რატომ მნიშვნელობენ ცარიელი აღმნიშვნელები პოლიტიკაში?

ერნესტო ლაკლაუ, 1994

თარგმნა თეკლა ზუხბამ.

 

ცარიელი აღმნიშვნელი, ტერმინის მკაცრი განმარტებით, აღმნიშვნელია, რომელსაც აღნიშნული არ გააჩნია. მაგრამ ასეთი განმარტება, ამავდროულად, პრობლემასაც წარმოქმნის. როგორ არის შესაძლებელი, რომ აღმნიშვნელი წყდება აღნიშნულს, მაგრამ აღნიშვნის სისტემის განუყოფელ ნაწილად რჩება?

… მოდი, განვიხილოთ სოციალური ქსოვილის რადიკალური ჩამოშლის უკიდურესი შემთხვევა. ასეთ პირობებში – და ეს პირობები ჰობსისეული ბუნებითი მდგომარეობისგან დიდად არ განსხვავდებიან – ადამიანებს უბრალოდ წესრიგი სჭირდებათ და ამ წესრიგის რეალური შინაარსი მეორეული პრობლემა ხდება. “წესრიგს”, როგორც ასეთს, კონკრეტული შინაარსი არ გააჩნია, რადგანაც იგი არსებობს მხოლოდ ფორმათა იმ სიმრავლეში, რომელშიც ის ნამდვილდება. მაგრამ, რადიკალური უწესრიგობის პირობებში “წესრიგი” მყოფობს, როგორც, რაღაც არმყოფი. ის გვევლინება ცარიელ აღმნიშვნელად, არყოფნის აღმნიშვნელად. ამ აზრით, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ეძლევათ შანსი ურთიერთკონკურენციის პირობებში გაიღონ ძალისხმევა და კონკრეტული მიზნები ისე წარადგინონ, რომ მათში ნაკლულობის შემავსებელი ფუნქცია იგულისხმებდეს. ჰეგემონიზაციის აქტი სწორედ ამ შემავსებელი ფუნქციის განხორციელებაა.

 

დავუშვათ, მშრომელთა მობილიზაციამ წარმატებით მოახერხა საკუთარი ამოცანების “გათავისუფლების” ზოგადი ამოცანის აღმნიშვნელად წარდგენა.

ეს, ერთი მხრივ, ჰეგემონური გამარჯვებაა, რადგან პარტიკულარული ჯგუფის ამოცანათა ფართო საზოგადოებრივ ამოცანებთან გაიგივება ხდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს გამარჯვება საფრთხეს შეიცავს.

დროებით ყურადღება მოდერნულ პოლიტიკურ აზროვნებაში სოციალურ აღმნიშვნელეთა წარმოშობის როლზე შევაჩეროთ – აქ საუბარი ძირითადად ჰობსზე გვაქვს. როგორც უკვე ვიხლეთ, ჰობსმა ბუნებითი მგომარეობა წესრიგის მდგმარეობის რადიკალურ ოპოზიციად წარმოადგინა. სიტუაციად, რომელიც მხოლოდ ნეგატიურადაა განსაზღვრული. თუმცა, საკითხის ასე დასმით, მმართველის მიერ დამყარებული წესრიგი უნდა მივიღოთ არა იმ სათნოებათა გამო, რომელიც მას ახასიათებს, არამედ იმიტომ, რომ ის უბრალოდ წესრიგია – რადიკალური უწესრიგობის ერთადერთი ალტერნატივა. მაგრამ, ამ სქემის თანმიმდევრულობის წინაპირობას წარმოადგენს პოსტულატი, რომელიც ბუნებით მდგომარეობაში ინდივიდთა ძალაუფლების თანაბრობაზე აპელირებს – ძალაუფლება არათანაბრად რომ ყოფილიყო გადანაწილებული, წესრიგის გარანტორად ბატონობა მოგვევლინებოდა. ამრიგად, ძალაუფლებას ორჯერ ვაუქმებთ: პირველად ბუნებით მდგომარეობაში, რადგან მას ყველა ინდივიდი თანაბრად ინაწილებს, და, მეორედ, სახელმწიფოში, რადგან ძალაუფლება მთლიანად მმართველის ხელშია თავმოყრილი. (ტოტალური ძალაუფლება და თემის წევრთა შორის თანაბრად განაწილებული ძალაუფლება ძალაუფლება აღარ არის). Მმაშასადამე, ჰობსი იმპლიციტურად მოიაზრებს გაყოფას აღმნიშვნელსა (“წესრიგი როგორც ასეთი”) და მმართველის მიერ თავსმოხვეულ რეალურ წესრიგს შორის, რადგან მას – ხელშეკრულების ცნების მეშვეობით – პირველი მეორეზე დაყავს. შედეგად, ჰობსს ხსენებულ ცნებათა შორის არავითარი დიალექტიკური ან ჰეგემონური თამაში არ წარმოუდგენია.

მაგრამ, რა მოხდებოდა თუ ამ სურათში ძალაუფლებას ხელახლა შემოვიტანდით – სხვა სიტყვებით, სოციალურ ურთიერთობაში ძალაუფლების უთანაბრობას ვაღიარებდით?

ამ პირობებში, სამოქალაქო საზოგადოება ნაწილობრივ სტრუქტურირებული იქნებოდა, ნაწილობრივ კი არასტრუქტურირებული და, შედეგად, ძალაუფლების მმართველის ხელში თავმოყრა ლოგიკური აუცილებლობა აღარ იქნებოდა. იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებაში ნაწილობრივი წესრიგი არსებობს, წესრიგის ცარიელი აღმნიშვნელის მმართველის ნებასთან იდენტიფიცირების ლეგიტიმურობა დამატებით იმასაც გულისხმობს, რომ ამ ნების შინაარსი არ უპირისპირდება იმას, რაც საზოგადოება უკვე არის. საზოგადოების ცვლილებასთან ერთად იდენტიფიცირების ეს პროცესი მუდმივად მყიფე და შექცევადი იქნება და, რადგან იგი ავტომატური აღარ არის, სხვადასხვა ჰეგემონურ პროექტებსა თუ ნებელობებს დაუსწრებელი ერთობის ცარიელ აღმნიშვნელთა ჰეგემონიზება შეეძლებათ. ამ გაყოფის მწარმოებელი ბუნებისა და მისი პოლიტიკური ინსტიტუციონალიზების გააზრება თანამედროვე დემოკრატიის ათვლის წერტილია.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

ნახვა

სტატია მომზადდა პროექტის ,,გლობალური გამოწვევების პოლიტიკური ეკონომია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

გაზიარება

მსგავსი პოსტები