ბრიტანეთის ბატონობა ინდოეთში – კარლ მარქსი

ბრიტანეთის ბატონობა ინდოეთში

კარლ მარქსი


ნაშრომი გააციფრულა და წინასიტყვაობა დაურთო დავით გალაშვილმა.

კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი, რჩეული ნაწერები (ტომი I), საბჭოთა საქართველო, 1975

მარქსის სტატიები „ბრიტანეთის ბატონობა ინდოეთში“ და ინდოეთში ბრიტანეთის ბატონობის მომავალი შედეგები“ მიეკუთვნება მარქსის საუკეთესო ნაწარმოებებს ეროვნულ-კოლონიურ საკითხში. ამ სტატიებში კოლოსალურ ბუნებრივ სიმდიდრეთა და უძველესი ცივილიზაციის მქონე ინდოეთში ბრიტანეთის ბატონობის მაგალითზე მარქსი აშუქებს ეკონომიურად ჩამორჩენილ აღმოსავლეთის ქვეყნებზე კაპიტალისტურ სახელმწიფოთა კოლონიური ბატონობის დამახასიათებელ ნიშნებს. ინგლისელების მიერ ინდოეთის დაპყრობისა და კოლონიური დამონების უმნიშვნელოვანესი ეტაპების განხილვისას მარქსი აღნიშნავს, რომ კოლონიზატორების მიერ ინდოეთის ძარცვა და დაპყრობა თვით ინგლისში მიწის მაგნატებისა და ფულის ბობოლების ოლიგარქიის გამდიდრებისა და გაძლიერების წყარო გახდა. თუმცა მიუხედავად ინგლისელების მიერ გამოჩენილი ბარბაროსობისა ადგილობრივების წინაშე, მიუხედავად ძველ წეს-ჩვეულებათა და წარმოების წესის მოსპობისა, მარქსი ინდოეთში ინგლისელთა ბატონობაში დადებით მომენტებსაც შენიშნავს, რაც, ცხადია, თვით ინგლისელებს სულაც არ ჰქონიათ მიზანში, თუმცა ინდოეთის სოციალური რევოლუცია, მისი გარდაქმნა, თუკი მას ისტორიული პერსპექტივით შევხედავთ, სწორედ ინგლისელთა ხელით, თუმცა მათი ნებისგან დამოუკიდებლად, მათი შეგნებისა და განზრახულობისგან განცალკევებით მოხდა. რაც შეეხება ინდოეთის ინგლისელთა განთავისუფლების საკითხს, მარქსი მიდის რევოლუციურ დასკვნამდე, რომ ინდოეთის გათავისუფლება შეიძლება ინგლისში პროლეტარული რევოლუციის გზით ან კოლონიზატორთა ბატონობის წინააღმდეგ თვით ინდოელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლის გზით.

ბრიტანეთის ბატონობა ინდოეთში

ინდოეთი, აზიური მასშტაბის იტალიაა. იქ ალპების ნაცვლად ჰიმალაის მთებია, ლომბარდიის დაბლობის ნაცვლად — ბენგალის დაბლობი, აპენინების ნაცვლად — დეკჰანის ქედი და კუნძულ სიცილიის ნაცვლად — კუნძული ცეილონი, იგივე მდიდარი მრავალფეროვნება მიწის ნაყოფთა და იგივე დაქსაქსულობა პოლიტიკური ფორმების მხრივ. და როგორც იტალიაში დროგამოშვებით დამპყრობლის ხმალი ძალად აიძულებდა სხვადასხვა ეროვნული მასებს გაერთიანებულიყვნენ, ისევე ვხედავთ ჩვენ ინდოეთში — იმ პერიოდებში, როდესაც იგი არ იმყოფებოდა მაჰმადიანების, მოგოლების ან ბრიტანელების უღელქვეშ, ინდოეთი იმდენსავე დამოუკიდებელ და ერთმანეთთან მტრულ ურთიერთობაში მყოფ სახელმწიფოებად იყო დანაწილებული, რამდენიც მასში ქალაქი ან თვით სოფელიც ითვლება. მაგრამ, სოციალური თვალსაზრისით, ინდოეთი წარმოადგენს არა იტალიას, არამედ აღმოსავლეთის ირლანდიას და ეს უცნაური დაკავშირება იტალიისა და ირლანდიისა, ხორციელი სიტკბოების ქვეყნისა და ჭმუნვის ქვეყნისა, წინასწარ მოცემულია ინდოეთის რელიგიის ძველ ტრადიციებში. ეს რელიგია ერთსა და იმავე დროს წარმოადგენს ხორციელ სიტკბოებათა სიჭარბის რელიგიას და თვითმგვემი ასკეტიზმის რელიგიას, ლინგამის რელიგიას და ჯაგერნაუტის რელიგიას; მონაზონის რელიგიას და ბაიადერას რელიგიას.

მე არ ვიზიარებ იმათ აზრს, რომელთაც სწამთ ინდოეთის ოქროს ხანის არსებობა, თუმცა ჩემი აზრის დასადასტურებლად არც ყულიხანის ბატონობის პერიოდს დავიმოწმებ, როგორც ამას სერ ჩარლზი ვუდი სჩადის. გავიხსენოთ, მაგალითად, აურანგზების ხანა: ანდა ეპოქა, როდესაც მოგოლები გამოჩნდნენ ჩრდილოეთში და პორტუგალები სამხრეთში; ან მაჰმადიანთა შესევის ეპოქა და ეპოქა ჰეპტარქიისა სამხრეთ ინდოეთში, ან, თუ კიდევ უფრო ძველი დროისაკენ წასვლა გნებავთ, აიღეთ თვით ბრაჰმანების მითოლოგიური ქრონოლოგია, რომელიც ინდოეთის უბედურების დასაწყისს იმაზე უფრო შორეულ ეპოქას მიაკუთვნებს, ვიდრე ის ეპოქაა, რომელსაც ქრისტიანობა ქვეყნის გაჩენას უკავშირებს.

მაგრამ ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ უბედურება, რომელიც ბრიტანელებმა თავს დაატეხეს ინდოეთს, არსებითად სხვაგვარია და შეუდარებლად უფრო დიდია, ვიდრე ყველა ის უბედურება, რაც ინდოეთს წინათ განუცდია. მე არ ვლაპარაკობ აქ ევროპულ დესპოტიზმზე, რომელიც ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ დაამყნა აზიურ დესპოტიზმს და რომელთა შეერთება უფრო საზარელ რამეს იძლევა, ვიდრე ის წმინდა ურჩხულები, სალსეტის ტაძარში რომ გვაფრთხობენ. იგი კოლონიების მმართველობის ინგლისური სისტემის სპეციფიკური ნიშანი კი არ არის, არამედ მხოლოდ ჰოლანდიური სისტემის წაბაძვაა, და ეს იმდენად სწორია, რომ ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის მოქმედების დასახასიათებლად საკმარისია მოვიყვანოთ სიტყვასიტყვით ის, რაც სერ სტამფორდ რაფლსმა, იავის ი ნ გ ლ ი ს ე ლ მ ა გუბერნატორმა, ჰოლანდიის ძველ ოსტ-ინდოეთის კომპანიაზე თქვა:

„ჰოლანდიის კომპანიამ, რომელიც გატაცებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მოგების ძიებით და თავის ქვეშევრდომებს ნაკლებ ზოგავდა, ვიდრე ოდესმე ვესტ-ინდოეთის პლანტატორი მის პლანტაციაზე მომუშავე მონებს, ვინაიდან ამ უკანასკნელს ფული ჰქონდა გადახდილი მის მიერ საკუთრებად შეძენილ ადამიანებში. მაშინ როდესაც პირველს არაფერი გადაუხდია, — ამ კომპანიამ დესპოტიზმის მთელი არსებული აპარატი გამოიყენა, რათა მოსახლეობიდან გადასახადებით უკანასკნელი კაპიკი გამოეწურა და იგი უკანასკნელი ძალღონის გამოლევამდე ემუშავებინა. ამგვარად, მან გააძლიერა უბედურება, რასაც თავს ატეხს ქვეყანას თვითნება და ნახევრად ბარბაროსული მთავრობა, როდესაც თავის მოქმედებაში. პოლიტიკოსის მთელ პრაქტიკულ დახელოვნებას და ვაჭრის მთელ მონოპოლისტურ ეგოიზმს აერთებს.“

სამოქალაქო ომები, შესევები, გადატრიალებანი, დაპყრობანი, შიმშილი, — ყველა ეს ერთიმეორის მომდევნო უბედურება, რაგინდ რთულად, მძაფრად და გამანადგურებლად არ უნდა გვეჩვენებოდეს მათი მოქმედება ინდოეთისათვის, მაინც მხოლოდ მის ზედაპირს შეეხებოდა. ინგლისმა კი, დაარღვია თვით საფუძველი ინდოეთის საზოგადოებისა, ხოლო დღემდე მას არაფერი უცდია, რომ გარდაექმნა იგი. ძველი ქვეყნის დაკარგვა ახლის მოუპოვებლად განსაკუთრებულ ტრაგიკულ ელფერს სძენს ინდოეთის ახლანდელ უბედურებათ და ბრიტანეთის ბატონობის ქვეშ მყოფ ინდოეთს ყველა მისი ძველი ტრადიციისაგან, მთელი მისი წარსული ისტორიისაგან წყვეტს.

აზიაში საერთოდ უხსოვარი დროიდან არსებობდა მართვა-გამგეობის მხოლოდ სამი დარგი: საფინანსო უწყება, ანუ საკუთარი ხალხის ძარცვის უწყება, სამხედრო უწყება, ანუ სხვა ხალხთა ძარცვის უწყება, და, დასასრულ, საზოგადოებრივ სამუშაოთა უწყება. ჰავის და ნიადაგის თავისებურებამ, განსაკუთრებით ვრცელ უდაბნო ადგილებში, რომელიც საჰარიდან დაწყებული ვრცელდება არაბეთში, სპარსეთში, ინდოეთსა და სათათრეთში აზიის ზეგანამდე, აღმოსავლეთის სოფლის მეურნეობის საფუძვლად გახადა ხელოვნური რწყვის სისტემა არხებისა და ირიგაციულ ნაგებობათა გზით. როგორც ეგვიპტესა და ინდოეთში, ისე მესოპოტამიასა, სპარსეთსა და სხვა ქვეყნებში წყალდიდობით სარგებლობენ. მინდვრების გასანოყიერებლად, აგრეთვე მდინარის მაღალ დონეს იყენებენ სარწყავ არხებში წყლის გადასაგდებად, წყლის ეკონომიური და კოლექტიური გამოყენების ამ ელემენტარულმა აუცილებლობამ აიძულა დასავლეთში კერძო მეწარმეები ნებაყოფლობით ასოციაციებად გაერთიანებულიყვნენ ისე, როგორც ეს ფლანდრიასა და იტალიაშია. აღმოსავლეთში კი, სადაც ცივილიზაცია მეტად დაბალ დონეზე იდგა და ტერიტორიების ფართობი მეტად დიდი იყო, იგივე აუცილებლობა ნებაყოფლობითი ასოციაციების დასაარსებლად მოითხოვდა ცენტრალიზაციის მომხდენი მთავრობის ძალით ჩარევას. აქედან — ის ეკონომიური ფუნქცია, რომელსაც იძულებით ასრულებდა ყველა აზიური მთავრობა, სახელდობრ, საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზაციის ფუნქცია. ნიადაგის ხელოვნური განოყიერების ეს სისტემა, რომელიც ცენტრალურ მთავრობაზე იყო დამოკიდებული და დაუყოვნებლივ დაეცემოდა, როგორც კი ეს მთავრობა მორწყვის და ამოშრობის სამუშაოებს დაუდევრად მოეპყრობოდა, გვიხსნის სხვაგვარად აუხსნელ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ახლა ვხედავთ მთელ უნაყოფო და უდაბნო ტერიტორიებს, რომლებიც ოდესღაც საუცხოოდ იყო დამუშავებული, როგორიცაა მაგალითად, პალმირა, პეტრა, იემენის ნანგრევები და ეგვიპტის, სპარსეთისა და ინდოეთის ვეებერთელა პროვინციები. ამით აიხსნება აგრეთვე ის ფაქტი, რომ ერთადერთი გამანადგურებელი ომი კმაროდა ქვეყნის გასაუკაცრიელებლად საუკუნეების განმავლობაში და მთელი მისი ცივილიზაციის მოსასპობად. და, აი, ბრიტანელებმა გადაიღეს ოსტ-ინდოეთში თავიანთი წინამორბედებისაგან საფინანსო უწყება და სამხედრო უწყება, მაგრამ სრულიად უყურადღებოდ დატოვეს საზოგადოებრივ სამუშაოთა უწყება.

აქედან — დაცემა სოფლის მეურნეობისა, რომელსაც არ შეეძლო განვითარებულიყო თავისუფალი კონკურენციის ბრიტანული პრინციპის თანახმად, ე. ი. თანახმად პრინციპისა laissez faire, laissez aller. მაგრამ აზიის სახელმწიფოებში ჩვენ ჩვეულებრივ ვხედავთ, რომ სოფლის მეურნეობა ეცემა ერთი მთავრობის მმართველობის დროს და ისევ აღორძინებას განიცდის რომელიმე სხვა მთავრობის მმართველობის დროს. აქ მოსავალიც კარგი თუ ცუდ მთავრობაზეა დამოკიდებული, ისე როგორც ევროპაში იგი დამოკიდებულია კარგ თუ ცუდ ამინდზე. ამგვარად, რაგინდ დიდი არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობისათვის მიყენებული ზარალი და მის მოთხოვნილებათა უგულებელყოფა, ეს თავისთავად მაინც ვერ იქნებოდა საკმარისი მიზეზი – ინდოელთა საზოგადოების დაცემისა, რაც ბრიტანელი დამპყრობლის მიერ იყო გამოწვეული, ამას რომ თან არ ხლებოდა უფრო დიდი მნიშვნელობის გარემოება — ახალი რამ მთელი აზიური ქვეყნიერების მატიანეში. რაგინდ დიდი ყოფილიყო პოლიტიკური ცვლილებანი ინდოეთის წარსულში, მისი სოციალური პირობები უცვლელი რჩებოდა უძველესი დროიდან დაწყებული XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებამდე. ხელის საფეიქრო დაზგა და ხელის ჯარა, რომლებიც წარმოშობენ ფეიქართა და მრთველთა ურიცხვ არმიას, ინდოელთა საზოგადოების სტრუქტურის საფუძველს შეადგენდნენ. უხსოვარი დროიდან ევროპა იღებდა ინდოელი ფეიქრის უმშვენიერეს ნახელავს და სამაგიეროდ აძლევდა თავის ძვირფას ლითონებს — მასალას ოქრო მჭედლისათვის, ინდოელთა საზოგადოების აუცილებელი წევრისათვის, რადგან ამ საზოგადოების სიყვარული სამკაულისადმი ისე დიდია, რომ თვით უდაბლესი კლასის წარმომადგენლებიც კი, რომელიც თითქმის შიშვლები დადიან, ჩვეულებრივ წყვილ ოქროს საყურეს და ყელზე რაიმე ოქროს სამკაულს ატარებენ. საყოველთაოდ გავრცელებული იყო აგრეთვე ბეჭდები ხელ-ფეხის თითებზე. ქალები და ბავშვები ხელებზე და ფეხებზე ხშირად ოქროს ან ვერცხლის მძიმე სამაჯურებს ატარებდნენ. მათ სახლებში შეხვდებოდით ღმერთების პაწია ვერცხლის ქანდაკებებს. ბრიტანეთის მიერ დაპყრობამ დაამსხვრია ინდუსთა ხელის საფეიქრო დაზგა და ჯარა. ინგლისმა საქმე იმით დაიწყო, რომ ევროპის ბაზრებიდან განდევნა ინდური ბამბეულის ნაწარმი, შემდეგ იწყო ნართის შეზიდვა ინდოეთში და დაასრულა მით, რომ ყელამდე გაავსო ბამბეული საქონლით ბამბეულ ნაწარმთა სამშობლო. 1818 წლიდან 1835 წლამდე ნართის ექსპორტი დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთში გაიზარდა შეფარდებით 1:5200. ინგლისური მუსლინის იმპორტი ინდოეთში 1824 წელს თითქმის არც კი აღწევდა 1000000 იარდს, მაშინ როდესაც 1837 წელს იგი აღემატებოდა – 4000000 იარდს. ამავე დროს, დაკას მოსახლეობა 150 000 მცხოვრებიდან 20 000-მდე შემცირდა, მაგრამ ეს დაცემა ინდოეთის ქალაქებისა, რომელნიც წინათ განთქმული იყვნენ თავიანთი ქსოვილებით, ჯერ არ წარმოადგენდა ინგლისის ბატონობის ყველაზე ცუდ შედეგს. ბრიტანეთის ორთქლმა და ბრიტანეთის მეცნიერებამ ძირშივე კიდევ მოსპეს კავშირი სამიწათმოქმედო და სამანუფაქტურო მრეწველობას შორის ინდოეთის მთელს ტერიტორიაზე.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

კარლ_მარქსი_ბრიტანეთის_ბატონობა_ინდოეთში.pdf

დაწერილია მარქსის მიერ 1853 წ. 10 ივნისს.
დაბეჭდილია გაზეთ „New-York Daily Tribune”-ის 1853 წ. 25 ივნისის ნომრისათვის.