მედუზას სიცილი

ელენ სიქსუ

თარგმნა: ანა ბერიამ

რედაქტორი: ელენე ლადარაია

მთარგმნელის წინასიტყვაობა

ელენ სიქსუ, ფრანგი ფემინისტი ავტორი, პოეტი, ფილოსოფოსი, და მწერალი, განსაკუთრებით ცნობილია ქალური წერის (Écriture Féminine) კონცეფციის განვითარებისთვის მის ცნობილ და უმნიშვნელოვანეს, 1975 წელს საფრანგეთში გამოცემულ ესეში – „მედუზას სიცილი“, რომლის სრულ პირველ ქართულ თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ. ამ ესეში სიქსუ აკრიტიკებს სხვადასხვა მამაკაცი ავტორების, ფილოსოფოსების თუ მოაზროვნეების მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიას და ცნებებს, მათ შორის, და პირველ რიგში, ფროიდისა და ლაკანის თეორიულ კორპუსებს.
ელენ სიქსუ, რომლის ‘თეორიული’ (ადრეული) ნაწერები არასდროსაა შორს შემოქმედებითი პროზისგან, ისევე, როგორც მის პროზაულ (უფრო გვიანდელ) ნაწარმოებებს იმავდროულად ყოველთვის ‘თეორიაშიც’ შევყავართ, „მედუზას სიცილში“ ამტკიცებს, რომ არ არსებობს ნეიტრალური მწერლობა, და რომ ყველანაირი წერა იყენებს გარკვეულ დისკურსსა და სტილს, რომელიც გადაჯაჭვულია ამა თუ იმ მსოფლმხედველობასთან. ამიტომ, სიქსუ აყალიბებს ქალური წერის იდეას, და ამის მეშვეობით წერის უნიკალურად ქალურ სტილს გამოყოფს, რომელიც გადაჯაჭვულია არასწორხაზოვნებასთან, დუმილთან თუ წრფივი ლოგიკის რღვევასთან – ისეთ პატერნებთან, რაც არაცნობიერთან განსაკუთრებულ, ქალურ კავშირს გულისხმობს. სიქსუ ქალური წერის ნაკლულობას, ქალების მიერ ენაზე წვდომის ნაკლულობას, ისტორიულად უკავშირებს ქალების სხეულებრივ ჩაგვრასა და მათი სექსუალობის განდევნას. შესაბამისად, ქალების მიერ ენაში და წერაში, ტექსტში შესვლა, სიქსუს მიხედვით, ასევე მათ მიერ საკუთარ სხეულზე და საკუთარ ხმაზე უფლების მოპოვების ტოლფასია. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეძლებენ დაამყარონ კავშირი და გამოიხმონ სწორედ სპეციფიკურად წერის ქალური სტილი და დისკურსი, და არა გაიმეორონ და მოერგონ ფალიკურ (მხოლოდ რედუქციონისტულად მამაკაცის დომინაციაზე და ქალის გაქრობაზე დაფუძნებულ) ან, რაც სიქსუსთვის იგივეა, ნეიტრალურ მწერლობას, რომელიც ლაპარაკობს ქალზე და ქალის სხეულზე, მაგრამ არასდროს ალაპარაკებს ქალს. სიქსუს მიხედვით, ქალები მოქცეულები იყვნენ ფალოგოცენტრულ ‘ანტი-სიყვარულის დისკურსში’, რომელიც აქრობდა ქალურობას და სიძულვილს და ზიზღს იწვევდა ქალურობის მიმართ, თავად ქალებშივე. სიქსუ, შესაბამისად, აკრიტიკებს ფალოგოცენტრულ ტრადიციას როგორც ისტორიულად, ასევე მწერლობაში და ლიტერატურაში, და ასევე ფსიქოანალიზში – არაცნობიერის და სექსუალიზების ფროიდიანულ და ლაკანიანურ თეორიებში, რომელიც ქალს წარმოადგენს, როგორც ნაკლულს, როგორც კასტრირებულს, და მხოლოდ ამის მეშვეობით, ამის საწინააღმდეგოდ, აყალიბებს საკუთარ თეორიას, რომ სწორედ ქალის ნაკლულობა წარმოქმნის ფალიკური (არანაკლული, სრული) წესრიგის აუცილებლობას, როგორც სიმბოლურ წესრიგს, რომელშიც ფალიკური აღმნიშვნელები აძლევენ მნიშვნელობასა და საზრისს სამყაროს იმით, რომ გამოეყოფიან ნაკლულონას და კასტრირებულობას. ფროიდი თავის ესეში მედუზას მითოლოგიური მნიშვნელობის შესახებ („მედუზას თავი“, 1922), მედუზას სწორედ კასტრირების შესაძლებლობასთან, მისგან გამოწვეულ შიშთან და აღგზნებასთან აკავშირებს. ელენ სიქსუც, თავისი სტატიის სათაურით, სწორედ ფროიდის ამ კლასიკურ სტატიას გამოიხმობს.
სიქსუ, ისევე, როგორც დერიდა, ალჟირში გაიზარდა, როგორც ფრანგი ებრაელი. დერიდას და სიქსუს აკავშირებდათ როგორც პირადი მეგობრობა, ასევე თეორიული მსოფლმხედველობაც. დერიდას დეკონსტრუქციის კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ის აყალიბებს ტერმინს ლოგოცენტრიზმი, მნიშვნელოვანი წერტილი იყო სიქსუს აზრის განვითარებისთვისაც ენობრივი სტრუქტურის ფალოგოცენტრულობის შესახებ, ფემინისტური დეკონსტრუქტივიზმის მოაზრებისთვის, თუ ბინარული ოპოზიციების ლოგიკის წინააღმდეგ წასვლისთვის. ასევე ქალური წერის იდეის ჩამოყალიბებისას, სიქსუ ახლოს იყო დერიდიანულ განსხვავების ცნებასთან (Différance).
ქალური ლიბიდინალური ეკონომიკა, სიქსუს მიხედვით, არ ეყრდნობა ინვესტირებისა და მოგების ამოღების კაპიტალისტურ და მამაკაცურ სტრუქტურებსა და ლოგიკას, რომელიც აობიექტებს სხვას და ბუნებას, და მხოლოდ ამ პატერნით მიემართება სხვას, როგორც ამოწურვადს. სიქსუ ქალურობაზე წერისას პასუხისმგებლობაზე და ურთიერთ-ზრუნვაზე დამყარებულ სხვა სიმბოლურ წესრიგს გვთავაზობს, რომელსაც ის, დედობრიობის მეტაფორითაც წარმოიდგენს, ფალიკურ წესრიგში უნივერსალური, საყოველთაოდ აუცილებლად დასახული მამობრივი კანონის ბატონობის საპირისპიროდ, და რომელიც, სიქსუს მიხედვით, ყველაზე ღრმა პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის საწინდარია.

მედუზას სიცილი

ელენ სიქსუ

მე ვილაპარაკებ ქალურ წერაზე: იმაზე, რასაც ის გააკეთებს. საჭიროა, რომ ქალმა თავი დაწეროს: რომ ქალმა წეროს ქალის შესახებ და ქალები წერამდე მიიყვანოს, რომლისგანაც ისინი ისევე ძალმომრეობით იყვნენ დაშორებულები, როგორც თავიანთი სხეულებისგან; იმავე მიზეზებით, იმავე კანონით, იმავე მომაკვდინებელი მიზნისთვის. საჭიროა, ქალმა თავი მოავლინოს ტექსტს, ისევე, როგორც სამყაროს, და ისტორიას – საკუთარივე ქმედებით.

წარსული აღარ უნდა ქმნიდეს მომავალს. არ უარვყოფ, რომ წარსულის შედეგები არსად წასულა. მაგრამ უარს ვამბობ, გავიმეორო და ამით გავამყარო ისინი; ბედისწერის ტოლფასი გარდაუვალობა მივანიჭო მათ; ერთმანეთში ავრიო ბიოლოგიური და კულტურული. სასწრაფო ამოცანაა, დავასწროთ.

ამ ფიქრებს, რადგან ისინი საკუთარი თავის აღმოჩენას სწორედ ახლა იწყებენ, აუცილებლობით ამჩნევიათ ნიშანი იმ შუახანისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ – დროის, როცა ახალი ძველს გამოეყოფა, უფრო ზუსტად კი მდედრობითი სიახლე თავს აღწევს მამრობით სიძველს (la nouvelle de l’ancien). ამიტომაც, რაკი მსჯელობის ჩამოყალიბებისთვის არ გვაქვს სხვა ნიადაგი გარდა იმ გამხმარი, უნაყოფო ათასწლოვანი ნიადაგისა, რომელიც დასაფშვნადია, ჩემს სათქმელსაც სულ ცოტა ორი მხარე და ორი მნიშვნელობა აქვს: რომ დაანგრიოს და გატეხოს; და რომ წინასწარგანჭვრიტოს განუჭვრეტელი, წინასწარ წარმოიდგინოს.

მე ამას ვწერ, როგორც ქალი, ქალების მიმართ. როდესაც ვამბობ – ‘ქალი’, ვგულისხმობ ქალს მის გარდაუვალ ბრძოლაში კლასიკურ კაცთან, და უნივერსალურ ქალ სუბიექტს, რომელმაც ქალები საკუთარ შეგ(რძ)ნებასთან და საკუთარ ისტორიასთან უნდა მიიყვანოს. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ დღესაც კი, მიუხედავად იმ უმკაცრესი განდევნისა, რომელმაც ქალები იმ „სიბნელეში“ ამყოფა, რომელიც უნდათ, რომ ქალების ატრიბუტად გაასაღონ, მაინც არ არსებობს ზოგადი ქალი, როგორც ტიპი. თუ რა აქვთ ქალებს საერთო – ამაზე ვილაპარაკებ. მაგრამ ის, რაც ჩემზე განსაცვიფრებელ შთაბეჭდილებას ახდენს, არის მათი სინგულარული მახასიათებლების უსასრულო სიმდიდრეა: შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე ქალურ, ერთსახოვან, ერთგვაროვან, კოდირებულ სექსუალობაზე ისევე, როგორც ერთი სახის არაცნობიერზე. ქალების წარმოსახვითობა ისეთივე ამოუწურავია, როგორც მუსიკა, მხატვრობა, წერა; მათი ფანტაზიის ნაკადები საუცხოოა. მრავალჯერ გავუოგნებივარ იმას, რაც ქალებს მოუყოლიათ ჩემთვის იმ ძალიან ინტიმურ სამყაროზე, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან უჩუმრად ატარებდნენ საკუთარ თავში. გულმოდგინე ძიების, ცოდნის შემუშავების სამყარო, დაწყებული სხეულებრივი მოქმედების სისტემატიური ექსპერიმენტირებით – საკუთარი ეროგენულობის მგზნებარე და დაწვრილებითი კვლევის სამყარო. ეს საოცარი შემოქმედებითი სიმდიდრის მქონე პრაქტიკა, განსაკუთრებით მასტურბაციის შემთხვევაში, გაგრძელებას ჰპოვებს და თანხლებულია ფორმების წარმოების პროცესით, ჭეშმარიტად ესთეტიკური საქმიანობით, რომელშიც ტკბობის ყოველი მომენტი ხმოვან ხედვად, ერთგვარ კომპოზიციად, რაღაც სილამაზედ ყალიბდება. სილამაზე აღარ იქნება აკრძალული. ამიტომაც მოვინდომე, რომ სილამაზეს ეწერა და გამოეცხადებინა ეს უნიკალური საუფლო (empire), რომ სხვა ქალებს, სხვა არაღიარებელ სუვერენებსაც, წამოეძახათ: მეც ჭარბად ვიღვრები; ჩემმა სურვილებმა ახალი სურვილები შვეს; ჩემი სხეული გაუგონარ სიმღერებს იცნობს; მეც რამდენჯერ მიგრძვნია თავი იმდენად სავსედ, რომ შემეძლო, ავფეთქებულიყავი მანათობელ, ბრწყინვალე ჩანჩქერებად, ბევრად უფრო მშვენიერ ფორმებად, ვიდრე ისინი, ჩარჩოში ჩასმული რომ იყიდება აყროლებული ფულის სანაცვლოდ. და მეც – არაფერი მითქვამს, არაფერი მიჩვენებია;

თარგმანი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში:

ელენ_სიქსუ_მედუზას_სიცილი.pdf

თარგმანი მომზადდა ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.