი თემატიკა:

• შრომის აღიარება, აღიარების მნიშვნელობა – ახალი ტიპის შრომა ახალი ტიპის ეკონომიკაში

• ახალი მშრომელის ჩამოყალიბება, ახალი შრომის ეთიკა და ორგანიზების გამოწვევები – როგორ გაართულდა პროფესიული კავშირების საქმიანობა ახალ შრომის პირობებში.

• შრომის ახალი საერთაშორისო დანაწილება: შრომა, საქონლი და მიწოდების ჯაჭვები

• პრეკარიული და არაფორმალური შრომა

• შრომის ანტერპრენიარიზმი – მშრომელი, როგორც ანტერპრენერი

• შრომა კულტურის ინდუსტრიაში

• შრომა ციფრულ სამყაროში: ინტერნეტი და შრომასთან გაუცხოება

• ახალი/თავისუფალი ეკონომიკური ზონები.

• მშრომელთა მოძრაობების ტრანსფორმაცია: ახალი დღის წესრიგების ძიებაში

• შრომის რობოტიზაცია, კოვიდი და საქართველოს როლი გლობალურ ეკონომიკაში.

კურსის თემატიკის დეტალური აღწერები იხილეთ გაფართოებულ სილაბუსში:

სილაბუსი

რეგისტრაცია და სხვა ტექნიკური დეტალები:

რეგისტრაციის ვადები: 20 აპრილი – 15 მაისი, 23.00სთ, 2022.

კურსის დაწყების სავარაუდო თარიღი: 20 მაისი, 2022

კურსის დასრულების სავარაუდო თარიღი: 28 ივლისი, 2022

კურსის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი და ქ. ბათუმი

კურსზე რეგისტრაცია და მასში მონაწილეობა უფასოა. კურსის ფორმატი მოიცავს თითოეულ შეხვედრაზე ერთ სალექციო საათს და ერთ სასემინარო საათს. ამავდორულად, კურსის განმავლობაში მონაწილეები შეძლებენ ინდივიდუალურ თემებზე მუშაობას და ჯგუფში პრეზენტაციას. გარდა ლექციებისა, კურსის განმავლობაში მონაწილეებისთვის შეთავაზებული იქნება დამატებით პრაქტიკული ტიპის სემინარები.

კურსზე რეგისტრაციისთვის საჭიროა ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმის შევსება. კურსზე რეგისტრაცია სტუდენტების გარდა შეუძლიათ ახალი შრომის საკითხებით დაინტერესებულ პირებს და რელევანტური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს (შრომის ინსპექცია, დასაქმების სააგენტო და სხვ.).

პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.