დანაშაულის და სასჯელის თეორიები 

სახელმძღვანელო

გადმოწერა

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტის, „დანაშაული და სასჯელი: კრიტიკული პერსპექტივები,“ მიზანი დანაშაულისა და სასჯელის საკითხების ინტერდისციპლინური კვლევის, სწავლებისა და საჯარო დისკუსიის წახალისება იყო. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ინტერდისციპლინარული სასწავლო კურსი, რომელიც იყენებს კრიმინოლოგიის, პოლიტიკური ეკონომიკის, სოციოლოგიისა და პოლიტიკის თეორიის პერსპექტივებს და, მათ შორის ქართულ კონტექსტში, აანალიზებს დანაშაულის გაგებას, მის მიზეზებსა და შედეგებს, ისევე, როგორც სახელ-მწიფოს სადამსჯელო მექანიზმების როლს სოციალური კონტროლისა და ძალაუფლების ინტერესების განმტკიცებაში. წინამდებარე თარგმანების კრებული აღნიშნული სასწავლო კურსის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

კრებულში იხილავთ კლასიკური კრიმინოლოგიისა და დანაშაულისადმი მემარჯვენე მიდგომების მიმოხილვას, რომლებიც 1970-იან და 1980-იან წლებში ძლიერდება დასავლურ აკადემიასა და პოლიტიკურ დისკურში. თუმცა კრებულის მთავარი ფოკუსი დანაშაულისა და სასჯელის საკითხებისადმი კრიტიკული მიდგომებია. კერძოდ, კრებული აერთიანებს კრიტიკული კრიმინოლოგიისა და სასჯელის სოციოლო-გიის წამყვანი სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების რელევანტურ ნაწილებს. ზოგადად, კრიტიკული თეორიული პერსპექტივა ფარული დაშვებების, დამკვიდრებული შეხედულებების, ‘თავისთავადი ჭეშ- მარიტებების’ გამოკვეთას, ანალიზსა და მორყევას ცდილობს. ამავე დროს, ეს პერსპექტივა პოლიტიკურია, იკავებს რა საზოგადოების ეკონომიკურად და სოციალურად გარიყული, ჩაგრული ნაწილის მხარეს და არსებულ წესრიგში ინტერვენციის გზით მის გარდაქმნას ცდილობს. უშუალოდ დანაშაულის და სასჯელის კრიტიკული თეორიები უპირისპირდება მეინსტრიმულ მიდგომებს, რომლებიც ძირითადად დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენაზეა ფოკუსირებული, ხოლო დასჯის ინსტიტუტს მხოლოდ დანაშაულზე რეაგირების მეორადი ფუნქციის ჭრილში უყურებს, რომელსაც არ აქვს დანაშაულის კონტროლისგან დამოუკიდებელი მიზნები. კრიტიკული მიდგომები გვთავაზობს დანაშაულებრივი ქმედებებისა და სადამსჯელო სისტემების ახსნას საზოგადოებაში ძალაუფლებისა და რესურსების უთანასწორო განაწი- ლებასა და კლასობრივ, რასობრივ თუ გენდერულ ჩაგვრაზე დაკვირვებით. კრიტიკული ინტერვენციის მიზანი არა არსებული სისხლის სამართლის სისტემის უბრალო რეფორმირება, არამედ იმ იდეოლოგიური კატეგორიების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ანალიზი და კრიტიკაა, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ქმედების კრიმინალიზება და მასზე რეაგირება ხდება, ისევე, როგორც ძალაუფლების მიერ სასჯელის ფორმების განსაზღვრა და გამოყენება.

კრებული მომზადდა პროექტის ,,დანაშაულის და სასჯელის კრიტიკული პერსპექტივები” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა GIPA-ს და პლატფორმის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.