სასკია სასენი ,,განდევნები” – შესავალი

ამ წიგნში განხილული კითხვა მდგომარეობს შემდეგში: წარმოადგენს თუ არა, იმ შემთხვევების ერთობა, რომელსაც განვიხილავ, და რომლებიც კვეთენ განსხვავებებს ქალაქსა და სოფელს, გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ა.შ., ზედაპირულ გამოვლინებებს, ლოკალიზებულ ფორმას უფრო ღრმა სისტემური დინამიკებისა, რომლებიც აყალიბებს დიდ ნაწილს იმისა, რაც დღეს გვეჩვენება რომ დაკავშირებული არ არის ერთმანეთთან. ეს სისტემური დინამიკები შესაძლოა მოქმედებდნენ ზედაპირის ქვეშ, სიღრმეებში და მეტად აკავშირებდნენ მსოფლიოს იმ ნაწილებს, რომლებადაც ჩვენ ვყოფთ მსოფლიოს – კაპიტალისტურ ეკონომიკას, კომუნისტურ ჩინეთს, სუბსაჰარას, გარემოს, ფინანსებს, და ა.შ. ჩვენ ვიყენებთ ამ იარლიყებს იმისთვის რომ მივცეთ უფრო გასაგები მნიშვნელობა იმ კონდიციებს, რომლებიც სინამდვილეში შესაძლოა წარმოიშვნენ უფრო ღრმა, უცნობ ტენდენციებში. ეს შესაძლებლობა არის ამ წიგნის ყოველი თავის ძირითადი ფაქტორი.

მე ვიყენებ მიწისქვეშა ტენდენციების მცნებას, როგორც შემოკლებას იმისთვის, რაც კონცეპტუალურად წარმოადგენს მიწისქვეშა ტენდენციებს. ისინი დასანახად ძნელია, როცა ჩვენ ვფიქრობთ ნაცნობი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მარკერებით. ერთ-ერთი სფერო, სადაც ეს ტენდენციები მეტად არის ხილული, შესაძლოა არის გარემო. ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ვიყენებთ და ვანგრევთ გარემოს, მაგრამ ჩვენი „გარემოს დაცვის პოლიტიკა“ არ არის კავშირში ან არ გამოხატავს ბიოსფეროს მკაფიო გაგებას და რეალურ მდგომარეობას. ნახშირბადით (კარბონით) ვაჭრობა, როგორც გარემოს დაცვის ერთ-ერთი საშუალება, გავლენას ახდენს მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი პერსპექტივიდან, და მცირე ზეგავლენა აქვს პლანეტარული პერსპექტივიდან, სადაც ლოკალური ნგრევა მზარდია და გავლენას ახდენს ყოველ ჩვენგანზე. ახალი დინამიკა, შეიძლება კარგად გაიფილტროს ნაცნობი რეალობებით – სიღარიბე, უთანასწორობა, ეკონომიკა, პოლიტიკა – და მიიღოს ჩვენთვის უკვე ნაცნობი ფორმები, როცა სინამდვილეში ისინი მიგვანიშნებენ აჩქარებაზე ან რღვევებზე, რომლებიც წარმომქმნიან ახალი მნიშვნელობებს.

მიწისქვეშა ტენდენციების ცნების გამოყენება არის ერთგვარი საშუალება დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ ნაცნობი კატეგორიები, ეკონომიკის, საზოგადოების, და ბიოსფეროსთან ჩვენი ურთიერთქმედების შესახებ ცოდნის ორგანიზებისთვის. ეს დაგვეხმარება გავიგოთ, დღევანდელი პრობლემები ძველი პრობლემების ექსტრემალური ვერსიებია, თუ მანიფესტაციაა რაღაცის ან რაღაცეების, შემაშფოთებლის და ახლის. მე ვიკვლევ იმალება თუ არა განდევნების არსებული მრავალ

ფეროვნების ქვეშ, მიწისქვეშა დინამიკა რომელიც საფუძვლად უდევს ზედაპირ¬ზე არსებულ მრავალფეროვნებას. ამ კონკრეტული თვისების პრევალირება – განდევნების შესაძლებლობა – ჩვენთვის ნაცნობ განსხვავებებში, არის ის რამაც მიკარნახა მიწისქვეშა ტენდენციების მცნება. კვლევის სპეციალიზაცია, ცოდნა და ინტერპრეტაცია, თითოეული თავისი კანონებით და მეთოდებით რომლებიც იცავენ არსებულ მცნებებს და საზღვრებს, ყოველთვის არ გვეხმარება მიწისქვეშა ტენდენციების დადგენის მცდელობის პროცესში, ჩვენთვის ნაცნობი დაყოფების გასწვრივ. მაგრამ სპეციალიზაცია გვძლევს დეტალურ ცოდნას სპეციფიკის შესახებ, მივყავართ რა საწყისებთან, სადაც შეგვიძლია მათი შედარება.

იმის საპირისპიროდ რომ მნიშვნელობა მივანიჭო ფაქტებს, თეორიების საშუალებით მათი ქვემოდან ზემოთ დამუშავებით, მე ისინი დავიყვანე მათ საბაზისო მნიშვნელობამდე და ვცადე მათი დე-თეორიზება. დე-თეორიზებამ საშუალება მომცა ახლებურად აღმექვა უთანასწორობა, ფინანსები, წიაღისეულის მოპოვება, მიწის დატაცება და სხვა მრავალი საკითხი, რომ გამეგო ვკარგავთ თუ არა რამეს აბსტრაქტული კატეგორიებით აზროვნებით; ჩემი ერთ-ერთი მიზანია, დაგანახოთ განდევნები როგორც მეტად რადიკალური ფაქტი, და ვიდრე მეტი უთანასწორობა, ფინანსური სპეკულაციები, მიღწევები წიაღისეულის მოპოვების მიმართულებით, და სხვ. მოკლედ, წიგნის ერთ-ერთი მიზანია – ნიადაგთან ახლოს ყოფნა, იმისათვის რომ გავაკეთოთ აღმოჩენები, მას შემდეგ რაც უგულვებელვყოფთ მრავალი ნაცნობი კატეგორიის საშუალებით თანამედროვე ტენდენციების მიღებულ ინტერპრეტაციებს.

ყველაზე საყურადღებო, ჩემს ჰიპოთეზაში არის ის, რომ მრავალფეროვანი გლობალური კრიზისის ქვეყნების თავისებურებების უკან, არის წარმოქმნილი სისტემური ტენდენციები, რომლებიც ჩამოყალიბდა რამდენიმე ძალიან ბაზისური დინამიკისგან. ამიტომ, ემპირიული კვლევა და კონცეპტუალური აღწერა შეთანხმებულად უნდა შედგეს. ემპირიულად, ფენომენი შესაძლოა გამოიყურებოდეს „ჩინურად,” იტალიურად,” ან „ავსტრალიურად,“ მაგრამ ეს შესაძლოა არ დაგვეხმაროს ეპოქის DNA-ის ამოცნობაში, იმის მიუხედავადაც კი, თუ ეს იარლიყები მოიცავენ კონკრეტულ თვისებებს. ჩინეთი კვლავ ინარჩუნებს კომუნისტური საზოგადოების ბევრ თვისებას, მაგრამ მზარდი უთანასწორობა და მოკრძალებული საშუალო ფენის გაღატაკება, შესაძლოა გამოწვეულია უფრო ღრმა ტენდენციებით, რომლებიც მაგალითად აშშ-შიც მოქმედებს. მიუხედავად მუდმივი განსხვავებებისა, ორივე ქვეყანა შესაძლოა იზიარებდეს თანამედროვეობის მთავარ ლოგიკას, რომელიც ეკონომიკას აორგანიზებს. კერძოდ, სპეკულაციურ ფინანსებს და ზემოგებისკენ სწრაფვას. ჩვენი დროების ასახსნელად, ეს პარალელები და მათი შედეგები ადამიანებისთვის, ტერიტორიებისთვის და ეკონომიკებისთვის, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე განსხვავებები კაპიტალიზმსა და კომუნიზმს შორის. სინამდვილეში, უფრო ღრმა დონეზე, ეს პარალელები შესაძლოა იყოს მრავალ წახნაგიანი მატერიალიზაცია იმ ტენდენციებისა რომლებიც უფრო ღრმაა ვიდრე სპეკულაციები და ზემოგებები, მაგრამ ჯერჯერობით ისინი უხილავი არიან, რადგან ჯერ არ არიან ამოცნობილი, სახელდარქმეული და კონცეპტუალიზებული. ჩემი კონცენტრაცია გლობალური ტენდენციების ქვეყნის შიგნით მატერიალიზაციაზე, განსხვავდება მიღებულ ფოკუსირებაზე ნაციონალური საზღვრების დერეგულირებაზე, სადაც საზღვარი დანახულია როგორც ჩვენი ტრანსფორმაციის ამჟამინდელი ადგილი.

პრობლემა, ჩემი აზრით მდგომარეობს ინტერპრეტაციაში. როცა ჩვენ ვხვდებით დღევანდელ ცვლილებებს – მზარდ უთანასწორობას, მზარდ სიღარიბეს, მზარდ სახელმწიფო ვალს – მათი ინტერპრეტაციისთვის საჭირო მიღებული ინსტრუმენტები უკვე მოძველებულია. ასე რომ, ჩვენ ვიყენებთ ნაცნობ ახსნებს: მთავრობები, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური პასუხისმგებლობა, შინა მეურნეობები, რომლებიც იღებენ იმაზე მეტ ვალებს ვიდრე ამის ატანა შეუძლიათ, კაპიტალის გადანაწილება არაეფექტიანი რეგულაციების სიმრავლის გამო, და ა.შ. არ უარვყოფ რომ ამ ახსნებს აქვთ რაღაც გამოყენება, მაგრამ მე მაინტერესებს იმის შესწავლა, მუშაობს თუ არა ასევე სხვა დინამიკაც, დინამიკა რომელიც კვეთს ამ ნაცნობ და ჩამოყალიბებულ კონცეპტუალურ/ისტორიულ საზღვრებს.

ფაქტების ფართო ნაკრები, რომელსაც ამ წიგნში ვიყენებ, მიუთითებს ჩვენი არსებული კატეგორიების სიმწირეზე. მიუხედავად იმ განსხვავებებისა, იქნება ეს კომუნიზმი თუ ლიბერალური დემოკრატია, აფრიკა თუ ჩრდილოეთ ამერიკა, კონკრეტული მეთოდები დომინირებენ იმაზე როგორ მოვიპოვებთ, ვაწარმოებთ, ვიყენებთ ადამიანებს და თავიდან ვირიდებთ მკვლელობებს. პოლიტეკონომიური წესრიგები, სადაც ამ პრაქტიკებს აქვთ ადგილი, ავსებენ მათ გარკვეული მნიშვნელობებით, და ჩემთვის გაურკვეველია ხდება ამ მნიშვნელობების მეტად შენიღბვა თუ გახსნა. შემთხვევებს ამ წიგნში ვიყენებ როგორც ზედაპირზე არსებულ ფაქტებს, როგორც მატერიალურ მაგალითებს, რომლებსაც შეუძლიათ დაგვეხმაროს ამოვიცნოთ სიღრმეში არსებული ტენდენციები, რომლებიც კვეთენ ჩვენს გეოპოლიტიკურ დაყოფას.

არის თუ არა იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა აფრიკის სუბსაჰარაში, სისტემურად მსგავსი აშშ-ში უმუშევრების და პატიმრობაში ხშირად მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდის? საბერძნეთის გაღარიბებული საშუალო ფენა სისტემურად მსგავსია თუ არა ეგვიპტეში გაღარიბებული საშუალო ფენის მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ სახელმწიფოს განსხვავებული პოლიტეკონომია აქვთ. სისტემურად მსგავსია თუ არა მსხვილი სამთო მომპოვებელი კომპლექსი ნორილსკში, რუსეთი, როგორც ტოქსიკურობის გრძელვადიანი წყარო, ზორთმან-ლანდუსკის მოპოვების ოპერაციებისა, მონტანაში, აშშ, საკუთარი გრძელვადიანი ტოქსიკურობით? ეს ზედაპირზე არსებული ფაქტები, გვეხმარება მოვიშოროთ ძველი კონცეპტუალური სუპერსტრუქტურები, როგორიცაა კაპიტალიზმი კომუნიზმის საპირისპიროდ.

ეპოქალური გარდაქმნები, რომლებიც მე აქ მაინტერესებს ეფუძნება მრავალფეროვან და ხშირად ძველ ისტორიებს და გენეალოგიებს. მაგრამ ჩემი ამომავალი წერტილია – 1980-იანი წლები, უმნიშვნელოვანესი დრო როგორც სამხრეთისთვის ასევე ჩრდილოეთისთვის, კაპიტალისტური და კომუნისტური ეკონომიკებისთვის. 1980-იანი წლების აღნიშვნისთვის გამოვყოფ ორ ღრმა წანაცვლებას მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორიიდან, რომლებიც 1980-იან წლებში დაიწყო. ეს ორი წანაცვლება მთელ მსოფლიოში მოხდა. მაგრამ მათი განვითარება სპეციფიური თავისებურებებით ხასიათდებოდა ყოველ მდებარეობაზე, და სწორედ ეს თავისებურებები ქმნის ამ წანაცვლებებს სასარგებლო ფონად ამ წიგნში გამოყენებული კვლევებისთვის.

პირველია, მატერიალური განვითარება ადგილებისა, რომელთა რაოდენობაც იზრდება, ექსტრემალურ ზონებად ძირითადი ეკონომიკური ოპერაციებისთვის. ერთი მხრივ ეს იღებს წარმოების, მომსახურების, საქმის წარმოების, ადამიანის ორგა¬ნოების ამოღების, ტექნიკური კულტურების მოყვანის, გლობალური აუთსორსინგის ფორმას იაფიან და სუსტი რეგულაციების მქონე რაიონებში. მეორე მხრივ, ეს არის ყველა ქვეყნის გლობალური ქალაქების აქტიური გარდაქმნა სტრატეგიულ სივრცეებად, მოწინავე ეკონომიკების ფუნქციებით. ეს მოიცავს ქალაქებს რომლებიც აშენდა ნულიდან და ასევე ხშირად ძველი ქალაქების მკაცრ რეკონსტრუქციას. გლობალური ქალაქების ქსელი ფუნქციონირებს როგორც ახალი გეოგრაფია ცენტრებისა, რომლებიც კვეთს ძველ ჩრდილოეთ-სამხრეთ და აღმოსავლეთ-დასავლეთ გამყოფებს, და იგივეს აკეთებს აუთსორსინგის ადგილების ქსელი.

მეორე – ეს არის ფინანსების აყვავება გლობალური ქალაქების ქსელში. ფინანსები თავისთავად არ არის ახალი – ის ათასწლეულების მანძილზე იყო ჩვენი ისტორიის ნაწილი. რაც ახალია და ჩვენი დროისთვის არის დამახასიათებელი, ეს არის ფინანსების უნარი განავითაროს უსაზღვროდ რთული ინსტრუმენტები, რომლებიც მას საწარმოებისა და პროცესების ფართო სპექტრის სეკიურიტიზაციის საშუალებას აძლევენ. ამის გარდა ელექტრონული ქსელების და ინსტრუმენტების განვითარებაში მუდმივი მიღწევები ქმნის განუსაზღვრელ მულტიპლიკაციურ ეფექტს. ფინანსების ზრდა გავლენას ახდენს დიდ ეკონომიკებზე. იმ დროს როცა ტრადიციული საბანკო საქმიანობა დაკავშირებულია იმ ფულის გაყიდვასთან რომელიც მას გააჩნია, ფინანსური სფერო ყიდის ისეთ რამეს რაც მას არ გააჩნია. იმისთვის რომ ფინანსებმა ამის გაკეთება შეძლოს, ის უნდა შეიჭრას არასაფინანსო სექტორში, რათა მიიღოს მარცვლეული თავისი წისქვილისთვის – რაც არის სეკიურიტიზაცია. ამისთვის კი არც ერთი ინსტრუმენტი ისეთი კარგი არ არის როგორც დერივატივები. ფინანსების შესაძლებლობების ერთ-ერთი კარგი ილუსტრაცია არის ის, რომ 2005 წელს, სანამ კრიზისი დუღილს დაიწყებდა, დერივატივების საერთო ღირებულება იყო $630 ტრილიონი; ეს იყო 40-ჯერ მეტი ვიდრე გლობალური GDP. რაღაც გაგებით, GDP-ს მოცულობასა და ფინანსებს შორის შეუსაბამობა ახალი არ არის დასავლეთის ისტორიისთვის. მაგრამ ეს შეუსაბამობა არასდროს იყო ასეთი დიდი. მეტიც, ეს არის სერიოზული გადახრა კეინსიანური პერიოდის მიდგომისგან, როცა ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო არა ყველაფრის ფინანსიალიზაციით, არამედ მატერიალური ეკონომიკის საგრძნობი ზრდით, ისეთის როგორიც არის მასიური წარმოება და ინფრასტუქტურის და გარეუბნების მასიური შენება.

ჩვენ შეგვიძლია დავახასიათოთ თანამედროვე კაპიტალიზმის დამოკიდებულება მიმდინარე პერიოდში ტრადიციული კაპიტალიზმისადმი, როგორც მომპოვებლური და დამანგრეველი, რაც დიდად არ განსხვავდება ტრადიციული კაპიტალიზმის დამოკიდებულებისგან და პრეკაპიტალისტური ეკონომიკისადმი. უკიდურეს შემთხვევებში, ეს შეიძლება ნიშნავდეს მზარდი რაოდენობით ადამიანების გაღატაკებას და გარიცხვას, რომლებიც აღარ წარმოადგენენ ფასეულობას როგორც თანამშრომლები და მომხმარებლები. მაგრამ დღეს ეს ასევე ნიშნავს, რომ ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც ოდესღაც კაპიტალიზმის განვითარებისთვის განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, როგორიც არის წვრილი ბურჟუაზია და ტრადიციული ნაციონალური ბურჟუაზია, დიდი სისტემისთვის აღარ წარმოადგენენ ფასეულობას. ეს ტენდენციები არ არიან ანომალურები და არ არიან კრიზისის შედეგები, ეს არის კაპიტალისტური ურთიერთობების სისტემის სიღრმისეული ურთიერთობების ნაწილი. მე ვამტკიცებ რომ საბერძნეთში, ესპანეთში, აშშ-სა და სხვა მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკური სივრცე, განსხვავებით ფინანსურისგან, მცირდება.

ადამიანებს, როგორც მომხმარებლებს და თანამშრომლებს სულ უფრო მცირე როლი აქვთ ეკონომიკის ზოგიერთი სექტორის მოგებაში. მაგალითად, თანამედროვე კაპიტალიზმის მიხედვით ბუნებრივი რესურსები აფრიკის უდიდეს ნაწილში, ლათინურ ამერიკაში და ცენტრალურ აზიაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმავე მიწებზე მცხოვრები ადამიანები, როგორც მომხმარებლები ან მშრომელები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი დრო დიდად არ გავს კაპიტალიზმის ადრეულ ფორმებს, რომლებიც ყვაოდნენ მუშებისა და საშუალო ფენის კეთილდღეობის აჩქარებული ექსპანსიის გამო. ოჯახური მეურნეობების მიერ მაქსიმალური მოხმარება იყო კრიტიკული დინამიკა იმ ადრეულ პერიოდებში, ისევე როგორც დღევანდელ ეგრეთწოდებულ განვითარებად ეკონომიკებში. მაგრამ ზოგადად ეს აღარ არის სისტემის სტრატეგიული წამყვანი, როგორც ეს იყო მე-20 საუკუნის უდიდეს ნაწილში.

რა არის შემდეგი? ისტორიულად, დაჩაგრულები ხშირად მმართველების წინააღმდეგ გამოდიან. მაგრამ დღეს, დაჩაგრულები განდევნილები არიან და ძალიან შორს არიან მათი მჩაგვრელებისგან. „მჩაგვრელი“ არის მზარდი, კომპლექსური სისტემა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, ქსელებს და მანქანებს და არ გააჩნია მკაფიო ცენტრი. და მაინც არსებობენ ადგილები, სადაც ეს ყველაფერი არის ერთად, სადაც ძალაუფლება ხდება კონკრეტული და შესაძლოა მასზე ზემოქმედება და სადაც ჩაგრულები არიან ძალაუფლების სოციალური ინფრასტრუქტურის ნაწილი. გლობალური ქალაქები არიან ასეთი ადგილები.

ამ წიგნში ასევე განხილულია ურთიერთგამომრიცხავი დინამიკა. ნაწილები და ფრაგმენტები ამისა ჩაწერილია თანამედროვე პრობლემების ძირითად ლიტერატურაში, მაგრამ ის არ იქნა აღწერილი როგორც ყოვლის მომცველი დინამიკა, რომელსაც მივყავართ გლობალური კაპიტალიზმის გარკვეული ტიპის ახალ ფაზაში. მე ვცდილობ იმის თეორიზებას, რაც იწყება ზედაპირზე არსებული ნაცნობი ინსტიტუციების შუამავლებისგან თავისუფალი ფაქტებით და რომელსაც მივყავართ ტრადიციული გეოპოლიტიკის, ეკონომიკის და კულტურული განსხვავებების მეორე მხარეს.

გაზიარება

მსგავსი პოსტები