დანაშაული და სასჯელი: კრიტიკული პერსპექტივები – მონაწილეთა მიღება

თანამედროვე მსოფლიოში დანაშაულისა და სასჯელის საკითხები პოლიტიკის ცენტრალურ საგნად, ხოლო სისხლის სამართლის ინსტრუმენტები სახელმწიფო მმართველობის წამყვან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა. საქართველოში, ათწლეულებია, სამართალდამცავი სისტემისა და მართლმსაჯულების რეპრესიული ბუნების კრიტიკა საჯარო პოლიტიკის წამყვან თემად რჩება. გარკვეული გაცხადებული თუ ფარული კონსენსუსიც კი არსებობს, რომ მხოლოდ ფორმალური ინსტიტუტების გამართვის, კანონის უზენაესობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების შემდეგ გახდება შესაძლებელი სოციალურ თანასწორობასა და სიღარიბის დაძლევაზე ფიქრი. ამ ფონზე, სასჯელის პოლიტეკონომიური მიზნებისა და დანაშაულის სოციოეკონომიკური კონტექსტის ანალიზი ფაქტობრივად არ წარმოებს და კავშირი, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პოლიტიკასა და, მეორე მხრივ, სოციალურ უთანასწორობას, ჩაგვრასა და სიღარიბეს შორის, საჯარო სივრცეში არ არტიკულირდება. ამ თემაზე არც საკმარისი კვლევები წარმოებს და არც საუნივერსიტეტო კურსები არსებობს.

ლექციათა ციკლის მიზანი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების დანაშაულისა და სასჯელის კრიტიკული თეორიებით დაინტერესებაა.

ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომელიც 10 ლექციისგან შედგება, გაანალიზდება დანაშაულსა და სასჯელთან დაკავშირებული საკითხები კრიმინოლოგიის, პოლიტიკური ეკონომიის, სოციალური კონტროლის თეორიების, სოციოლოგიისა და პოლიტიკის თეორიული პერსპექტივებიდან. ლექციები ასევე დაეთმობა ქართულ კონტექსტში დანაშაულის მიზეზებსა და სოციალურ შედეგებს და ქართული სახელმწიფოს სადამსჯელო პოლიტიკის მიზნების ანალიზს.

რეგისტრაციისთვის საჭიროა ქვემოთ მოცემული ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება.

პლატფორმაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის, სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს, 18 წლიდან ზევით და ასევე, საკითხით დაინტერესებულ მკვლევრებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24 სექტემბერი, 2021.

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე (2 ოქტომბერი – 25 ნოემბერი, 2021). ლექციები გაიმართება დისტანციურად.

სალექციო ციკლში მონაწილეობის მიღება უფასოა.

ლექციათა ციკლი ,,დანაშაული და სასჯელი: კრიტიკული პერსპექტივები” მომზადებულია პლატფორმისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.