განვითარების ილუზია:

მცირე გზამკვლევი გლობალურ უთანასწორობასა და მისი მოგვარების გზებზე

გიორგი ცინცაძის თარგმანი

 

მითი ძალას კარგავს

განვითარების დისკურსი ასეთი პოპულარული იმიტომაა, რომ ის შინაარსით წარმატების ამბავია – ნათელი წერტილი სხვა მხრივ ნეგატივით სავსე სამყაროში. ამ ამბის მიხედვით, მდიდარი ქვეყნების ხელგაშლილობის შედეგად მსოფლიო წლიდან წლამდე უმჯობესდება, სიღარიბე კი მალე გაუ­ჩინარდება და მხოლოდ ისტორიის სანაგვეზე დარჩება. ამ ოპტიმისტურმა ნარატივმა განვითარების დისკურსს წლე­ ბის განმავლობაში ბევრი გულშემატკივარი და მილიონობით მოხალისე შესძინა. თუმცა მათმა ენთუზიაზმმა თანდათან იკლო. განვითარების მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა უკვე არაერთი ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთებულები საუბრობენ იმაზე, რომ ადამიანებს განვითარების დისკურ­ სის აღარ სჯერათ. გამოკითხვაზე დაყრდნობით, ბრიტანული განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაცია ,,ბონდ” წერს, რომ ,,მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამებმა უამრავი ადამიანის აზრით, მიზანს ვერ მიაღწიეს და საერთაშორისო დახმარების პროგრამების მიმართ სკეპტიციზმი იზრდება.”

განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებს ამ ტენდენციის გაგება უჭირთ. მათი გადმოსახედიდან განვითარების ინდუს­ტრია უაღრესად წარმატებულია და ამას არაერთი მონაცემი ადასტურებს. წარმატების მაგალითები მართლაც დაგროვდა: მაგალითად, იმ ბავშვთა ყოველწლიური რაოდენობა, რომე­ ლიც თავიდან აცილებადი მიზეზით გარდაიცვალა, 1990 წელს 17 მილიონს შეადგენდა, 2013 წელს კი, 8 მილიონამდე შემცირ­ და. ამავე პერიოდში მშობიარობისას დედის გარდაცვალების ალბათობამ 47 პროცენტით იკლო. ამ მონაცემების აღნიშვნა უდავოდ ღირს. მაგრამ ინდუსტრიას ამ მონაცემების თავის­თავად განვითარების დისკურსის გასამართლებლად გამოყე­ ნება სურს, ფართო საზოგადოებას კი ეს არ აკმაყოფილებს. სკეპტიკოსების აზრით, მართალია, ფრაგმენტულად მართ­ ლაც არსებობს მცირე პროგრესის მაგალითები, მაგრამ საერ­ თო სურათი არ იცვლება, ან, შესაძლოა, უარესდება კიდეც. განვითარების ინდუსტრიამ თავისი ყველაზე მასშტაბური და­ პირებები – მსოფლიოში სიღარიბისა და შიმშილის გაქრობა – ვერ შეასრულა. მაშ, რატომ უნდა მივცეთ მას უფრო მეტი ფული? რატომ უნდა მივცეთ საშუალება, ადამიანებს ცრუ იმედი ჩაუსახოს?

სკეპტიკოსები არ ცდებიან. დავაკვირდეთ შიმშილის მონა­ ცემებს. 1974 წელს, გაეროს პირველ ,,საკვების სამიტზე” ჰენრი კისინჯერმა ცნობილ გამოსვლაში გასცა დაპირება, რომ შიმშილი 10 წელიწადში მთელ პლანეტაზე სრულად აღმოიფხვრებოდა. მაშინ საკმარის საკვებზე მსოფლიოში 460 მილიონ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი. მას შემდეგ მდგომარეობა გამოსწორების ნაცვლად გაუარესდა. დღეს მსოფლიოში ყველაზე კონსერვატიული გათვლებითაც კი, 800 მილიონი ადამიანი შიმშილობს. უფრო რეალისტური გათვლე­ ბით კი, ეს მონაცემი 2 მილიარდს, ანუ კაცობრიობის მესა­ მედს უტოლდება. რთულია წარუმატებლობის იმაზე უკეთესი სიმბოლოს წარმოდგენა, ვიდრე გაზრდილი შიმშილია, გან­ საკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მსოფლიო იმაზე მეტ საკვებს აწარმოებს, ვიდრე პლანეტაზე მცხოვრებ 7 მილიარდ ადამიანს სჭირდება. დღეს ნაწარმოები საკვები მსოფლიოს მთელი მოსახლეობის გარდა, დამატებით კიდევ 3 მილიარდ ადამიანს დააპურებდა.

რას გვეუბნება სტატისტიკა სიღარიბის შემთხვევაში? განვი­ თარების ინდუსტრია წლების განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ სიღარიბე მცირდება. 2015 წელს, გაერომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საბოლოო ანგარიში წარადგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 1990 წლიდან 2015 წლამდე სიღარიბის გავრცელება განახევრდა. ანგარიშის ეს მიგნება მალევე აიტაცეს მედიამ და არასამთავრობო სექტორმა, თუმცა ის რეალობას არ ასახავს. გლობალური სიღარიბე თითქმის მთ­ ლიანად ერთი ქვეყნის, ჩინეთის დამსახურებით შემცირდა. ამასთანავე, სიღარიბე შემცირდა მხოლოდ პროპორციულად და არა აბსოლუტურ რიცხვებში. თუ ამ უკანასკნელს შე­ ვხედავთ (და მსოფლიო ისედაც პროგრესის აბსოლუტური რიცხვებით შეფასებაზე იყო შეთანხმებული), აღმოვაჩენთ, რომ დღეს პლანეტაზე ზუსტად იმდენივე ღარიბი ადამიანი ცხოვრობს (1 მილიარდი), რამდენიც 1981 წელს ცხოვრობდა. უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში, ამ მხრივ გაუმჯობესე­ბა საერთოდ არ აღინიშნება.

ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიღარიბის ყველაზე და­ბალ ზღვარს დავეყრდნობით. სინამდვილეში რეალობა კიდევ უფრო სამწუხაროა. სიღარიბის სტანდარტული ზღვარი ღა­რიბად მიიჩნევს ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეში 1 დოლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს. ეს სტანდარტი არაადეკვატურია გლობალური სამხრეთის უამრავი ქვეყნისთვის, სადაც დღეში ერთ დოლარად თავის რჩენა წარმოუდგენელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ღირსეულ ცხოვრებაზე. არაერთი მკვლე­ ვრის აზრით, 50 წლამდე მისაღწევად, ადამიანს ამაზე ოთხ­ ჯერ მეტი შემოსავალი მაინც სჭირდება საკმარისი საკვების საყიდლად. რას მივიღებთ, თუ სიღარიბეს ამ უფრო რეალის­ტური სტანდარტით შევაფასებთ? აღმოჩდება, რომ სიღარი­ბის ზღვარს ქვემოთ 4.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ეს გაეროს მონაცემს ოთხჯერ აღემატება და კაცობრიობის 60 პროცენტს შეადგენს. ასევე აღმოვაჩენთ, რომ სიღარიბის გავრცელება არათუ არ შემცირებულა, არამედ 1981 წლი­ დან 1 მილიარდი ადამიანით გაიზარდა. ეს ამერიკის მთელ მოსახლეობაზე სამჯერ მეტია. ამდენი ადამიანით გაიზარ­ და სიღარიბე მსოფლიოში უკანასკნელი ათწლეულების გან­მავლობაში. ეს მონაცემები წარმოუდგენელ სიდუხჭირესა და ტანჯვაზე მიგვითითებენ.

ამ ყველაფრის პარალელურად, უთანასწორობა წარმოუდგე­ნელ მასშტაბებს აღწევს.

ტექსტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

ჯეისონ_ჰიკელი_განვითარების_ილუზია.pdf

ნახვა / გადმოწერა

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე