ედუარდო გალეანო: სარკე-სკოლა

თარგმნა გიორგი ხასაიამ

ავტორი: ედუარდო გალეანო

სარკე-სკოლა: სტუდენტები

 

სტუდენტები

ბავშვებს დღითიდღე სულ უფრო ართმევენ ბავშვად ყოფნის უფლებას. მსოფლიო მდიდარ ბავშვებს ეპყრობა როგორც ფულს, თითქოს ისინი ფული იყვნენ, ასწავლის მათ მოიქცნენ ისე, როგორც ფული იქცევა. მსოფლიო ღარიბ ბავშვებს ეპყრობა როგორც ნაგავს, რომ ნაგავში მოისროლოს. ხოლო შუაში მყოფები, არც მდიდრები და არც ღარიბები, ტელევიზორებს მიაჯაჭვეს და პატიმრის ცხოვრებას ასწავლიან და აჩვევენ.

ბავშვების მცირე რაოდენობას, ვისაც გაუმართლა და ბავშვად დარჩა, უნდა ქონდეთ ბევრი სასწაული და ბევრი სიხარული.

 

ჭერი, ფსკერი და შუა

სასოწარკვეთის ოკეანეში არსებობს პრივილეგირებულთა კუნძულები, ფეშენებელური საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც ძლიერნი ამა ქვეყნისა ხვდებიან მხოლოდ მათ მსგავთ, რომ არასდროს, წამითაც კი არ დაავიწყდეთ, როგორი ძლევამოსილები არიან. ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქალაქში, სადაც ბავშვების მოტაცება ჩვეულ ამბად იქცა, მდიდარი ბავშვები შიშის ჰერმეტულ ბუშტებში იზრდებიან. ისინი ციხესიმაგრის მსგავს სასახლეებში ცხოვრობენ, ან დასახლებებში, რომლებიც განათებული ღობეებითაა გარშემორტყმული, დღედაღამ დაცვის მიერ რომ კონტროლდება ან ყოვლისმხედველი სათვალთვალო კამერებით. ისინი ფულის მსგავსად, დაჯავშნული მაქანებით გადაყავთ ერთი ადგილიდან მეორეზე. ისინი პრაქტიკულად არ იცნობენ საკუთარ ქალაქებს. ისინი პოულობენ მეტროს პარიზსა და ნიუ-იორკში , მაგრამ არასდროს სარგებლობენ მისით სან-პაულუში ან მეხიკოში.

ისინი არ ცხოვრობენ ქალაქში, რომელშიც ცხოვრობენ. მათ ნებას არ რთავენ, ფეხი დაადგან ჯოჯოხეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც მათ პაწაწინა კერძო სამოთხეს ემუქრება. მათი კედლების მიღმა გადაშლილია საშინელებათა სამყარო, რომელიც სავსეა მახინჯი, ბინძური, შურიანი ადამიანებით. ისინი იზრდებიან ფესვებს მოწყვეტილად, კულტურული იდენტობის გარეშე, ხოლო საზოგადოებას აღიქვამენ მხოლოდ როგორც საფრთხეს. მათი სამშობლო მათ ტანსაცმელზე აღნიშნული დიზაინერების სახელებშია ჩაკირული. მათი ენა თანამედროვე მორზეს ანბანია. მსოფლიოს ქალაქებში, პრივილეგირებულთა შვილები ერთმანეთს გვანან ჩვევებითა და წარმოდგენებით, როგორც სავაჭრო ცენტრები და აეროპორტები, რომლებიც დროისა და სივრცის მიღმა არსებობს. ვირტუალურ რეალობაში გაზრდილებმა, არაფერი იციან ნამდვილი რეალობის შესახებ, რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ იყიდო, ან გეშინოდეს მისი.

სწრაფი კვება, სწრაფი მანქანები, სწრაფი ცხოვრება: მდიდარ ბავშვებს დაბადებიდან წვრთნიან მოხმარებისთვის და სისწრაფისთვის, და გზა, რომელსაც ბავშვობაში გადიან, უდასტურებს მათ, რომ მანქანები უფრო სანდონი არიან, ვიდრე ადამიანები. და როცა მათი ხელდასხმის დღე დადგება, ისინი მიიღებენ გასაღებს მათი პირველი ოთხთვალა ყველგანმავალის. მანამდე კი ისინი ქმნიან საკუთარ იდენტობას, კიბერ გზატკეცილებზე საჭის მთელი სიჩქარით მართვით, გამოსახულებებისა და პროდუქციის შთნთქმით, შოპინგით და ბრძოლებით. კიბერ სივრცეში გადაადგილებისას ისინი თავს ისე გრძნობენ, როგორც უსახლკარო ბავშვები ქალაქის ქუჩებში წანწალისას.

ბავშვის სამყარო
თქვენ ძალიან ფრთხილები უნდა იყოთ გზაზე გადასვლისას – უხსნიდა კოლუმბიელი მასწავლებელი გუსტავო ვილკესი ბავშვების ჯგუფს. „მაშინაც კი, როცა შუქნიშანზე მწვანე ფერი აინთება, არასდროს გადაკვეთოთ სანამ გზის ორივე მხარეს არ გაიხედავთ“.
ვილკესი ბავშვებს მოუყვა, რომ ერთხელ გზის შუამდე მისული მანქანამ გაიტანა. ის დაღვრემილი იხსენებდა კატასტროფას, რომელმაც ლამის მისი სიცოცხლე შეიწირა. ბავშვები დაინტერესდნენ: „რა მანქანა იყო?“ „კონდიცირება ქონდა?“ „ლუქი?“ „ნისლსაწინააღმდეგო ფარები?“ „რამდენიანი ძრავი ეყენა“?

მაღაზიის ვიტრინები
სათამაშოები ბიჭებისთვის: რემბოები, რობოტი პოლიციელები, ნინძები, ბეტმენები, მონსტრები, ტყვიამფრქვევები, პისტოლეტები, ტანკები, მანქანები, მოტოციკლეტები, სატვირთოები, თვითმფრინავები, კოსმოსური ხომალდები.
სათამაშოები გოგონებისთვის: ბარბის თოჯინები, საუთავო მაგიდები, სამზარეულოები, ბლენდერები, სარეცხი მანქანები, ტელევიზორები, სათამაშო ჩვილები, პაწაწინა ბოთლები, პომადები, ბიგუდები, მაკიაჟის კომპლექტი, სარკეები.

დიდი ხნით ადრე, სანამ მდიდარი ბავშვები აღარ იქნებიან და აღმოაჩენენ ძვირფას ნარკოტიკებს რათა მარტოობა გაიქარვონ და შიში დამალონ, ღარიბი ბავშვები ყნოსავენ წებოს და ბენზინს. სანამ მდიდარი ბავშვები სათამაშო ლაზერული იარაღებით ერთობიან, ქუჩის ბავშვები ნამდვილ ტყვიებს იცილებენ.

ლათინურ ამერიკაში ბავშვები და მოზარდები მთელი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ. და მათი ნახევარი სიღატაკეში ცხოვრობს. ასობით ბავშვი კვდება შიმშილით ან განკურნებადი დაავადებით ყოველ საათს, მაგრამ ეს არ ამცირებს მათ რიცხვს ქუჩებსა და რეგიონებში, რომლებიც აწარმოებს ღარიბ ადამიანებს, ხოლო სიღარიბეს კანოგარეშედ აცხადებს. ღარიბები უმეტესად ბავშვები არიან და ბავშვები უმეტესად – ღარიბები. სისტემის ტყვეთა შორის ისინი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან. საზოგადოება ბოლომდე წურავს მათ, სჯის, ხანდახან კლავს, მაგრამ არასდროს უსმენს და არასდროს ესმის მათი.

მთელ პლანეტაზე, ამ ბავშვებს, მშრომელთა ან უმუშევართა და უსახლკაროთა შვილებს, ადრეული ასაკიდანვე ლუკმაპურის საშოვნელად ზურგზე ტყავი ძვრებათ. როგორც კი სიარულს ისწავლიან, ცხოვრება მაშინვე უწესებს ჯილდოს – გოგოები და ბიჭები რომლებიც უფასო მუშახელი ხდებიან სახელოსნოებში, მაღაზიებსა თუ ბარებში ან იაფი მუშახელი საექსპორტო ინდუსტრიებში, კერავენ რა სპორტულ ტანსაცმელს მულტინაციონალური კორპორაციებისთვის. მათ ამუშავებენ ფერმებში და ქალაქებში ან საშიანო შრომას ეწევიან, ემსახურებიან იმას, ვინც ბრძანებას გასცემს. ისინი პატარა მონები არიან საოჯახო მეურნეობებში ანდა გლობალური ეკონომიკის არაფორმალურ სექტორებში, სადაც მსოფლიო შრომის ბაზრის ყველაზე დაბალ საფეხურზე რჩებიან:

• მეხიკოს, მანილას ან ლაგოსის ნაგავსაყრელებზე ისინი ეძებენ სარკეებს, ქილებს და ქაღალდს, და საჭმლის ნარჩენებისთვის ებრძვიან სვავებს

• იავას ზღვაში ყვინთავენ მარგალიტებისთვის

• ეძებენ ალმასს კონგოს მაღაროებში

• ისინი თხუნელებივით მუშაობენ პერუს შახტებში, სადაც მათი სხეულებრივი სიპატარავე შეუცვლელს ხდის მათ და როცა მათი ფილტვები ვეღარ უძლებს, ცხოვრებას უსახელოდ ამთავრებენ საერთო სასაფლაოზე.

• კოლუმბიასა და ტანზანიაში ისინი კრეფენ ყავის მარცვლებს და იწამლებიან პესტიციდებით

• ჰონდურასში ისინი იღებენ ბაბანის მოსავალს და იწამლებიან პესტიციდებით

• გვატემალაში ისინი იღებენ ბამბის მოსავალს და იწამლებიან პესტიციდებით

• მალაიზიაში ისინი აგროვებენ კაუჩუკის ხის წვეთებს, სამუშაო დღე ღამიდან ღამემდე გრძელდება

• ისინი მუშაობენ რკინიგზაზე ბირმაში

• ინდოეთის ჩრდილოეთით ისინი დნებიან მინის სადნობ ღუმელებში და დნებიან აგურის გამოსაწვავ ღუმელებში ინდოეთის სამხრეთით

• ბანგლადეშში ისინი 300-ზე მეტ სამუშაო ადგილას შრომობენ და სანაცვლოდ იღებენ არაფერს ან თითქმის არაფერს დაუსრულებელი სამუშაო დღისთვის

• ისინი მონაწილეობენ არაბი შეიხებისთვის გამართულ აქლემების დოღში და მწყემსავენ ცხვარს და მსხვილფეხა პირუტყვს რიო-დე-ლა-პლატას რანჩოებში

• ისინი ემსახურებიან ბატონების მაგიდებს პორტ-ო პრენსში, კოლომბოში, ჯაკარტაში ან რესიფში, ამ მაგიდებიდან დაცვენილი ნამცეცების ჭამის უფლებისთვის.

• ისინი ყიდიან ხილს ბოგოტას ბაზრებში და საღეჭ რეზინას სან-პაულუს ავტობუსებში

• ისინი წმენდენ საქარე მინებს ლიმას, კიტოს, ან სან სალვადორის ქუჩებში

• ისინი აპრიალებენ ფეხსაცმლებს კარაკასსა და გუანაჰუატოში

• ისინი კერავენ ტენსაცმელს ტაილანდში და ფეხბურთის ბუცებს ვიეტნამში

• ისინი კერავენ ფეხბურთის ბურთებს პაკისტანში და კალათბურთის ბურთებს ჰონდურასსა და ჰაიტიში

• მშობლების ვალი რომ გადაიხადონ ისნი კრეფენ ჩაის ან თამბაქოს შრი-ლანკას პლანტაციებში და იღებენ ჟასმინის მოსავალს ფრანგული სუნამოებისთვის

• მშობლების მიერ ირანში, ნეპალში ან ინდოეთში გაქირავებულები, ქსოვენ ხალიჩებს აისიდან შუაღამემდე და როცა ვინმე მათ გამოხსნას ცდილობს, ეკითხებიან: „ჩემი ახალი ბატონი ხართ?“

• მშობლების მიერ რამდენიმე ასეულ დოლარად სუდანში გაყიდულებს, მათ ბავშვების პროსტიტუციაში ითრევენ.

აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში ჯარში ბავშვების რეკრუტირება ჩვეული მოვლენაა. ომში, ამ პატარა ჯარისკაცების სამუშაო მოკვლა და საკუთარი სიცოცხლის დათმობაა. ბოლო აფრიკული ომების მსხვერპლთა ნახევარი ბავშვია.

გაქცევა/1
მეხიკოს ქუჩებში ავტობუსების ბამპერებზე ჩამოკიდებულ ქუჩის ბავშვებთან ლაპარაკისას, რეპორტიორმა კარინა ავილესმა მათ ნარკოტიკებზე კითხა.
„მაგრად ვგრძნობ თავს, ყველა პრობლემას მავიწყებს“ – უთხრა ერთმა. „როცა გამოვდივარ და ისევ მე ვხდები“ – დაამატა, „გალიაში დამწყვდეული ჩიტივით ვგრძნობ თავს“.
ამ ბავშვებზე მუდმივად ძალადობენ პოლიციელები და მათი ძაღლები ავტობუსების ჩრდილოეთის ტერმინალზე.
კომპანიის მენეჯრმა დაარწმუნა რეპორტიორი: „ჩვენ ამ ბავშვებს არ ვაძლევთ თავის დაღუპვის უფლებას, რადგან ასე თუ ისე ისინიც ადამიანები არიან“.

ყველა ამ დავალების შესასრულებლად, ომის გამოკლებით, რომელსაც ტრადიცია აწესებს და რეალობა ასწავლის, რომ კაცის საქმეა, გოგონების ხელები ისევე გამოსადეგია, როგორც ბიჭების. შრომის ბაზარი გოგონებს ისევე ექცევა, როგორც ქალებს. მათ ყოველთვის უხდიან უფრო ნაკლებს, ვიდრე ბიჭებს – თუკი საერთოდ რამეს უხდიან.

პროსტიტუცია მთელ მსოფლიოში უამრავი გოგოს ხვედრია და უფრო ნაკლების, მაგრამ ბიჭებისაც. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 1997 წლის იუნისეფის მონაცემებით, აშშ-ში 100 000 ბავშვი ეწეოდა პროსტიტუციას. მაგრამ პროსტიტუციის მსხვერპლი ბავშვების სრული უმრავლესობა ამ სამუშაოში ჩართულია ბორდელებსა და ქუჩებში პლანეტის სამხრეთ ნაწილში. ეს მრავალმილიონიანი ინდუსტრია, თავისი ადამიანის მოვაჭრეთა, შუამავალთა, ტურისტულ სააგენტოთა და მყიდველთა ქსელებით, სკანდალურად ადვილად მუშაობს. ლათინურ ამერიკაში ეს ახალი არაა: ბავშვთა პროსტიტუცია აქ 1536 წელს დაიწყო, როცა პუერტო-რიკოში პირველი „ტოლერანტობის სახლი“ გაიხსნა. დღეისათვის ნახევარი მილიონი ბრაზილიელი გოგო ყიდის საკუთარ სხეულს – იმდენივე, რამდენიც ტაილანდში, მაგრამ იმაზე ნაკლები, ვიდრე ინდოეთში. კარიბის ზოგიერთ სანაპიროზე, სექს ტურიზმის ინდუსტრია ყიდის ქალწულებთან სექსსაც კი, მათზე, ვისაც საჭირო თანხის გადახდა შეუძლია. გოგოების რიცხვი, რომლებსაც სხეული გასაყიდად გამოაქვთ, სტაბილურად იზრდება: საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების თანახმად, ყოველ წელს სულ მცირე მილიონი გოგო ავსებს მათ რიგებს, ვინც საკუთარ სხეულს აწვდის ბაზარს.

გაქცევა/2
მეხიკოს ქუჩებში გოგო ყნოსავს ტოლუოლს, გამხსნელს, წებოს, და მისთ. როცა მას მღელვარება ტოვებს, ის ამბობს: „მე მომელანდა ეშმაკი, უფრო სწორად მე შევაღწიე ეშმაკში და მერე ზღვარზე ვიდექი, გადმოხტომა მინდოდა რვასართულიანი შენობიდან მაგრამ მერე მოლანდება გაქრა და ეშმაკმა დამტოვა. ყველაზე მეტად მომეწონა ერთი ჰალუცინაცია, როცა გვადალუპეს ღვთისმშობელი გამომეცხადა. მე ის ორჯერ მყავს ნანახი“.

ღატაკი ბავშვების რაოდენობა, რომლებიც შრომობენ თავიანთ სახლში ან სახლის გარეთ, თავიანთი ოჯახებისთვის თუ სხვისთვის, უთვალავია. ისინი შრომობენ კანონს გარეთ და სტატისტიკის მიღმა. დანარჩენები? ბევრი მათგანი უბრალოდ ნამატია, ბაზარს არ სჭირდება ისინი, არც არასდროს დასჭირდება. ისინი არ არიან მომგებიანნი და ვერასდროს გახდებიან. არსებული წესრიგის თვალსაზრისით, მათ სიცოცხლე დაიწყეს ჰაერის მოპარვით, რომელსაც სუნთქავენ, და მალე მოიპარავენ ყველაფერს, რასაც მათი ხელი მიწვდება. შიმშილი ან ტყვია შეამოკლებს მათ გზას აკვნიდან სასაფლაომდე. სისტემას, რომელსაც ეზიზღება მოხუცი, ეშინია ბავშვის. ასაკი მარცხია, უასაკობა – საფრთხე. უფრო მეტიც, ღარიბი ბავშვები „იბადებიან კრიმინალისკენ მიდრეკილების ტენდენციით“, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ. ისინი „ჭარბი მოსახლეობის“ ყველაზე საშიში კატეგორიაა. ბავშვი, როგორც საჯარო საფრთხე: „ახალგაზრდების ანტი სოციალური ქცევა ლათინურ ამერიკაში“ წლების განმავლობაში პან ამერიკული ბავშვთა კონგრესის მუდმივი თემაა. მთავრობებს და ამ საკითხის ზოგიერთ ექსპერტს ერთნაირად აკვიატებული აქვთ ეს ძალადობა, მანკიერება და სამარადჟამო კრულვა. თითოეული ბავშვი ელ ნინიოს საშიში დინებაა და ის უბედურება, რაც შეიძლება მან დაგვატეხოს თავს, წინასწარ უნდა აღიკვეთოს. პირველ სამხრეთ ამერიკულ პოლიციურ კონგრესზე, რომელიც მონტევიდეოში 1979 წელს ჩატარდა, კოლუმბიელმა დელეგატმა განმარტა, რომ „18 წლამდე მოსახლეობის სწრაფი ზრდა აუცილებლად გვაფიქრებინებს, რომ პოტენციურად დამნაშავე მოსახლეობის რაოდენობაც გაიზრდება.

ლათინო ამერიკულ ქვეყნებში ბაზრის ჰეგემონია არღვევს სოლიდარობის ჯაჭვს და ნაფლეთებად აქცევს სოციალურ ქსოვილს. რა ბედი ელით უქონელთ, არას მქონელთ, ქვეყნებში, სადაც საკუთრების ქონის უფლება ერთადერთ უფლებადაა ქცეული? რა ელით უქონელთა შვილებს? შიმშილი აიძულებს მრავალთ, იპარონ, იმათხოვრონ, ან ჩაერთონ პროსტიტუციაში. მომხმარებელი საზოგადოება შეურაცხყოფს მათ იმის შეთავაზებით რაც თავად აღარ ჭირდება და შემდეგ ისინი შურს იძიებენ, გაერთიანებულნი სიკვდილის გარდაუვალობით, რომელიც მათ ელოდება. იუნისეფის თანახმად, 1995 წელს 8 მილიონი მიტოვებული ბავშვი ცხოვრობდა ლათინო ამერიკული ქვეყნების ქუჩებში. Human Rights Watch-ის თანახმად, პოლიციასთან დაკავშირებული სიკვდილის ესკადრონები დღეში ექვს ბავშვს კლავდნენ კოლუმბიაში, ხოლო ოთხს – ბრაზილიაში.

უკიდერესობებს შორის არსებობს საშუალო. ფუფუნების პატიმრებსა და სიღატაკის ტუსაღებს შორის არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ არაფერზე ცოტათი მეტი, მაგრამ არ აქვთ ყველაფერი, რაც ჭირდებათ. ისინი სულ უფრო ნაკლებად თავისუფალნი არიან. „დაგვრთავენ არსებობის უფლებას თუ არ დაგვრთავენ – საკითხავი აი ეს არის“ – როგორც ესპანელ კომიკოსს, ჩუმი ჩუმესს უყვარდა თქმა. ამ ბავშვებს თავისუფლება ჩამორთმეული აქვთ საზოგადოებისგან, რომელიც ეთაყვანება წესრიგს, რადგან ეს ბავშვები ქმნიან უწესრიგობას. შიშის შიში: იატაკი ირყევა მათ ფეხქვეშ და უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. სტაბილურობა არასტაბილურია, სამუშაო ადგილები ორთქლდება, ფული ქრება. თვის ბოლომდე თავის გატანა გმირობის ტოლფასია. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, საშუალო კლასო“ – წერია ბილბორდზე ბუენოს აირესის ერთერთი ყველაზე ცუდი უბნის შესასვლელში. საშუალო კლასი ჯერ კიდევ ცხოვრობს როგორც თვითმარქვია, რომელიც თავს იკატუნებს, რომ ემორჩილება კანონს და ჯერა მისი, რომელიც თავს იკატუნებს, რომ აქვს მეტი, ვიდრე სინამდვილეში აქვს.

მაგრამ აქამდე მათთვის ასეთი რთული არ ყოფილა ამ დამქანცველ ფარსში მონაწილეობა. ვალისგან სულშეხუთული და შიშისგან პარალიზებული საშუალო კლასი შვილებს პანიკაში ზრდის. ცხოვრების შიში, დაცემის შიში, სამსახურის დაკარგვის შიში, მანქანის დაკარგვის შიში, ქონების დაკარგვის შიში. შიში, რომ არასდროს ექნებათ ის, რისი ქონაც აუცილებელია არსებობისთვის.

ფართოდ გავრცელებულ მოთხოვნაში საჯარო უსაფრთხოების, რომელსაც ფარული კრიმინალური მონსტრები საფრთხეს უქმნიან, საშუალო კლასის წარმომადგენლების ხმა ყველაზე მკაფიოდ ისმის. ისინი იცავენ წესრიგს ისე, თითქოს თავად იყვნენ ამ წესრიგის ბატონ პატრონები. თუმცა სინამდვილეში ისინი უბრალოდ არენდატორები არიან, რომლებიც ძლივს აუდიან ქირის გადახდას და მუდმივად გამოსახლების საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

და ყრუც შეისმენს

მსოფლიოში მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა იზრდება. ყოველ წელს ხუთ წლამდე ასაკის თორმეტი მილიონი ბავშვი კვდება დიარეით, ანემიით და შიმშილით გამოწვეული სხვა დაავადებებით. იუნისეფის 1998 წლის ანგარიში გვეუბნება, რომ ბავშვთა შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლა „მსოფლიოს უმთავრეს პრიორიტეტად იქცა“. ამისათვის კი ანგარიში მიმართავს ერთადერთ არგუმენტს, რომელიც ჩანს რომ დღეისთვის მუშაობს: „ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა რაციონში ზოგიერთ ქვეყანას მთლიანი ეროვნული შემოსავლის 5%-ზე მეტი უჯდება სიკვდიალიანობის, უნარშეზღუდულების რაოდენობისა და პროდუქტულობის დონის შემცირების გამო“.

ტერორის ხაფანგში მოხვედრილი სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი განწირულია დამამცირებელი სამუდამო პატიმრობისთვის. მომავლის ქალაქში, რომელიც აწმყოს ქალაქი ხდება, ტელებავშვები ტელეძიძების მეთვალყურეობის ქვეშ დაათვალიერებენ ქუჩებს მათი ტელესახლების ფანჯრებიდან: ქუჩა, რომელიც უზომო მადლობას უხდის ძალადობას და შიშს, ქუჩა სადაც ცხოვრების სახიფათო და ხანდახან განსაცვიფრებელ სანახაობას ვადევნებთ თვალს.

 


 

 

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,გლობალური გამოწვევების პოლიტეკონომია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით

გაზიარება

მსგავსი პოსტები