სახელდახელო პასუხი პუტინისტ „მემარცხენეებს“

… ქართველი ე.წ მემარცხენე პუტინისტები არათუ უკრაინელთა უფლებას აღიარებენ წინააღმდეგობა გაუწიონ იმპერიალისტურ სახელმწიფოს, არამედ რუსეთს იმპერიადაც არ მიიჩნევენ. მათთვის პუტინის რუსეთი „საბჭოთა კავშირის ნგრევის შოკიდან ახლადგამოსული“, დასავლური იმპერიალიზმის ჰეგემონიისგან სულშეხუთული სახელმწიფოა, რომელიც იძულებულია თავდაცვითი პოლიტიკა აწარმოოს. „მემარცხენე“ პუტინისტების განაცხადი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინას დასავლური იმპერიალიზმისგან, დასავლური სახელმწიფოების კოლონიად ქცევისგან იცავს, იმეორებს ეგვიპტელ-ფრანგი თეორეტიკოსის, სამირ ამინის დებულებას, რომ „რუსეთის პოლიტიკა (როგორც ის პუტინის ადმინისტრაციის მიერ არის განვითარებული) ეწინააღმდეგება უკრაინის კოლონიზაციის პროექტს, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს“. ამინი თვლის, რომ რუსეთში უნდა შეწყდეს დასავლეთის, კერძოდ, ტრიადის (შტატები, ცენტრალური და დასავლეთ ევროპა, იაპონია) მხრიდან თავს მოხვეული ნეო-ლიბერალური წესრიგი, რომ მის ადგილას უნდა ამოიზარდოს ახალი ტიპის სახელმწიფო კაპიტალიზმი, რომ ამ მისიის გარშემო უნდა შეკავშირდეს ფრაგმენტირებული მმართველი კლასი და ეს წყალი უნდა გადაესხას უკრაინას, ტრანსკავკასიას და ცენტრალურ აზიას. ამგვარად, ტრიადას წინ უნდა აღუდგეს რუსეთის გარშემო გაერთიანებული ევრაზიული ბლოკი, რომელიც თავისი არსით ანტი-ჰეგემონიური იქნება, ანუ განუდგება დასავლურ ნეო-ლიბერალიზმს, დასავლური ტრანსნაციონალური კორპორაციების ბატონობას და მათ კოლონიალისტურ პოლიტიკას. ცხადია, ამინის და ქართველი პუტინისტების დარად, თუკი ჩვენ რუსეთს კოლონიზებულ ან ნახევრად კოლონიზებულ სახელმწიფოდ განვიხილავთ, მაშინ ინტერნაციონალური მემარცხენეობის ვალია სწორედაც რუსეთს მიემხროს იმპერიალიზმთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომაც უნდა დაისვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვა: არის რუსეთი იმპერიალისტური სახელმწიფო?

ქართველი „მემარცხენე“ პუტინისტების და სამირ ამინის მიერ რუსეთის ნახევრად-კოლონიზებულ სახელმწიფოდ შერაცხვა, სინამდვილეში, ცრუმორწმუნეობრივი დებულებიდან მომდინარეობს, რომ „ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია“. ცხადია, არის მომენტები, როდესაც ზემოხსენებული პოსტულატი შესაძლოა ტაქტიკურად სასარგებლო და გადამწყვეტი იყოს, განსაკუთრებით, სამხედრო კონფლიქტისას, ძალთა დაბალანსებისთვის. მაგრამ შეუძლებელია ამ პრინციპის თეორიულ ასპარეზზე გამტარებელ ადამიანებს მარქსისტები, თუ მუშათა კლასის თვალსაზრისზე მყოფები ვუწოდოთ, რადგან მარქსისტული თეორია არ ემყარება უტილიტარისტულ გაანგარიშებებს, სარგებლიანობის პრინციპს. მარქსისტული პრიზმიდან საშუალებასა და მიზანს შორის დიალექტიკური კავშირი არსებობს, შესაბამისად, ზოგჯერ, შესაძლოა, – მარცხის ფასადაც კი – კონკრეტული საშუალება სულაც არ იყოს არჩევანის საგანი. სხვა სიტყვებით, ყველაფრის ფასად გამარჯვება, სულაც არ ნიშნავს მარქსისტული პრინციპების თანმიმდევრულ გატარებას და ამის მაგალითები ისტორიაშიც უამრავია. მაგალითად, ტროცკიმ, როგორც წითელი არმიის ხელმძღვანელმა, საკუთარი ძალაუფლება სტალინისტური ბიუროკრატიის აღმოსაფხვრელად არ გამოიყენა, რადგან, თუნდაც გადატრიალების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პარტიაში არსებული პოლიტიკური გარემო წახდებოდა და, საბოლოოდ, ისეთივე პრინციპები გაიმარჯვებდა და დაისადგურებდა, რასაც თვითონ სტალინიზმი განასახიერებდა. ტროცკის მიერ ყოველგვარი „საშუალების“ გამოუყენებლობა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ სასურველ მიზანს ნებისმიერი საშუალებით ვერ მივაღწევთ. ქართველი „მემარცხენე“ პუტინისტების ლოგიკით, შესაძლოა, ისლამური სახელმწიფო და თალიბანიც სწორედ ასეთ ანტი-იმპერიალისტურ ძალებად მივიჩნიოთ, სხვა სიტყვებით, რელიგიური ფანატიზმი და შოვინიზმი, მათი აზრით, შესაძლოა, ადამიანის სამომავლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ემანსიპაციას ემსახუროს. საინტერესოა, როგორ წარიმართებოდა ქართველ „მემარცხენე“ პუტინისტებსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის დიალოგი: „ჩვენ ქართველი „მემარცხენე“ პუტინისტები და ათეისტები ვართ, ვფიქრობთ, რომ თქვენი პოლიტიკა რეაქციონერულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გვსურს, რომ დროებითი მოკავშირეები გავხდეთ, მანამ სანამ თქვენ ჩვენს მტრებს დაამარცხებთ და მსოფლიოში ტრიადის ჰეგემონობას არ დაასრულებთ“. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ამ დიალოგის დასასრულიც: ძველ აღმოსავლეთში როდესაც მოღალატე დამპყრობელთან მივიდოდა და მას ჯარის განლაგების ცნობას მიუტანდა, მოღალატეს განკუთვნილ ფულს დამპყრობთა მეთაური პირში ჩრიდა და თავს ისე აჭრიდა. ეს შესაძლოა სასტიკი, მაგრამ, ასევე, უტილიტარულ გამოანგარიშებაზე დამყარებული ნაბიჯია, ფარდობითი თეორიული და მორალური კომპასის მქონე ადამიანები ყველას მხოლოდ დროებით და მოკლე ხანს სჭირდება.

სტატიის სრული ვერსია იხ. მიმაგრებულ ფაილში:

ნახვა I გადმოწერა

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. ტექსტზე წერილობითი გამოხმაურების სურვილის შემთხვევაში, მოგვმართეთ: platformage@gmail.com