ბერკლის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ვენდი ბრაუნი, ერთ-ერთი იყო ფაკულტეტის 200-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, ვინც 4 მარტს საკრამენტოში ჩავიდა. მსვლელობაზე “მივცეთ შტატს განათლება”, მან პუბლიკას სიტყვით მიმართა:

არც ისე დიდი ხნის წინ კალიფორნიის საჯარო განათლების სისტემა საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მეოცე საუკუნის განმავლობაში კალიფორნიელებისთვის ხარისხიანი და საჯარო დაწყებითი, საშუალო და მრავალსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა – დაწყებული, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთათვის, კოლეჯებზე გარანტირებული ხელმისაწვდომობით და დამთავრებული შესანიშნავი კვლევითი ინსტიტუტებითა და პროფესიული სასწავლებლებით – უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენდა.

მას მერე, რაც შტატმა აჩვენა, რომ შესაძლებელი იყო მასობრივი ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე, რამდენიმე ათეულ წელში საკუთარ მიღწევებზე უარის თქმას მიჰყო ხელი. ეს უკუსვლა, 1978 წელს მიღებული “დადგენილება N13”-ის რატიფიცირებით დაიწყო, რამაც ჩვენი დაწყებითი და საშუალო სკოლების საგანმანათლებლო ხარისხის პროგრესული გაუფასურება გამოიწვია და შედეგად, გადავსებული საკლასო ოთახები, არასაკმარისი ინვენტარი და სასკოლო სახელმძღვანელოები, არაადეკვატური ხელფასები და შვებულებები მივიღეთ, რამაც აქამდე გამორჩეულად წარმატებული საშუალო განათლების სისტემა ნანგრევებად აქცია.

საჯარო განათლების და საჯარო სექტორის სხვა ინსტიტუტთა განადგურება შტატის სიღარიბის შედეგი არ არის. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ფინანსურმა და საბინაო კრიზისებმა, უმუშევრობამ, რეცესიამ და უძრავი ქონების გირავნობასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა ამ პროცესში თავიანთი როლი ითამაშეს. მაგრამ, ამ დროისთვისაც კი, კალიფორნია აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტის 1⁄6-ს აწარმოებს და სუვერენულ სახელმწიფოდ რომ წარმოგვედგინა, ის ამ მაჩვენებლით მსოფლიოს პირველ ათეულში შევიდოდა.

ბუნებრივი და ადამიანური რესურსებით, ინდუსტრიებით და მდიდრებით მდიდარი კალიფორნიისთვის, სავსებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო სისტების ფინანსური უზუნველყოფა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა დაჭაობებულმა პოლიტიკურმა სისტემამ (უმცირესობის მმართველობამ), ანტიდაბეგვრითმა პოლიტიკურმა კულტურამ, სახელმწიფო საბიუჯეტო პრიორიტეტის ამოყირავებამ – ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორმა, საკუთარი წვლილი შეიტანა საჯარო განათლების სისტემის წარუმატებელ, საბითუმო მაღაზიად ჩამოქვეითებაში.

მართლაც, ამ გამორჩეული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოშლაში გაცილებით მეტი დანაკარგია, ვიდრე ნავთობით, უძრავი ქონებით, სილიკონ ველით, საბანკო სისტემით, ჰოლივუდით, სასოფლო სამეურნეო ბიზნესით გამდიდრებაზე გაცემული არაგონივრული ნებართვებითა თუ სკოლების გაღარიბების ხარჯზე არაპროპორციულად გაზრდილი პენიტენციური სისტემაა. ეს უფრო მეტია, ვიდრე იმ ეკონომიკური ძრავის საწვავისგან დაცლა, რომელმაც მთელი გასული საუკუნის განმავლობაში შტატი ინოვაციებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობებით მოამარაგა. აქ უნდა ითქვას ისიც, რომ განათლებული მოქალაქის გარეშე დემოკრატია შეუძლებელი პროექტია.

ხარისხიანი საჯარო საგანმანათლებლო სისტემის გარეშე, ჩვენ, მოქალაქეები, ვერ გავიაზრებთ, ვერ მოვიხელთებთ – რომ აღარაფერი ვთქვათ კონტროლის გაწევაზე – ძალაუფლების იმ სისტემებს, რომლებიც გვმართავენ. ასეთი სისტემის გარეშე უშინაარსოდ რჩება თავისუფლებისა და თანასწორობის დაპირება, ინდივიდუალურ შესაძლებლობათა განვითარება და რეალიზება, არათანაბარი სასტარტო პირობების დაძლევა ბავშვებში, დასახულ მიზანთა მიღწევა მოზარდებში, კონტროლი საკუთარ ბედისწერაზე ან განვითარების არჩეულ კურსზე. და რაც მთავარია, შეუძლებელი ხდება სამოქალაქო თვითმმართველობა, სხვა სიტყვებით – დემოკრატია.

ურთიერთდაკავშირებულ და კომპლექსურ სამყაროში, სამყაროში, სადაც მედია უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებასა და გამოცდილებას იხვეჭს, მოვლენათა და იდეათა ფორმირებაში, დემოკრატიის სიმყარეს განაპირობებენ არა ტექნიკური ინსტუქციები, რომელთა მიხედვითაც რესურსწართმეული სკოლები ხელმძღვანელობენ, არადამამთავრებელი საფეხურის ორ წლამდე კოლეჯის სამ წლამდე შემცირება ან პროფესიული სასწავლებლების გაფართოება, არამედ ისეთი საგანმანათლებლო სისტემა, რომლის დახმარებითაც მომავლის მოქალაქეებმა სამყაროს კომპლექსურობის აღქმა და მასში ორიენტირება უნდა ისწავლონ.

დემოკრატიის გადარჩენისა და განვითარებისთვის მოქალაქეებმა უნდა შეძლონ, აღიქვან და გააანალიზონ ძალაუფლების ის სისტემები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ფორმირებას ახდენენ. მათ უნდა შეძლონ თანამედროვეობის შესაძლებლობისა და ნაკლოვანებების გააზრება და პრინციპული მოსაზრებების ფორმირება, რომლებიც მათ ამ სამყაროში ორიენტირებად უნდა მოევლინონ.

მოქალაქეებმა უნდა გააანალიზონ წერილობით ან ზეპირად გამოთქმული არგუმენტები, ჟურნალისტური მოსაზრებები, ვიზუალური ხატები და ხმოვანი სიგნალები… განარჩიონ გონივრული სენსაციურისგან, სერიოზული გამარტივებულისგან, კარგად დასაბუთებული – ყურმოკრულისგან.

თუ ვამტკიცებთ, რომ ეს შესაძლებლობები დემოკრატიული მოქალაქეობის განუყოფელი ნაწილია, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე, მზარდად კომპლექსულ სამყაროში მათზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილია და ხარისხიანი საჯარო განათლება ამ შესაძლებლობათა ათვისებაში საკვანძო როლს ასრულებს. მომავლის ხარისხიანი საჯარო საგანმანათლებლო სისტემის გარეშე მომავალი დემოკრატიისთვის არ იქნება.

ხარისხიანი საჯარო საგანმანათლებლო სისტემის გარეშე, ჩვენ ვრჩებით იმ უფსკრულის პირისპირ, რომელიც განათლებულებს განათლების მიღმა დარჩენილთაგან ჰყოფს. ეს დაყოფა იმეორებს იმ უთანასწორობას, რომელიც მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებობს და აძლიერებს პირველის ძალაუფლებას მეორის დაუძლურების ხარჯზე. ეს კი დემოკრატია აღარ არის. ეს პლუტოკრატიაა.

ხარისხიანი საჯარო საგანმანათლებლო სისტემის გარეშე, ჩვენ ვრჩებით მოსახლეობის პირისპირ, რომელიც მხოლოდ დასაქმებისთვის აუცილებელი უნარებითაა აღჭურვილი, ნაცვლად იმ უნარებისა, რომლებიც მას სამოქალაქო და პოლიტიკური ცხოვრების გააზრებისა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდა. ეს დემოკრატია აღარ არის. ეს ოლიგარქიაა.

მომავლის ხარისხიანი საჯარო განათლების გარეშე, ჩვენ ვრჩებით მოსახლეობის პირისპირ, ვისი ფრუსტრაციაც მანიპულირების ობიექტია; ვისი მობილიზებაც ცრუ მტრის ხატისა და ცრუ დაპირებების მეშვეობითაც ხერხდება. ეს დემოკრატიის საპირისპირო სისტემების – დესპოტიზმის ან სულაც ფაშიზმის – სახიფათო საშენი მასალაა.

ამრიგად, უარი, რომელიც კალიფორნიამ საგანმანათლებლო სისტემაში ინვესტიციაზე განაცხადა, არა მხოლოდ იმ დაპირებას არღვევს, რომელიც ყველა საჭირო უნარით აღჭურვილი მოსწავლის პოტენციურ წინსვლაზე გაიცა; ის არა მხოლოდ საწვავის გარეშე ტოვებს სიახლისა და ინოვაციის ძრავს, რომელმაც მეოცე საუკუნეში კალიფორნიის სიდიადე განაპირობა: ის უშუალოდ დემოკრატიის ფუნდამენტს – დასაბუთებული ანალიზისა და ინფორმირებული განსჯის უნარებით აღჭურვილ, განათლებულ მოქალაქეს – უთხრის ძირს.

კალიფორნიამ ხელახლა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პირველი კლასის K-12 საგანმანათლებლო სისტემასა და უმაღლესი განათლების გენერალური გეგმის განვითარებაზე. რაც შეიძლება მალე უნდა მოვეგოთ გონს და ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ მსოფლიოში აღიარებული საჯარო საუნივერსიტეტო სისტემა შევინარჩუნოთ. და ასე უნდა მოვიქცეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ განათლება ადამიანებს სიღარიბის დაძლევაში ეხმარება, ან ის ათანაბრებს შესაძლებლობებს, ამცირებს კრიმინალსა თუ ძალადობრივი შემთხვევების მასშტაბებს, არამედ იმიტომაც, რომ ის დემოკრატიას სინამდვილედ აქცევს.

მივცეთ შტატს განათლება. Sí se puede.

ვენდი ბრაუნი, პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი

თარგმანი მოამზადა თეკლა ზუხბამ.

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,განათლება და სოციალური სამართლიანობა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებზე ფონდი არ არის პასუხისმგებელი.

Share This Story, Choose Your Platform!