გზა ეროვნულიდან სოციალისტურამდე, საბჭოთა ნაციონალური და უმცირესობათა პოლიტიკა კავკასიაში

ავტორი: თამარ ქებურია

გზა ეროვნულიდან სოციალისტურამდე

საბჭოთა ნაციონალური და უმცირესობათა პოლიტიკა კავკასიაში

კრისტა გოფის წიგნის

„ჩაბუდებული ნაციონალიზმი: ეროვნებების წარმოება და წაშლა საბჭოთა კავკასიაში“ რეცენზია

„ამიერკავკასიაში ძირითადი საკითხი – ესაა ამიერკავკასიის ფედერაციის საკითხი“

იოსებ სტალინი, თხზულებანი, ტ. 5

1923 წელს, კომუნისტური პარტიის მე-12 ყრილობაზე სტალინმა სიტყვით გამოსვლისას ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის აუცილებლობა დააყენა, რომელიც რეგიონში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტების და ნაციონალურ ერთობებს შორის დაპირისპირებების გადაჭრის გზა უნდა გამხდარიყო. ამიერკავკასიის ფედერაცია გახდებოდა „ნაციონალური მშვიდობის ორგანო“, რომელიც საბოლოოდ გადაჭრიდა ყარაბაღის, ზანგეზურის, ახალქალაქის, ზაქათალის თუ სხვა კონფლიქტებს. „მშვიდობის შენების“ ამ გაცხადებულმა პოლიტიკამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა, სრულებით გარდაქმნა სამხრეთ კავკასიის დემოგრაფია, ხელახლა გაავლო რეგიონის საზღვრები და შეცვალა ძალაუფლებრივი გადანაწილება ეთნიკურ ჯგუფებს შორის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამოხეთქილი ეთნიკური და რეგიონალური კონფლიქტები, სამოქალაქო და სასაზღვრო ომები რეგიონის ისტორიის გარდაუვალ გაგრძელებად იქცა სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, დაღესტნისთვის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. ეთნიკური შუღლი ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა და მისი მთავარი წყარო რესპუბლიკების დონეზე წახალისებული ნაციონალურ-შოვინისტური სენტიმენტები იყო, რომელიც დღემდე ხელს უშლის კავკასიაში მშვიდობის დამყარებას.

კრისტა გოფის წიგნი „ჩაბუდებული ნაციონალიზმი: ეროვნებების წარმოება და წაშლა საბჭოთა კავკასიაში“ სხვადასხვა ნაციონალობის წმენდის, ასიმილაციის თუ ფორსირებული კონსოლიდაციის საბჭოთა ისტორიაზე ჰყვება, რომელსაც ავტორი საარქივო მასალების, ზეპირი ისტორიებისა და ისტორიოგრაფიული ნაშრომების ანალიზზე დაყრდნობით აღადგენს. თუ აქამდე აკადემიური ნაშრომები ინგილო ქართველებზე, ლეკებზე, თალიშებზე, აზერბაიჯანში მცხოვრებ ქურთებსა და თათრებზე გაბნეული და ფრაგმენტიზებული იყო სხვადასხვა წყაროში, კრისტა გოფის წიგნი ამ ყველაფერს თავს უყრის და მის სისტემატიზებულ წაკითხვას გვთავაზობს. წიგნი გეოპოლიტიკური მოვლენების შუქ-ჩრდილზე ქრონოლოგიურად აღადგენს საბჭოთა ტიტულარულ ნაციონალობათა და არატიტულარულ უმცირესობათა იმ ისტორიულ ტრაექტორიებს, რომელიც ხშირად მიჩქმალული ან დავიწყებულია. გოფის მიერ მოხმობილი ისტორიები არა მხოლოდ წარსულზე გვიამბობს, არამედ დღევანდელობის უკეთ გაგებაშიც გვეხმარება.

რა უძღოდა წინ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შექმნას და როგორ ხდებოდა მისი ფორმირება წლების განმავლობაში? როგორ გარდაიქმნა მრავალეთნიკური საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ჰომოგენურ რესპუბლიკად? რა პოლიტიკური მოტივით და პრაქტიკებით ღვივდებოდა ეროვნულ-შოვინისტური სენტიმენტები სამხრეთ კავკასიაში? ამ საკითხებთან ერთად, წიგნი კითხვას უსვამს თავად მოდერნულობისთვის დამახასიათებელი ეთნიკური და ნაციონალური იდენტობების პოლიტიკურ პროექტსაც, რომელიც არა მხოლოდ სახელმწიფოებს ყოფს „დაწინაურებულ“ და „ჩამორჩენილ“ ქვეყნებად, არამედ თავად ამ დაყოფისა და სეგრეგირების პრაქტიკებს „აბუდებს“ სხვადასხვა დონეზე იმპერიიდან რესპუბლიკებამდე, რესპუბლიკებიდან ნაციონალურ ჯგუფებში, და უფრო ქვემოთაც.

წიგნის მიზანია შეისწავლოს ადრეული საბჭოთა კავშირიდან 1980-იან წლებამდე წარმოებული საბჭოთა ეროვნულ-ნაციონალისტური პოლიტიკა აზერბაიჯანსა და მის მეზობელ რესპუბლიკებში. იგი პირველ რიგში მათთვისაა, ვისაც სურს უკეთ გაერკვეს საბჭოთა კავშირში მცხოვრებ იმ ეთნიკურ უმცირესობათა გამოცდილებებში, რომლებიც კავკასიის რეგიონში ცხოვრობდნენ. ამასთან, წიგნი უღრმავდება კავკასიაში წარმოებულ ნაციონალურ პოლიტიკას, ეთნიკური კონფლიქტების მიზეზებსა და სახელმწიფო სტრუქტურების ძალაუფლებრივ განშტოებებს, რომელიც კომუნიზმის გამარჯვების სახელით ეწეოდა კორენიზაციის, მასობრივი გადასახლებების, უმცირესობათა ასიმილაციის და სხვა სახის პოლიტიკებს.

ადრეულ საბჭოთა კავშირში მიმდინარე ეროვნულობათა წარმოება და წაშლა

ადრეული საბჭოთა პერიოდის ნაციონალური პოლიტიკის და მისი ისტორიული საფუძვლების უკეთ გასაგებად, კრისტა გოფი ტიტულარული სახელმწიფოებისა და არატიტულარული ეთნიკური ჯგუფების ცნებებს ეყრდნობა, რითაც აფართოებს საბჭოთა კავშირის გაგების იმ სააზროვნო ჩარჩოებს, რომელიც რუსეთს იმპერიულ ცენტრად მონიშნავს, ხოლო დანარჩენ რესპუბლიკებს – მის პერიფერიად. ამ დაყოფის სანაცვლოდ, ავტორი ყურადღებას რესპუბლიკების დონეზე წარმოებულ ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკაზე ამახვილებს, რათა უკეთ მოიხელთოს თავად ამ რესპუბლიკების შიგნით „ჩაბუდებული“ ნაციონალური დინამიკა. ტიტულარულ ეროვნებებად, საბჭოთა კავშირში, იმ 15 რესპუბლიკის შემადგენელი ეროვნებათა ერთობა მოინიშნებოდა, რომელთა შესაბამის ქვეყნებსაც საყოველთაოდ აღიარებული ტერიტორიული საზღვრები, ეთნიკურად ერთგვაროვანი მოსახლეობა, საერთო კულტურულ-ეთნოგრაფიული ნიშნები და ერთგვაროვანი მახასიათებლები გააჩნდათ. მათ შორის იყვნენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა საბჭოთა ერები. არატიტულარული ნაციონალური ჯგუფები კი, გოფის განმარტებით, ყველა იმ ეთნიკურ ჯგუფსა თუ ხალხს მოიაზრებდა, რომლებსაც საკუთარი ნაციონალობის შესაბამისი რესპუბლიკური ერთეული არ გააჩნდათ (მაგალითად, ქურთებს, თალიშებს, თათრებს) და, ასევე, სხვა ქვეყნის დიასპორულ ჯგუფსაც არ წარმოადგენდნენ.

წიგნის პირველი თავი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ადრეულ პროცესებს მიმოიხილავს, რომლის ფორმირება საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის კვალდაკვალ მიმდინარეობდა. ამ თავებში ხშირად ჩნდება ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, და ის გეოპოლიტიკური ფონი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა XX საუკუნის საბჭოთა პოლიტიკაზე.

როგორც ერთა ფორმირების ისტორიიდან არის ცნობილი, სახელმწიფოთა ჩამოყალიბებასა და კონსოლიდაციაში დიდ როლს თამაშობს მოსახლეობის საყოველთაო აღწერები და სტატისტიკური მონაცემები ხალხთა დემოგრაფიულ, სოციალურ, ეთნიკურ მახასიათებლებზე, რაც შემდგომ ამ ხალხის კლასიფიცირების და მათი სახელმწიფოებრივ პროცესებში ჩართვის წინაპირობა ხდება. გოფის წიგნის მთავარი სათქმელიც სწორედ ამ მართვის მექანიზმის მოხელთებას და მისი საბჭოური სპეციფიკის გაგებას ეთმობა. მას წიგნში არაერთ ადგილას მოჰყავს სხვადასხვა დროს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერები და ამ მხრივ განხორციელებულ ცვლილებებს აანალიზებს. როგორც ის წერს, „საყოველთაო აღწერას განმსაზღვრელი ძალა ჰქონდა და საბჭოთა კავშირში ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა უმცირესობათა ასიმილაციის შესახებ წარმოებული დისკურსების ნორმალიზებაში. პრაქტიკული თვალსაზრისით, ადამიანთა კატეგორიზებაზე უარის თქმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან აღწერებში მოხვედრა, თავის მხრივ, გადაჯაჭვული იყო სახელმწიფო უფლებების აღსრულებასა და მის აღიარებასთან“.

1926 წლის საყოველთაო აღწერაში საბჭოთა კავშირში სულ 172 სხვადასხვა ეთნოსი – იგივე ნაროდნოსტები (narodnosti) ფიქსირდებოდა, 1939 წლისთვის კი მათი რაოდენობა 62-მდე შემცირდა. როგორც გოფი განმარტავს – „საბჭოთა მრავალფეროვნების მსგავსი რადიკალური შეკვეცა მკაცრ ხელს მოითხოვდა“, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ ჩარევებსაც საჭიროებდა – მათ შორის ისეთ მკაცრ გადაწყვეტილებებს, როგორიც იყო მასობრივი გადასახლებები, უმცირესობათა წარმომადგენელი სამეცნიერო-კულტურული ელიტის რეპრესირება, დამწერლობაში, სამეტყველო ენასა და საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანა და ა.შ.

საყოველთაო აღწერების მონაცემთა მანიპულაციის მაგალითია ისიც, თუ როგორ გახდნენ 1926 წლის აღწერაში ეთნოსებად კატეგორიზებული ხალხი, 1939 წლისთვის არასათანადოდ განვითარებულნი იმისთვის, რომ ცალკე ეთნიკური ჯგუფის ტიტული მოეპოვებინათ, და, ამდენად, აღწერის მონაცემებში ისინი სხვა ძირითადი ნაციონალური ჯგუფების კატეგორიის ქვეშ მოექცნენ. ამ გადაწყვეტილების უკან საბჭოთა იდეა იდგა, რომ ნაცმენების (იგივე ნაციონალური უმცირესობების – национальные меньшинства) სიმრავლე წინააღმდეგობაში მოდიოდა სოციალისტური პროგრესისა და განვითარების ძირეულ მიზნებთან და, შესაბამისად, ეთნოსების კლება კომუნიზმის მოახლოებას მიანიშნებდა.

ეთნოსების გაქრობა, თავის მხრივ, ტიტულარული რესპუბლიკების გაძლიერებას ემსახურებოდა, რაც კარგად ჩანს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ფორმირების მაგალითზე -1930-იანი წლების აღწერების თანახმად, აზერბაიჯანის მოსახლეობის 40% სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხებისგან შედგებოდა და ისინი თავს აზერბაიჯანის მკვიდრ მოსახლეობად არ მოიაზრებდნენ. ამ საკითხის პრობლემურობა, როგორც აზერბაიჯანის განვითარებისთვის საფრთხის მომტანის, მალევე წამოიჭრა საბჭოთა კავშირის დონეზე. 1931 წელს თბილისში წარმოდგენილ ზაკრაიკომში (ამიერკავკასიის რეგიონალურ კომიტეტში) შესული მემორანდუმი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ნაცმენების გადაჭარბებულ სიმრავლეზე აკეთებდა აქცენტს, კრიტიკული ხასიათის იყო და სახელმწიფო მმართველობის თუ უმცირესობათა პოლიტიკის ჩავარდნაზე მიუთითებდა. მემორანდუმში საუბარი იყო იმაზე, რომ სათანადოდ არ ხდებოდა იმ რეგიონების აღნუსხვა, სადაც სხვადასხვა ეთნოსები სჭარბობდა მკვიდრ მოსახლეობას, არ იყო უზრუნველყოფილი უმცირესობათა ადმინისტრაციული კონტროლი და ეს ხალხები არ მონაწილეობდნენ საყოველთაო კოლექტივიზაციის პროცესში. ამ პერიოდისთვის აზერბაიჯანში სულ 16 სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფი აღირიცხებოდა, რომლებიც სამ კატეგორიად იყოფოდა – პირველ ჯგუფში ერთიანდებოდნენ ქართველები, სომხები, ბერძნები, გერმანელები – ისინი, ვინც ტიტულარული რესპუბლიკების ეროვნებებს მიეკუთვნებოდნენ; მეორე ჯგუფში შედიოდნენ თალიშები, ლეკები, უზბეკები, ქურთები – რომლებსაც მყარი კულტურულ-ლინგვისტური თუ სალიტერატურო-ისტორიული მემკვიდრეობის მიუხედავად, პრობლემები ექმნებოდათ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის მხრივ, ამიტომ მათი ყოველდღიურობა და სოციო-ეკონომიკური ყოფა არაფორმალურ კავშირებზე იყო დაფუძნებული; ხოლო მესამე და ყველაზე სუსტ უმცირესობათა ჯგუფებად მოინიშნებოდნენ ისეთი „მცირე ხალხები“ (мелкие народности), რომელთა ინტეგრირება საბჭოთა აზერბაიჯანში გამოწვევა იყო, რადგან ისინი არ ფლობდნენ აზერბაიჯანულ თუ რუსულ ენებს და, შესაბამისად, მათი მართვის და ადმინისტრირების სამთავრობო მექანიზმები სუსტი და არაეფექტიანი იყო.

გაზიარება

მსგავსი პოსტები