პროგრესული იდეების სკოლა – განაცხადების მიღება

პროგრესული იდეების სკოლა 2021 – განაცხადების მიღება

საქართველოს პროგრესული ფორუმი, პლატფორმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდი იწყებს მონაწილეთა შერჩევას პროგრესული იდეების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრესული იდეების სკოლის მიზანია თანასწორობის, დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის იდეების გავრცელება ახალგაზრდებში. სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნულ იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა საქართველოში, რას წარმოადგენს სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფო და როგორ მუშაობს ამგვარი სახელმწიფოს მოდელი მსოფლიოს მასშტაბით და ასევე, რა გამოცდილება აქვს საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.

სკოლის პროგრამა მოიცავს სემინარებს, დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციებს, რომელიც ეხმარება მონაწილეებს გაიაზრონ და დაინახონ სამართლიანობის, დემოკრატიული მონაწილეობის, თანასწორობისა და სოლიდარობის მნიშვნელობა, როგორც ადგილობრივ ასევე გლობალურ კონტექსტში. სკოლაში მონაწილეობის შედეგად მონაწილეები მიიღებენ შესაბამის ცოდნას სოციალური და სოლიდარობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შესახებ, პრაქტიკაში შეეძლებათ განასხვავონ ერთმანეთისაგან სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკები და მათი შესაბამისობა სოციალურ და დემოკრატიულ პრინციპებთან.

პროგრესული იდეების სკოლა საშუალებას მისცემს მონაწილეებს კრიტიკულად გააანალიზონ მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები, როგორც გლობალურ, ასევე, ადგილობრივ კონტექსტში. გარდა ამისა, 2021 წლის პროგრესული იდეების სკოლის მონაწილეებს ჩაუტარდებათ სამუშაო სემინარები კვლევის მეთოდებზე (ქმედების კვლევა, ზეპირი ისტორიები), რომელიც მათ დაეხმარებათ კონკრეტულ პრობლემაზე ორიენტირებით თავად შეძლონ კვლევითი აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება.

პროგრესული იდეების სკოლა ჩატარდება მიმდინარე წლის 5-7 ნოემბერს, ბაკურიანში. სკოლაში მონაწილეობის მიღება უფასოა და ყველა ხარჯი დაიფარება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. სკოლის ფარგლებში შეირჩევა 20 მონაწილე. რეგიონებიდან მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯები, მგზავრობის ჩეკის ან ბილეთის წარმოდგენის საფუძველზე, აზანღაურდება ორგანიზაციის მიერ.

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ქვემოთ მოცემული ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება. განცხადებები მიიღება 2021 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

სკოლაში მიღების საფეხურები:

  • ელექტრონული განაცხადების გადარჩევა
  • ონლაინ გასაუბრება (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებთან გასაუბრება ჩატარდება 16 და 17 ოქტომბერს)

მონაწილეებს გადაეცემათ სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სკოლის წევრები სამომავლოდ ჩაერთვებიან ALUMNI პროგრამაში, რაც მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსსა თუ აქტივობაში.

არსებული ეპიდსიტუციიდან გამომდინარე, სასურველია მონაწილეები იყვნენ აცრილები COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. სკოლა ჩატარდება საქართველოს დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრისა და საქართველოს მთავრობის დამტკიცებული რეგულაციების დაცვით. იხ.: მთავრობის დადგენილება პუნქტები 51 და 52.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სკოლის კოორდინატორებს:

  • სოფო შუბითიძე – 599844787; ელ.ფოსტა: sopo.shubitidze@gmail.com
  • თორნიკე შევარდნაძე – 599420097; ელ.ფოსტა: tornike.shevardnadze@gmail.com

პროგრესული იდეების სკოლა ხორციელდება პლატფორმისა და საქართველოს პროგრესული ფორუმის თანამშრომლობით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.