რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაკვეთილები საქართველოსთვის

მცირე სახელმწიფოები აღარ არიან უმწეო, აგენტობის არმქონე სუბიექტები – მათ ხელთ აქვთ ინსტრუმენტების მთელი ნაკრები

ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში წამოწევს გეოპოლიტიკის სიცოცხლისუნარიანობას აღმოსავლეთ ევროპაში. უკრაინა რეგიონში ერთ-ერთი ბოლო (და ყველაზე ტრაგიკული) გეოპოლიტიკური მეტოქეობის გამოვნილებაა რუსეთსა და დასავლეთის ძალებს შორის და მე-20 საუკუნის ევროპის ყველაზე ბნელ დღეებს გვახსენებს. ომი არის პუტინის ბრუტალური და პარანოიდული აზროვნების დემონსტრირება, მაგრამ ის ასევე იმ ასიმეტრიული რეალობის სახეა, რომელსაც რუსეთის მოსაზღვრე პატარა (არა მხოლოდ ფიზიკური ზომით) სახელმწიფოები აწყდებიან.

სხვა იმპერიების მსგავსად, რუსეთი ანექსიებისთვის იყენებდა (და იყენებს) დარწმუნების, მანიპულირების, წახალისების და დასჯის მეთოდებს რეგიონში თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის. სანამ რუსეთ-უკრაინის კრიზისი საერთაშორისო არენაზე 2014 წელს იფეთქებდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ასევე საკუთარ თავზე გამოცადეს რუსეთის ძალისმიერი ავტორიტეტი, იქნება ეს ეკონომიკურ (საქართველოსთან ვაჭრობის ემბარგოები და სომხეთის ძირითადი ინდუსტრიების ხელში ჩაგდება), სამხედრო (2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, იარაღის მიწოდება აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის), თუ პოლიტიკურ დონეზე (დეზინფორმაცია, პრორუსული პარტიების ფინანსური მხარდაჭერა). არცერთი ზემოხსენებული არ იწყება პუტინით. ირანისა და თურქეთის მოსაზღვრე სამხრეთ კავკასია, მისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ნედლეულით (სპილენძი, ქვანახშირი და მანგანუმი, ისევე როგორც ნავთობი და გაზი), შავ და კასპიის ზღვებზე წვდომით და მისი გეოგრაფიული ფუნქციით – როგორც სახმელეთო ხიდით ტრანზიტის, ვაჭრობისა, და ჯარებისთვის, სხვა კონკურენტ ძალებთან ერთად (ირანი, ოსმალეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და ამერიკის იმპერიები) ყოველთვის გახლდათ ერთგვარი მიზიდულობის რეგიონი რუსეთისთვის.

მცირე სახელმწიფოებს აქვთ ძალა

თუმცა, საქართველოს მსგავსი პატარა სახელმწიფოებისთვის სიტუაცია არც ისე მძიმეა, როგორც მე-20 დასაწყისში, როდესაც დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფოების შექმნის პირველი მცდელობა წითელმა არმიამ ჩაახშო. რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს დაშალოს უკრაინა, მაგრამ მასობრივმა დემონსტრაციებმა მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში (უკრაინელთა გასაოცარი წინააღმდეგობითა და დასავლურ იარაღთან ერთად) აჩვენა საერთაშორისო ნორმების, საზოგადოებრივი სოლიდარობის და მსოფლიო მედიის ყურადღების მნიშვნელობა მცირე სახელმწიფოებისთვის. ამგვარი ნიშნები ხაზს უსვამს ურთიერთკავშირს საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის, რადგან დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა რუსეთის იზოლაციისთვის უფრო მტკიცე ქმედებები განახორციელეს თავიანთი მოქალაქეების ზეწოლის შედეგად.

ერთი საუკუნის წინ, როდესაც იმპერიული ძალაუფლება ყვაოდა და გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ოსმალეთი ცდილობდნენ საიდუმლო შეთანხმებების ან ფორს-მაჟორების მეშვეობით სამხრეთ კავკასიაში თავიანთი გავლენების გადანაწილებას, საქართველოს, რომელმაც დამოუკიდებლობა 1918 წლის მაისში გამოაცხადა, არ ჰყავდა მფარველები, მოკავშირეები, არანაირი დიპლომატიური მხარდაჭერა და არანაირი დაცვა საერთაშორისო სამართლის დონეზე. დიდმა სახელმწიფოებმა გულმოდგინედ უგულებელყვეს ვუდრო ვილსონის მოწოდებები თვითგამორკვევის შესახებ, რომელიც არ მონიშნავდა საქართველოს (ან აზერბაიჯანს) პოტენციურ სახელმწიფოებად, და სამივე სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკა 1920-1921 წლებში ხელახლა გაერთიანდა (საბჭოთა) რუსეთში, დასავლელი მოკავშირეებისგან მცირე წინააღმდეგობის ფონზე.

მაგრამ დღეს, თუნდაც ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ეროზიის ფონზე, უკრაინამ აჩვენა, რომ საქართველოს მსგავს პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შეუძლიათ უფრო დიდი დემოკრატიული სახელმწიფოების მობილიზება საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების დაცვის გარშემო. დემოკრატია, ისევე როგორც გეოგრაფიული მდგომარეობა, ცენტრალურია ასეთი სტრატეგიისთვის. თუ უკრაინა არ იქნებოდა იდენტიფიცირებადი დემოკრატია, დასავლური სამყარო, სავარაუდოდ, ნაკლებად იქნებოდა ჩართული მისი სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. სწორედ ეს აქცევს საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის საშინაო ბრძოლას მნიშვნელოვან ეროვნული უსაფრთხოების საკითხად.

საქართველოს მაგალითი

პუტინის არასწორმა გათვლა უკრაინაში გვაჩვენა, რომ მცირე (ან საშუალო) სახელმწიფოებმა მოიპოვეს ადგილი. ისინი აღარ არიან აგენტობის არმქონე, უმწეო სუბიექტები. მათ ხელთ აქვთ ინსტრუმენტების მთელი ნაკრები და გაცილებით მეტი გამოცდილება, თუ როგორ გამოიყენონ ისინი რუსეთთან ურთიერთობისას. ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი ბევრად უფრო ხელსაყრელ გარემოს ქმნის მცირე სახელმწიფოებისთვის, სადაც ადამიანის უფლებები, თანამშრომლობითი უსაფრთხოების პოლიტიკა (სამწუხაროდ არა სამხრეთ კავკასიაში) და დემოკრატიული რეფორმები მხარდაჭერილია, თუ არა – სრულად პრაქტიკაში განხორციელებული. რომ არა 1990-იან წლებში დასავლეთის მთავრობების ეკონომიკური განვითარების დახმარება და მათი მულტილატერალიზმის, დიპლომატიური შეთანხმებების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ხელშეწყობა, უკრაინა და საქართველო ვერასოდეს გაარღვევდნენ რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების“ სფეროს.

არაძალისმიერი გარემო პატარა სახელმწიფოებს მომგებიან პირობებში აყენებს. საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე – გაეროში, ევროკავშირთან და ნატოსთან მოლაპარაკებებში აჩვენა, რომ მას შეუძლია შექმნას კოალიციები და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ჰეგემონიურ პრეტენზიებს. კერძოდ, საქართველოს აქვს რესურსები – უფრო მეტი, ვიდრე მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს – რასაც ჯოზეფ ნაი “რბილ ძალას” უწოდებს. საქართველო 2000-იან წლებში ყოფილ საბჭოთა სივრცეში დასავლეთის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკის გამყარების წერტილი იყო. მან აჩვენა თავისი სარგებლობა ნატოსთვის ერაყსა და ავღანეთში და გახდა ახალი კულტურული ფენომენი თავისი ოპერის ვარსკვლავებით, სამზარეულოთი და გეოგრაფიული სილამაზით, მიიზიდა მილიონობით ევროპელი ტურისტი მის მთებში – ეკოტურებში და მის ქალაქებში. რბილი ძალა, ისევე როგორც მყარი ძალა, არ იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იარაღია.

რეალისტური ბოდვები

რეალისტები სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთოხებისთვის უარყოფენ მიმზიდველობისა ან რეპუტაციის მნიშვნელობას. ისინი უფრო მეტად ხედავენ ვლადიმერ პუტინის სამყაროს, სადაც ძალაუფლება ბრუნავს დიდი ძალების დომინირებისა და მათ მიერ დაწესებული წესების გარშემო, სადაც პატარა სახელმწიფოებს არავითარი როლი არ აქვთ. რეალისტების ხედვით, რუსული აგრესიის მსხვერპლნი გულუბრყვილოდ ისწრაფვიან სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისთვის. სტივენ უოლტი, ჰარვარდიდან, ამბობს, რომ სუსტი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, გამოსავალი არის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, მაგრამ არის კი ეს პოლიტიკურად განხორციელებადი, რეალისტური ან ის, რასაც რუსეთის მომავალი მთავრობა დაიცავს, როდესაც ის მომდევნო ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება?

უკრაინას და საქართველოს არ აქვს შვეიცარიის ან ავსტრიის მსგავსი გეოგრაფიული მდებარეობა; ისინი ესაზღვრებიან მეზობელს, რომლის იდენტობა განუყოფლად არის დაკავშირებული იმპერიასთან. ნაკლებად სავარაუდოა, ვინც რუსეთს მომავალი ათწლეულების განმავლობაში უხელმძღვანელებს, დათმოს თავისი ტერიტორიული პრეტენზიები უკრაინასა ან საქართველოში. ჯონ მეარშაიმერი, რეალიზმის მხარდამჭერი, ამტკიცებს, რომ თუ უკრაინა ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს, პრობლემა უბრალოდ გაქრება. მაგრამ მოლდოვა “ნეიტრალურია” 1994 წლიდან – ეს მის კონსტიტუციაშია. ხდის კი ეს მოლდოვას უფრო უსაფრთხოს რუსეთთან ურთიერთობაში, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც ნატოს წევრები არიან?! გაუგებარია, რატომ მოდის ასეთი წინადადებები “რეალიზმის” პრიზმიდან.

ცვლილების შანსი

თუმცაღა, რეალისტები, რაღაც მხრივ, მართლებიც არიან. დასავლეთი პრობლემის ნაწილია; ის იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინის ომში. მაგრამ არა ლიბერალური ილუზიების ან რუსეთის წინააღმდეგ ნატოს “სტრატეგიული აგრესიის” გამო, არამედ, პირიქით – უკრაინაში მომხდარი ტრაგედია დასავლეთის სისუსტის შედეგია. დღევანდელი გაკვეთილი უნდა იყოს ნათელი: დასავლური სახელმწიფოების სუსტი რეაქცია (დნესტრისპირეთის 1991–1992 წლებში რუსეთის ოკუპაციაზე, ჩეჩნეთის განადგურება ორ ომში 1990-იან და 2000-იან წლებში და რუსეთის შემოჭრა საქართველოში 2008 წელს და ყირიმში 2014 წელს) პრეკურსორი გახდა 2022 წლის უკრაინის ტრაგედიისა. რუსული ოკუპაციის პატერნი 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში, პრაქტიკულად, იდენტური იყო.

მაგრამ, პარადოქსულად, უკრაინაში განვითარებულ შემზარავ მოვლენებს უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია ისეთი პატარა სახელმწიფოებისთვის, როგორიც საქართველოა. საქართველოს შემთხვევაში, ამას მინიმუმ სამი რამ დასჭირდება: ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების უფრო მტკიცე ვალდებულება საქართველოს უსაფრთხოების მიმართ; დემოკრატიული კონსოლიდაცია ადგილობრივ დონეზე; და რაც მთავარია, რუსეთის მარცხი. რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება გაიმარჯვოს; თუ ეს ასე იქნება, მცირე სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა საქართველო (და პატარა სახელმწიფოები მსოფლიოში) დაუცველობის განცდა კვლავ შენარჩუნდება. გაქრება ახალი ლიბერალური საერთაშორისო წესრიგისთვის ხელახალი ფორმირების შესაძლებლობა, რომელსაც უძღვებიან მსოფლიო დემოკრატიები.

სტივენ ჯონსი არის ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსული და ევრაზიული კვლევების დეივისის ცენტრის ქართული კვლევების პროგრამის დირექტორი და მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის რუსული და ევრაზიული კვლევების პროფესორი. ამ ნარკვევში გამოთქმული შეხედულებები მას ეკუთვნის.

თარგმნა ნინო კარანაძემ.

წყარო