ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სექსუალური განათლების კომპლექსური და სრული სახით ინტეგრირება ფორმალური განათლების სისტემაში, მათ შორის ზოგადი განათლების ეტაპზე. განათლების ეს კომპონენტი მხოლოდ ზედაპირულად ან არასათანადოდ არის წარმოდგენილი სასკოლო საგნებსა და კურიკულუმებში და ძირითადად იგი ვერ უზრუნველყოფს მოზარდების სათანადო ინფორმირებას გენდერული საკითხებისა და სექსუალური ურთიერთობების საკითხების შესახებ, რაც განსაკუთრებულად აბრკოლებს გოგონებს თავი დაიცვან მჩაგვრელი სექსუალური პრაქტიკებისგან (ადრეული ქორწინება, არასასურველი ორსულობა, სექსუალური ძალადობა და სხვა). განათლების ამ კომპონენტის არარსებობა წარმოადგენს არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ამოცნობის უნარების არქონას. (საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2020, გვ. 192).

ეროვნულ დონეზე, განათლების სისტემის შიგნით სექსუალური განათლების საკითხების შესწავლა ფორმალურ განათლებაში არსებული ორი საგნის „ბიოლოგიისა“ და „სამოქალაქო განათლების“ დონეზე არის შესაძლებელი, თუმცა, ზოგადი განათლების საფეხურზე მოსწავლეებისათვის მიწოდებული ცოდნა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისათვის არასაკმარისია. ბოლო კვლევები და ანგარიშები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სკოლა წარმოადგენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სწავლებაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სივრცეს ინფორმაციის სწორად, სისტემურად და სტრუქტურულად მისაწოდებლად, თუმცა მისი მნიშვნელობის მიუხედავად პრობლემას წარმოადგენს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასახული განათლების ხარისხი და მონიტორინგი აჩვენებს, რომ განათლების სისტემაში რთული და კომპლექსური პრობლემები მნიშვნელოვნად აბრკოლებს მოზარდებში სექსუალური საკითხებში ინფორმაციის სწორად და ხარისხიანად გადაცემას და ამ მიმართულებით მოსწავლეების ინფორმირებულობას. (იხ. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ეროვნული შეფასება, 2019, გვ.12-14)

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სექსუალური განათლების საკითხებზე არაერთმა აქტივისტმა და ორგანიზაციამ დაიწყო საუბარი, დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული ის სისტემური რისკები და ბარიერები, რაც ამ საკითხის განათლების პოლიტიკის დღის წესრიგში დაძვრას უშლის ხელს. ამასთან, არ არის შეფასებული პედაგოგთა მზაობისა თუ კომპეტენციების მდგომარეობა აღნიშნული საკითხების სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მხრივ. ვინაიდან განათლება ჰოლისტურ სოციო-ეკოლოგიურ სისტემას წარმოადგენს, წინამდებარე პროექტი ეფუძნება ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას SRHR-ის ექსპერტებს, განათლების მკვლევრებს და განათლების სისტემაში ჩართულ აქტორებს შორის.

პროექტის მიზანია კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით, საქართველოს ზოგადი განათლების საფეხურზე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სისტემური ადვოკატირების ხელშეწყობა.

პროექტი ეხმაურება შემდეგ კონკრეტულ ამოცანებს:

1. ზოგადი განათლების სისტემაში, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, კანონმდებლობის და პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი და კვლევაზე, საუკეთესო გამოცდილებებზე და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული კრიტიკული ხედვებისა და ინიციატივების მომზადება;

2. სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების სფეროში ზოგადი განათლების მიმართულებით პოლიტიკის ცვლილებების მხარდაჭერა პოლიტიკურ ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან სისტემური ადვოკატირების გზით.

3. მასწავლებლების, როგორც ცვლილების კრიტიკული აგენტების ქსელის შექმნა და გაძლიერება, მათი სისტემური გადამზადებისა და სადისკუსიო პლატფორმების შექმნის გზით.

პროექტის ავტორები: ლელა გვიშიანი, ქეთევან ლეჟავა

განხორციელების ვადები: 11.2021 – 07.2022

პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.