წერილი კიევიდან დასავლელ მემარცხენეებს

ავტორი: ტარას ბიოლუსი, უკრაინელი მემარცხენე აქტივისტი.

„იდიოტების ანტი-იმპერიალიზმი“ ნიშნავდა, რომ ხალხი თვალს ხუჭავდა რუსეთის ქმედებებზე

ამ სტრიქონებს ვწერ კიევში, საარტილერიო თავდასხმის დროს.

ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ რუსული ჯარები არ დაიწყებდნენ სრულმასშტაბიან შემოჭრას. ახლა მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ინფორმაცია აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებს შეატყობინა.

გუშინ ნახევარი დღე ვფიქრობდი, უნდა შევსულიყავი თუ არა ტერიტორიული თავდაცვის ნაწილებში. მომდევნო ღამის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სრული მობილიზაციის ბრძანებას, როცა რუსული ჯარები შემოვიდნენ და მოემზადნენ კიევის ალყაში მოსაქცევად, ამით მიღებული გადაწყვეტილება ცხადი გახდა ჩემთვის.

მაგრამ სანამ ჩემს პოსტს დავიკავებ, მსურს დასავლეთის მემარცხენეებს ვუთხრა, რას ვფიქრობ მათ რეაქციაზე რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ.

უპირველეს ყოვლისა, მადლობელი ვარ იმ მემარცხენეების, რომლებიც ახლა პიკეტირებენ რუსეთის საელჩოებთან – მათაც მადლობა, ვისაც დრო დაჭირდა გააცნობიერებინა, რომ რუსეთი იყო აგრესორი ამ კონფლიქტში.

მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთზე ზეწოლას, რათა შეაჩეროს შემოჭრა და გაიყვანოს მისი ჯარები.

და მადლობელი ვარ ბრიტანელი და უელსელი დეპუტატების, პროფკავშირების და აქტივისტების, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ და გვისმენდნენ რუსეთის შემოჭრამდე.

მე ასევე მადლობელი ვარ უკრაინის სოლიდარობის კამპანიის დიდ ბრიტანეთში, მრავალი წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის.

ეს სტატია ეხება დასავლური მემარცხენეობის მეორე ნაწილს. მათ, ვინც წარმოიდგენდა “ნატოს აგრესიას უკრაინაში” და ვინც ვერ ხედავდა რუსეთის აგრესიას – როგორც არის ამერიკის დემოკრატი სოციალისტების (DSA) ნიუ ორლეანის ფრთა.

ან DSA საერთაშორისო კომიტეტი, რომელმაც გამოაქვეყნა სამარცხვინო განცხადება, სადაც არც ერთი კრიტიკული სიტყვა არ იყო ნახსენები რუსეთის წინააღმდეგ (მე მადლიერი ვარ ამერიკელ პროფესორისა და აქტივისტს დენ ლა ბოცის და სხვების ამ განცხადების კრიტიკისთვის).

ან ისინი, ვინც აკრიტიკებდა უკრაინას მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო და დუმდა რუსეთისა და ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ მიერ დარღვევებზე.

ან ისინი, ვინც აზვიადებდა ულტრამემარჯვენეების გავლენას უკრაინაში, მაგრამ ვერ ამჩნევდა ულტრამემარჯვენეებს „სახალხო რესპუბლიკებში“ და თავს არიდებდნენ პუტინის კონსერვატიული, ნაციონალისტური და ავტორიტარული პოლიტიკის კრიტიკას. რაც ხდება, იმაზე პასუხისმგებლობა, ნაწილობრივ, თქვენც გეკისრებათ.

ეს არის დასავლური „ანტი-ომის“ მოძრაობის ფართო ფენომენის ნაწილი, რომელსაც მემარცხენე კრიტიკოსები ჩვეულებრივ „კამპიზმს“ უწოდებენ. ბრიტანელ-სირიელმა ავტორმა და აქტივისტმა ლეილა ალ-შამიმ მას უფრო ძლიერი სახელი დაარქვა: „იდიოტების ანტიიმპერიალიზმი“. წაიკითხეთ მისი 2018 წლის საოცარი ესე, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ. აქ მხოლოდ მთავარ თეზისს გავიმეორებ: დასავლური „ანტი-ომის“ მემარცხენეობის დიდი ნაწილის აქტიურობას სირიის ომთან დაკავშირებით არაფერი ჰქონდა საერთო ომის შეჩერებასთან. ის მხოლოდ ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ჩარევას, იგნორირებას უკეთებდა, ან საერთოდაც მხარს უჭერდა რუსეთისა და ირანის ჩართულობას, რომ არაფერი ვთქვათ მათ დამოკიდებულებაზე სირიაში ასადის „ლეგიტიმურად არჩეული“ რეჟიმის მიმართ.

„არაერთმა ომის მოწინააღმდეგე ორგანიზაციამ გაამართლა თავისი დუმილი რუსეთისა და ირანის ინტერვენციების შესახებ, იმ მტკიცებით, რომ „მთავარი მტერი შინ არის“, – წერს ალ-შამი. ”ეს ათავისუფლებს მათ რაიმე სერიოზული მსჯელობისგან, რათა დადგინდეს, ვინ არიან რეალურად ომის მთავარი მოქმედი პირები.”

სამწუხაროდ, იგივე იდეოლოგიური კლიშე განმეორდა უკრაინაზე. მას შემდეგაც კი, რაც რუსეთმა ცნო “სახალხო რესპუბლიკების” დამოუკიდებლობა ამ კვირის დასაწყისში, ბრანკო მარჩეტიჩმა, ამერიკული მემარცხენე ჟურნალის Jacobin-ის ავტორმა დაწერა სტატია, რომელიც თითქმის მთლიანად მიეძღვნა აშშ-ს კრიტიკას. რაც შეეხება პუტინის ქმედებებს, იქ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი „არაკეთილსაიმედო ამბიციებს ანიშნებდა“, ანუ, სერიოზულად?

მე არ ვარ ნატოს ფანი. მე ვიცი, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ბლოკმა დაკარგა თავდაცვითი ფუნქცია და ხელმძღვანელობდა აგრესიული პოლიტიკით. მე ვიცი, რომ ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებამ ძირი გამოუთხარა ბირთვული განიარაღებისა და ერთობლივი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების მცდელობებს. ნატო ცდილობდა გაეროს და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის როლის მარგინალიზებას და მათ დისკრედიტაციას, როგორც „არაეფექტური ორგანიზაციებისა“. მაგრამ წარსულს ვერ დავაბრუნებთ და ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებისას უნდა ვიფიქროთ არსებულ გარემოებებზე.

რამდენჯერ ახსენეს დასავლელმა მემარცხენეებმა აშშ-ს არაფორმალური დაპირებები რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის მიმართ ნატოს შესახებ (“არც ერთი ინჩი აღმოსავლეთით”) და რამდენჯერ იქნა ნახსენები 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს უზრუნველყოფს? რამდენად ხშირად უჭერდა მხარს დასავლური მემარცხენე მოძრაობა რუსეთის “უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას”, სახელმწიფოს, რომელიც ფლობს მსოფლიოში სიდიდით მეორე ბირთვულ არსენალს? და რამდენად ხშირად მოიხსენიებოდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, სახელმწიფოს, რომელსაც მოუწია თავისი ბირთვული იარაღის დათმობა აშშ-სა და რუსეთის ზეწოლის ქვეშ, და ეს ყველაფერი ერთი ფურცლისთვის (ბუდაპეშტის მემორანდუმი), რომელიც პუტინმა საბოლოოდ გადათელა 2014 წელს? ნატოს მემარცხენე კრიტიკოსებს ოდესმე გაუვლიათ აზრად, რომ ნატოს გაფართოებით გამოწვეული ცვლილებების მთავარი მსხვერპლი უკრაინაა?

კიდევ და კიდევ, დასავლეთის მემარცხენეები რუსეთის კრიტიკას პასუხობდნენ ავღანეთის, ერაყისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ აშშ-ის აგრესიის ხსენებით. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოებიც უნდა ჩაერთოს დისკუსიაში – მაგრამ ზუსტად მოხდება ეს?

მემარცხენეების არგუმენტი უნდა იყოს ის, რომ 2003 წელს სხვა მთავრობებმა არ მოახდინეს საკმარისი ზეწოლა შეერთებულ შტატებზე ერაყის გამო, და არა ის, რომ ახლა უკრაინის გამო რუსეთზე ნაკლები ზეწოლა არის საჭირო.

აშკარა შეცდომა

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ 2003 წელს, როცა აშშ ერაყში შეჭრისთვის ემზადებოდა, რუსეთი რომ მოქცეულიყო ისე როგორც აშშ მოქმედებს ბოლო კვირების განმავლობაში: ესკალაციის მუქარით.

ახლა წარმოიდგინეთ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა რუსეთის მემარცხენეებს ამ სიტუაციაში, ამ დოგმატის მიხედვით, რომ: „ჩვენი მთავარი მტერი სახლშია“. გააკრიტიკებდა თუ არა რუსეთის მთავრობას ამ “ესკალაციის” გამო და იტყოდა თუ არა რომ “არ უნდა შეექმნას საფრთხე ინტერიმპერიალისტურ წინააღმდეგობებს”? ყველასთვის აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში ასეთი საქციელი შეცდომა იქნებოდა. რატომ არ იყო ეს აშკარა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში?

თუ აშშ და რუსეთი მიაღწევდა შეთანხმებას და წამოიწყებდნენ ახალ ცივ ომს ჩინეთის წინააღმდეგ, ნამდვილად იქნებოდა ეს ის, რაც ჩვენ გვინდოდა?

თვის დასაწყისში, Jacobin-ის სხვა სტატიაში მარჩეტიჩი იმდენად შორს წავიდა, რომ „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით“ Fox News-ის ტაკერ კარლსონი „სრულიად გაამართლა“. ის, რაც კარლსონმა გააკეთა, არის რომ ეჭვქვეშ დააყენა „უკრაინის სტრატეგიული ღირებულება შეერთებული შტატებისთვის“. ტარიქ ალიც კი New Left Review-ში მოწონებით ციტირებდა გერმანელი ადმირალის კეი-ახიმ შონბახის გამოთვლებს, რომელიც ამბობდა, რომ პუტინისთვის „პატივისცემის ნიშნად დათმობა“ უკრაინასთან მიმართებით იყო „მცირე ხარჯიანი რამ, ანდაც საერთოდ არანაირი დანახარჯი“ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი შეიძლება იყოს სასარგებლო მოკავშირე ჩინეთის წინააღმდეგ. სერიოზულად? თუ აშშ და რუსეთი მიაღწევდა შეთანხმებას და წამოიწყებდნენ ახალ ცივ ომს ჩინეთის წინააღმდეგ, ნამდვილად იქნებოდა ეს ის, რაც ჩვენ გვინდოდა?

გაეროს რეფორმირება

მე არ ვარ ლიბერალური ინტერნაციონალიზმის მოყვარული. სოციალისტებმა უნდა გააკრიტიკონ ასეთი ინსტიტუტები. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმპერიალისტურ სახელმწიფოებს შორის „ინტერესთა სფეროების“ დაყოფას. იმის ნაცვლად, რომ ვეძიოთ ახალი ბალანსის შესაძლებლობა ორ იმპერიალიზმს შორის, მემარცხენეებმა უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგის დემოკრატიზაციისთვის. ჩვენ გვჭირდება გლობალური პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოების გლობალური სისტემა. ჩვენ გვაქვს ეს უკანასკნელი: ეს არის გაერო. დიახ, მას აქვს უამრავი ნაკლი და ხშირად ხდება სამართლიანი კრიტიკის ობიექტი. მაგრამ შეიძლება კრიტიკის ობიექტი გახადო ან რაიმეს უარსაყოფად ან მის გასაუმჯობესებლად. გაეროს შემთხვევაში, მეორე ვარიანტი – ანუ გაუმჯობესება გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება მემარცხენე ხედვა გაეროს რეფორმისა და დემოკრატიზაციის შესახებ.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მემარცხენეებმა მხარი უნდა დაუჭირონ გაეროს ყველა გადაწყვეტილებას, მაგრამ მისი როლის საერთო გაძლიერება შეიარაღებული კონფლიქტების გადაწყვეტაში მემარცხენეებს საშუალებას მისცემს მინიმუმამდე დაიყვანოს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების მნიშვნელობა და შეამციროს მსხვერპლთა რაოდენობა. (წინა სტატიაში დავწერე, როგორ შეეძლო გაეროს სამშვიდობო მისიას დახმარება აღმოეჩინა დონბასის კონფლიქტის მოგვარებაში. სამწუხაროდ, ამან დაკარგა აქტუალობა.) ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ასევე გვჭირდება გაერო კლიმატის კრიზისისა და სხვა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. საერთაშორისო დონეზე, ბევრი მემარცხენის არაკეთილგანწყობა გაეროს მიმართ საშინელი შეცდომაა.

რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ Jacobin Europe-ის რედაქტორმა, დევიდ ბროდერმა დაწერა, რომ მემარცხენეებმა „არ უნდა მოიხადონ ბოდიში აშშ-ს საპასუხო სამხედრო ინტერვენციაზე წინააღმდეგობის გამო“. ეს არ იყო ბაიდენის განზრახვა, როგორც მან არაერთხელ თქვა. მაგრამ დასავლური მემარცხენეების დიდმა ნაწილმა გულახდილად უნდა აღიაროს, რომ ძალიან შეეშალა „უკრაინის კრიზისზე“ პასუხის ფორმულირებისას.

ჩემი პერსპექტივა

მოკლედ დავწერ ჩემს თავზე და ჩემს პერსპექტივაზე, და ამით დავასრულებ.

ბოლო რვა წლის განმავლობაში დონბასის ომი იყო მთავარი საკითხი, რომელმაც უკრაინის მემარცხენეობა დაყო. თითოეულმა ჩვენგანმა ჩამოაყალიბა ჩვენი პოზიცია პირადი გამოცდილებისა და სხვა ფაქტორების გავლენის ქვეშ. ამგვარად, სხვა უკრაინელი მემარცხენე ამ სტატიას სხვანაირად დაწერდა.

დავიბადე დონბასში, უკრაინულად მოლაპარაკე და ნაციონალისტურ ოჯახში. მამაჩემი 1990-იან წლებში ჩაერთო ულტრამემარჯვენე მოძრაობაში, ხედავდა რა უკრაინის ეკონომიკურ ნგრევას და ყოფილი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის გამდიდრებას, რომელსაც ის ებრძოდა 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან. რა თქმა უნდა, მას აქვს მკვეთრად ანტირუსული, მაგრამ ასევე ანტიამერიკული შეხედულებები. მე ჯერ კიდევ მახსოვს მისი სიტყვები 2001 წლის 11 სექტემბერს. ტელევიზორში ტყუპი შენობების ნგრევას რომ უყურებდა – მან თქვა, რომ პასუხისმგებლები იყვნენ „გმირები“ (ასე აღარ ფიქრობს – ახლა სჯერა, რომ ამერიკელებმა ისინი განზრახ ააფეთქეს).

2014 წელს, როდესაც დონბასში ომი დაიწყო, მამაჩემი მოხალისედ შეუერთდა ულტრამემარჯვენე აიდარის ბატალიონს, დედაჩემი გაიქცა ლუგანსკიდან, ბაბუა და ბებიაჩემი დარჩნენ თავიანთ სოფელში, რომელიც “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” კონტროლის ქვეშ იყო. ბაბუა გმობდა უკრაინის ევრომაიდანის რევოლუციას. ის მხარს უჭერს პუტინს, რომელმაც, მისი თქმით, “რუსეთში წესრიგი აღადგინა”. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვცდილობთ გავაგრძელოთ ერთმანეთთან საუბარი (თუმცა არა პოლიტიკაზე) და დავეხმაროთ ერთმანეთს. ვცდილობ, მათ გავუგო. ბაბუა და ბებია ხომ მთელი ცხოვრება კოლმეურნეობაში მუშაობდნენ, მამაჩემი – მშენებლობაზე. ცხოვრება მათ კეთილად არ მოექცა.

2014 წლის მოვლენებმა – რევოლუციამ, რომელსაც მოჰყვა ომი, მიბიძგა უკრაინელთა უმეტესობის საპირისპირო მიმართულებით. ომმა ჩემში ნაციონალიზმი მოკლა და მემარცხენეობისკენ მიბიძგა. მე მინდა ვიბრძოლო კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის და არა ჩემი ერისთვის. ჩემს მშობლებს, თავიანთი პოსტსაბჭოთა ტრავმიდან გამომდინარე, არ ესმით ჩემი სოციალისტური შეხედულებები. მამაჩემი ზემოდან უყურებს ჩემს „პაციფიზმს“და ჩვენ გვქონდა მძიმე საუბარი მას შემდეგ, რაც ანტიფაშისტურ პროტესტზე პიკეტის ნიშნით მივედი და ულტრამემარჯვენე აზოვის პოლკის დაშლას ვითხოვდი.

როდესაც 2019 წლის გაზაფხულზე ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა, ვიმედოვნებდი, რომ ამით თავიდან ავიცილებდით კატასტროფას, რომელიც ახლა ხდება. ბოლოს და ბოლოს, რთულია რუსულენოვანი პრეზიდენტის დემონიზაცია, რომელმაც გაიმარჯვა დონბასისთვის მშვიდობის პროგრამით და რომლის ხუმრობებიც პოპულარული იყო როგორც უკრაინელებში, ისე რუსებში. სამწუხაროდ, შევცდი. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის გამარჯვებამ შეცვალა მრავალი რუსის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, ამან ხელი არ შეუშალა ომს.

ბოლო წლებში ვწერდი სამშვიდობო პროცესზე და დონბასის ომის ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე. ვცდილობდი დიალოგის ხელშეწყობას, მაგრამ ამ ყველაფერმა ახლა აზრი დაკარგა. კომპრომისი არ იქნება. პუტინს შეუძლია დაგეგმოს რაც უნდა, მაგრამ მაშინაც კი, თუ რუსეთმა დაიპყრო კიევი და დასვა თავისი საოკუპაციო მთავრობა, ჩვენ მას წინააღმდეგობას გავუწევთ. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ დატოვებს უკრაინას და პასუხს აგებს მსხვერპლისთვის და ნგრევისთვის.

მაშასადამე, ჩემი ბოლო სიტყვები რუს ხალხს მიემართება: იჩქარეთ და დაამხეთ პუტინის რეჟიმი. ეს თქვენს ინტერესებშია, ისევე როგორც ჩვენსავე.

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია გამოქვეყნდა OpenDemocracy-ზე.

თარგმნა ნინო კარანაძემ.

გარეკანისთვის გამოყენებულია Sergey Ponomarev/The New York Times/Redux-ის ფოტო.