სახელმწიფოს შესახებ თეორიის გენეზისი და განვითარება მარქსიზმში

სახელმწიფოს შესახებ თეორიის გენეზისი და განვითარება მარქსიზმში

 

ავტორი: დავით გალაშვილი

,,როდესაც პოლიტიკური სახელმწიფო თავის ჭეშმარიტ განვითარებას მიაღწევს, ადამიანი – არამხოლოდ აზროვნებასა და ცნობიერებაში, არამედ სინამდვილეშიც, ცხოვრებაშიც – ორკეც ცხოვრებას ეწევა – ზეციურს და მიწიურს: ერთი მხრივ, ის პოლიტიკური საზოგადოების წევრია, რომელშიც ის თავის თავს საზოგადოებრივ არსებად განიხილავს, ხოლო, მეორე მხრივ, ის სამოქალაქო საზოგადოების წევრია, რომელშიც მოქმედებს, როგორც კერძო პირი, რა დროსაც სხვებს საშუალებად განიხილავს, თავის თავსაც საშუალებამდე ამდაბლებს და გაუცხოებული ძალმოსილების უბრალო სათამაშო ხდება.”

კარლ მარქსი, ებრაული საკითხი

შესავალი

მიუხედავად იმისა, რომ კარლ მარქსს სახელმწიფოს შესახებ სისტემური ნაშრომი არ შეუქმნია, როგორც ადრეულ, ისე გვიანდელ მარქსთან საკმაო მასალა მოიპოვება იმისათვის, რომ სახელმწიფოს შესახებ მარქსის შეხედულების მწყობრი რეკონსტრუქცია შევძლოთ. მავანი იკითხავს, თუ რატომ უნარჩუნდება სახელმწიფოს შესახებ მარქსის შეხედულებას მნიშვნელობა და აქტუალობა. ამაზე, სულ მცირე, ორგვარი პასუხია შესაძლებელი. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მარქსისტულ თეორიაში ყველაზე მეტი გაუხამსება და ვულგარიზება სწორედაც რომ სახელმწიფოს შესახებ შეხედულებამ იწვნია. ამის მიზეზი ის არის, რომ გაბატონებულ კლასს და მისი ბატონობის იარაღს, სახელმწიფოს, რევოლუციური მარქსიზმი სწორედ სახელმწიფოს შესახებ მოძღვრების ნაწილში უქმნის საგულისხმო საფრთხეს. შესაბამისად, არამხოლოდ ბურჟუაზია და მისი ინტელექტუალები, არამედ მეორე ინტერნაციონალის ბელადებიც კი ავულგარულებდნენ მარქსის რევოლუციურ შეხედულებებს. მეორე ინტერნაციონალში ფეხი მყარად მოიკიდა რევიზიონიზმის იმ ნაირსახეობამ, რომელიც უარყოფდა მარქსიზმის ერთ-ერთ საფუძველმდებარე მტკიცებას, რომ სახელმწიფო კლასობრივი ბატონობის იარაღია და, ამასთან, კლასობრივ შერიგებასა და სოციალ-რეფორმიზმს ქადაგებდა. ვლადიმერ ლენინი თავის სახელმწიფო და რევოლუციაში სწორედ ზემოხსენებულს უსვამს ხაზს:

„მარქსიზმის ასეთ „დამუშავებაში“ ახლა შეთანხმებულად მოქმედებენ ბურჟუაზია და ოპორტუნისტები მუშათა მოძრაობის შიგნით. ივიწყებენ, ჩქმალავენ, ამახინჯებენ მოძღვრების რევოლუციურ მხარეს, მის რევოლუციურ სულს. პირველ რიგში აყენებენ, აქებ-ადიდებენ იმას, რაც მისაღებია ან რაც მისაღებად ეჩვენებათ ბურჟუაზიისთვის.“

შეიძლება ითქვას, რომ ლენინის მიერ აღწერილი ვითარება დღეს უფრო გამწვავდა, რადგან მარქსისტულ წრეებში და, მით უმეტეს, მის გარეთ ბურჟუაზიული სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ მოცემულ და გამყარებულ რეალობად არის მიჩნეული, რომლის მიღმა გასვლა მათთვის უკვე ქიმერად ქცეულა. შესაბამისად, რევოლუციური მარქსიზმი ჩანაცვლებულია „კანონიზებული“ მარქსიზმით, რომელიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაქორწინებულა ბურჟუაზიულ დემოკრატიზმთან და პარლამენტარიზმთან. აღარაფერს ვიტყვით ბურჟუაზიულ აკადემიასა და ბურჟუა ინტელექტუალებზე, რომლებიც გამალებით ცდილობენ მარქსიზმი „უწყინარ ხატად“ გადააქციონ და „დააჩლუნგონ მისი რევოლუციური მახვილი.“ ცხადია, მარქსის „კანონიზება“ მეცნიერული დისკურსიდან „უტოპისტური“ და „დესტრუქციული“ მინარევების მოცილების სახელით ხორციელდება, მაგრამ როგორც ფრანგი მარქსისტი ლუი ალთიუსერი წერს, მთელი რიგი ფილოსოფიის მასწავლებლები, ბურჟუა ინტელექტუალები, რომლებიც არსებული განათლების სისტემის მიერ არიან დაქირავებულნი, გაბატონებული იდეის მორჩილნი და გამავრცელებელნი არიან და არსებულთან თავიანთ „კრიტიკულ“ მიმართებაშიც კი ჰეგემონური იდეის წარმომადგენლებად გვევლინებიან. ხშირად ისეც ხდება, რომ რევოლუციურ მარქსიზმთან მებრძოლი ინტელექტუალები თვით მარქსისავე მოძღვრებაში ეძიებენ დასაყრდენ წერტილს. როზა ლუქსემბურგი ნაშრომში რეფორმა თუ რევოლუცია სამართლიანად შენიშნავდა, რომ:

„ყველა, ვინც კი ჩვენს დროში მოწადინებულია (…) ომი გამოუცხადოს მარქსის მოძღვრებას, იძულებულია დაიწყოს უნებლიე თაყვანისცემით ამ მოძღვრების წინაშე. მან, პირველად ყოვლისა, უნდა ღიაროს თავისი თავი ამ მოძღვრების მიმდევრად, ეძიოს თვით მასშივე დასაყრდენი წერილი მასთან საბრძოლველად და ეს ბრძოლა მოგვაჩვენოს, როგორც მხოლოდ შემდეგი განვითარება მარქსის მოძღვრებისა.“

მეორე მიზეზი სახელმწიფოს შესახებ მარქსის შეხედულებით დაინტერესებისა სწორედ პირველიდან გამომდინარეა, – სხვა სიტყვებით, მარქსიზმი ეფუძნება თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობას, მას მნიშვნელობა არა მხოლოდ ადამიანის პრაქტიკული მოღვაწეობისას ენიჭება, არამედ ის თეორიულ განზომილებაშიც უნდა გატარდეს. შესაბამისად, აუცილებელია, სახელმწიფოს შესახებ მოძღვრება სწორედ ისე და იმგვარად რეკონსტრუირდეს, როგორც ამას მარქსისტული მეთოდი მოითხოვს. შესაბამისად, სახელმწიფოს წარმოშობისა და განვითარების საკითხი უნდა გაირჩეს ისტორიული მატერიალიზმის მიხედვით და არა დოგმატურ-აბსტრაქტული მსჯელობით. სახელმწიფოს საკითხზე მსჯელობისას უდიდესი ყურადღება უნდა ეთმობოდეს მეთოდის საკითხს, რადგან მეცნიერული მეთოდის გარეშე მსჯელობა დაემსგავსება ყოველგვარ ისტორიულობას მოწყვეტილ ფრაზიორობას. საზოგადოებრივ მეცნიერებაში ერთადერთი სწორი მეთოდი, როგორც ვ.ი. ლენინი მიუთითებს, უკვე მარქსის კაპიტალის გამოსვლის შემდეგ არსებობს:

„ახლა – „კაპიტალის“ გამოსვლის დროიდან – ისტორიის მატერიალისტური გაგება უკვე ჰიპოთეზა კი არა, მეცნიერულად დამტკიცებული დებულებაა, და ვიდრე ჩვენ არ გვექნება რომელიმე საზოგადოებრივი ფორმაციის – სახელდობრ საზოგადოებრივი ფორმაციისა და არა რომელიმე ქვეყნის ან ხალხის, ანდა თვით კლასის და სხვ. ყოფა-ცხოვრების – ფუნქციონირებისა და განვითარების მეცნიერულად ახსნის სხვა ცდა, რომელიც სწორედ ისევე შეძლებდა წესრიგი შეეტანა „სათანადო ფაქტებში“, როგორც ეს მატერიალიზმმა შეძლო, სხვა ცდა, რომელიც სწორედ ისევე შეძლებდა მოეცა განსაზღვრული ფორმაციის ცოცხალი სურათი მის ზუსტ მეცნიერულ ახსნასთან ერთად, მანამდე ისტორიის მატერიალისტური გაგება საზოგადოებრივი მეცნიერების სინონიმი იქნება. მატერიალიზმი წარმოადგენს არა „უმთავრესად ისტორიის მეცნიერულ გაგებას“ (…), არამედ მის ერთადერთ მეცნიერულ გაგებას.“

ამგვარად, წინამდებარე ნაშრომის მიზანი გაბატონებული ფილოსოფიური სკოლების მიერ სახელმწიფოს შესახებ მარქსის შეხედულების კანონიზების მცდელობასთან დაპირისპირებაა, რომელთა მიხედვითაც მარქსისთვის მუშათა კლასის და თვით მთლიანი ადამიანის ემანსიპაცია სწორედ ბურჟუაზიული სახელმწიფოს ჩარჩოებში გახლავთ შესაძლებელი და, ამასთან, მეტ-ნაკლები სიცხადით, სახელმწიფოს შესახებ მარქსის მოძღვრების გენეზისისა და განვითარების ჩვენება.

სანამ საკითხის არსებით განხილვაზე გადავიდოდეთ, უმჯობესი იქნება თუ რამდენიმე სიტყვას ენგელსის პრობლემის შესახებაც ვიტყვით. რიგ აკადემიურ წრეებში ხშირი განხილვის საკითხი გამხდარა მარქსისა და ენგელსის შეხედულებების არსობრივი განსხვავებულობა; მაგალითად, ფრანგი ფილოსოფოსი, მიშელ ანრი მარქსის შესახებ თავის მონოგრაფიაში პირდაპირ აღნიშნავს, რომ ფრიდრიხ ენგელსი კარლ მარქსის მოძღვრების ვულგარიზატორად მოგვევლინა ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, რომ ენგელსი შორს დგას დიალექტიკოსი მარქსისგან და მის ნაწერებში მექანიცისტური მატერიალიზმი გამოსჭვივის. ცხადია, ჩვენ არ გვსურს იმ აბსურდის მტკიცება, რომ ორი ადამიანი შესაძლოა პირწმინდად იგივეობრივად რეფლექსირებდეს მთელ რიგ საკითხებზე, თუმცა გარდა იმ ფაქტისა, რომ მარქსი და ენგელსი განუყრელი მეგობრები და აზრთა ურთიერთგამზიარებელნი იყვნენ, ამ ორმა მოაზროვნემ ჯერ კიდევ გერმანულ იდეოლოგიაში ერთობლივად შეიმუშავა „სახელმძღვანელო ძაფი“, ისტორიული მატერიალიზმი, რომლითაც დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საკითხს ამუშავებდნენ. მარქსისა და ენგელსის იდეური განსხვავებულობის მომხრენი ხშირად იშველიებენ ხოლმე ენგელსის პოლემიკურ ნაშრომს ანტი-დიურინგს, რომელიც დიალექტიკოსი მარქსის გავულგარულების პირველ ცდად და ნაბიჯად არის შერაცხული, თუმცა ენგელსის კრიტიკოსები არ დაუშვებდნენ ასეთ შეცდომას, სულ მცირე, ერთი ისტორიული გარემოების ყურად-ღების შემთხვევაში. მარქსი ხელნაწერში თავადვე გაეცნო ანტი-დიურინგის ფილოსოფიურ ნაწილს, ხოლო მისი პოლიტ-ეკონომიური ნაწილი კი, დიდწილად მისივე შექმნილია. ამას გარდა, ჩვენთვის საყურადღებოა 1867 წელს მარქსის მიერ ენგელსისათვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც მარქსი წერს: „იმედია ამ ოთხი თაბახის კმაყოფილი დარჩები. აქამდე შენ ყველაფერი მოგწონდა – ეს კი ჩემთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ყველა ის, რის თქმაც ამ საკითხზე მთელ დანარჩენ ქვეყანას შეუძლია.“

ამგვარად, ჩვენ არ გვაქვს უფლება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის მტკიცებულება არ მოგვეპოვება, თუნდაც სახელმწიფოს შესახებ ნაწილში, ვამტკიცოთ, რომ მარქსი და ენგელსი განსხვავებულ იდეურ ბაზისზე დგანან ფილოსოფიურ, სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისას. უმეტესობა ყველა იმ ნაშრომისა, რომელშიც მარქსი დიალექტიკური მეთოდის გამოყენებით გვაოცებს, სწორედ ენგელსთან ერთად არის შექმნილი (მაგალითად, წმინდა ოჯახი, გერმანული იდეოლოგია, კომუნისტური პარტიის მანიფესტი). შესაბამისად, სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებაზე მსჯელობისას ჩვენ მოვიშველიებთ როგორც მარქსის, ასევე ენგელსის, მეცნიერული სოციალიზმის ფუძემდებლების ყველა იმ მნიშვნელოვან პასაჟს სახელმწიფოს შესახებ, რომელიც საჭირო გახდება კონტექსტის შესაბამისად. აქვე უნდა ითქვას, რომ, ცხადია, წინამდებარე ნაშრომი ვერ გამოთქვამს პრეტენზიას საკითხის სრულ ამოწურვაზე. აქ მხოლოდ სახელმწიფოს წარმოშობის საკითხსა და ახალგაზრდა მარქსის სახელმწიფოსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. სახელმწიფოს შესახებ მოძღვრება არაერთი სქელტანიანი მონოგრაფიის მასშტაბის სადარი საკითხია, რომელიც, აქ და ახლა, ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ წარმოსდგება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად ნაკლოვანებებისა, ნაშრომი მეტ-ნაკლებად მაინც შეძლებს მეცნიერული სოციალიზმის ფუძემდებლების მიერ დასმული ზოგიერთი საკითხის კონტურების მიმოხილვას და მათ ცხადად წარმოჩენას.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

5._სახელმწიფოს_გაგება_მარქსთან.pdf