Credit: Masha Foya

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი რუსი მეცნიერები და სამეცნიერო ჟურნალისტები, ვაფიქსირებთ ჩვენს მკაფიო წინააღმდეგობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დაწყებულ რუსულ საომარ მოქმედებებზე. ეს საომარი მოქმედებები უზარმაზარ ადამიანურ დანაკარგს იწვევს და ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის საფუძვლებს. ევროპაში ახალი ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება.

ამ ომის არავითარი რაციონალური გამართლება არ არსებობს. ცხადია, უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის. დონბასში არსებული ვითარების, როგორც სამხედრო ოპერაციის დაწყების საბაბად გამოყენების მცდელობა კი სრულად გამოგონილია. უკრაინის წინააღმდეგ ომი უსამართლო და ცალსახად აბსურდულია.

უკრაინა იყო და რჩება ჩვენს ახლობელ ქვეყნად. ბევრ ჩვენგანს ჰყავს უკრაინაში მცხოვრები ნათესავები, მეგობრები და კოლეგები. ჩვენი მამები, ბაბუები და დიდი ბაბუები ერთად იბრძოდნენ ნაციზმის წინააღმდეგ და ამ ომის გაჩაღება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გეოპოლიტიკური ამბიციების გამო, გამოწვეული მათი საეჭვო ისტორიოსოფიური ფანტაზიებით, ისტორიული მეხსიერების ცინიკური გაყალბებაა.

ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სახელმწიფოებრიობას, რომელიც ეფუძნება დემოკრატიულ ინსტიტუციონალიზმს. პატივისცემას გამოვხატავთ უკრაინის სურვილის მიმართ, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში არსებული ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.

ომის გაჩაღების შემდეგ რუსეთმა საკუთარი თავი საერთაშორისო იზოლაციისთვის გაწირა. იგი იქცა განდევნილ, გარიყულ სახელმწიფოდ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, რუსი მეცნიერები და ჟურნალისტები, ვეღარ შევძლებთ ჩვენი სამეცნიერო საქმიანობის ნორმალურად შესრულებას, რადგან სამეცნიერო კვლევა წარმოუდგენელია სხვა ქვეყნების მეცნიერებთან კოლაბორაციისა და მათი ნდობის გარეშე. დანარჩენი მსოფლიოსგან რუსეთის იზოლაცია ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოს კულტურულ და ტექნოლოგიურ დეგრადაციას და პოზიტიური პერსპექტივების სრულ გაქრობას. უკრაინასთან ომი უკიდეგანო სიცარიელისკენ გადადგმული ნაბიჯია.

უმძიმესია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენმა ქვეყანამ, რომელმაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ნაციზმზე გამარჯვებაში, წამოიწყო ახალი ომი ევროპის კონტინენტზე. ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვითხოვთ, უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას ჩვენი ქვეყნებისთვის.

Let’s make science, not war!

ორიგინალი წყარო

თარგმნა თემო ბეჟანიძემ და თორნიკე შევარდნაძემ.