სჭირდება თუ არა კაპიტალიზმს მასობრივი უმაღლესი განათლება?

ნეოლიბერალური პარადიგმა ეკონომიკურად მკვდარი, თუმცა იდეოლოგიურად კვლავ ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით განათლების სექტორში, რომელმაც გაცილებით მეტად მოირგო ბიზნესის მსგავსი და „სამეწარმეო“ ღირებულებითი სისტემა.

ნეოლიბერალური პარადიგმა ეკონომიკურად 2008 წლის ფინანსური კრახის შედეგად მოკვდა, რის შედეგებსა და თანმდევ მოვლენებში დღესაც ვცხოვრობთ, რამდენადაც ხელფასები და ცხოვრების სტანდარტები თავისუფალ ვარდნას განაგრძობენ. მაგრამ, იდეოლოგიურად ნეოლიბერალური პარადიგმა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. როგორც სხვადასხვა კომენტატორი აღნიშნავს, ეს არის ზომბი კაპიტალიზმი, მკვდარი, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან აქტიური, რომელიც ბოლომდე იტაცებს სოციალური სიმდიდრისა და საზოგადოებრივი რესურსებისაგან არსებულ ნარჩენებს. განათლება ამის ყველაზე აშკარა მაგალითია. დეივიდ ვილეტცმა, სახელმწიფო მინისტრმა უნივერსიტეტებისა და მეცნიერებისთვის, ნათელი მოჰფინა ნგრევის მთავრობის განზრახ გაკეთებულ ინსტიტუციურ ვანდალიზმს, კერძოდ, New Labour-ის ნეოლიბერალური ინიციატივების ზემოდან დაშენებასა და უნივერსიტეტის დაფინანსების მთლიანად სწავლის საფასურის სისტემაზე გადატანას. ამან ნეოლიბერალიზმს მიანიჭა ეკონომიკური საფუძველი უმაღლესი განათლების მიზნების უზარმაზარი იდეოლოგიური რეფუნქციონირებისათვის – „სამეწარმეო“ იდეოლოგიის ღირებულებები დღეს უმაღლესი განათლების სისტემის მეშვეობით ვრცელდება. თუმცა, უფსკრული სიტყვებსა და ეკონომიკურად მომაკვდავი პარადიგმის რეალობას შორის, მუდმივად იჩენს თავს.

Entrepreneurialism, რაც დინამიურად, აქტიურად და სიმდიდრის მომტანად ჟღერს, უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება თვითდასაქმებული, დაუცველი შრომა, ხშირად, პირადი მომსახურების სფეროში. კაპიტალისტური ეკონომიკური აქტივობის პირობებშიც კი, ის ძნელად ჩაითვლება ღირებულების მაწარმოებელ საქმიანობად და მხოლოდ სხვების ერთჯერადი შემოსავლების ხარჯზე ადამიანების გადარჩენა თუ შეიძლება იყოს.

იდეოლოგია გარდაუვალად ამახინჯებს სიტყვების არსს და ამის შედეგები განათლების სისტემისათვის, რომლისთვისაც ამ სიტყვებს ყელზე დანა აქვთ მიბჯენილი, ღრმაა. სიტყვების მნიშვნელობის დამახინჯება იმ ეკონომიკის გარდაუვალი შედეგია, რომელიც ისევეა გადახრილი ელიტებისკენ, როგორც ჩვენი დანგრეული ეკონომიკა. მაგალითად, ავიღოთ განმანათლებლობის ტრადიციული ლიბერალური ღირებულებები, როგორებიცაა ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, თანასწორობა და საღი აზრი. თავდაპირველად, ნეოლიბერალიზმს ლიბერალიზმი არ სჭირდებოდა; ხოლო ლიბერალიზმი ნეოლიბერალიზმს (ან ტეტჩერიზმს, როგორც მაშინ იყო ცნობილი) საფრთხედ მიიჩნევდა. 1990-იანი წლებისთვის, საკუთარი თავის დასაცავად ნეოლიბერალიზმი ხისტი ძალდატანებისთვის ზურგი უნდა ექცია და დაეწყო საკუთარი თავის კვლავწარმოება თანხმობისთვის უფრო დიდი ადგილის გამოთავისუფლებით. ამ საკითხში, ლიბერალიზმი უნდა გამხდარიყო მთავარი იდეოლოგიური რესურსი, კაპიტალის ახალი, მძლავრი ძალაუფლების ლიბერალიზმთან ჰარმონიული შეთანხმების ფორმირებით. დიდ ბრიტანეთში ამან გარდაქმნა პოლიტიკური კულტურა, ორივე, როგორც ლეიბორისტული ისე კონსერვატიული პარტიების, რაც განსხეულებულ იქნა მათ ლიდერებში ტონი ბლერსა და დევიდ კამერონში. როგორც ჟიჟეკმა აღნიშნა, მულტიკულტურალიზმი გვიანდელი კაპიტალიზმის კულტურულ ლოგიკად იქცა. რასიზმის, სექსიზმის, ჰომოფობიისა და ქსენოფობიის ღიად რეაქციული ღირებულებები, რომლებიც ასახული იყო ტეტჩერიზმში, ოფიციალურად უნდა ჩანაცვლებულიყო საზოგადოებრივი ვალდებულებებით თანასწორობისა მრავალფეროვნებისადმი, რათა უკმაყოფილების მნიშვნელოვანი წყაროები მოქცეულიყო ნეოლიბერალიზმის ჩარჩოებში. რამდენადაც, მაგალითად, შავკანიანი ახალგაზრდები ჩამოცილდნენ ადრინდელ ანტირასისტულ, ანტიიმპერიალისტულ და ანტიკაპიტალისტურ რადიკალურ პოლიტიკებს მეწარმეობის სასარგებლოდ, მიგვანიშნებს რომ კულტურულად პროგრესული ნეოლიბერალიზმის მეორე ეტაპს, წარმატების გარეშე არ ჩაუვლია.

ლიბერალიზმის ტრადიციული ერთგულება განათლების ღირებულებებისადმი, ანალოგიურად მიითვისეს ნეოლიბერალებმაც. ტონი ბლერმა, თავის სპეციალურ მრჩეველთან ენდრიუ (შემგომში ლორდი) ადონისთან ერთად, განათლება ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მიმართულებად აქცია. განათლება უნდა ყოფილიყო სოციალური ინკლუზიის მამოძრავებელი ძალა, მაგრამ აღმოჩნდა რომ „ინკლუზია“ გულისხმობდა კერძო პროვაიდერების სასწავლებლებში მოხვედრას მაგალითად, როგორებიცაა Harris Academies (რომელსაც ხელმძღვანელობდა ფილიპ (შემდგომში ლორდი) ჰარისი, ხალიჩებით მოვაჭრე) და რომელიც ამჟამად ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 35 დაწყებით და საშუალო სკოლას მართავს. აკადემიებისთვის ბრძოლის ხაზი გადის ბაზრის წილის დამყარებაზე მანამ სანამ მათი არაკომერციული, საქველმოქმედო სტატუსი (რომლის მიხედვითაც უფროსი მენეჯერების უზარმაზარი ხელფასები თითოეული ჩარიცხული სტუდენტის მიხედვით გადასახადების გადამხდელთა ფულის ყველაზე დიდი ნაწილისგან არის შემდგარი) საბოლოოდ არ გარდაიქმნება სრულფასოვან მოგებაზე ორიენტირებულ ოპერაციებად. მაშასადამე, განათლება, სხვა საჯარო სერვისების მსგავსად, შემოსავლის წყარო ხდება რენტის მაძიებელი, პარაზიტული კაპიტალიზმისთვის, რომლის კაპიტალდაბანდებაც პროდუქტიულ სექტორში, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, მინიმალურია.

რა ემართება განათლების მეშვეობით წინსვლის ლიბერალურ წარმოდგენას, როდესაც ეკონომიკა სელექციურია დაბალანაზღაურებადი და დაბალკვალიფიციური სერვისის სექტორით „პროლეტარებისთვის,“ ხოლო

სპეციალისტებისთვის, ფინანსური სერვისებით, უძრავი ქონებითა და სარეკლამო ბიზნესებით – სამუშაოებით, რომლებიც მნიშვნელოვანი ხარისხით მოითხოვენ ინსტიტუციონალიზებულ სიცრუეს? განათლების მეშვეობით პროგრესი თავად ხდება ტყუილი – გარდა იმ ელიტებისა, რომლებიც კერძო სკოლებისა და ოქსბრიჯის მეშვეობით საქმდებიან მოწინავე პოზიციებზე და შემდეგ ბატონობენ სახელმწიფო აპარატზე, ბიზნესის სექტორსა და მედიაზე. სოციალური მობილობისა და სიღარიბის კომისიის უახლესმა ანგარიშმა, arch-Blairite პარლამენტის წევრის ალან მილბურნის თავმჯდომარეობით, აღიარა განათლების მეშვეობით ელიტების დომინაცია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ სფეროში, ლიბერალიზმს შეუძლია პრობლემის ამოცნობა, მას არ შეუძლია აღიაროს რომ პრობლემის რეალური წყარო ჩავარდნილი ეკონომიკური სისტემის (კაპიტალიზმის) მიერ ნაწარმოებ გარდაუვალ უთანასწორობებშია და ჯერ კიდევ ვერ გვთავაზობს მათი გადაჭრის გზებს, რადგანაც ეს აუცილებლად ნიშნავს კერძო საკუთრებისა და ბაზრის პრეროგატივების ხელყოფას.

თუ განათლება კარგად მუშაობს ელიტებისთვის, რეცეპტები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ავამუშავოთ იგი უმრავლესობისთვის, ხდება უფრო და უფრო სასოწარკვეთილი და მოცული იმგვარი ლოგიკით, რომელიც პირველ რიგში პრობლემებს იწვევს. განათლების ფარგლებში, „დასაქმების შესაძლებლობა“ უმრავლესობისთვის, რომელიც არ სარგებლობს პრივილეგათა ქსელებით, სულ უფრო ხშირად იქცევა ტვირთად და ემუქრება სასწავლო გეგმის გარდაქმნას იმის შესაბამისად, თუ რა სურვილები და საჭიროებები აქვს ბიზნესს, ბიზნეს აზროვნების მქონე აკადემიკოსების აზრით. დასაქმების დღის წესრიგში სხვა რამ უნდა იდგეს, ვიდრე სტუდენტების მომზადება, რომ უკეთ გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია, რადგან ეს ვერ შეცვლის თანაფარდობას რეალურად არსებულ სამუშაო ადგილებსა და კურსდამთავრებულებს შორის, რომლებიც თავიანთი აკადემიური ხარისხის შესაბამის სამსახურებს ეძებენ. ამის მიღწევა მხოლოდ რეგრესული ქმედებით, უნივერსიტეტში წასული ადამიანების რაოდენობის შემცირებით შეიძლება, – ან უფრო მეტი ინვესტიციის გამოყოფით ეკონომიკაში, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორის მხრიდან, მათ შორის სოციალურ ეკონომიკაში. თუმცა, ეს უკანასკნელი მოითხოვს დაპირისპირებას კაპიტალთან და მის მიერ საბანკო და ფინანსურ სისტემებში სიმდიდრის ფართო კონცენტრირებასთან.

კაპიტალიზმისთვის უნივერსალური და მაღალი ხარისხის განათლების საჭიროება დიდი ალბათობით, მალე დაიკლებს. პროდუქტიულ ეკონომიკაში ინვესტიციების ნაკლებობა გვიჩვენებს რომ კაპიტალის მამოძრავებელმა ძალამ, რომელიც პასუხისმგებელიამგანაწილებასა და დაგროვებაზე, კრახი განიცადა. ახალი ტექნოლოგია გააგრძელებს სამუშაოების ჩანაცვლებას; გლობალიზაცია განაგრძობს კაპიტალის აღმოსავლეთისკენ გადასროლას მოგების მიზნით იაფი შრომითი ძალის ძიებაში. მაგრამ, დრო იწურება. მალე შრომითი ძალა აღმოსავლეთში იმავე მოთხოვნებს წაუყენებს კაპიტალს, რამაც დასავლეთში იგი „არახელმისაწვდომი“ გახადა. შემდეგ სად წავა კაპიტალი? რა დაემართება დემოკრატიას? ვიმედოვნოთ, კრიტიკული განათლების წყაროებზე საკმაო რაოდენობის ადამიანებს მიუწვდებათ ხელი – რომლებიც ახლა შესაძლოა მიგრირდებოდნენ ფორმალური სასკოლო/საუნივერსიტეტო სისტემისგან – არა მხოლოდ, პრობლემების ფუნდამენტურად დიაგნოზირებისათვის, არამედ სოციალური სიმდიდრის კერძო მფლობელობის ჩარჩოს გარეთ არსებული გამოსავლების შეთავაზებისთვისაც. შემდეგ სიტყვები კვლავ დაიბრუნებენ თავიანთ მნიშვნელობებს.

ტექსტის ავტორი: მაიკლ უეინი

თარგმნა თეონა რეხვიაშვილმა.

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,განათლება და სოციალური სამართლიანობა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

ტექსტში გამოთქმულ მოსაზრებებზე ფონდი არ არის პასუხისმგებელი.

გაზიარება

მსგავსი პოსტები