ფსიქოანალიტიკური ფემინიზმი

ემილი ზაკინი

სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედია

თარგმნა ანა ბერიამ

ეს სტატია განიხილავს ფსიქოანალიტიკურ ფემინიზმს და არა ფემინისტურ ფსიქოანალიზს (ე.ი. ის მხოლოდ ირიბად ეხება კლინიკურ პრაქტიკაში ფემინისტური პრინციპების შემუშავების იდეებს, თუმცა, ქვემოთ განხილული ავტორების უმეტესობა განათლებით ანალიტიკოსია).

ფსიქოანალიზი ავითარებს არაცნობიერის თეორიას, რომელიც სექსუალობასა და სუბიექტურობას გარდაუვლად უკავშირებს ერთმანეთს. ამ პროცესში ის ააშკარავებს იმ გზებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი თავის აღქმა თუ ჩვენი პოლიტიკური რწმენები და მიჯაჭვულობები არაცნობიერი ლტოლვების გავლენის ქვეშ ექცევიან და ემორჩილებიან სიმბოლურ სტრუქტურებს, რომლებიც სცილდება ინდივიდუალური აგენტობის სფეროს. ერთი შეხედვით, შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს ფემინიზმსა და ფსიქოანალიზს შორის ნებისმიერ კავშირს არასანდო საფუძველი უნდა ჰქონდეს: მაგალითად, ზიგმუნდ ფროიდის ლექციაში “ქალურობის” შესახებ, “ქალურობის გამოცანის” (ფროიდი 1968 [1933], 116) ან სქესობრივი განსხვავების განხილვისას, ფროიდის რიტორიკა ქალებს „პრობლემად“ (113) შერაცხავს და მისი აუდიტორიის წევრ ქალებს ამ ბრალდებისგან ათავისუფლებს იმის შეთავაზებით, რომ ისინი, იმედია „უფრო მამაკაცურები არიან, ვიდრე ქალურები“ (117). ბევრი ფემინისტი არ ენდობა და სიფრთხილით ეკიდებოდა როგორც ფროიდის რიტორიკისთვის დამახასიათებელ მიკერძოებულობას, ასევე მისი მტკიცებების ცალსახა შინაარსს. ეს სტატია განმარტავს, თუ როგორ და რატომ დაიწყო ფემინისტურმა თეორიამ მაინც, მიუხედავად ამისა, ფროიდის სერიოზულად წაკითხვა და დაწვრილებით გააანალიზა მისი ძირითადი ცნებები, მათი გადაულახავი შეზღუდვებისა თუ შესაძლებლობების აღმოჩენით.

ზემოთ ნახსენებ ესეში ფროიდი წერს, რომ „ფსიქოანალიზი არ ცდილობს, აღწეროს, რა არის ქალი – ამ ამოცანას ის ძნელად თუ შეასრულებდა – არამედ იწყებს იმის კვლევას, თუ როგორ ჩნდება ის, როგორ ვითარდება ქალი ბისექსუალური მიდრეკილების მქონე ბავშვისგან“ (ფროიდი 1968 [1933], 116). ტერმინი ‘ბისექსუალურის’ გამოყენებისას, ფროიდი გულისხმობს სექსუალური ინსტინქტის ხასიათს, და არა სექსუალურ ობიექტთან მიმართებას (რომელიც აღინიშნებოდა ტერმინით ‘ინვერსია’); ბისექსუალი ბავშვი არის ის, ვინც ფსიქიკურად ჯერ კიდევ არ არის არც კაცი და არც ქალი, და რომლის ინსტინქტური ცხოვრებაც სექსუალურ განსხვავებამდე ეტაპზე ფუნქციონირებს. ფროიდი აქ ქალურობას ოიდიპოსის კომპლექსის ერთ-ერთ ტრაექტორიად ასახავს და მიუთითებს, რომ სქესობრივი იდენტობა მყიფე მიღწევაა და არა ბუნებრივი მოცემულობა ან არსი. იმ სფეროს შემოსაზღვრით, რომელშიც სქესობრივი განსხვავების ფსიქოანალიტიკური თეორია მოძრაობს, და იმ გამოცანების ამოუხსნელად, შეიძლება ამოუხსნადადაც კი დატოვებით, რომლებსაც სხვები ბუნებით ან კულტურით ხსნიან, ფროიდი სქესს, სექსუალობასა და სქესობრივ განსხვავებას შორის ნებისმიერი მიზეზ-შედეგობრივი, უშუალო თუ პირდაპირი კავშირის თეორიას აპრობლემებს. ფსიქოანალიტიკური კვლევა არ ჯდება არც სქესის ბიოლოგიურ თეორიებში და არც გენდერის სოციოლოგიურ თეორიებში და მეტიც, მათ საფუძველს შეარყევს კიდეც, რაც ასევე ართულებს სქესი/გენდერის განსხვავებას, როგორც ის ხშირად ფორმულირებულია ხოლმე ფემინისტურ მსჯელობებში. თუ სქესი და გენდერი ფემინისტურ თეორიაში ხშირად ბიოლოგიასა და კულტურას, ან ბუნებასა და აღზრდას შორის კონტრასტის თვალსაზრისითაა ხოლმე წარმოჩენილი, ფროიდის თეორია, როგორც ქვემოთ განვიხილავთ, ამ დუალიზმებს ეჭვქვეშ აყენებს, და ავითარებს სექსუალური ლტოლვის თვალსაზრისს, რომელიც გადალახავს მენტალურსა და ფიზიკურს შორის დაყოფას და ერთსახოვანი ანატომიური ან სოციალური ფორმის შეძენის მაგივრად, უნიკალურ სახეცვლილებებს განიცდის. ამიტომ, რა საფრთხეებსაც არ უნდა შეიცავდეს ფროიდის კვლევები ქალებზე, მისი ნაშრომები ახლებურად აღმოაჩენს სქესობრივი იდენტობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს. ანალოგიურად, როგორც ქვემოთ განვიხილავ, ფსიქოანალიტიკური ფემინიზმი ბევრ წინასწარდაშვებას ეწინააღმდეგება იმის შესახებ, თუ რა არის ფემინიზმი და რა კონცეპტუალურ და მატერიალურ ობიექტებს იკვლევს ის, მათ შორის, განსაკუთრებით, თვითონ ქალის კონცეპტს. ამ კონცეფციის ჩვენეული გაგების მოშლასთან ერთად, ფსიქოანალიზი ასევე ფემინიზმისთვის წამოჭრის კითხვებს განსხვავებულობის ღირებულებისა და თანასწორობის მაძიებლობის შესახებ, თუ ამ ორ დაშორებულ მიზანს შორის გადაუჭრელი დაძაბულობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიტიკური ფემინიზმის ჩარჩოს ქვეშ განსხვავებული პოზიციების მართლაც უზარმაზარი რაოდენობა შეიძლება მოხვდეს, ის, რაც მათთვის საერთოა, არის არაცნობიერის ფროიდიანულ თეორიასთან მინიმალური კავშირი, მისი საწყის წერტილად აღება და პატივისცემა, თუნდაც მისი გაკრიტიკების და/ან მისი თეორიული აპარატის გადახედვის დროს. ნებისმიერი სათანადოდ ფსიქოანალიტიკური თეორია, სულ მცირე, უნდა გვთავაზობდეს თვალსაზრისს არაცნობიერისა და მისი კავშირის შესახებ სექსუალობასთან და, შესაძლოა, სიკვდილთანაც. თუმცა, სწორედ ასეთი საწყისი წერტილი იყო ის, რამაც ასევე შეაფერხა ფემინისტური ჩარჩო, რადგან ფროიდი ზოგჯერ, ზედაპირულად მაინც, იკითხება, როგორც ფსიქიკური სტრუქტურის მიზოგინური და ხისტი თეორიების შემმუშავებელი, ინდივიდუალური ქალების მრავალფეროვანი გამოცდილებების დამყვანი ისეთ შეზღუდულ და უცვლელ ფორმულამდე, რომელიც მის საკუთარ თეორიულ პარამეტრებს მოერგებოდა. მიუხედავად ამისა, ფროიდის ნააზრევი და ჰიპოთეზები, მათ შორის ისტერიის, ოიდიპოსის კომპლექსის, ქალური სექსუალობის და ფემინურობის, თუ ცივილიზაციაში ქალების როლის შესახებ, კამათის საფუძველი გახდა და ფემინისტურ გადააზრებებს ბიძგი მისცა. ამიტომ, სანამ ფსიქოანალიტიკური ფემინიზმის მრავალ და განსხვავებულ თვალსაზრისს უფრო დეტალურად განვიხილავდეთ, საჭიროა, პირველ რიგში, გამოვიკვლიოთ მათი ისტორიული ფესვები და ის კონცეპტუალური საფუძველი, რომელზეც ისინი აღმოცენდნენ. რადგან ფსიქოანალიტიკური ფემინისტური თეორიის დიდი ნაწილი კონკრეტულად ეხება ფროიდის ოიდიპური ნარატივის გადახედვას, ეს სტატიაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ფროიდის არაცნობიერის თეორიებს მათ კავშირში ოიდიპურ კომპლექსთან.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

ფსიქოანალიტიკური_ფემინიზმი_3.pdf

ნახვა / გადმოწერა

თარგმანი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.