კვლევა – ქალები და პარკები: ქალთა საჭიროებები და ჩართულობა თბილისის სამი პარკის შესწავლის მაგალითზე

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ქალაქურ სივრცეში საკუთარი უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძვიან, ამ კონტექსტში ბრძოლა ურბანული სივრცეებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ანთროპოლოგი და გეოგრაფი, დევიდ ჰარვი წერს, რომ საზოგადოებისთვის „ქალაქზე უფლების დაბრუნება“, მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია, ყველა სხვა უფლების დასაცავად (Harvey, 2014). ქალაქური სივრცეებისადმი ხელმისაწვდომობისა და სარგებლიანობის ინდივიდუალური მიდგომა, არღვევს ქალაქზე კოლექტიურ უფლებას. რაც გულისხმობს,რომ ქალაქების გარდაქმნის პროცესი არა საზოგადოების ჩართულობით, არამედ ინდივიდუალური, ან სხვა შედარებით ძლიერი აქტორების მონაწილეობით მიმდინარეობს (Harvey, 2014).

შედეგად, არსებობენ სხვადასხვა ჯგუფები,რომლებიც ჩამოცილებულები არიან ქალაქური სივრცის დაგეგმარების პროცესს. ეს სივრცე კი, ამ ჯგუფების უფლებებსა და სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას სხვადასხვა ფორმით ახდენს/ ან მომავალში მოახდენს.

საზოგადოებრივი გეოგრაფიის კვლევის საგანი : საზოგადოებისა და სივრცის ურთიერთობა და მათ დამოკიდებულება – კიდევ უფრო, ვიწროვდება ფემინისტური გეოგრაფიის თეორიებში,სადაც ნათლად იკვეთევა ის სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური და გარემო პირობები,რომლებიც ცვლიან ქალების ცხოვრებას. ურბანულ სივრცეში მსგავსი ტიპის კვლევები მოიცავს ქალაქდაგეგმარების, ურბანული დიზაინისა და ქალაქური სივრცეების ხელმისაწვდომობისა და სარგებლიანობის გენდერულ ასპექტებს (Little, Peake, & Richardson, 1988).

საქართველოში დღეს აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის შესახებ. საჯარო თუ სამეცნიერო დისკუსიებში ქალთა უფლებების შესახებ ანალიზი ასევე დაკავშირებულია საქალაქო სივრცესთან და პრაქტიკულად, შეუძლებელია რიგი საკითხების განხილვა ამ დისკუსიების გარეშე. ეს ანალიზი ძირითადად მოიცავს ქალების ქალაქებში ცხოვრების გამოცდილებას მათი ეკონომიკური გაძლიერების, უსაფრთხოების, ზრუნვის შრომის კონტექსტში.

გენდერულად თანასწორი ქალაქების დაგეგმარება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქალთა საჭიროებები ზემოთაღნიშნული დისკუსიების გათვალისწინებით, ასევე შეუძლებელია მწვანე საკითხების კვლევის გარეშე.

კავშირი მწვანე სივრცეებისთვისა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას შორის საქალაქო სივრცეში კიდევ უფრო ნათლად ჩანს. ვინაიდან, ქალებისა და კაცების ყოველდღიურობა ქალაქურ სივრცეში მკვეთრად განსხვავებულია, ამ მიზეზით ასევე განსხვავებულია ამგვარი სივრცეებით სარგებლიანობისა და ხელმისაწვდომობის საკითხიც. ამ მიმართულებით კი კვლევები მწირია არამხოლოდ ქართულ რეალობაში, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო დონეზეც (Pozarny, 2016). მიუხედავად ამისა, არსებულ ლიტერატურაზე, თუ სხვადასხვა სახის მცირე კვლევითი პროექტებზე დაყრდნობით, გამოკვეთილია რომ კაცებთან შედარებით, მწვანე სივრცეებით ქალები უფრო ხშირად სარგებლობენ (CIVITAS, 2018).

თანამედროვე საზოგადოებაში ქალის ქალაქურ სივრცეში საქმიანობა მრავალწახნაგოვანია, რაც დაკავშირებულია ზრუნვის შრომასთან და სხვადასხვა საოჯახო საქმიანობასთან (მაგალითისთვის, ქალების ნაწილი ერთი დღის განმავლობაში გადაადგილდება,როგორც სამსახურში, ისე პროდუქტების შესაძენად, შვილების სკოლებიდან/საბავშვო ბაღებიდან გამოსაყვანად. ასევე, დედები მნიშვნელოვან დროს ატარებენ სამეზობლოებში არსებულ მწვანე სივრცეებში საკუთარ შვილებთან ერთად; ქალების ნაწილი კი დაუცველად გრძნობს თავს და აქვს შიშის განცდა ამგვარ სივრცეებში (Thomas Reuters Foundation, 2017). ქალთა მიმართ ძალადობა და უსაფრთხოების განცდა მწვანე სივრცეებში ზღუდავს ქალთა თავისუფალ მობილობას ქალაქურ სივრცეში, ასევე ქალების ეკონომიკურ, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ამგვარი სტრესი რისკის ქვეშ აყენებს ქალთა ჯანმრთელობას და არღვევს ქალების უფლებას ქალაქურ სივრცეებზე (Sedghi, 2014).

უახლოეს პერიოდში, პლატფორმა, ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ კვლევას, რომლის მიზანი გახლდათ ქალაქ თბილისის სამი სარეკრეაციო სივრცის (ვაკის პარკი, პარკი მზიური, 9 აპრილის პარკი) შესწავლის მაგალითზე, მწვანე სივრცეებში ქალთა საჭიროებებისა გამოვლენა და მწვანე სივრცეების დაგეგმარებაში და განახლებაში ქალთა ჩართულობის ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევაში დასახული იყო შემდეგი ქვესაკითხები:

• ქალთა სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური კატეგორიის საჭიროებების, მოთხოვნებისა და მოლოდინების გამოვლენა მწვანე სივრცეებთან (სამი რეკრეაციული სივრცე) მიმართებაში ;

• ქალაქ თბილისის 10 გამგეობის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წევრ ქალებთან ინტერვიუების გზით თბილისის მასშტაბით საუბნო მწვანე სივრცეებში ქალთა საჭიროებების გამოვლენა;

• ქალაქ თბილისის 10 გამგეობის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ოქმებისა და წევრ ქალებთან ინტერვიუების გზით, მწვანე სივრცეების დაგეგმარებაში მათი ჩართულობის შესწავლა (სტრუქტურა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი) და წესდების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შედეგად, ქალთა ჩართულობის შესაძლებლობების გაანალიზება.

• ქალაქ თბილისის 10 გამგეობის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წევრ ქალებთან ერთობლივი დისკუსიის წარმართვა და პრაქტიკული კომპონენტის მეშვეობით, მწვანე სივრცეების დაგეგმარებაში ქალთა მონაწილეობის თავისებურებების გამოკვეთა;

კვლევა მომზადდა ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

გაზიარება

მსგავსი პოსტები