ისტორიის ცნების შესახებ

ვალტერ ბენიამინი

 

ლუკა ნახუცრიშვილის თარგმანი

I

როგორც ცნობილია, ერთი იმგვარად აწყობილი ავტომატი არსებულა, რომელიც მოჭადრაკის თითოეულ სვლას ისეთ საპასუხო სვლას ახვედრებდა, რომ პარტიის მოგებას უნაღდებ­ და. ფართო მაგიდაზე დასვენებული დაფის წინ თოჯინა იჯდა, თურქულ სამოსში, პირში ნარგილეთი. სარკეთა სისტემა ილუ­ზიას იწვევდა, თითქოს ეს მაგიდა ყოველი მხრიდან გამჭვირ­ვალე ყოფილიყო. სინამდვილეში კი, შიგნით კუზიანი ჯუჯა იჯდა, რომელიც ჭადრაკის ოსტატი იყო და თოჯინის ხელს ძაფებით მართავდა. ამ დანადგარის შესატყვისი ფილოსოფია­შიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მოგება ყოველთვის იმ თო­ჯინას ერგება, ,,ისტორიულ მატერიალიზმს” რომ უწოდებენ. ის დაუბრკოლებლად გაუმკლავდება ნებისმიერს, თუკი თეოლო­გიას ჩაიყენებს სამსახურში, რომელიც დღეს, მოგვეხსენება, პატარა და მახინჯია და ისედაც თავი არ გამოეყოფა.

II

ლოცეს თანახმად, ,,ადამიანის სულის ყველაზე ღირსშესანიშ­ნავ თავისებურებებს, გარდა ცალკეულ შემთხვევებში ეგზომ ძლიერი თავკერძობისა, განეკუთვნება ნებისმიერი აწმყოს ზოგადი უშურველობაც საკუთარი მომავლის მიმართ”. ეს რეფლექსია გულისხმობს, რომ ბედნიერების ჩვენ მიერ ნა­საზრდოები ხატება ერთთავად შეფერილია იმ დროით, რო­მელშიც, ასეა თუ ისე, ჩვენივე არსებობის მდინარებას გა­ვუმწესებივართ. ისეთი ბედნიერება, ჩვენში შურის აღძვრა რომ შეეძლოს, მხოლოდ ჩვენ მიერ ნასუნთქ ჰაერშია, იმ ადამიანებთან, რომელთაც დაველაპარაკებოდით, ქალებთან, რომლებიც დაგვნებდებოდნენ. სხვა სიტყვებით, ბედნიერების შესახებ წარმოდგენას განუყრელად ახლავს თან წარმოდგენა ხსნის შესახებ. მსგავსი რამ ხდება წარსულზე წარმოდგენის შემთხვევაშიც, რომელიც თავის საგნად ისტორიას აქცევს. წარსული თან დაატარებს ერთგვარ ფარულ მანიშნებელს (In dex), რომელიც წარსულს ხსნისკენ მიუთითებს. განა ჩვენც არ გაგვკრავს იმ ჰაერის მონაბერი, ადრინდელთ რომ ეხვეოდა? განა იმ ხმებში, რომელთაც ყურს ვაპყრობთ, აწ დადუმებულ ხმათა ექო არ ისმის? განა იმ ქალებს, რომელთაც დავტრ­ფიალებთ, დები არა ჰყავთ, რომელთა გაცნობაც მათ ვეღარ მოასწრეს? თუ მართლაც ასეა, მაშინ იდუმალი შეთანხმება არსებობს წარსულ მოდგმათა და ჩვენსას შორის. მაშინ ამ მიწა­წყალზე ჩვენი მოლოდინი ჰქონიათ. მაშინ ყველა ჩვე­ნამდე არსებულ მოდგმასავით, ჩვენთვისაც გამოუყოლებიათ სუსტი მესიანური ძალა, რომელზეც წარსული აცხადებს უფლებას. ეს მოთხოვნა ასე იოლად ვერ ჩაიფარცხება. ისტორიულ მატერიალისტს ეს კარგად მოეხსენება.

III

მემატიანე, რომელიც ისე ჩამოთვლის მოვლენებს, რომ დიდ და პატარა მოვლენებს შორის არ განარჩევს, ამით ანგარიშს უწევს ჭეშმარიტებას, რომ არაფერი, რაც კი ოდესმე მომხ­დარა, არ უნდა მიიჩნეს ისტორიისათვის დასაკარგად. თუმ­ცა, საკუთარი წარსული სრულად მხოლოდ დახსნილ კაცო­ბრიობას ერგება. რაც შემდეგს ნიშნავს: მხოლოდ დახსნილი კაცობრიობისათვის ხდება საკუთარი წარსულის ნებისმიერი მომენტი ციტირებადი. მისი თითოეული განვლილი მეყი ხდე­ბა citation à l’ordre du jour – დღე, რომელიც სწორედ ბოლო ჟამისაა.

IV

ჯერ საკვებსა და სამოსზე იზრუნეთ, და ღვთის საუფლოც თავისით გებოძებათ.

ჰეგელი, 1807

კლასობრივი ბრძოლა, რომელიც ყოველ წუთას უდგას თვალ­ წინ მარქსით გაწაფულ ისტორიკოსს, არის ბრძოლა უხეში და მატერიალური საგნებისათვის, რომელთა გარეშეც არ არსე­ბობს ნატიფი და სულიერი საგნები. და მაინც, ეს უკანასკ­ნელნი კლასობრივ ბრძოლაში სხვაგვარად მოგვეცემიან, ვიდრე წარმოდგენა ნადავლზე, რომელიც გამარჯვებულთ ხვდათ წილად. ამ ბრძოლაში მათ სასოების, გამბედაობის, იუმორის, ცბიერების, შეუდრეკელობის სახით უდგათ სული და დროთა სიშორისაკენ უკუქმედებენ. ისინი მუდამ ხელახლა ეჭვქვეშ დააყენებენ თითოეულ გამარჯვებას, რომელიც კი გაბატონებულთ ოდესმე რგებიათ. როგორც რომ ყვავილები მიუშვერენ მზეს კისერს, რაღაც იდუმალი სახის ჰელიოტრო­ პიზმის მეოხებით, ისევე ისწრაფვის ნამყო, რომ იმ მზისაკენ მიიქცეს, რომელიც ისტორიის ცაზე ამოდის. ყოველგვარ ცვლილებას შორის ამ ყველაზე ნაკლებ თვალსაჩინოს უნდა აუღოს ალღო ისტორიულმა მატერიალისტმა.

V

წარსულის ჭეშმარიტი ხატი წამით გაკრთება. წარსულს მხო­ლოდ როგორც ისეთ ხატს თუ შევინარჩუნებთ, რომელსაც ეს­ ეს არის უკანმოუხედავად გაუელვებია თავისი შეცნობადო­ბის მეყში. ,,ჭეშმარიტება ვერსად გაგვექცევა” – ეს სიტყვები, რომლებიც გოტფრიდ კელერს ეკუთვნის, ისტორიზმისთვის დამახასიათებელ ისტორიის ხატში სწორედ იმ წერტილს აღ­ნიშნავს, სადაც ამ ხატს ისტორიული მატერიალიზმი გაარ­ღვევს. რამეთუ ის წარსულის უკანმოუბრუნებელი ხატია და გაქრობა ემუქრება ყოველი იმ აწმყოს კვალდაკვალ, რომელ­ მაც მასში ნაგულისხმევად ვერ ამოიცნო თავი.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

ვალტერ_ბენიამინი_ისტორიის_ცნების_შესახებ.pdf

ნახვა / გადმოწერა

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე