„დუმილის ამოფრქვევები“:

შეუსმენელი, უთქმელი, და სიცილის პოლიტიკა მარლენ გორისის დუმილის საკითხში

ამელია გრუმი

თარგმანი: თეონა რეხვიაშვილი

რედაქტორი: ანა ბერია

 

ნაწილი I

,,მას შეუძლია კომუნიკაცია, მაგრამ ამის აზრს ვეღარ ხედავს.“

მარლენ გორისის „ფემინისტურ თრილერში“ დუმილი ქრისტინ მ-ის გარშემო (1982), რომელიც ჰოლანდიელი მწერლისა და რეჟისორის პირველი ფილმი იყო, სიჩუმის მრავალი, სხვადასხვაგვარი სიმია ჩაქსოვილი ; იქ ვხვდებით მდუმარე მორჩილებას, მაგრამ ასევე დუმილს, როგორც ხელის შეშლის ტექნიკას, და დუმილს, როგორც პრინციპულ უარს; იქ ვხვდებით უსამართლო სისტემაში თანამონაწილეობის დუმილს, მაგრამ ასევე დუმილს, როგორც მოსმენის წინაპირობას; ზემოდან დანერგილ მჩაგვრელ და გამრიყავ მდუმარებას, თუ ყურადღების, ურთიერთმფარველობის, ინტიმურობისა და სოლიდარულობის დუმილს.

ინგლისურად გამოსული, როგორც დუმილის საკითხი, ფილმი მოგვითხრობს სამ, საშუალო ასაკის, თეთრკანიან, ერთმანეთისთვის უცხო ქალზე, რომლებიც სასტიკად კლავენ მაღაზიის მეპატრონე მამაკაცს . ისინი ათვალიერებენ ტანსაცმლის მაღაზიას ცენტრალურ ამსტერდამში, როდესაც ერთ-ერთ მათგანს ქურდობაში გამოიჭერენ. როდესაც მას მაღაზიის მეპატრონე უპირისპირდება, დანარჩენები უთქმელად უერთდებიან და რიტუალური მიზნის საზეიმო შეგრძნებით იკრიბებიან მეპატრონის გარშემო. ყოველგვარი სიტყვების გაცვლის გარეშე, სამი ქალი იწყებს თავდასხმას – ისინი სიკვდილამდე სცემენ კაცს ყველაფრით, რაც ხელთ აქვთ: მანეკენით, სავაჭრო ურიკით, პალტოს საკიდით, მინის ნატეხებით, თუ ფეხსაცმლის ქუსლებით. თავდასხმის მხეცური სისასტიკე ჰიპერბოლურია, თუმცა ფილმი უშუალოდ სისხლის ღვრას კადრს მიღმა ტოვებს: სანამ მამაკაცი იატაკზეა, კამერა ქალების სიმაღლეზე რჩება, რომლებიც მსხვერპლს ზემოდან დაჰყურებენ; მიმდინარე ხმა ასევე გადაფარულია მდაბიო „თრილერის მუსიკით“, რაც ზრდის გამოსახულების განზრახ არაპირდაპირობას, და მოქმედება გადაჰყავს შორეულ, თითქმის ალეგორიულ სამყაროში.

ფილმის დაწყებისას მკვლელობა უკვე მომხდარია, და საწყის სცენებში ქალებს აპატიმრებენ. ისინი არ ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ დაკავებას ან უარყონ დანაშაულში თანამონაწილეობა, მაგრამ სასამართლო პროცესზეც და პროცესამდეც უარს აცხადებენ ელაპარაკონ ვინმეს დანაშაულის გარემოებების შესახებ. რადგან ფილმის უდიდესი ნაწილი აგებულია რეტროსპექტული სცენებით, ჩვენ თანდათან ვიგებთ ამ ქალების ცხოვრების შესახებ. მაღაზიის ქურდი ქრისტინ მოლენარი (ედა ბარენდსი) – იგივე „ქრისტინ მ.“ ფილმის ჰოლანდიური სათაურიდან – იყო დიასახლისი სამი ხმაურიანი შვილით. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მან ლაპარაკზე უარი თქვა. მისი ქმარი აღნიშნავს, რომ ქრისტინს ზოგადად „ბევრი არასდროს ჰქონია სათქმელი“, მაგრამ ასევე ამატებს, რომ, მისი აზრით, ქრისტინს ბავშვები უკეთესად უნდა დაეშოშმინებინა იმისთვის, რომ მას, სამსახურიდან შინ დაბრუნებულს, განტვირთვა მოეხერხებინა, რამდენადაც ცოლს „მთელი დღე მაინც არაფერი ჰქონდა საკეთებელი“. შემდეგია ენი ჯონმანი (ნელი ფრაიდა), კატასთან ერთად მცხოვრები განქორწინებული ქალი, რომელიც იორდანიის კაფეში, იმ დროინდელ ამსტერდამის მუშათა კლასის გარეუბანში, მიმტანად მუშაობდა. ქრისტინისგან განსხვავებით, ენი მომაჯადოებლად ხმამაღალია, გასაცინებლად მუდმივ მზადყოფნაში. მაგრამ თუ ქრისტინის ოჯახურ ცხოვრებას ფონად გასდევს უთავბოლო ხმაური, ენის ყოველდღიურობა მტანჯველად ჩუმია – როგორც კი ის მარტო რჩება სიჩუმესთან, ყოფილი ქორწინების მოგონებები ტბორავენ მას. მესამე ქალია ანდრეა ბრაუერი (ჰენრიეტ ტოლი), რომელიც კაცებით დაკომპლექტებულ ფირმაში მუშაობდა აღმასრულებელ მდივნად, სადაც მისი მაღალი კომპეტენცია მხოლოდ ამწვავებდა იმ ქედმაღლურ უპატივცემულობას, რომელსაც ის უპირისპირდებოდა. ოფისში ერთ-ერთი შეხვედრისას, მომსწრე ვხდებით, თუ როგორ დაუყოვნებლივ იწვევს მისი ხმა გაღიზიანებას: როგორც კი ის ლაპარაკს იწყებს, მისი უფროსი აწყვეტინებს და ეუბნება: „შეგიძლია, მოკლედ თქვა?“, მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი კაცი იმეორებს იმავეს ისე, თითქოს ეს მისი აზრი ყოფილიყოს, როგორც მოსალოდნელია, ყველა მომენტალურად სმენად იქცევა .

დასაწყისში თითოეული ქალი მარტოა თავისი დუმილის სხვადასხვა გარემოებების წინაშე, მაგრამ თანდათან დუმილი კოლექტიური ხდება და უფრო მეტად ემსგავსება აქტიურ პრაქტიკას. ის ქრისტინიდან ენიზე და ანდრეაზე გადადის, რომლებიც მას ერთმანეთის მდუმარე აღიარებაში უერთდებიან, რაც ასევე მდუმარების აღიარებაა. დანაშაულის სცენის ფრაგმენტული რეტროსპექციებით ბოლოს იმასაც ვიგებთ, რომ ამ დუმილმა იმ ოთხ სხვა ქალამდეც მიაღწია, რომლებიც იმ დროს მაღაზიაში აღმოჩნდნენ. ამ უსახელო უცნობებს დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა მისი ყურადღებიანი, მდუმარე მოწმეები გახდნენ, და არცერთ მათგანს არ განუცხადებია ნანახის შესახებ. ქალებს არცერთი სიტყვა არ გაუცვლიათ, მაგრამ მათ შორის როგორღაც მდუმარე შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც დუმილი ასევე ურთიერთმფარველობის საშუალებადაც იქცა: ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, არაფერს იტყვიან მათზე, ვინც ეს დაინახა, ხოლო ისინი, ვინც ამას შეესწრნენ, ხმას არ ამოიღებენ ნანახის შესახებ.

ვიდრე სამი მკვლელი სასამართლო პროცესს ელოდება, სასამართლოს მიერ დანიშნულმა ფსიქიატრმა, დოქტორმა ჯანინ ვან დენ ბოსმა (კოქს ჰაბემა) მათზე ფსიქოლოგიური დასკვნები უნდა მოამზადოს. ის ცდილობს, ინტერვიუები ჩაატაროს, მაგრამ საწადელს ვერ აღწევს: ენი ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს და გამუდმებით სხვა თემაზე გადადის, ხოლო ქრისტინის პიროვნება მიუწვდომლად განყენებული რჩება. ამასობაში, ანდრეა ენას სათამაშოსავით ეპყრობა – ის ენივით ღიად ლაპარაკობს, მაგრამ მისი სიტყვები ისეთივე ბუნდოვანი და დამაბნეველია, როგორც ქრისტინის მდუმარება. დოქტორი ვან დენ ბოსი არ წყვეტს ხმის ჩამწერი მოწყობილობით მათთან ვიზიტებს, მაგრამ მას მხოლოდ დუმილი, გაფანტულობა, წინააღმდეგობა და ბუნდოვანება ხვდება. ენა ისე არ მუშაობს, როგორც მას უნდა: ის ან ნაკლულია, ან შეცდომაში შემყვანი.

თავდაპირველად, ფილმი დოქტორ ვან დენ ბოსს საშუალო კლასის კარგად უზრუნველყოფილ ქალად ასახავს, რომელმაც „წარმატებას მიაღწია“ კაცების სამყაროში. სასამართლო სისტემაში მას თავისი ექსპერტული მოსაზრების დასაფიქსირებლად იძახებენ; ის ლაპარაკობს და მას უსმენენ, ან, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. მაგრამ ამ ქალებთან შეხვედრებისას ის აცნობიერებს, რომ მასაც კი მხოლოდ მაშინ ‘აქვს ხმა’, როდესაც იმას ამბობს, რისი გაგონებაც გარშემო მყოფ კაცებს სურთ. ფილმის ბოლოს, როდესაც მისი ფსიქოლოგიური შეფასებები არ ემთხვევა სასამართლოს მოლოდინებს, ცხადი ხდება, რომ როგორც კი დოქტორი ვან დენ ბოსი სცენარს უხვევს, პატრიარქალური მიჩუმათების ყველა უხსოვარი ტექნიკა მყისიერად იწყებს მოქმედებას: მას აიგნორებენ, ბრალს სდებენ არაობიექტურობაში, დასცინიან წვრილმანებით თავის შეწუხების გამო, მის ხმას გადაფარავენ, და მას უყვირიან – ან მას სხვა სიტყვებს მიაწერენ, რაც კიდევ ერთი გზაა იმისთვის, რომ რასაც ის რეალურად ამბობს, გაუგებრად დარჩეს.

ტექსტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

დუმილის ამოფრქვევები_3.pdf

თარგმანი მომზადდა ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

Share This Story, Choose Your Platform!