რუსი ფემინისტების მანიფესტი

უკრაინის ოკუპაციის წინააღმდეგ

დღევანდელ რუსეთში ფემინისტები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სოციალურ მოძრაობას, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფო რეპრესიებს. ახლა ისინი ერთიანდებიან, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინასთან.
ქვემოთ მოცემული ტექსტი არის რუსი ფემინისტების მანიფესტი, რომლებიც გაერთიანდნენ უკრაინის ოკუპაციისა და ომის წინააღმდეგ. ფემინისტური მოძრაობა არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ოპოზიციურ მოძრაობათაგანი თანამედროვე რუსეთში, რომელიც არ განადგურდა ვლადიმერ პუტინის მთავრობის მიერ წამოწყებული დევნით. ამ დროისთვის, რამდენიმე ათეული ფემინისტური ჯგუფი მოქმედებს სულ მცირე ოცდაათ რუსულ ქალაქში. ამ ტექსტში ფემინისტები, რომლებიც მონაწილეობენ ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოუწოდებენ ფემინისტებს მთელს მსოფლიოში, გაერთიანდნენ პუტინის მთავრობის მიერ წამოწყებულ სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.

24 თებერვალს, მოსკოვის დროით დაახლოებით დილის 5:30 საათზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე “სპეციალური ოპერაცია” გამოაცხადა, რომლის გაცხადებული მიზანი უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს “დენაციფიკაცია” და “დემილიტარიზაცია” იყო. ეს ოპერაცია დიდი ხანი მზადდებოდა და განმავლობაში რუსული ჯარები უკრაინის საზღვრისკენ მიიწევდნენ. ამ დროის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა უარყოფდა სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ტყუილი იყო.

რუსეთმა მეზობელ სახელწიფოს ომი გამოუცხადა. ამით რუსეთმა წაართვა უკრაინას თვითგამორკვევის უფლება და მშვიდობიანი ცხოვრების იმედი. ჩვენ ვაცხადებთ – და არა პირველად – რომ ომი, ბოლო რვა წლის განმავლობაში რუსეთის მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს. ომი დონბასში ყირიმის უკანონო ანექსიის შედეგია. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი და მისი პრეზიდენტი არ არიან და არც არასდროს ყოფილან დაინტერესებულნი ლუგანსკსა და დონეცკში მცხოვრებთა ბედით და რვა წლის შემდეგ რესპუბლიკების აღიარება მხოლოდ საბაბი იყო უკრაინაში შეჭრისთვის, „განთავისუფლების“ საფარქვეშ.

ჩვენ, როგორც რუსეთის მოქალაქეები და ფემინისტები, ვგმობთ ამ ომს. ფემინიზმი, როგორც პოლიტიკური ძალა, არ შეიძლება იყოს აგრესიული ომის და სამხედრო ოკუპაციის მხარეს. რუსეთში ფემინისტური მოძრაობა მოწყვლადი ჯგუფებისა და სამართლიანი საზოგადოების განვითარებისთვის იბრძვის, თანაბარი შესაძლებლობებითა და პერსპექტივებით, რომელშიც ძალადობისა და სამხედრო კონფლიქტებისთვის ადგილი არ არის.

ომი ნიშნავს ძალადობას, სიღარიბეს, იძულებით გადაადგილებას, დანგრეულ ცხოვრებას, მოწყვლადობას და მომავლის დაკარგვას. იგი შეუთავსებელია ფემინისტური მოძრაობის ფუნდამენტურ ღირებულებებთან და მიზნებთან. ომი აღრმავებს გენდერულ უთანასწორობას და მრავალი წლით უკან ხევს ადამიანის უფლებების მიღწევებს. ომს თან სდევს არა მარტო ტყვიებითა და ბომბებით ძალადობა, არამედ სექსუალური ძალადობაც: როგორც ისტორია აჩვენებს, ომის დროს გაუპატიურების რისკი რამდენჯერმე იზრდება ნებისმიერი ქალისთვის. ამ და მრავალი სხვა მიზეზის გამო, რუსმა ფემინისტებმა და მათ, ვინც იზიარებს ფემინისტურ ღირებულებებს, უნდა დაიკავონ მტკიცე პოზიცია ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ გაჩაღებული ომის წინააღმდეგ.

ამჟამინდელი ომი, როგორც პუტინის მიმართვები აჩვენებს, ასევე მიმდინარეობს მთავრობის იდეოლოგების მიერ გამოცხადებული „ტრადიციული ღირებულებების“ ქოლგის ქვეშ – ღირებულებები, რომელთა გავრცელებაც რუსეთმა, როგორც მისიონერმა მთელს მსოფლიოში გადაწყვიტა; რომელიც იყენებს ძალადობას ყველას მიმართ, ვინც უარს ამბობს მათ მიღებაზე. ყველას, ვისაც შეუძლია კრიტიკული აზროვნება, კარგად ესმის, რომ ეს „ტრადიციული ღირებულებები“ გულისხმობს გენდერულ უთანასწორობას, ქალების ექსპლუატაციას და სახელმწიფო რეპრესიებს მათ მიმართ, ვისი ცხოვრების წესი, თვითიდენტიფიკაცია და ქცევა არ შეესაბამება ვიწრო პატრიარქალურ ნორმებს. მეზობელი სახელმწიფოს ოკუპაციის გამართლება ამგვარი დამახინჯებული ნორმების ხელშეწყობითა და დემაგოგიური „განთავისუფლების“ განხორციელების სურვილთ არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფემინისტები რუსეთში მთელი ძალით უნდა დაუპირისპირდნენ ამ ომს.

დღეს ფემინისტები მიეკუთვნებიან ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვანი აქტიურ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება ჩვენ არ აღგვიქვამდა საშიშ პოლიტიკურ მოძრაობად და ამიტომ დროებითად ნაკლებად ვიყავით სახელმწიფო რეპრესიების ზემოქმედების ქვეშ, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთად შედარებით. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით ორმოცდახუთზე მეტი სხვადასხვა ფემინისტური ორგანიზაცია მოქმედებს, კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე, როსტოვიდან მურმანსკამდე. ჩვენ მოვუწოდებთ რუს ფემინისტურ ჯგუფებს და ცალკეულ ფემინისტებს შეუერთდნენ ანტი-ომის ფემინისტურ წინააღმდეგობას და გააერთიანონ ძალები, რათა აქტიურად დაუპირისპირდნენ ომს და მის წამომწყებელ მთავრობას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ფემინისტებს მთელ მსოფლიოში, შეუერთდნენ ჩვენს წინააღმდეგობას. ჩვენ ბევრნი ვართ და ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია: ბოლო ათი წლის განმავლობაში ფემინისტურმა მოძრაობამ უზარმაზარი გავლენა მოიპოვა მედიასა და კულტურაზე. დროა ის გადაიქცეს პოლიტიკურ ძალაუფლებად. ჩვენ ვართ ომის, პატრიარქატიის, ავტორიტარიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ მომავალი, რომელიც გაიმარჯვებს.

ჩვენ, მოვუწოდებთ ფემინისტებს მთელს მსოფლიოში:

• შეუერთდით მშვიდობიან დემონსტრაციებს და დაიწყეთ ფიზიკური და ონლაინ კამპანიები უკრაინაში ომისა და პუტინის დიქტატურის წინააღმდეგ, დაორგანიზდით, გამოიყენოთ ანტი-ომის ფემინისტური წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლო თქვენს მასალებში და პუბლიკაციებში, ასევე, ჰეშთეგები: #FeministAntiWarResistance და #FeministsAgainstWar.

• გაავრცელეთ ინფორმაცია უკრაინაში ომისა და პუტინის აგრესიის შესახებ. ჩვენ გვჭირდება, რომ მთელმა მსოფლიომ მხარი დაუჭიროს უკრაინას და უარი თქვას პუტინის რეჟიმის დახმარებაზე.

• გაუზიარეთ ეს მანიფესტი სხვებს. აუცილებელია იმის ჩვენება, რომ ფემინისტები წინააღმდეგნი არიან ამ ომის – ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ომის. აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ ჯერ კიდევ არსებობენ რუსი აქტივისტები, რომლებიც მზად არიან გაერთიანდნენ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ყველანი ვართ სახელმწიფოს მხრიდან დევნის საფრთხის წინაშე და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა.

ანტი-ომის ფემინისტური წინააღმდეგობას აქვს ტელეგრამის არხი, დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება არხის საშუალებით (რუსულ ენაზე). უსაფრთხოების მიზნით ინიციატივის წევრები ანონიმურები რჩებიან. მისი წარმომადგენელი ლონდონში არის ელა როზმანი.

ტექსტის ინგლისურენოვანი ვერსია გამოქვეყნდა Jacobin-ზე.

ტექსტი მოხალისეობრივად თარგმნა ნინო კარანაძემ.