ძალაუფლება: თეორია და პოლიტიკა – მონაწილეთა მიღება

„ჩვენ სამუდამოდ უნდა შევწყვიტოთ ძალაუფლების ნეგატიური ტერმინებით აღწერა თითქოს ის გამორიცხავს, არეპრესირებს, აცენზურებს და ნიღბავს, სინამდვილეში ძალაუფლება აწარმოებს, ის აწარმოებს რეალობას, ობიექტების სფეროს და ჭეშმარიტების დაფუძნების რიტუალებს.“

მიშელ ფუკო

პლატფორმა აცხადებს მონაწილეთა მიღებას კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში. 2021 წლის სკოლის თემაა ,,ძალაუფლება: თეორია და პოლიტიკა”.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მიზანია შექმნას სააზროვნო სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე მსჯელობას და ანალიზს. სკოლა აკადემიურ და პოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენს, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს განვითარების ალტერნატიულ ფორმებზე მსჯელობა, არსებული დღის წესრიგის კრიტიკულად გადააზრება და სოციალური უთანასწორობის პერსპექტივებზე მსჯელობა გლობალური უთანასწორობის ფონზე.

2021 წელს კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ფოკუსირდება ძალაუფლების საკითხებზე. სკოლის ფარგლებში ვეცდებით პასუხები გავცეთ შეკითხვებს: როგორია ძალაუფლების როლი სოციალური ინსტიტუტების შექმნასა და გამყარებაში? როგორ აწარმოებს ძალაუფლება სუბიექტებს? რას გულისხმობს მმართველობის რაციონალურობა? რა არის ბიოპოლიტიკა და როგორ მიემართება სიმართლე ძალაუფლებას? რას გულისხმობს კაცობრიობის ისტორიისადმი ,,არქეოლოგიური” და ,,გენეალოგიური” მიდგომები? როგორ იქმნება დისკურსი და რა გზებით არეგულირებს ის სიმართლეს, მნიშვნელობას და აზროვნების საზღვრებს? როგორია ძალაუფლების გლობალური გადანაწილება გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის? რა ადგილი აქვს ძალაუფლებას კულტურული ჰეგემონიის დამყარების პროცესში?

გარდა თეორიული ნაწილისა, კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში გაიმართება სემინარები, რომლის მიზანია გააანალიზოს პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის პროცესში წარმოქმნილი ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართებები, კულტურული ჰეგემონიის პროცესები და მისი კავშირი არსებულ სოციალურ უთანასწორობასთან და არადემოკრატიულ პოლიტიკურ პრაქტიკებთან.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეებისთვის ჩატარდება კვლევის სემინარები დისკურსის ანალიზის მეთოდოლოგიაში, შემდეგი საკითხების გარშემო: ძირითადი მიდგომები დისკურსის ანალიზისადმი, დისკურსის კრიტიკული ანალიზი, დისკურსის ანალიზის ფუკოსეული მიდგომა, რუთ ვოდაკის დისკურსულ-ისტორიული მიდგომა და სხვ. ასევე, საარქივო კვლევის მეთოდების საკითხებზე.

სკოლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნის საფუძველზე, კურსის რელევანტურ თემებზე მოამზადონ კვლევითი სტატიები. სკოლის ფარგლებში შერჩეული სტატიებისთვის გაიცემა მცირე კვლევითი სტიპენდიები.

Platforma.ge სკოლისთვის შეარჩევს მაქსიმუმ 40 მონაწილეს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლა ჩატარდება დისტანციური ფორმით. თუმცა, შესაძლებლობის შემთხვევაში, გარკვეული შეხვედრები დაგეგმილია ფიზიკურ სივრცეებში.

რეგისტრაციისთვის საჭიროა ქვემოთ მოცემული ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება.

პლატფორმაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის, სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს, 18 წლიდან ზევით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 7 სექტემბერი, 2021.

შეხვედრები ჩატარდება შაბათს და კვირა დღეს, დისტანციურად. საათობრივი ბადე შეთანხმდება მონაწილეებთან.

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე (სექტემბერი, 2021 – დეკემბერი, 2021)

მონაწილეობა უფასოა.

სკოლასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: platformage@gmail.com