ფსიქოანალიტიკური ფემინიზმი – მონაწილეების მიღება

„მას შეუძლია კომუნიკაცია, მაგრამ ამის აზრს ვეღარ ხედავს.“

ფსიქოანალიტიკური ფემინიზმისთვის საწყისი წერტილია სისტემატიზირებული საზოგადოებრივი და ენობრივი სტრუქტურების (სოციალური, ლინგვისტური და ინტერ-სუბიექტური მიმართებების ლოგიკა და ნორმები, რომლებიც არეგულირებს სხეულებრივი, ფსიქიკური და ენობრივი გაცვლის და თვითგამოხატვის შესაძლებლობებს, რომელშიც ინდივიდი სოციალიზდება) კრიტიკული ანალიზი, როგორც ქალთა ჩაგვრის ინსტრუმენტის, რომელიც აქრობს ქალთა განსხვავებულ და სინგულარულ გამოცდილებებს და მათ ხმას. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით მომუშავე ავტორები ორიენტირებულები არიან მიმართებების ლოგიკის და ფორმალიზებული სიმბოლური მნიშვნელობების გარდაქმნის პროცესზე და სხვა ტიპის კავშირების, ურთიერთგაცვლის და ურთიერთმიმართებების მნიშვნელობის წამოწევის პრაქტიკებზე. ამ ტრადიციისთვის ცენტრალური პრობლემაა, თუ როგორ შეიძლება მოახდინონ ქალებმა საკუთარი თავისა და ქალებთან საკუთარი ურთიერთობების რეპრეზენტაცია და ამ პროცესებისთვის მნიშვნელობების შეძენა არა ‘პატრიარქალური მზერის’ ქვეშ, არამედ ექსკლუზიურად, საკუთარი, სხვა მნიშვნელობების შექმნის მეშვეობით – საკუთარი და ერთმანეთთან ავტონომიური ურთიერთობებისთვის საჭირო ენის – ფემინური რეპრეზენტაციისა და ენის ძიებით.

ამ მიმართულებას სხვა ფემინისტური სკოლებისგან გამოარჩევს ასევე ისიც, რომ ის არ შემოიფარგლება ცნობიერ დონეზე პატრიარქალური ჩაგვრის გამოვლინებით და მასთან ბრძოლით, არამედ არაცნობიერი სტრუქტურული და იმპლიციტური პატრიარქალური სიმბოლური წესრიგის – ინტერნალიზებული მიმართებების ლოგიკის – გამოაშკარავებასაც ისახავს მიზნად და ამისთვის, ფსიქოანალიტიკურ ჩარჩოს კრიტიკულად და პოლიტიკურად იყენებს.

ფსიქოანალიზის პოლიტიკური გამოყენება გულისხმობს, პირველ რიგში, ფსიქოანალიზის დაშვებების და თეორიის არა აპოლიტიკურად და აისტორიულად, სტრუქტურულად და სოციალურად აუცილებლად – უნივერსალურად მიჩნევას, არამედ მის პოლიტიკურ და ისტორიულ ანალიზს. ფსიქოანალიზის პოლიტიკური ხასიათის დანახვა, მისი აპოლიტიკური ტენდენციებისგან განსხვავებით, სწორედ პატრიარქალური დაშვებების ცვლილებას და მათთვის ფარდის ახდას გულისხმობს.

ფსიქოანალიტიკურ ფემინიზმში აერთიანებენ იულია კრისტევას, ლუს ირიგარეს და ჰელენ სიქსუს, ავტორებს, რომლებიც იკვლევენ დასავლური მასკულინური სოციალური წესრიგის და აზრის განვითარების საფუძველმდებარე ძირითად ენობრივ და საზოგადოებრივ სტრუქტურებს, რომლებიც ქალებს პასიურობის, მატერიის, სხვა-ს, სარკის ან ანარეკლის როლში აყენებს. ეს ავტორები ცდილობენ, ამ სტრუქტურული ჩარჩოს კრიტიკის მიღმა წარმოაჩინონ სხვა ლოგიკა, როგორც ქალების განსხვავებული, არასისტემატიზირებული, ღია მიმართებების პროცესი, როგორც ქალების ავტონომიურ ურთიერთმიმართებებზე ორიენტირებული პრაქტიკა – ქალების მიერ საკუთარი სინგულარული თვითგამოხატვის ძიების პროცესი. ამიტომ, ამ მიმართულების ამოსავალი წერტილი არა განსხვავებულობის გაქრობა, არამედ ამ განსხვავებული ლოგიკის ამოწევა, დაბრუნება, გაძლიერება და კოლექტიური გათავისებაა იმისთვის, რომ ქალებმა, საკუთარ გამოცდილებებში მარტო დარჩენის მაგივრად, შეძლონ საკუთარი ენის და თვითგამოხატვის საშუალებების პოვნა და ერთმანეთთან ავტონომიური, სოლიდარული კავშირების გაძლიერება.

ძირითადი კითხვები, რომელთა გარშემოც ორიენტირებულია ეს მიმართულება:
• რა შეიძლება იყოს პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე თვითგამოხატვის პრაქტიკა მაშინ, როცა ენობრივი და საზოგადოებრივი სტრუქტურა ოპერირებს, როგორც ჩაკეტილი სისტემა, რომელიც მხოლოდ საკუთარ ლოგიკას კვლავაწარმოებს? რას ნიშნავს არსებული კომუნიკაციის, გაცვლის, და მიმართებების სისტემურ ლოგიკაში ინტერვენციის მოხდენა და არსებული ლოგიკის მიღმა კავშირების ძიება?
• როგორ შეგვიძლია დისფუნქციური ვერბალური ენის გამოყენება იმისთვის, რომ შევხვდეთ და დავუკავშირდეთ ერთმანეთს, მოვტრიალდეთ ერთმანეთისკენ, და რა ადგილი უჭირავს ამ პროცესში ქალის სხეულს?
• რა ტიპის რეზისტენტულობა და წინააღმდეგობა შეიძლება მოიხელთოს ენამ, და რა ტიპის წინააღმდეგობები და ბრძოლები რჩება ენის მიღმა? რას ნიშნავთ სხეულით წერა, და რა ტიპის ახალი მიმართებებისთვის ხსნის ჰორიზონტს ამ ტიპის პრაქტიკები ?

პროექტის ფარგლებში მომზადდება საკვანძო ავტორების ტექსტების თარგმანები ქართულ ენაზე და მიმოხილვითი სტატიები. მათზე დაყრდნობით კი გაიმართება ლექცია-დისკუსიები. პროექტი მოიცავს 5 სალექციო-სადისკუსიო შეხვედრას, რომლის დროსაც კრიტიკულად გავარჩევთ შესაბამის თარგმანებსა და სტატიებს, და დავუკავშირებთ მათ ადგილობრივ გარემოს. პროექტის ხანგრძლივობაა: 4 თვე

! შეხვედრები ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში, ქ. თბილისში.

ლექციებსა და დისკუსიებში, ისევე როგორც თარგმანებსა და მიმოხილვითი სტატიების ანალიზში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის ხელმძღვანელს:

ანა ბერია, ელ.ფოსტა: aberia50@gmail.com; ტელ:+995 598 19 00 31

სარეგისტრაციო ფორმა

თქვენი განაცხადი მიღებულია. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
დაფიქსირდა შეცდომა

გაზიარება

მსგავსი პოსტები