სიზარმაცის უფლება

პოლ ლაფარგი

თამარ ცხადაძის თარგმანი

დამღუპველი დოგმა

ყველა ქვეყანაში, სადაც კაპიტალისტური ცივილიზაცია მე­ფობს, მშრომელთა კლასები უცნაურ მანიას შეუპყრია; მისი შედეგია ყველა ის ინდივიდუალური თუ კოლექტიური უბე­დურება, რომელიც საცოდავ კაცობრიობას საუკუნეებია ტანჯავს. ეს არის შრომის სიყვარული, შრომის გააფთრე­ ბული მანია, რომელიც ადამიანისა და მისი შთამომავლობის სასიცოცხლო ძალების გამოფიტვას იწვევს. მოძღვრებმა, ეკონომისტებმა და მორალისტებმა ამ მენტალური აბერა­ციის წინააღმდეგ ხმის ამაღლების ნაცვლად, შრომა წმინ­ დად შერაცხეს. ეს ბრმა და სასრული ადამიანები ღმერთს შეეჯიბრნენ სიბრძნეში; ეს სუსტი და უღირსი არსებები იმის განდიდებას ცდილობენ, რაც მათმა ღმერთმა დაწყევლა…

კაპიტალისტურ საზოგადოებაში შრომა ინტელექტუალური დეგრადაციისა და ფიზიკური დამახინჯების მიზეზია… თუ ჩვენს ცივილიზებულ ევროპაში ადამიანის პრიმიტიული მშვენიერების კვალის პოვნას მოვინდომებთ, იმ ერებს უნდა მივა­ შუროთ, რომლებშიც ეკონომიკურ ცრურწმენებს ჯერ კიდევ არ ამოუძირკვავს შრომის სიძულვილი. ესპანეთი, რომელიც, უდავოა, ახლა ადგას გადაგვარების გზას, ჯერ კიდევ შეიძლე­ბა ამაყობდეს იმით, რომ ნაკლები ქარხანა აქვს, ვიდრე ჩვენ – ციხე და ყაზარმა; მხატვრის აღტაცებულ თვალს ატყვე­ვებენ გაბედული, ფოლადივით მოქნილი, წაბლისფერი ანდა­ლუზიელები; ჩვენი გულის ძგერა ძლიერდება, როცა გვესმის, როგორ მიმართავს თავის ,,კაპაში” დიდებულად გამოწყობი­ლი მათხოვარი ოსუნას ჰერცოგს სიტყვით ,,ამიგო” (მეგობა­რო). ესპანელისთვის, რომელშიც პრიმიტიული ცხოველი ჯერ არ ჩაუკლავთ, შრომა ყველაზე უარესი მონობაა. ბერძნებიც, მათი აყვავების ხანაში, ზიზღით უყურებდნენ შრომას: შრო­მა მხოლოდ მონას შეეძლო, თავისუფალმა ადამიანმა კი ფი­ ზიკური ვარჯიშისა და ინტელექტუალური გართობის გარდა არაფერი იცოდა… ანტიკური ფილოსოფოსები შრომის – თა­ვისუფალი ადამიანის ამ დამცირების – ზიზღს ქადაგებდნენ; პოეტები სიზარმაცეს – ღმერთების ამ საჩუქარს – უმღეროდ­ ნენ.

მთაზე ქადაგებაში ქრისტე მოცალეობას გვიქადაგებს: ,,შეხე­დეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თითოეული მათგანი”.

იაჰვე, ებრაელების ძველი აღთქმის ღმერთი, თავის თაყვა­ ნისმცემლებს ყველაზე ამაღლებულ მაგალითს აძლევს: ექვ­სი დღის მუშაობის შემდეგ ის მთელი მარადიულობა ისვე­ნებს….

ამ დროს შეხედეთ პროლეტარიატს – ყველა ცივილიზებული ერის დიდ მწარმოებელ კლასს, კლასს, რომელმაც თავისი ემანსიპაციით კაცობრობა მონური შრომისგან უნდა გაათავი­ სუფლოს და ადამიანური ცხოველისგან თავისუფალი არსება შექმნას. პროლეტარიატმაც არასწორად გაიგო თავისი ისტო­რიული მოწოდება, როცა თავი შრომის დოგმას აცდუნებინა. ის მძიმედ და სასტიკად დაისაჯა. მთელი ინდივიდუალური თუ საზოგადოებრივი უბედურება შრომის მიმართ პროლე­ ტარიატის ვნებაში იღებს სათავეს.

შრომის ,,მადლი”

1770 წელს ლონდონში გამოქვეყნდა ანონიმური პამფლეტი სათაურით ,,ნარკვევი ვაჭრობასა და კომერციაზე”, რომელ­მაც იმ დროს გარკვეული სენსაციაც გამოიწვია. ავტორი, დიდი ფილანთროპი, აღშფოთებული იყო შემდეგით: ,,ინგლი­სის ქარხნების პლებსმა თავში ჩაიჭედა, რომ მას, როგორც ინგლისელს, დაბადებით ჰქონდა პრივილეგია, ნებისმიერი სხვა ევროპული ერის მშრომელ ხალხზე უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოფილიყო… მშრომელებმა არასოდეს უნდა იფიქრონ, რომ თავიანთი ზემდგომებისგან დამოუკიდებ­ლები არიან. უაღრესად საშიშია ასეთი სიგიჟის წახალისება ჩვენი სახელმწიფოს მსგავს კომერციულ სახელმწიფოში, სადაც მთელი მოსახლეობის ალბათ შვიდ მერვედს მცირედი, ან სულ არაფერი აბადია. მკურნალობა სრული არ იქნება მანამ, სანამ ჩვენი ღარიბი მშრომელები მზად არ იქნებიან, ექვსი დღე იშრომონ იმავე თანხისთვის, რასაც ახლა ოთხ დღეში გამოიმუშავებენ”.

ამრიგად, გიომდე ასი წლით ადრე, ლონდონში უკვე ღიად ქადაგებდნენ შრომის, როგორც ადამიანის კეთილშობილური ვნებების მოთოკვის საშუალების, მოძღვრებას.

,,რაც უფრო მეტს იშრომებენ ადამიანები, მით უფრო ნაკლები იქნება მანკიერება”, იწერებოდა ნაპოლეონი 1807 წლის 5 მაისს ოსტეროდედან. ,,მე ხელისუფალი ვარ… და იმ აზრისკენ ვიხრები, რომ კვირაობით, რელი­ გიური მსახურების დასრულების შემდეგ, ყველა საწარ­ მო ისევ გაიღოს და ყველა მუშა თავის საქმიანობას დაუბრუნდეს.

სიზარმაცის აღმოსაფხვრელად და სიამაყისა და დამოუკიდებ­ ლობის განცდის მოსათოკად, ,,ვაჭრობაზე ნარკვევის” ავტო­რი გვთავაზობდა ღარიბების გამოკეტვას ,,იდეალურ შრომის სახლებში”, რომლებიც უნდა ყოფილიყო ,,ტერორის სახლე­ბი, სადაც დღეში თოთხმეტი საათი იშრომებდნენ, ისე, რომ ჭამისთვის განკუთვნილი დროის გამოკლებით, შრომისთვის სრული თორმეტი საათი დარჩენოდათ”.

თორმეტი საათი შრომა დღეში – ესაა მეთვრამეტე საუკუნის ფილანთროპებისა და მორალისტების იდეალი! როგორ მოვახერხეთ, რომ ამ ,,უკიდურესობისთვის” გადაგვეჭარბე­ბინა! თანამედროვე საწარმოები იდეალურ გამოსასწორებელ სახლებად იქცა, სადაც გამოკეტილები არიან მშრომელი მასე­ბი და არა მხოლოდ კაცებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც თორმეტიდან თოთხმეტ საათამდე იძულებითი შრომა აქვთ მისჯილი. როგორ წარმოვიდგინოთ, რომ ტერორის გმირების შთამომავლები შრომის რელიგიით იმდენად დეგრადირდნენ, რომ 1848 წლის შემდეგ ,,რევოლუციურ გამარჯვებად” მიიღეს კანონი, რომელიც ქარხნებში შრომას დღეში თორმეტი საათით ზღუდავდა! მათ შრომის უფლება ,,რევოლუციურ პრინ­ციპად” გამოაცხადეს! სირცხვილი საფრანგეთის პროლეტა­რიატს! მხოლოდ მონები თუ შეძლებდნენ ასე დამდაბლებას. კაპიტალისტური ცივილიზაციის ოცი წელი იქნებოდა საჭი­რო, რომ გმირების ეპოქის ბერძენს ასეთი დეგრადაცია წარ­ მოედგინა!

და თუ პროლეტარიატს იძულებითი შრომის ტკივილი და შიმ­ შილის ტანჯვა, ბიბლიური კალიების შემოსევაზე უფრო მრა­ვალრიცხოვანი, დაატყდა თავს, მან თვითონ გამოიხმო ისინი.

 

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

პოლ_ლაფარგი_სიზარმაცის_უფლება.pdf

ნახვა / გადმოწერა

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე