📌 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრი 2 მაისიდან აჩერებს დისტანციურ ფორმატში ფუნქციონირებას და სრული სააუდიტორიო სწავლება ახლდება, რომელსაც უნივერსიტეტი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ასაბუთებს. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სწავლების ფორმატის შეცვლა მიუღებელი აღმოჩნდა სტუდენტთა იმ ნაწილისთვის, რომლებიც ცხოვრობენ თბილისის მიღმა რეგიონებში და რომელთა დასაქმებულმა ნაწილმა საკუთარი სამუშაო დრო სწავლების დისტანციურ ფორმატს შეუსაბამა.

📌 კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის მიერ 2021-22 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სტუდენტთა სოციალურ კეთილდღეობას მრავალი წინარე და თანმდევი ფაქტორი განსაზღვრავს. კერძოდ, სწავლის საფასური, საცხოვრისი და მასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯები ის ძირითადი ბარიერებია, რომლებიც სტუდენტებს ტვირთად აწვებათ და მათ სოციალურ ექსკლუზიას განაპირობებს.

📌 იმის გათვალისწინებით, რომ ონლაინ სწავლებისას, ორი წლის განმავლობაში, არ მომხდარა სტუდენტებისთვის საშეღავათო პოლიტიკების შემუშავება, სასწავლო პროცესის ფიზიკურ სივრცეში გადმოტანა ორმაგ ტვირთს იწვევს, არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვისაც.

📌 ასევე, გასათვალისიწინებელია დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომელმაც საბინაო პოლიტიკის ისედაც დაურეგულირებელი სისტემა კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახადა, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სტუდენტების მხრიდან ფინანსურად ხელმისაწვდომი და მათ საჭიროებაზე მორგებული ადეკვატური საცხოვრისის დაქირავებას.

📌 გარდა ამისა, აღსანიშნია, რომ ადეკვატური საცხოვრისი გულისხმობს არა უბრალოდ „ჭერის ქონას“, არამედ მის სოციალურ და ფიზიკურ განზომილებას, რაც მოიცავს სტუდენტებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას სწავლებისა და შემეცნების პროცესის ხელშესაწყობად. დღეს არსებული სტუდენტური საცხოვრებელი, გარდა იმისა, რომ რაოდენობრივად არასაკმარისია, არცერთ ზემოთდასახელებულ პირობას არ აკმაყოფილებს, ის არათუ სწავლისათვის ადეკვატურ გარემოს ვერ ქმნის, არამედ, უფრო მეტიც, დარღვეულია საცხოვრებელის საბაზისო და ელემენტარული პირობები. შესაბამისად, აღნიშნული საერთო საცხოვრებლები შეუძლებელია განიხილებოდეს სტუდენტებისათვის საცხოვრისის ჩამნაცვლებელ სივრცეებად.

📌 აღნიშნულ საკითხზე საკუთარი წუხილის გამოსახატად, თსუ-ის სტუდენტები 16 აპრილს უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მართავენ საპროტესტო, მშვიდობიან აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაა მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე სწავლა კვლავ ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდეს, ხოლო სააუდიტორიო სწავლება განახლდეს სექტემბრიდან. იხ. აქციის შესახებ ინფორმაცია – https://bit.ly/3vphrip

📌 ჩვენ ვუერთდებით სტუდენტების სამართლიან მოთხოვნას და მოვუწოდებთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაითვალისწინოს საკუთარი სტუდენტების საჭიროებები და მიმდინარე სასწავლო სემესტრში სწავლა ონლაინ ან ჰიბრიდულ ფორმატში შეინარჩუნონ.

📌 გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, შეიმუშავონ სტუდენტთა სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფს პოლიტიკა.

*(კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევა – „სტუდენტთა სოციალური საჭიროებების კვლევა საქართველოში“ მიმდინარე წლის მაისის თვეში გამოქვეყნდება)