ბატონ მარკ ლევინის მიერ მარქსიზმში მომხდარი გადატრიალება

ავტორი: დავით გალაშვილი, საბა კოხრეიძე

1878 წელს ფრიდრიხ ენგელსმა პოლემიკური ნაშრომი სათაურით „ანტი-დიურინგი“ გამოაქვეყნა. მეცნიერული სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ტექსტის წინასიტყვაობაში იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ ევგენი დიურინგთან პოლემიკის გაჩაღება ობიექტური გარემოებების მიერ ნაკარნახები უფრო იყო, ვიდრე შინაგანი გულისთქმის მიდევნების შედეგი. ცხადია, არც მარქსიზმის თვითგამოცხადებული „ექსპერტი“, ფოქს ნიუსის წამყვანი და რეაქციონერი ავტორი მარკ ლევინია დიურინგი და არც ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას იმაზე, რომ ენგელსის სადარი ყოველმხრივი და სიღრმისეული კრიტიკის წარმოებას შევძლებთ, თუმცა მარკ ლევინის ახლადგამოცემული ბესტსელერის – „ამერიკული მარქსიზმის“ (American Marxism) – დაგემოვნება სწორედ იმ მჟავე ხილსა ჰგავს, რომელსაც ენგელსი დიურინგის თეორიას ადარებდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მარკ ლევინის ტექსტზე გამოპასუხება გადაუდებელი პოლიტიკური თუ სოციალური ვითარებით არ არის ნაკარნახები, მაგრამ „ამერიკულ მარქსიზმში“ მოტანილი განაზრებები, მხოლოდ ერთი ავტორის სუბიექტური რეფლექსია არ არის და შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე დიდი ხნის, ლამის დახავსებული და ჟანგმოკიდებული ტენდენციების გამომზეურებაა. ლევინის ნაშრომი სავსეა აბსტრაქტული ფრაზიორობით, მჭმუნვარე პატრიოტის პათოსით, თეორიული არევ-დარევითა და განუკითხაობით, მკითხველს შესაძლოა ისეთი განცდა დაებადოს, რასაც რუსი პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი, ნიკოლაი ნეკრასოვი, ერთ-ერთ თავის გმირს ათქმევინებს:

что ему книжка последняя скажет,

то на душе его сверху и ляжет.

თუმცა მარკ ლევინის ფილოსოფიის სამოსელში გახვეულ ტექსტებში, უფრო მეტად, ყურმოკრულ ნახევარსიმართლეს, ნეომაკარტისტულ ისტერიკულ ტონს და რეაქციის აპოლოგეტის ფილისტერულ გმინვას ვაწყდებით. მიუხედავად მარკ ლევინისა და მსგავსი ყაიდის თვითგამოცხადებული ექსპერტების თქმულისა, რომ მათ არ ძალუძთ მარქსის მასშტაბის მქონე „დევიანტი“, რადიკალი ავტორების გასიგრძეგანება, ისინი მაინც დაურიდებლად ცდილობენ მარქსისტული, თუ მარქსისტულად შერაცხული თეორიული ტრადიციების გამათრახებას. ლევინი იმდენად შორს დგას მარქსისტული ტრადიციისგან, რომ ის „ფრანკფურტის სკოლას“ „ფრანკლინის სკოლად“ მოიხსენიებს, ხოლო „ისტორიულ მატერიალიზმს“ „მატერიალურ ისტორიციზმად.“ ამგვარად, ცხადია, რომ ლევინი „ამერიკულ მარქსიზმში“ არც ამერიკული მუშათა კლასის ისტორიას, არც სხვადასხვა მარგინალური ჯგუფის ემანსიპაციისთვის ბრძოლას და არც ამერიკელი „კათედერ-სოციალისტების“ ანატომიას არ აღგვიწერს, პირიქით, რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილი ავტორი ჯვაროსნულ ლაშქრობას იწყებს ყველა იმ მოძრაობისა და პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც, სულ მცირე, რიტორიკის დონეზე მაინც ეწინააღმდეგება ამერიკული მსხვილი ბურჟუაზიის რწმენა-წარმოდგენებს. შტატების მმართველი კლასი სილაგაწნულია ბოლოდროინდელი მოვლენებით, განსაკუთრებით, პოლიციის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შედეგად თავსდატეხილი სოციალური შფოთითა და არეულობით. საზოგადოებრივი მღელვარების ჟამს კი მეშჩანი თეორეტიკოსი საგონებელშია, ყოველი საგანი მის ბაგეთაგან წარმოთქმულ სახელდებას მოელის, ყოველ მოვლენას მის თეორიულ კონსტრუქციებში სურს მოკალათება, ხოლო მისი პატრონები, მსხვილი ბურჟუები, კარგად ნაპატრონები ძაღლისგან ეზო-კარის დაცვას, ან, სულ მცირე, გამაფრთხილებელ ყეფას მაინც ითხოვენ. სწორედ ამიტომაც არის, რომ „ამერიკულ მარქსიზმში“ ხშირად ვისმენთ სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე მოქადაგე მეშჩანის წყევლა-კრულვას, ავგეას საჯინიბოს კუდიანებისგან განწმენდისაკენ მოწოდებას, რადგან მეშჩანობა „ეს ხომ მბრძანებელი კლასების თანამედროვე წარმომადგენლის სულიერი წყობაა. მეშჩანობის ძირითადი ნიშნებია მახინჯად განვითარებული მესაკუთრული გრძნობა, შინაგანი და გარეგანი სიმშვიდის მუდმივად დაძაბული სურვილი, ბნელი შიში ყველაფრის წინაშე, რასაც, ასე თუ ისე, შეუძლია დაარღვიოს ეს სიმშვიდე, და იმის ჟინიანი სწრაფვა, რომ სწრაფად ახსნას ყველაფერი, რაც კი დამკვიდრებულ სულიერ წონასწორობას ურყევს, ცხოვრებასა და ადამიანებზე შეხედულებას ურღვევს.“ მაქსიმ გორკის ეს შენიშვნა, პირდაპირ მიემართება შტატებში არსებულ ვითარებაზე მოქვითინე მსხვილი ბურჟუაზიის ლაქიებს, რომლებიც მხოლოდ სოციალური ალიაქოთის ჟამს ამჩნევენ შიშველ ძალადობას, თუმცა, თვალთმაქცურად, ყოველთვის თავს არიდებენ თვალი გაუსწორონ არსებობისათვის გაჩაღებულ ყოველდღიურ ბრძოლას ლათინოსთა, შავკანიანთა, გლობალური სამხრეთიდან ემიგრირებულთა დასახლებებში, მათ ხშირად ირიბ, ხოლო, დროგამოშვებით, პირდაპირ ხოცვა-ჟლეტას. შტატებში ლევინისთვის ასე საძულველი ჩაგრულთა ჯგუფების სია მეტად გრძელია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მოკლედ და სქემატურად დავახასიათოთ მათი ყოფა: ყოველდღიური ბრძოლა საარსებო საშუალებათა მოპოვებისთვისა და სოციალურ კიბეზე დაწინაურებისთვის, შეტაკება გაბატონებული კლასის იარაღთან, სახელმწიფო აპარატთან, და მის მიერ დაქირავებულ მუშაკებთან. ჩვენი მორალისტი მეშჩანები კი, მოთქვამენ მათი კულტის ხელყოფის, საკუთრების შელახვის გამო, რომელიც უკვე საუკუნეებია მათთვის ფეტიშისტურ საბურველში გახვეულა და არც ლამობს მეფური კვარცხლბეკიდან ჩამოქვეითებას. მეშჩანის ლოგიკა მარტივია, ისინი ხედავენ უმართავ, სტიქიურ პროტესტს, ხედავენ, რომ მათ საკუთრებას განადგურება ემუქრება, მათ მდიდრულ სახლ-კარს დარბევა, მათ ყოველდღიურ უბადრუკ ცხოვრებას კალაპოტიდან ამოვარდნა და ისინი ფრთხებიან, წუწუნებენ, რომ სახლებიდან ვეღარ გამოდიან, მაშინ როდესაც ნებისმიერ წამს, გეტოდან გამოსვლა თითოეულ მარგინალს შესაძლოა სიცოცხლის მოსწრაფებად დაუჯდეს. ამ დროს კი, ჩაფიქრებული მეშჩანები

უცაბედად „მალთუსებად, სპენსერებად, ლე-ბონებად , ლომბროზოებად იქცევიან.“ მეშჩანები სახელმწიფოს უმალ სთხოვენ მათი მხრიდან ასე დაგმობილი ძალადობის უკვე სტიქიური პროტესტანტების წინააღმდეგ მიმართვას და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ბურჟუაზიული სახელწმიფო ხომ მეშჩანების კაპიტალის დამცველი აპარატია, ის ხომ პიროვნების სრულად დამმონებელი და დამამახინჯებელი მექანიზმია. ლევინს და მის ზურგს უკან მდგომ კლასს სწორედ ამ ძალმომრეობის მანქანის იმედი აქვთ, როდესაც მისი თქმით „წარმატებული, ბედნიერი და კმაყოფილი ადამიანები მიზანში ამოღებულნი და ნაწამებნი არიან (…) რადგან ისინი სტატუს-კვოს გულშემატკივრობენ და მისი შენარჩუნებისთვის იბრძვიან.“ ლევინი არ კმაყოფილდება მცირე მასშტაბებით და აცხადებს, რომ „მილიონობით ამერიკელის გამოღვიძება სწადია“, ვინც წინ უნდა აღუდგეს ამერიკული იდეალების, ზნეობის, თავისუფლების და მთავარი მონაპოვრის – კაპიტალიზმის – მოწინააღმდეგეებს. ავტორის განმარტებით, შეერთებული შტატების ნომერ პირველი მტერი ეს მარქსიზმი და სოციალიზმია, ხოლო მარქსისტ პარტიზანებად BLM (Black lives matter), Antifa, The Squad გვევლინებიან, რომლებიც ეკონომიკურ და გენდერულ თანასწორობას, რასობრივ და ეკოლოგიურ სამართლიანობას მოითხოვენ. ასევე, ლევინი „ფრანკფურტის სკოლას“ და, კერძოდ, გერმანული წარმოშობის მარქსისტ თეორეტიკოსს, ჰერბერტ მარკუზეს თეორიას რასობრივი, გენდერული და სხვა „კრიტიკული თეორიის“ სამჭედლოდ მოიხსენიებს. ავტორი თავის ბესტსელერში უაპელაციოდ იმეორებს სხვა მოარულ კლიშეებსაც, რომ სწორედ მარქსისტული თეორიაა „დამნაშავე“ იდენტობის, ქვიარ, პოსტკოლონიური თუ სხვა ტიპის მიკროპოლიტიკების წარმოებაში. ლევინი ახერხებს, რომ ერთმანეთში აურიოს მოდერნისა და პოსტმოდერნის პირმშო თეორიები და მარქსიზმად შემოგვასაღოს ყველა ის „ეშმაკისეული“, რაც, მისი აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებს საფუძველს ურყევს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვაფასებთ ლევინის ნიჭს დაინახოს კავშირი იქ, სადაც თვით დახელოვნებულ დიალექტიკოსსაც გაუჭირდებოდა კონკრეტული მიმართებების გამონახვა, თუკი, ცხადია, ლევინი იმ ტრივიალური და ფრთიანი ფრაზის აბსტრაქციის ძალმოსილებას არ შეურყვნია, რომელიც გვეუბნება, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. ამ თეორიის მიხედვით ისიც კი ძალგვიძს, თვით ლევინის მსგავსი გაბღენძილი შარლატანი მარქსისტ თეორეტიკოსად შევრაცხოთ, მაგრამ სანამ ამ საჩოთირო საქმეს ხელს მოვკიდებდეთ, იქამდე გვსურს ერთი-ორი სიტყვით ავტორის მიერ მარქსისტებად მონათლულ ჯგუფებს შევეხოთ, რადგან ერთ გერმანელ მწერალს თუ დავესესხებით, „ვინ არ აქებს კლოპშტოკს? მაგრამ განა ყველა კითხულობს მას? არა. ჩვენ გვინდა, რომ ნაკლებ გვაქებდნენ, სამაგიეროდ კი მეტი გულმოდგინებით კითხულობდნენ ჩვენს ნაწერებს!“ ბატონ ლევინს სრული უფლება აქვს აკრიტიკოს მარქსიზმი, მაგრამ ვაგლახ, რომ მხოლოდ სურვილი არ კმარა.

სტატია სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში:

ნახვა/ გადმოწერა

*ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და ის შეიძლება არ გამოხატავდეს კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის პოზიციას.