ბუნების სიკვდილი: ქალები, ეკოლოგია და სამეცნიერო რევოლუცია – ქეროლინ მერჩანტი

ქეროლინ მერჩანტი

ბუნების სიკვდილი: ქალები, ეკოლოგია და სამეცნიერო რევოლუცია

თარგმნა გიორგი ცინცაძემ.

შესავალი

უძველესი დროიდან მოყოლებული, ქალები და ბუნება ერთმანეთთან ასოცირდებიან – მათი კავშირი კულტურის, ენისა და ისტორიის ნაწილია. დღეს, ორი ახალი და თანადროული სოციალური მოძრაობის კონტექსტში, ეს კავშირი ახალ მნიშვნელობას იძენს: პირველი ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობაა, რომლის სადავო საწყისების სიმბოლო ბეტი ფრიდანის „ქალურობის გამოცანა“, (1963) ხოლო მეორე – გარემოსდაცვითი წინააღმდეგობაა, რომელიც 1960-იანი წლებიდან დაიწყო და ეროვნულ მასშტაბს 1970 წელ მიაღწია, როცა პირველად აღინიშნა დედამიწის დღე. ამ ორ მოძრაობას ეგალიტარული პერსპექტივა აერთიანებს. ქალები იმ კულტურული და ეკონომიკური შეზღუდვებისგან გასათავისუფლებად იბრძვიან, რომლებიც მათ კაცებს უქვემდებარებს. გარემოსდამცველები კი, რომლებიც ბუნებრივი გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეუქცევადი შედეგების შესახებ გვაფრთხილებენ, ახალ ეკოლოგიურ ეთიკას ავითარებენ, რომელიც ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირებსა და ურთიერთდამოკიდებულებას ეფუძნება. ამ ორი მოძრაობის მიზნების გაერთიანება ახალი ღირებულებებისა და სოციალური სტრუქტურისკენ გვიბიძგებს, რომელიც არა ქალებსა და ბუნებაზე დომინაციას, არამედ ქალებისა და კაცების უნარების სრულად და თანაბრად თვითგანხორციელებას და გარემოსდაცვითი მდგრადობის პრინციპს დაეყრდნობა.

ახალი სოციალური წუხილები ახალ ინტელექტუალურ და ისტორიულ პრობლემებს ქმნის. ამასთან, წარსულის რეინტერპრეტაცია აწმყოს ახლებურად დანახვას და, შესაბამისად, მისი შეცვლის შესაძლებლობას იძლევა. დღეს შესაძლებელია ფემინისტური და ეკოლოგიური ცნობიერება ქალებისა და ბუნების ერთმანეთთან ასოცირების შესწავლისკენ მივმართოთ და ხელახლა შევაფასოთ, თუ როგორ წარმოიშვა ეს კავშირი მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეებში, როცა თანამედროვე ეკონომიკური და სამეცნიერო მიდგომები ყალიბდებოდა. მაშინდელი ტრანსფორმაციის კვალი და მისით განპირობებულობა გაბატონებულ ღირებულებებსა და აღქმებში დღემდე იკითხება.

ფართო გაგებით, ფემინისტური ისტორია მოგვიწოდებს წარსულს ეგალიტარული თვალით შევხედოთ – არა მხოლოდ ქალების თვალით, არამედ ჩაგრული სოციალური და რასობრივი ჯგუფებისა და ბუნებრივი გარემოს თვალითაც – ანუ მათი თვალით, ვინც აქამდე უგულებელყოფილნი იყვნენ, როგორც რესურსი, რომელზეც დასავლური კულტურა და პროგრესი დაშენდა. ისტორიის ფემინისტური პერსპექტივიდან წერა მისი ამოტრიალებაა – სოციალური სტრუქტურების ქვემოდან დანახვა და გაბატონებული ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენება. ეგალიტარული პერსპექტივიდან ქალებსა და კაცებს – ორივეს თავიანთი როლი და შენატანი აქვთ ისტორიაში. სქესობრივი განსხვავებებისა და გენდერულად ნაწარმოები ენის გავლენას კულტურულ იდეოლოგიაზე, ისევე როგორც ქალის, კაცისა და ანდროგინულ სურათ-ხატებს – ამ ახალ ისტორიოგრაფიაში ყველას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ბუნების, როგორც „მზრუნველი დედის“, ხატი ქალთა ისტორიას ბუნებრივი გარემოსა და ეკოლოგიური ცვლილებების ისტორიას უკავშირებს. ქალური დედამიწის იდეა ცენტრალური იყო იმ ორგანული კოსმოლოგიისთვის, რომელსაც ადრეულ თანამედროვე ევროპაში სამეცნიერო რევოლუციამ და საბაზრო კულტურის აღზევებამ გამოუთხარა ძირი. პრემოდერნული ორგანული სამყაროს ღირებულებების მიმართ ინტერესი დღეს ეკოლოგიურმა მოძრაობამ გამოაღვიძა. ეკოლოგიური მოდელი და მასთან ასოცირებული ეთიკა საშუალებას გვაძლევს კრიტიკულად გადავიაზროთ თანამედროვე მეცნიერების აღზევება და ის საკვანძო ისტორიული პერიოდი, როცა ჩვენი კოსმოსი, ადამიანთა წარმოსახვაში, ორგანიზმის ნაცვლად მექანიზმად იქცა.

როგორც ქალთა, ისე ეკოლოგიური მოძრაობა მწვავედ აკრიტიკებს იმ საფასურს, რომლის გადახდაც საზოგადოებას და ბუნებას უწევთ საბაზრო ეკონომიკის modus operand-ისათვის დამახასიათებელი კონკურენციის, აგრესისა და დომინაციის გამო.. ეკოლოგია, კაპიტალიზმთან დაკავშირებული უკონტროლო ზრდის, ტექნოლოგიისა და პროგრესის მიმართ თავისი სკეპტიციზმით, სუბვერსიული მეცნიერებაა, რადგან ეს კონცეპტები უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში დასავლურ კულტურაში წმინდა ღირებულებებად იქცა. ეკოლოგიური მოძრაობის ხედვა ბუნებრივ გარემოში ბალანსის აღდგენას ეფუძნება – ბალანსის, რომელიც ინდუსტრიალიზაციამ და მოსახლეობის ზრდამ დაარღვია. ეს ხედვა უარყოფს ექპლუატაციურ, პროგრესისტულ, წრფივ მენტალიტეტს და ამის მაგივრად სიცოცხლის ბუნებრივ ციკლებთან დაკავშირების აუცილებლობაზე მიუთითებს. ეკოლოგიური მოძრაობა ყურადღებას ამახვილებს პროგრესის საფასურზე, ზრდის ლიმიტებზე, ტექნოლოგიური საზოგადოების ჩავარდნეზეს და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციისა და გადამუშავების აუცილებლობაზე. ეკოლოგიური მოძრაობის მსგავსად, ქალთა მოძრაობამ გვიჩვენა საბაზრო კონკურენციაში მონაწილეობის მძიმე შედეგები ყველა ადამიანისთვის, გვიჩვენა, თუ როგორ დაიკარგა ადრეულ კაპიტალისტურ საზოგადოებაში ქალის პროდუქტიული ეკონომიკური როლი და როგორ გარდაიქმნენ ქალები და ბუნება ფსიქოლოგიურ და სარეკრეაციო რესურსებად შრომით დაღლილი ანტრეპრენერი ქმრებისთვის.

ამ ტექსტის მიზანი არ არის ბუნებისთვის „კაცობრიობის დედის“ როლის დაბრუნება, და არც მოწოდება, რომ ქალებმა ამ ისტორიული იდენტობით ნაკარნახევი ზრუნვის ფუნქცია დაიბრუნონ. ორივე – ბუნება და ქალები, უნდა განთავისუფლდნენ ანთროპომორფული და სტერეოტიპული იარლიყებისგან, რომელიც პრობლემურ საწყისებს ეფუძნება. როცა ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას დიქტორი გვესაუბრება იმაზე, თუ რას გვიმზადებს დედა ბუნება მომავალ უქმეებზე, და როცა კანონმდებლობა ქალის სექსუალობას კაცის საკუთრებად მონიშნავს, ორივე თანაბრად უწყობს ხელს ქალებისა და ბუნების ჩაგვრას. მე არ ვამტკიცებ „ქალური ხედვის“ და „ქალური ქცევის“ არსებობას, ჩემი მიზანია შევისწავლო ის ღირებულებები, რომლებიც ქალებსა და ბუნებაზე წარმოდგენებს თანამედროვე სამყაროს ჩამოყალიბებისას ასაზრდოებდნენ და რომლებსაც დღესაც აქვთ ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა.

როცა დღევანდელი ეკოლოგიური კრიზისის სათავეს და მეცნიერებასთან, ტექნოლოგიასთან და ეკონომიკასთან მის კავშირს შევისწავლით, უნდა გადავიაზროთ იმ მსოფლმხედველობისა და მეცნიერების საწყისები, რომელმაც სინამდვილე დაინახა არა როგორც ცოცხალი ორგანიზმი, არამედ როგორც მანქანა. ხედვის ამ ტრანსფორმაციამ გასცა „კულტურული სანქცია“ ქალებსა და ბუნებაზე დომინაციისთვის. გადასააზრებელია ამ ტრანსფორმაციაში თანამედროვე მეცნიერების დამფუძნებელ მამათა – ფრანსის ბეკონის, უილიამ ჰარვის, რენე დეკარტის, თომას ჰობსის და ისააკ ნიუტონის წვლილიც. ორგანიცისტულ ხედვაზე დაფუძნებული და ექსპლუატაციურ მენტალიტეტთან დაპირისპირებული სხვა შესაძლებლობები, ალტერნატიული ფილოსოფიები და სოციალური ჯგუფები მეტ ყურადღებას იმსახურებენ. იმის გასაგებად, თუ რატომ განვითარდა ისტორია ამ და არა სხვა მიმართულებით, საჭიროა დასავლური საზოგადოების იმდროინდელი [მე-16 და მე-17 საუკუნეების] კულტურული და ბუნებრივი გარემოს ყოვლისმომცველი ანალიზი. ეს ნაშრომი ავითარებს ეკოლოგიურ პერსპექტივას, რომელიც ითვალისწინებს როგორც კაცობრიობის, ისე ბუნებრივი გარემოს როლს ბუნების, როგორც ცოცხალი ორგანიზმის სიკვდილში და კულტურისა და პროგრესის სახელით ადამიანებისა და ბუნებრივი გარემოს მზარდ ექსპლუატაციაში.

ამ ნაშრომის ძირითადი მიზანი დღევანდელი პრობლემების გააზრებაა. თუმცა აქ მოცემულ მონათხრობს მხოლოდ ამჟამინდელი ეპოქის პერსპექტივა არ განსაზღვრავს. დღევანდელი წუხილები გვეხმარება დავსვათ პროდუქტიული კითხვები სამეცნიერო რევოლუციის შესახებ – ისეთი კითხვები, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეებში სხვადასხვა სამეცნიერო დარგში რამდენიმე თანადროული რევოლუცია მოხდა და აქ მათ სრულად არ განვიხილავ. კოპერნიკული რევოლუციის პარალელურად, რომელმაც გარდაქმნა ადამიანების წარმოდგენა ცაზე მათ ზემოთ, მიმდინარეობდა უფრო შეუმჩნეველი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი რევოლუცია, რომელმაც გარდაქმნა ადამიანების წარმოდგენა მიწაზე მათ ფეხქვეშ.

ტექსტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

ქეროლინ_მერჩანტი_ბუნების.pdf

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პოზიციებს.