პაულო ფრეიერის იდეები დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ოდესღაც

ავტორი: პიტერ მაკლარენი

თარგმნა ლაშა ქავთარაძემ.

სოციალისტი განმანათლებელი პაულო ფრეიერი ასი წლის წინ ბრაზილიაში, ქალაქ რესიფიში დაიბადა. დიდი ხნის განმავლობაში ფრეიერის თანამებრძოლი, წამყვანი მარქსისტი პედაგოგი პიტერ მაკლარენი აფასებს თუ რატომ არის ფრეიერის ცხოვრება და მოღვაწეობა განსაკუთრებით რელევანტური დღევანდელობისთვის.

დღეს ბრაზილიელი ფილოსოფოსის პაულო ფრეიერის დაბადებიდან ასი წელი გავიდა. ფრეიერი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი თავისი გავლენიანი ნაშრომის „ჩაგრულთა პედაგოგიკის“ გამო გახდა, დღესაც გეზის მიმცემია სიღარიბისაგან დაღდაჩნეულ საზოგადოებებში მომუშავე მასწავლებლებისა თუ უბრალოდ ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ამ უსამართლო სამყაროში სამართლიანობის განცდის ძიებით არის დაკავებული.

კრიტიკულად მოაზროვნე ყველა განმანათლებელს, ადრე თუ გვიან, ერთხელ მაინც გამოუყენებია ფრეიერი თავის საქმიანობაში – ჩაგრულთა თავდაყირა დამდგარ სამყაროში გათვითცნობიერებისა თუ შთაგონეაბისთვის, რომელიც მათ უბიძგებდა, რომ მასწავლებლობა ძალაუფლებისა და პრივილეგიების საზოგადოებრივი ასიმეტრიების ამოსაყირავებლად გამოეყენებინათ. გლეხთა გაძლიერებისათვის შექმნილი ფრეიერის წერა-კითხვის პროგრამები ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება, ხოლო „ჩაგრულთა პედაგოგიკა“ დღემდე სოციალურ მეცნიერებებში რიგით მესამე, განათლების სფეროში კი რიგით პირველი ყველაზე ხშირად ციტირებული წიგნია.

საყოველთაო ცნობადობამ ფრეიერი მშობლიურ ბრაზილიაში ერთდროულად მხსნელადაც აქცია და თავდასხმების ობიექტადაც. ამჟამად ის მიზანში ჰყავთ ამოღებული რადიკალურ მემარჯვენე დაჯგუფებებს როგორიცაა Movimento Brasil Livre და Revoltados Online, პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კი ამტკიცებს, რომ ბრაზილიური სასკოლო სისტემის მარქსისტული ინდოქტრინაციის უკან სწორედ ფრეიერი დგას.

ფრეიერის მეხსიერებიდან ამოშლის მცდელობები ბოლსონარუს მხრიდან, პრინციპში, ძალიან ჰგავს ამერიკელი რესპუბლიკელების თავდასხმებს კრიტიკული რასის თეორეტიკოსებსა და მარქსისტ განმანათლებლებზე. ბოლსონარუ და მემარჯვენე მოძრაობა Escola sem Partido სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებდნენ, რომ საკლასო ოთახებში მასწავლებლებისთვის ვიდეოები გადაეღოთ, განსაკუთრებით თუკი ეჭვობდნენ, რომ ისინი მემარცხენე იდეების პოპულარიზაციას ეწევიან ანდა კიდევ უფრო უარესი, თუკი ისინი ფრეიერით შთაგონებულ პოლიტიკურ და სოციალურ შეხედულებებს ახალისებდნენ. ერთ-ერთმა ფედერალურმა დეპუტატმა ბოლსონარუს პარტიიდან საკანონმდებლო ინიციატივაც კი წამოაყენა, რომლის თანახმადაც, ფრეიერისათვის უნდა ჩამოერთმიათ „ბრაზილიური განათლების დამცველის“ ფორმალური სტატუსი.

ამერიკელი კონსერვატორებიც არ ჩამორჩნენ ტენდენციას და ფრეიერზე თავდასხმის მიზნით დაძრულ მატარებელს შეახტნენ. ჟურნალ Economist-ის ერთ-ერთ ბოლო ნომერში, სათაურით „არალიბერალური მემარცხენეობიდან მომდინარე საფრთხეები“, შესულია სტატია, რომელიც ეძღვნება ე.წ „ვოუქ კულტურას“ , რომელიც აბსოლუტურად არაგულწრფელად აღწერს ფრიერის პედაგოგიკას როგორც მაოს კულტურული რევოლუციით ნასაზრდოებს. გარდა იმისა, რომ სტატია ჩაგრულთა პედაგოგიკიდან აღებულ ერთადერთ სქოლიოს მოიხმობს არგუმენტად, კიდევ უფრო ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ფრეიერმა თავისი ნაშრომი სწორედ მასებისადმი სოლიდარობას მიუძღვნა და იმ ტიპის ძალადობის წინააღმდეგ ილაშქრებდა, რომელიც „კულტურული რევოლუციის“ შემადგენელ ნაწილად იქცა.

მაშ, რატომ ჰყავთ ბოლსონარუსა და ჟურნალ Economist-ს ფრეიერი მიზანში ამოღებული? რა არის მის იდეებში ისეთი, რაც მათ ასე აფრთხობს?

რევოლუციონერი განმანათლებლის ცხოვრება

პაულო ფრეიერი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, ქალაქ რესიფიში გაიზარდა გლობალური დიდი დეპრესიის პერიოდში, 1930-იან წლებში. წერა-კითხვა მან მანგოს ხის ტოტებისგან გამოყვანილი ასოებით ისწავლა, რომლის ჩრდილშიც ატარებდა თავის ბავშვობას. პატარაობაში განცდილი სიღარიბე და შიმშილი იყო მიზეზი, რის გამოც ის თავის კლასელებს ოთხი წლით ჩამორჩა, რასაც 1933 წელს მამის სიკვდილიც დაერთო და რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, საბოლოოდ, ფრეიერმა მაინც შეძლო და დაამთავრა სკოლაც, უნივერსიტეტიც, 1957 წელს რესიფის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხიც დაიცვა და იურისტის ლიცენზიაც აიღო (მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში არასდროს უმუშავია იურისტად). პროფესიული კარიერა მან 26 წლის ასაკში დაიწყო როგორც პორტუგალიური ენის მასწავლებელმა ოსვალდო კრუზის საშუალო სკოლაში. 1946 წელს ის დაინიშნა სოციალური სამსახურის განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის დირექტორად, რომელიც დაარსებული იყო პერნამბუკუს შტატში მუშებისა და მათი ოჯახებისათვის ჯანმრთელობასთან, საცხოვრისთან, განათლებასა და დასვენებასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევისათვის. 1961 წელს, იგი გახდა კულტურის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი რესიფის უნივერსიტეტში და ჩართული იყო ისტორიული მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა წერა-კითხვის არცოდნის პრობლემასთან გამკლავებას 1962 წელს.

1962 წლის წერა-კითხვის გავრცელების პროექტმა რესიფიში ფრეიერს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, განსაკუთრებით ფოლკლორული ტრადიციების გამოყენებისა და ცოდნის კოლექტიური წარმოების მნიშვნელობის წინ წამოწევის გამო. სწორედ აქ დაიწყო ფრეიერმა როგორც თავად უწოდებდა „კულტურული წრეების“ შექმნა – იგი სწორედ ამ ტერმინის გამოყენებას ამჯობინებდა „წერა-კითხვის შემსწავლელი კლასების“ გამოყენებას, რადგან ტერმინები „წერა-კითხვა“ და „წერა-კითხვის არცოდნა“ გულისხმობდა, რომ წერა და კითხვა იმთავითვე მუშათა სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

ერთ-ერთი ასეთი კულტურული წრის ფარგლებში შაქრის ლერწმის მოყვანაზე მომუშავე სამასმა ფერმერმა წერა-კითხვა რეკორდულად მცირე დროში 45 დღეში ისწავლა. გასაგები მიზეზების გამო, ფრეიერის წარმატებით გახარებულმა ბრაზილიის მთავრობამ, რომელსაც პრეზიდენტი ჟოაო გულარტი ედგა სათავეში, გადაწყვიტა 2 000 ფრეიერისეული კულტურული წრის დაარსებისათვის მოემზადებინა გეგმა, რომელიც, იდეალურ შემთხვევაში, ხუთ მილიონ ზრდასრულს მისწვდებოდა და ორწლიან პერიოდში მათ წერა-კითხვას შეასწავლიდა. ქვეყანაში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ზრდასრული მოსახლეობის ნახევარს შეეძლო წერა და კითხვა, ეს განსაკუთრებით დიდი მიღწევა იქნებოდა.

თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ნაცვლად ამისა, 1964 წელს, მემარჯვენე სამხედრო აჯანყების შედეგად დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული გულარტის მთავრობა ჩამოაგდეს. ფრეიერს ბრალი დასდეს კომუნიზმის ქადაგებაში, რის გამოც, მის წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება და დაიჭირეს. სამხედრო მმართველობამ იგი ციხეში 70 დღით გამოკეტა, რომლის შემდეგაც ფრეიერი საკუთარი ნებით გაიქცა ქვეყნიდან. ფრეიერს ეშინოდა, რომ წერა-კითხვის გავრცელების ეროვნული კამპანიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლის გამო მოკლავდნენ. მართლაც, ბრაზილიის სამხედრო მმართველობა ფრეიერს „საერთაშორისო მავნებლად“ და „ქრისტესა და ბრაზილიელი ხალხის მოღალატედ“ მიიჩნევდა და ბრალს სდებდნენ, რომ იგი ბრაზილიის „ბოლშევიკურ ქვეყნად“ გადაქცევას ცდილობდა.

სამშობლოდან 16-წლიანი გადასახლება ფრეიერისათვის ერთდროულად შფოთვით აღსავსეც იყო და პროდუქტიულიც: ბოლივიაში გატარებული გარკვეული ხნის შემდეგ, ფრეიერმა ხუთი წელი ჩილეში იცხოვრა, სადაც იგი შეუერთდა ქრისტიან-დემოკრატიული აგრარული რეფორმის მოძრაობას და UNESCO-ს კონსულტანტად მუშაობდა აგრარული რეფორმის კვლევისა და ტრენინგის ინსტიტუტთან. 1969 წელს, იგი ეწვია დეველოპმენტისა და სოციალური ცვლილების ცენტრს ჰარვარდის უნივერსიტეტში, მომდევნო წელს კი ჟენევაში, შვეიცარიაში გადავიდა. ჟენევაში იგი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს განათლების ოფისში ასრულებდა კონსულტანტის მოვალეობას, სადაც მან შეიმუშავა წერა-კითხვის პროგრამები ტანზანიასა და გვინეა-ბისაუსათვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ხელახალი აფრიკანიზაციაზე აკეთებდნენ აქცენტს. გარდა ამისა, იგი ჩართული იყო პორტუგალიის ყოფილი კოლონიებში, პოსტრევოლუციურ გვინეა ბისაუსა და მოზამბიკში წერა-კითხვის პროგრამების განვითარებაში და ეხმარებოდა პერუსა და ნიკარაგუის მთავრობებს თავიანთი წერა-კითხვის კამპანიების წარმართვაში.

ფრეიერი ბრაზილიაში, საბოლოოდ, 1980 წელს დაბრუნდა, სან-პაულუში საპონტიფიკო კათოლიკურ უნივერსიტეტსა და კამპინას უნივერსიტეტში მასწავლებლად სამუშაოდ. 1980-1986 წლებში იგი ზედამხედველობდა მუშათა პარტიის წერა-კითხვის გამავრცელებელ პროექტს სან-პაულუში. მცირე ხნით, 1989-1992 წლებში, ფრეიერი სან-პაულუს განათლების მინისტრადაც მუშაობდა და მიჰყვებოდა წიგნიერების რეფორმის თავის რადიკალურ დღის წესრიგს ქალაქის მაცხოვრებელთათვის წერა-კითხვის შესასწავლად.

ტექსტის სრული ვერსია იხ. მიმაგრებულ ფაილში

პაულო_ფრეიერის_იდეები.pdf

ნახვა

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,განათლება და სოციალური სამართლიანობა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.