მომხმარებლური საზოგადოების გაკვეთილები

(წიგნიდან ,,თავდაყირა”)

ედუარდო გალეანო

თარგმნა: გიორგი ხასაიამ

ტანტალოსის სასჯელი ღარიბთა ხვედრია. შიმშილითა და წყურვილით დასჯილები, იმითიც ისჯებიან, რომ მათ წინაშე რეკლამებად დაკიდებულ სიამოვნებებს უყურონ. როგორც კი თავს წამოიწევიან, რომ მიწვდნენ, ეს საოცრებები მაშინვე უფრო შორს იწევენ. და თუ მოახერხებენ და რომელიმეს ჩაბღუჯავენ, ციხეში ან სასაფლაოზე აღმოჩნდებიან. პლასტიკური სიამოვნებები, პლასტიკური ოცნებები. სამოთხეში, რომელიც ყველას შეპირდნენ, მაგრამ ცოტასთვის დაჯავშნეს, ნივთები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ადამიანები კი – უფრო და უფრო უმნიშვნელო. მიზნები დათრგუნულია საშუალებების მიერ: ნივთები გვყიდულობენ, მანქანები გვმართავენ, კომპიუტერები გვაპროგრამებენ, ტელევიზიები გვიყურებენ.

გლობალიზაცია, გლობოლი

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ადამიანი, რომელსაც ვალი არ ქონდა, პატიოსან და ბეჯით ადამიანად მიიჩნეოდა. დღეს ასეთი ადამიანი უცხოპლანეტელად გამოიყურება. ვისაც ვალი არ აქვს, არც არსებობს. მაქვს ვალი, მაშასადამე ვარსებობ. ვინც კრედიტუნარიანი არაა, ვერც სახეს და ვერც სახელს დაიმსახურებს. საკრედიტო ბარათი არსებობის უფლებას ადასტურებს. ვალი აქვს მასაც, ვისაც არაფერი აქვს. ყოველი ადამიანი ან ქვეყანა, რომელიც ამ სამყაროს ეკუთვნის, ცალი ფეხით მაინც ამ ხაფანგშია გაბმული.

მწარმოებლური სისტემა, რომელიც ფინანსურ სისტემად იქცა, ამრავლებს მოვალეს, რათა გაამრავლოს მომხმარებელი. კარლ მარქსი, რომელმაც ეს ვითარება საუკუნის წინ განჭვრიტა, გვაფრთხილებდა, რომ მოგების ნორმის დაცემის ტენდენცია და წარმოების ჭარბწარმოების კრიზისად ქცევის ტენდენცია აიძულებდა სისტემას, ულიმიტო ზრდისკენ და მისცემდა უსაზღვრო ძალაუფლებას „თანამედროვე ბანკოკრატიის“ პარაზიტებს, მარქსის თქმით „ბანდას“, რომელსაც „წარმოების არაფერი გაეგება და მასთან საერთო არაფერი აქვს“.

მოხმარების ამჟამინდელი აფეთქება უფრო ხმაურიანია, ვიდრე ყველა ომი, რომელიც ოდესმე ყოფილა და უფრო ხმაურიანი, ვიდრე მარდი გრას ყველა კარნავალი ერთდროულად. როგორც ძველი თურქული ანდაზა გვასწავლის, ის ვინც სვამს ნისიად, ორჯერ უფრო მაგრად თვრება. ეს ფიესტა, ეს დიდი გლობალური ნაყროვანება, გვარეტიანებს და მზერას გვიბინდავს. მას არ აქვს საზღვრები დროსა და სივრცეში. მომხმარებლური კულტურა დოლივითაა: ასეთ ხმაურს იმიტომ იწვევს, რომ ცარიელია. მაგრამ ჭეშმარიტების მომენტში, როცა აურზაური ცხრება და წვეულება სრულდება, მთვრალი ფხიზლდება და საკუთარი აჩრდილის ამარა თავს მარტოობაში პოულობს, ხედავს დამსხვრეულ ჭურჭელს, რომელიც უნდა აანაზღაუროს. სისტემა, რომელიც ამოძრავებს მოთხოვნას და აიძულებს გაფართოვდეს, ასევე კედლებსაც უშენებს, რომ მიანარცხოს. ერთის მხრივ სისტემას ჭირდება ბაზრები – სულ უფრო თავისუფალი და ღია, როგორც ფილტვებს ჰაერი, და მეორე მხრივ, ის ითხოვს სულ უფრო იაფ ნედლეულს და ადამიანის შრომას. ეს სისტემა ყველას სახელით ლაპარაკობს, უბრძანებს ყველას, რომ მოიხმარონ და აავადებს დაუფლების ციებ-ცხელებით. მაგრამ ეს არ მუშაობს: უმეტესობისთვის ეს თავგადასავალი ტელევიზორის ეკრანთან იწყება და მთავრდება. ადამიანთა უმეტესობას, ვინც ვალს იღებს, რომ ნივთებს დაეუფლოს, სულ მალე არაფერი რჩება ვალის გარდა, რომელიც აღებულია ვალის გასასტუმრებლად, რომელიც ახალ ვალებს იწვევს და მათ საბოლოოდ ხელში რჩებათ სამომხმარებლო ფანტაზიები, რომელთა განხორციელებაც მხოლოდ ძარცვით შეიძლება.

სიღარიბენი

  • ჭეშმარიტად ღარიბებს დროის გასაფლანგი დროც არ რჩებათ.
  • ჭეშმარიტად ღარიბებს არა აქვთ სიჩუმე და ვერ ყიდულობენ მას.
  • ჭეშმარიტად ღარიბებს აქვთ ფეხები, რომლებსაც არ ახსოვთ, როგორ ისეირნონ, როგორც ქათმის ფრთებს აღარ ახსოვთ, როგორ იფრინონ.
  • ჭეშმარიტად ღარიბები ჭამენ ნაგავს, თითქოს ეს საჭმელი იყოს და ამაში ფულს იხდიან.
  • ჭეშმარიტად ღარიბებს აძლევენ უფლებას ისუნთქონ ქაქი თითქოს ეს ჰაერი იყოს მაგრამ ამისთვის არ ახდევინებენ.
  • ჭეშმარიტად ღარიბებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება – სატელევიზიო არხებს შორის.
  • ჭეშმარიტად ღარიბებს ვნებიანი დრამები აქვთ საკუთარ მანქანებთან.
  • ჭეშმარიტად ღარიბები ყოველთვის მჭიდროდ არიან, მაგრამ ყოველთვის მარტო.
  • ჭეშმარიტად ღარიბებმა არ იციან, რომ ღარიბები არიან.

კრედიტის მასობრივ ზრდასთან ერთად, შიშობს სოციოლოგი ტომას მოლიანი, ჩილეს ყოველდღიური კულტურა მომხმარებლური სიმბოლოების გარშემო იწყებს ბრუნვას: გარეგნობა, როგორც პიროვნების არსი, მოხერხებულობა, როგორც ცხოვრების წესი, “განვადების გეგმის უტოპია”. კონსუმერიზმი თავს გვეხვეოდა ნაბიჯ-ნაბიჯ, წლიდან წლამდე, მას მერე რაც ჰოკერ ჰანტერის ბომბდამშენები ბომბავდნენ სალვადორ ალიენდეს პრეზიდენტის სასახლეს 1973-ში და გენერალი აუგუსტო პინოჩეტი საზეიმოდ აცხადებდა სასწაულების ეპოქის დადგომას. საუკუნის მეოთხედის გასვლის შემდეგ, ნიუ იორკ თაიმზი გვიხსნიდა, რომ ეს იყო „გადატრიალება, რომლითაც დაიწყო ჩილეს გარდაქმნა დაჭაობებული ბანანის რესპუბლიკიდან ლათინური ამერიკის ეკონომიკურ ვარსკვლავობამდე“.

რამდენი ჩილელისთვის ანათებს ეს ვარსკვლავი? მოსახლეობის ერთი მეოთხედი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს და როგორც ქრისტიან-დემოკრატმა სენატორმა ხორხე ლავანდერომ შენიშნა, ასი ყველაზე მდიდარი ჩილელი გამოიმუშავებს ბევრად მეტს ყოველწლიურად, ვიდრე სოციალური სერვისების მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტია. ჟურნალისტმა აშშ-დან მარკ კუპერმა, სამომხმარებლო სამოთხეში ბევრი თვითმარქვია აღმოაჩინა : ჩილელები, რომლებიც იწვებიან მანქანებში იმის ნაცვლად, რომ მინები ჩამოწიონ, რათა არ გამჟღავნდეს, რომ მანქანაში კონდიცირება არ აქვთ. ისეთები, რომლებიც სათამაშო მობილურ ტელეფონებზე საუბრობენ, ან ისინი, ვინც საკრედიტო ბარათს იყენებს კარტოფილის შესაძენად ან შარვლის საყიდლად, 12 თვიანი განვადებით. კუპერმა ასევე აღმოაჩინა გაბრაზებული მშრომელები ჯამბოს სუპერმარკეტების ქსელში. ბევრია ისეთი, ვინც შაბათ დილით მაღაზიის კალათებს ყველაზე ძვირფასი პროდუქციით ავსებს და დემონსტრაციულად სეირნობს სუპერმარკეტების დახლებს შორის, მაგრამ შემდეგ ტოვებს სავსე კალათებს და გადის უკანა კარებიდან ისე, რომ საღეჭი რეზინის შეკვრასაც კი არ ყიდულობს. ფლანგვის უფლება მცირეთა პრივილეგიაა, რომელსაც ყველას თავისუფლებად გვასაღებენ. მითხარი რამდენს მოიხმარ და გეტყვი რამდენი ღირხარ. ეს ცივილიზაცია ძილის საშუალებას არ აძლევს არც ყვავილებს, არც ქათმებს და არც ადამიანებს. სათბურებში ყვავილები ექვემდებარებიან 24 საათიან განათებას, რათა სწრაფად გაიზარდონ. კვერცხის საწარმოებში ქათმებს ძილს არ აღირსებენ და ადამიანებსაც ძილს უფრთხობს ყიდვით მოგვრილი დარდი და გადახდით მოგვრილი ტკივილი.

წამებული

1998 წლის შემოდგომას, ბუენოს აირესის ცენტრში საქალაქო ავტობუსმა დაბნეული ფეხით მოსიარულე გაიტანა. მსხვერპლი ქუჩაზე გადასვლისას ტელეფონზე საუბრობდა – თავს იკატუნებდა რომ საუბრობდა: ტელეფონი სათამაშო იყო.

ჯადოქრობა

სერო ნორტეს რაიონში, მონტევიდეოს ღარიბ გარეუბანში ჯადოქარმა ქუჩის სანახაობა გამართა. ჯოხის შეხებით ჯერ საკუთარი მუშტიდან, შემდეგ კი ქუდიდან დოლარის კუპიურა აღმოაცენა. სანახაობის დასრულების შემდეგ ჯოხი გაქრა. მომდევნო დღეს მეზობლებმა შენიშნეს ქუჩაში მოსეირნე ფეხშიშველა პატარა ბიჭი ჯადოსნური ჯოხით ხელში. ბიჭი ჯოხს ახებდა ყველაფერს რაც გზად შეხვდებოდა და შემდეგ სასწაულს უცდიდა.
ამ უბანში მცხოვრები სხვა ბავშვების მსგავსად, ამ 9 წლის ბიჭსაც უყვარდა ცხვირის ჩაყოფა წებოთი სავსე ცელოფნის პარკში. ერხელ მან განმარტა რატომ: „ამას სხვა ქვეყანაში მივყავარ“.

ცხოვრების ეს წესი შეიძლება არაჯანსაღი იყოს, მაგრამ შესანიშნავია ფარმაცევტული ბიზნესისთვის. შეერთებულ შტატებში ადამიანები მოიხმარენ მსოფლიოში გაყიდული საძილე აბების, ტრანკვილიზატორების და სხვა ლეგალური წამლების ნახევარს. ისევე როგორც არალეგალური ნარკოტიკების ნახევარს, ცოტა ნამდვილად არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5 %-ია. „უბედურია ხალხი, რომელიც სხვების მიბაძვით ცხოვრობს“, ჩივის ქალი მონტევიდეოს გარეუბან ბუსეოში. არყოფნის ტკივილი, რომელზეც ტანგო გვიყვებოდა, შეიცვალა არქონის სირცხვილით. ღარიბი ადამიანი სიბრალულის ობიექტია. „როცა არაფერი გაგაჩნია, ფიქრობ რომ არაფრად არ ღირხარ“ – ამბობს ახალგაზრდა კაცი ბუენოს აირესის უბნიდან ვილა ფიორიტო. და მეორე ახალგაზრდა სან ფრანცისკო დე მაკორისიდან (დომინიკელთა რეპუბლიკა), დაამატებს: „ჩემი ძმები ბრენდებისთვის მუშაობენ. ისინი ცხოვრობენ, რათა შეიძინონ ეტიკეტები, და ისინი მუშაობენ დილიდან დაღამებამდე რომ გადახდა შეძლონ.

ტექსტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

მომხმარებლური_საზოგადოების_გაკვეთილები.pdf

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,გლობალური გამოწვევების პოლიტიკური ეკონომია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავეს ფონდის პოზიციას.

Share This Story, Choose Your Platform!