მართას – გიორგი ხასაია

მართას

გიორგი ხასაია

ტკბილეულის დახლზე მიყრდნობილი მეუბნებოდი, რომ ჰალვაზე ფასდაკლება გაქვთ. ფეხზე ძლივს იდექი და ამიტომ მიეყრდენი. თურქული მირჩიე, ხომ სწორად მახსოვს?

როცა გკითხე, იმდენს მუშაობ, რამდენიც გევალება, თუ მეტს-მეთქი, შეცბი, მერე უკან მიიხედე და როცა დარწმუნდი, რომ მენეჯერი ახლოს არ იდგა, ხმადაბლა მიპასუხე, რომ მუშაობ, როგორც წესი, იმაზე მეტს, რაზეც თავიდან შეთანხმდით, მაგრამ ხელფასი იგივეა.

შენ და შენი ტოლი ქართველი გოგოები და ბიჭები სუპერმარკეტებსა და კაფეებში სამუშაოდ ხშირად იმიტომ კი არ მიდიხართ, რომ, როგორც იტყვიან, თქვენი ფული გქონდეთ. უფრო იმიტომ, რომ ოჯახს სწავლის საფასურის ტვირთი შეუმსუბუქოთ ან შიმშილისა და გადასახადების გადაუხდელობისგან დააზღვიოთ. მაგრამ ამ სამუშაოს გამო, სწავლასაც მოსწყდით, არც ადამიანური ცხოვრებისთვის საკმარისი ფული გაქვთ და ხვალინდელი დღის შიშით სულ უფრო და უფრო იქუფრება თქვენი იმედის ცა.

როგორც კი დაიწუწუნებთ, რომ სამუშაო პირობებს ვერ უძლებთ, თქვენსა და თქვენს უხილავ უფროსებს შორის აღიმართება მენეჯერების კორპუსი, რომ თქვენი უკმაყოფილების გამოსხივება მათ კედელს არ გასცდეს. ამ მენეჯერების (მათი დიდი ნაწილი ასევე უკმაყოფილოა სამუშაო პირობებით და ანაზღაურებით) ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა თქვენი ჩუმად ყოფნა. სამსახურში აყვანისას ტყუილად ხომ არ გახარეს: კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენს ოჯახში. წესით, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ აქ იზრუნებენ შენზე, მოგისმენენ და გაგითვალისწინებენ, მაგრამ სინამდვილეში გითხრეს, რომ ოჯახის ამბები გარეთ არ უნდა გაიტანო, უკმაყოფილება ოჯახშივე უნდა დარჩეს. ამიტომ ყოველთვის, როცა დაიჩივლებ, რომ ზეგანაკვეთურად იმუშავე და მეტი გეკუთვნის, ოჯახის უფროსებს ორნაირი პასუხი აქვთ: 1. თუ გინდა წადი, სხვას მოვძებნით. იცი, რამდენს უნდა ეს ადგილი?! 2. ცოტა მოვძლიერდეთ, ახლა გვიჭირს. წაგებაში ვართ.

განახლებული შრომის კოდექსით, რომელიც შორსაა იმისგან, რაც უნდა იყოს ზეგანაკვეთური შრომა (ანუ შრომა, რომელიც ნორმირებული სამუშაო დროის მონაკვეთს აღემატება), უნდა ანაზღაურდეს ნორმირებული საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით ან, შენ თუ გინდა, შესაბამისი დასვენების საათებში შეგიძლია, გადაცვალო. შენ ეს უკვე იცი, მაგრამ ეს ცოდნა ხშირად არაფერში გადგება – შენ წინ კვლავ მენეჯერების ყრუ კედელია, რომელიც ცივი (თუ არ მოგწონს, წადი) და თბილი (ერთი ოჯახი ვართ, ცოტა გვაცალე) პასუხების მონაცვლეობით ირეკლავს შენს სამართლიან უკმაყოფილებას. შენ გერიდება, გრცხვენია, გეშინია იმის დაკარგვისაც, რაც გაქვს, ყელში მობჯენილ ბურთს ყლაპავ და მუშაობას აგრძელებ. ასე გრძელდება თვეობით. შემდეგ უკეთესი პირობების ძიებაში სხვა სუპერმარკეტში მიდიხარ. იქაც იგივეა.

მაგრამ საქმე მთლად წასული არ არის.

მართა!

როგორც მითხარი, პანდემიის დროს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერეს, კომპანია ტაქსის ფულს გიხდიდათ, რომ სამუშაო არ მიგეტოვებინათ. იცი, რატომაც – შენ და შენი მეგობრების გარეშე ეს სუპერმარკეტი ვერ იმუშავებს – ფქვილსა და შაქარს აწონვა უნდა; მზა საჭმელი კონტეინერებში ვიღაცამ უნდა ჩადოს; სალაროსთან ვინმე უნდა იჯდეს, რომ გადაახდევინოს. ამიტომ თქვენი ერთდროული გაჩერება გაამეჩხერებს ან საერთოდ დააშრობს იმ თქვენი უხილავი უფროსების მიმართულებით დაძრულ ფულის ნაკადს; ამიტომ თქვენი უძრავ მდგომარეობაში ყოფნა მათთვის საშიშია; ამიტომ თქვენი ძალა თქვენსავე უძლურებაშია ჩაწნული; თქვენს უძილო თვალებში წინააღმდეგობის შუქიც კიაფობს; თქვენს დაღლილ ხელებს და ფეხებს შეუძლია თქვენსა და თქვენს უხილავ უფროსებს შორის არსებულ კედლებს გადააბიჯოს, კუთვნილის მოსათხოვად.

მაგრამ ამის ცალ-ცალკე გაკეთება გაგიჭირდებათ. ამისთვის თქვენი უკმაყოფილებები ერთმანეთთან საზიარო უნდა გახდეს და წინააღმდეგობად აზვავდეს. შეთქმულებას ჰგავს, არა? ასეცაა. თქვენი დამსაქმებლები, როცა საქმე გადასახადებს ან თქვენი შრომის პირობების გაუმჯობესებას ეხება, ერთ ოთახში იკრიბებიან, ერთ აზრზე შეჯერდებიან, ერთ გეგმას დასახავენ, ერთი პირით იწყებენ ლაპარაკს და ერთად მიდიან პარლამენტში ან რომელიმე მინისტრთან შესახვედრად. სხვანაირად თუ ვიტყვით, შეთქმულები ხდებიან. იმიტომ, რომ მათი ინტერესები ამ დროს ერთია და იციან, რომ ამ ინტერესებს ერთად უკეთესად დაიცავენ. მათ შეთქმულებას საპირწონედ თქვენი შეთქმულება სჭირდება, რომ წინააღმდეგობამ პროცესი დაძრას, ათასობით ქართველ მშრომელ გოგოს და ბიჭს ენა ამოუდგას, უკმაყოფილება გამოათქმევინოს და შრომის უკეთესი პირობები და ანაზღაურება მოუპოვოს. წესით, ამას პროფკავშირი უნდა აკეთებდეს. მაგრამ ჩვენი პროფკავშირების უმეტესობას ერთი უცნაურობა (მათი უმეტესობა ან უკვე გაიყიდა, ან მხდალია, ან საკუთარი ფუნქცია სწორად არ ესმის) სჭირს – ისინი მას შემდეგ მოდიან, რაც თქვენ სასოწარკვეთისგან ამოიყვირებთ და უკმაყოფილება სტიქიურად ამოხეთქავს თქვენი სხეულებიდან. ასეთ პროფკავშირს ყველაზე დიდი, იურიდიული დახმარების გაწევა შეუძლია, მაგრამ პროფკავშირი მერე მთქმელი არ უნდა იყოს, მანამდე უნდა გიზიდავდეს, გარწმუნებდეს, უკეთესი ცხოვრების ჰორიზონტს სახავდეს, გავარჯიშებდეს წინააღმდეგობაში.

თუმცა წინააღმდეგობა უვარჯიშებლადაც შეიძლება. ალბათ, იკითხავ, საიდან უნდა მოიტანოთ ძალა, გამბედაობა და გამოცდილება, რომელიც ბრძოლას სჭირდება? ისევ ბრძოლის პროცესიდან – რომელსაც იწყებ საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი, დამფრთხალი, უძალო და სწორედ ამ დროს, წინააღმდეგობის პროცესი მოგცემს იმას, რისი დანაკლისიც გაშინებს. თავად პროცესი აგავსებთ იმით, რაც გაკლიათ, როგორც ჭა ივსება მიწისქვეშა წყლებით.

პ.ს. რამდენიმე კვირის წინ იმავე სუპერმარკეტში თვალებით გეძებდი. შემდეგ ბოსტნეულის დახლთან ვიკითხე შენი ამბავი. მითხრეს, რომ უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში სამუშაოდ იტალიაში წასულხარ.

განახლებული შრომის კოდექსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კამპანია „შრომის ლექსიკონი“, გამოცემა „პუბლიკა“ და platforma.ge ბლოგების სერიას იწყებს.

კამპანიის მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზატორთა შეხედულებებს.