დემოკრატიულად მართული, კოოპერატიული უმაღლესი განათლება

დემოკრატიულად მართული, კოოპერატიული უმაღლესი განათლება

ჯოს ვინი. OpenDemocracy

უმაღლესი განათლების სისტემა მცდარი ნეოლიბერალური რეფორმების შედეგად ინგრევა. შესაძლებელია, კოოპერატიული, თანამესაკუთრეობისა და თანამმართველობის პრინციპებზე აგებული უნივერსიტეტები იყოს პასუხი?

openDemocracy ერთ-ერთია იმ რამდენდენიმე მნიშვნელოვანი ფორუმიდან, რომელიც დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების შესახებ კრიტიკული დისკუსიებისთვის არის განკუთვნილი – მთელი რიგი სტატიებით ნეოლიბერალური რეფორმების გავლენების შესახებ, რომლებიც ქვეყნდება აქ და სხვა გვერდებზე. სულ ახლახანს, მარინა უორნერმა და მაიკლ ბეილიმ გააკეთეს მწვავე კომენტარები დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების სისტემის „დამახინჯებასა“ და „თვითმკვლელობაში თანამონაწილეობაზე“ მითითებით. მიუხედავად თავისი მომცრო ზომისა, ბრენა ბანდარის London Review of Books-ისთვის დაწერილმა ბლოგმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბლოგში ის ასკვნის:

ჩვენი ყველას საერთო ინტერესებში შედის მხარი დავუჭიროთ სტუდენტებს, აკადემიურ და დამხმარე პერსონალს, შტატგარეშე დამლაგებლებს და მათ, ვინც იბრძვიან უნივერსიტეტის მფლობელობის ფორმის შეცვლისთვის, მმართველობის დემოკრატიული ფორმების უკეთ გამოსაყენებლად, იმ სოციალური საქონლის შესაქმენლად და გადასანაწილებლად, რომელსაც კოლექტიურად ვაწარმოებთ, მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკისა და მენეჯმენტის სტრატეგიების მიუხედავად.

ანალოგიურად, ენდრიუ მაკგეტიკანმა Arena-ში აღნიშნა:

ხშირად მეკითხებიან – „რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს?“ ჩემი პასუხია – თუ მეცნიერები არ გამოფხიზლდებიან და არ შეეწინააღმდეგებიან დემოკრატიის ზოგად დეფიციტს, რომელიც თავიანთი ინსტიტუციებიდან მომდინარეობს და სანამ არ გვეყოლება მეტი ჟურნალისტი, რომელიც ამ საკითხებს როგორც ლოკალურ, ისე ეროვნულ დონეზე განიხილავს, იქამდე, ძალიან ცოტა რამ შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ რაღაც უფრო ღრმა კრიზისის პირას ვართ, ვიდრე ამას სწავლის ყოველკვირეული საფასურის დონის შესახებ არსებული დებატები გვიჩვენებს; ინსიტუციებსა და სექტორს შეეძლებათ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელთა გაუქმებაც, რთული, თუ არა შეუძლებელი, შეიძლება აღმოჩნდეს – იქნება ეს შეთანხმებები ელიტის დამოუკიდებლობასა თუ საქველმოქმედო სტატუსის შეკვეცაზე კერძო ფინანსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობისათვის.

ბოლო 12 თვის განმავლობაში სამ კონფერენციას ვესწრებოდი, რომლებზეც ყველა სფეროს აკადემიკოსებს დაუთმეს სივრცე ამ თემებზე სასაუბროდ: აკადემიური ცხოვრების მართვა (Governing Academic Life) ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE); აკადემიური იდენტობები (Academic Identities) დურჰამში და უნივერსიტეტები ცოდნის ეკონომიკაში (Universities in the Knowledge Economy) – ოკლენდში. ეჭვგარეშეა, რომ აკადემიკოსები გაღიზიანებულები არიან. ხანდახან, ბრალდება ინდივიდუალიზებულია: ძალიან ბევრი მენეჯერი და ადმინისტრატორია! როდესაც ინდივიდუალიზებული არაა, მაშინ პოლიტიზებულია: პრობლემა მდგომარეობს ნეოლიბერალიზმში, ან უფრო ზუსტად – „უკიდურეს ნეოლიბერალიზმში.“ საბოლოო პასუხი იმაზე თუ „რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს?“ ხშირად მანიფესტის ან ესეების კრებულის სტრიქონებს შორისაა – საფოსტო სია ან ვებსაიტი საუბრის გასაგრძლებლად ან თუნდაც ჩვენი მდგომარეობის აუტანლობის საკვლევ მონაცემებად საქცევად, რათა ეფექტურად აღიწეროს ჩვენი ცხოვრების გაუარესება.

სტუდენტები უფრო ბუნებრივად და თამამად საუბრობენ თავიანთი უნივერსიტეტების მმართველობის საკითხში ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობაზე. ამაზე საუბრობენ უნივერსიტეტების ოკუპაციისას – სულ ახლახანს, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCL), გოლდსმიტში, ლონდონის სამეფო კოლეჯში (KCL), ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE), ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტსა (UAL) და ამსტერდამში – ისინი აგრეთვე მოითხოვენ დემოკრატიას, როგორც თავისუფალი უნივერსიტეტისთვის აუცილებელ ელემენტს.

ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ კვლევის სრულყოფის სქემის ქმედუნარიანობის წინააღმდეგ ან აკადემიური შრომის პრეკარიულობაზე; დაფინანსების შეწყვეტასა და უმაღლესი განათლების მარკეტიზაციაზე, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა უნივერსიტეტები, რომლებში მუშაობასაც ვისურვებდით, აუცილებლად უნდა მოვახდინოთ მფლობელობისა და მმართველობის წესების იმგვარი რეფორმირება, რათა პირველ რიგში, უზრუნველყოფილი იყოს გადაწყვეტილებების დემოკრატიული წესით მიღება. ერთ-ერთი ასეთი გამოსავალია თანამესაკუთრეობრივი და თანამმართველობითი კოოპერატივები უმაღლესი განათლებისათვის: კოოპერატიული უნივერსიტეტები.

აკადემიკოსები და ინდივიდები კოოპერატივის მოძრაობიდან 2010 წლიდან ფიქრობენ ამ იდეაზე, რომელიც ნაწილობრივ შთაგონებულია უახლოეს წარსულში, დიდ ბრიტანეთში 800 სკოლის კოოპერატივებად ქცევით. ასევე იმითაც, რომ კოოპერატივის მოძრაობაში განათლების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს, რომელსაც სხვადასხვა დროსა და ადგილას, სხვადასხვა ფორმა მიუღია. როდესაც მთავრობამ შეკვეცა კეთილდღეობის სახელმწიფოს მორიგი ნაწილი, კოოპერატივის მოძრაობა ხშირად იყო იქ, რათა „უკეთ გამოეყენებინა მმართველობის დემოკრატიულ ფორმები, იმ სოციალური საქონლის შესაქმნელად და გადასანაწილებლად, რომელსაც კოლექტიურად ვაწარმოებთ.“

მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან, „კოოპერატორებმა“ ააგეს წევრების საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციებისგან შემდგარი მსოფლიო მასშტაბის სოციალური მოძრაობა, რომელიც დაფუძნებულია საკუთრების კოლექტიური ფლობისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე. ღია წევრობის, ავტონომიისა და დამოუკიდებლობის, სხვა კოოპერატივების მიმართ სოლიდარობისა და საზოგადოებაზე ზრუნვასთან ერთად, განათლება ყოველთვის იყო მოძრაობის მთავარი პრინციპი. საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული კოოპერატივის ღირებულებებია თვითდახმარება, საკუთარი თავისადმი პასუხისმგებლობის ქონა, დემოკრატია, თანასწორობა, მიუკერძოებლობა და სოლიდარობა.

კოოპერატივები არ არის პანაცეა ნეოლიბერალიზმის ზემოქმედებების ან ზოგიერთი მენეჯერისა და ადმინისტრატორის ამბიციებისთვის, როგორც დიდი ბრიტანეთის კოოპერატივის ჯგუფის კრახისას ვნახეთ. ამასთან, კოოპერატივის მოძრაობის საფუძველზე არსებობს ფართო ისტორიული და სოციალური რესურსები, რომლებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ჩვენი უნივერსიტეტების მართვისა და ინსტიტუციური მოწყობის ფორმების გადახედვა.

განიხილება რეაგირების სამი ტიპი: არსებული უნივერსიტეტების ფორმალურად, იურიდიული და კონსტიტუციური მექანიზმებით კოოპერატივებად გარდაქმნა; ჩვენი ინსტიტუტების დაშლა დე-ფაქტო კოოპერატივებად, კვლევითი ცენტრების კოოპერატივებად ჩამოყალიბებით, ინსტიტუციურ სტრატეგიებში კოოპერატივის ღირებულებებისა და პრინციპების ჩაშენებით, კოოპერატივის ღირებულებებისა და პრინციპების თანახმად, სწავლების სასწავლო პროგრამების შექმნით და ა.შ. და მესამე – ახალი კოოპერატიული ფორმების შექმნა უნივერსიტეტების არსებულ სისტემასთან ერთად.

რომელი გზაც არ უნდა აირჩიოთ და ცხადია, ჩვენ თითოეული მათგანი უნდა განვახორციელოთ, სწრაფი გამოსავალი არ არსებობს. გარდაქმნის გზა კონსტიტუციურ ცვლილებებს სწრაფად გამოავლენდა, მაგრამ კოოპერატიული კონსტიტუციის პრაქტიკაში ამოქმედება და ის ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებსაც ის გულისხმობს, ყველას მხრიდან რამდენიმეწლიან თავდადებულ შრომას მოითხოვს. დაშლის გზა მიღწევადია და ხორციელდება კიდეც, როგორც ფორმალურად ისე დივერსიულად, მაგრამ შედეგის შენარჩუნება დროთა განმავლობაში რთული იქნება, ხალხის ცვალებადობისა და არაკოოპერატიულ უნივერსიტეტში კოოპერატივის ჩანერგვის მცდელობისას გაჩენილი წინააღმდეგობიდან გამომდინარე, რაც მხოლოდ დროებით მიღწევებს მოიტანს. შექმნის გზამ მასწავლა, რომ ჩვენ თავად ვადგენთ ჩვენივე ამოცანებს; კოოპერატიულმა უმაღლესმა განათლებამ არ უნდა მიბაძოს თანამედროვე, სამეწარმეო სულისკვეთების უნივერსიტეტს და იმ ყველაფერს, რის გაკეთებასაც, ის ცდილობს. კოოპერატიულ უნივერსიტეტს შეუძლია სცადოს ხალხის ამჟამინდელი მოთხოვნების დაკმაყოფილება და ამავდროულად წარმოიდგინოს ახალი ფორმა მომავლის უნივერსიტეტისათვის. ახალი უნივერსიტეტისა და ლონდონის თავისუფალი უნივერსიტეტის ოკუპაციებისას გაჟღერებული მოთხოვნები გვავალდებულებს განვავითაროთ ახალი მოდელი კოოპერატიული უმაღლესი განათლებისათვის.

„კოოპერატიული უნივერსიტეტის“ კრიტიკოსებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ჩვენი ერთგულება „საჯარო უნივერსიტეტის“ იდეისადმი. კოოპერატივები ნამდვილად არიან ანტი-ეტატისტები, მაგრამ ისინი ასევე უფრო მეტს წარმოადგენენ, ვიდრე „საჯარო მმართველობის“ იდეაა, „საერთო საკუთრების“ იდეით, საკუთრების სოციალური ფორმით, რომელიც უსასყიდლო გასხვისების უფლების (რაც გამოარჩევს კაპიტალისტურ კერძო საკუთრებას) საწინააღმდეგოა. მოკლედ რომ ვთქვათ, კოოპერატიული უმაღლესი განათლება მთლიანად თავსებადია „საჯაროობის“ იდეასთან თუ მოვიაზრებთ მას, როგორც ავტონომიურ, ღია, დემოკრატიულად მართულ „საყოველთაოს,“ სადაც აკადემიური სახსრები დემოკრატიულად იმართება აკადემიური და დამხმარე პერსონალის, სტუდენტების, დამლაგებლებისა და სხვების მიერ.

თარგმნა თეონა რეხვიაშვილმა.

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,განათლება და სოციალური სამართლიანობა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით.

გაზიარება

მსგავსი პოსტები