
ორიენტალიზმი და იმპერია:
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები და საქართველოს საზღვარი, 1845-1917
ოსტინ ჯერსილდი
თარგმნა თამარ ცხადაძემ
თავი 1: იმპერიის დისკურსი
კავკასიაში ჩვენი საქმიანობა ესპანელების მიერ ამერი კის დაპყრობის საწყისი პერიოდის ბევრ ტრაგედიას მოგვაგონებს; ოღონდ პიზაროს ან კორტესის მსგავსი ჰეროიკული გამარჯვებების ან სამხედრო წარმატების გა რეშე. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ კავკასიის დაპყრობამ ისეთივე სისხლიანი მემკვიდრეობა დაუტოვოს რუსეთის ისტორიას, როგორიც ამ დამპყრობლებმა ესპანეთის ის ტორიას დაუტოვეს.
ნიკოლაი რაევსკი ა. ი. ჩერნიშევს, ომის მინისტრს, 1841
შესავალი ჩრდილოეთ კავკასიისთვის
1872 წელს ო. იოსელიანი, ქართველი მისიონერი და განმანათლებელი, კავკასიაში მართლმადიდებლობის აღდგენის საზოგადოების თანამშრომელი, აფხაზეთის ოკუმის რეგიონში მდიდარი თავადის დაკრძალვას დაესწრო. თანმხლებ იმპერიის მოხელესთან ერთად, ის გლოვისა და სასოწარკვეთის დახვეწილი რიტუალების მომსწრე გახდა. მაღალი ფენის აფხაზი ქალები კაცებს გამოეყვნენ, ერთად წაიშინეს თავში ხელები და მოთქვამდნენ. ისინი ათ-ათი წუთით მიწამდე თავდახრილები იდგნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრების და ნათესავების წინ. კაცები კი ნეშტთან მიდიოდნენ, შუბლზე ადებდნენ ხელს და ყვიროდნენ: ,,ა-ა! ა-ა! ა-ა!” ნეშტი თეთრ ქსოვილში გაახვიეს და ეზოში გაიტანეს, სადაც უბრალო ხალხსაც მიეცა მოთქმის, თმების დაგლეჯისა და შუბლზე ხელის მიდების შესაძლებლობა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ისინი სხვადასხვა სიტყვით შესტიროდნენ თანაგრძნობას და მათგანაც მსგავს პასუხს იღებდნენ.
დაკრძალვის ამ ამბის საინტერესო მხარეა ის ფაქტი, რომ იოსელიანმა აუცილებლად ჩათვალა, ამ დღის ამბები ასე დეტალურად მოეთხრო იმპერიის ბიუროკრატიის თანამდებობის პირებისა და თავისი მისიონერი კოლეგებისთვის. ,,ჩემი მოგზაურობისას უაღრესად საინტერესო სცენას შევესწარი”, ხსნიდა ის, ,,არა იმიტომ, რომ ეს შემთხვევა განსაკუთრე ბით ღირსშესანიშნავი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის უბრა ლოდ ახალი იყო.” თავისი გამოცდილების გადმოსაცემად მან ეთნოგრაფიული სტილი მოირგო, რითაც ფაქტობრივად უცხო ხალხისგან ან შორეული კოლონიური საზღვრისგან თავისი დისტანცია გადმოსცა: ,,მოხელე და მე ეზოში დავრჩით და ამ სპექტაკლს ვუყურეთ.” იოსელიანმა წარმატებით გარდაქმნა თავისი გამოცდილება და ეს შემთხვევა ამბად, რომელიც თბილისში მყოფი მოხელეებისთვის იქნებოდა გასაგები. ,,და ასე დასრულდა დაკრძალვის სცენა, რომელიც ორი კვირის წინ ვნახე.” ქართველმა, რომელიც აფხაზური დაკრძალვის ,,სიახლეს” უყურებს – ხდომილება გეოგრაფიულ და კულ ტურულ ტერმინებში იმპერიის საზღვარზე, ისევე, როგორც საქართველოს საზღვარზე – თავისი ამბისთვის მზა აუდი ტორია იპოვა კავკასიაში როგორც რუსებს, ისე არარუსებს შორის.
ეს წიგნი იმის შესახებაა, თუ როგორ გარდაიქმნება ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობა ამბად. იოსელიანის მასწავლებლის ანგარიში ხანგრძლივი და სასტიკი კავკასიის ომიდან სულ რაღაც ათიოდე წლის შემდეგ გაიგზავნა. განათლებული საზოგადოების (რუსულად – ობშჩესტვო, ქართულად – საზოგადოება) საზღვარზე მყოფი წევრები განიცდიდნენ საჭიროებას, ისტორიულად ,,ველური” მთიელები, თავიანთი ხანჯლებით, სისხლიანი გარჩევებით, რადიკალური სუფიური საძმოებით და პატარძლის მოტაცების ეპიზოდებით, იმპერიის ახალ ქვეშევრდომებად წარმოედგინათ. თავიანთი ეგზოტიკურობით სახელგანთქმულ ჩრდილოკავკასიელ მთიელებსაც კი, ლიტერატურული ორიენტალიზმის ობიექტები რომ იყვნენ პუშკინიდან ტოლსტოიმდე, შეეძლოთ, თავიანთი ადგილი და ფუნქცია მოეძებნათ იმპერიულ ნარატივში, ამბავში რეგიონი სა და რუსეთის იმპერიის დანიშნულებისა და საზრისის შესახებ. განაპირა, საზღვრისპირა მრავალეთნიკურმა თემებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთის, როგორც იმპერიის, მზარდ ცნობიერებაში, რომელიც 1840იანი წლებიდან წარმოიშვა და განვითარდა.
ჩრდილოეთ კავკასიის მრავალფეროვნებას წვლილი შეჰქონდა რეგიონის ხელახლა წარმოსახვის იმპერიულ დილემაში. ამ მრავალფეროვნების ჩამოყალიბებას ხელს უწყობდა თვითონ 720კილომეტრიანი მთაგრეხილი, მთელ რეგიონს რომ ჰკვეთს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. მთაგრეხილის მიღმა იყო ტრანსკავკასია (სამხრეთი კავკასია), სომხები, ქართველები და აზერბაიჯანელები. რუსებმა ეს უფრო შორეული მიწები უფრო ადრე დაიპყრეს, ხოლო უზარმაზარი მთაგრეხილი მის მცხოვრებთ რუსეთის ბატონობისგან იცავდა. მთაგრეხილი ენობრივად თავდაპირველი ბაბილონის ადგილს ჰგავს: იბერიულ-კავკასიური ენების ერთი შტო მოიცავს ადიღეურ-აფხაზურს და ყაბარდოულს, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთში ცხოვრობენ; მეორეა ჩრდილოეთ კავკასიის ნახურ-დაღესტნური შტო, რომელიც ჩეჩნურს, ინგუშურს და ყარაბულახურს, ასევე, ხუნძურს, დარგუულს, ლაკურს, ლეზგიურსა და თაბასარანულს (დაღესტნის ძირითადი ენები) მოიცავს; რეგიონში ასევე არსებობს თურქული და ალთაუ რი ოჯახი, რომელიც აერთიანებს ყარაჩაულს, ბალყარულს, ყუმუხურსა და ნოღაურს; ის ასევე მოიცავს ინდო-ევროპუ ლი ენების ოჯახის ირანულ შტოს, რომელშიც შედის ოსური, ქურთული და თათური (,,მთის ებრაელების”) ენა. მთის ტომები კიდევ უფრო მეტ ქვეჯგუფადაც იყოფოდა. ჩრდილოეთ კავკასიის საერთაშორისოდ ცნობილი ,,ჩერქეზები” ან ადიღეური ტომები ცამეტი ძირითადი ჯგუფისგან შედგებოდა: ჟანაელები, შეფაკები, ნატუხაელები, შაფსუღები, აბაძეხები, ბჟედუღები, თემირგოელები, ხატუკაელები, ეგერუხელები, ადამიელები, მამხეგელები, მახოშეველები და ბესლენელები. მოკლედ, როგორც გ. ვ. სოლოგუბი წერდა, რეგიონი რუსებს წარმოუდგენდა ყველანაირი შესაძლო ,,ძნელად გასაგები შეუსაბამობებისა და წინააღმდეგობების” რიგს.
ორიენტალიზმი
დილემები, რომელთა წინაშეც ჩრდილოეთ კავკასიის ნიშანდობლივი გეოგრაფიული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება და რუსეთის მმართველობის მიმართ მთიელთა ხანგრძლივი წინააღმდეგობა იმპერიის შემოქმედთ აყენებდა, ამ რეგიონს შესანიშნავ საზღვრისპირა სცენად აქცევს იმპერიის ჩამოყალიბების შესწავლისთვის. როგორც დღეს ართულებს ჩრდილოეთი კავკასია ფედერაციის შემოქმედთა საქმეს, ზუსტად ისე ეს რეგიონი განსაკუთრებულ გამოწვე ვებს უქმნიდა რუსეთის განზრახვას, ფუნქციური იმპერია წარმოესახა მეცხრამეტე საუკუნეში. განსხვავება და წინააღმდეგობა ასტიმულირებდა იმპერიულ წარმოსახვას და იმპერიის მომავალთან დაკავშირებით გეგმების, პროექტების, ხედვების მთელ სპექტრს წარმოშობდა. ამ წიგნში იმპერიის კონცეპტუალიზებას ვიკვლევ რუსი და არარუსი ადმინის ტრატორების და სახელმწიფოს შემოქმედების, კოლონიური მოხელეების, მოგზაურების, ლიტერატურული ფიგურების და მოაზროვნეების, ეთნოგრაფების და გეოგრაფების ნაწერები სა და იდეების განხილვით, როცა ისინი ჩრდილოეთ კავკასიას მართავდნენ ან მასზე ფიქრობდნენ 1840იანი წლებიდან 1917 წლამდე. რეგიონისა და მისი მთის მცხოვრებლების იმ პერიული ხედვები ტრაგიკულ და გაწელილ ომზე პასუხი იყო და ისინი დიდი რეფორმების დროს და შემდგომ პერიოდში იმპერიული ერთიანობის, ინტეგრაციისა და იდენტობის ძიე ბის მაგალითებს გვაძლევს. მრავალეთნიკური განათლებული საზოგადოება იმპერიას წარმოიდგენდა, რათა დაპყრობა გაემართლებინა და რაღაც უფრო დიდი მიზანი ან ცივილი ზაციური მისია წამოეყენებინა სამხედრო ექსპანსიის კვალ დაკვალ.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე