მაგალითებით სწავლება

წიგნიდან ,,თავდაყირა”

ედუარდო გალეანო

თარგმნა გიორგი ხასაიამ

სარკე-სკოლა ყველაზე დემოკრატიული საგანმანათლებლო ინსტიტუციაა. აქ არ არის მისაღები გამოცდები, დარეგისტრირებაში ფულს არ იხდით, ხოლო კურსები უფასოა ყველასთვის და ყველგან მთელ დედამიწაზე და ასევე ცათა შინა. შემთხვევითი ამბავი არაა, რომ ეს სკოლა პირმშოა პირველი სისტემის, რომელიც სამყაროს სამართავად შეიქმნა.

სარკე-სკოლაში ტყვია სწავლობს ცურვას და საცობი ჩაძირვას. გველები ფრენას სწავლობენ, ხოლო ღრუბლები მიწაზე დაბობღავენ.

წარმატების ნიმუშები

თავდაყირა მდგარი სამყარო აჯილდოვებს შებრუნებულად: მას ძულს პატიოსნება, სჯის შრომისთვის, აჯილდოვებს სინდისის ქენჯნის ნაკლებობისთვის და კვებავს კანიბალიზმს. მისი პროფესორები ცილს სწამებენ ბუნებას: უსამართლობა, ამბობენ ისინი, ბუნების კანონია. მილტონ ფრიდმანი გვასწავლის რომ არსებობს „უმუშევრობის ბუნებრივი დონე“. რიჩარდ ჰერნსტაინისა და ჩარლზ მიურეისგან კი ვსწავლობთ, რომ შავკანიანი სოციალური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე იმიტომ რჩება, რომ ასეთია „ბუნების“ კანონი. ჯონ დ. როკფელერის ლექციებიდან ვიცით, რომ მისი წარმატება განაპირობა ფაქტმა, რომ „ბუნება“ აჯილდოვებს უძლიერესს, ხოლო სჯის უსარგებლოს: საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, სამყაროს მეპატრონეებს კვლავ ჯერათ, რომ ჩარლზ დარვინმა თავისი წიგნები მათ განსადიდებლად დაწერა.

ძლიერის გადარჩენა? „მკვლელის ინსტინქტი“ ძირითადი ინგრედიენტია, ადამიანური სათნოებაა, როცა ის დიდ კომპანიებს ეხმარება მოინელონ პატარები და ძლიერ ქვეყნებს – შთანთქან სუსტები, მაგრამ სიმხეცის სამხილია როცა რომელიმე უმუშევარი ახალგაზრდა დანით ხელში სირბილს იწყებს. მათ, ვისაც „ანტისოციალური პათოლოგია“ შეეყარა – შეშლილობა, რომელიც ყველა ღარიბ ადამიანს ტანჯავს, შთაგონება უნდა იპოვონ კარგი ჯანმრთელობის ნიმუშებში, რომელსაც წარმატებულები გამოფენენ. დაბალი ფენები თავიანთ უნარებს იძენენ მაღლა მდგომთათვის მზერის მიპყრობით. ისინი სწავლობენ მოგებულთა მაგალითებს და აკეთებენ ყველაფერს რომ მათ შესატყვისად იცხოვრონ. მაგრამ „შეჩვენებული ყოველთვის შეჩვენებულად დარჩება“, როგორც დონ ემილიო აზკარაგას, მეხიკოს ტელევიზიის მფლობელს და ბატონს უყვარდა თქმა. შანსი, რომ ბანკირი რომელიც ძარცვავას ბანკს, მშვიდად დატკბება მისი შრომის ნაყოფით,პირდაპირპროპორციულია შანსისა, რომ თაღლითი რომელიც ძარცვავს ბანკს, ციხეში აღმოჩნდება, ან სასაფლაოზე.

როცა კრიმინალი კლავს ვინმეს გაუსტუმრებელი ვალისთვის, სასჯელს „ანგარიშის გასწორება“ ქვია. როცა საერთაშორისო ტექნოკრატია ანგარიშს ასწორებს მოვალე ქვეყანასთან, სასჯელს „კორექტირების გეგმას“ ეძახიან. ფინანსური ზედამხედველები იტაცებენ ქვეყნებს და ბოლომდე წურავენ მათ მაშინაც კი, როცა ეს ქვეყნები გამოსასყიდს იხდიან: შედარებისთვის, ბანდიტების უმეტესობა დღის შუქზე ისეთივე საშიშები არიან, როგორც დრაკულა. მსოფლიო ეკონომიკა ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე ეფექტური ნაირსახეობაა. საერთაშორისო გვამები, რომლებიც აკონტროლებენ ფულის მიმოქცევას, ვაჭრობას და კრედიტების პრაქტიკის საერთაშორისო ტერორიზმს ღარიბი ქვეყნების წინააღმდეგ, და ყველა ქვეყნის ღარიბების წინააღმდეგ, ამას ისეთი ცივსისხლიანი პროფესიონალიზმით აკეთებენ, რომ საუკეთესო ბომბის დამშენებსაც კი გააწითლებდა.

მოტყუების ხელოვნება, რომელსაც თაღლითები მიმართავენ, როცა ქუჩაში გულუბრყვილოებს აედევნებიან, თავის სიდიადეს მაშინ აღწევს, როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი თავისი ნიჭის საქმეში გამოვლენას იწყებს. სამყაროს პერიფერიულ ქვეყნებში, ამ ქვეყნების მეთაურები თავიანთი ქვეყნის ნარჩენებს უმცირეს ფასად ყიდიან, ზუსტად ისე, როგორც ქალაქის გარეუბნებში კრიმინალები თავიანთ ნადავლს არაქისში ცვლიან.

დაქირავებული აღმსრულებლები იგივე სამუშაოს ასრულებენ, თუმცა საცალოდ, რასაც გენერლები, რომელთა საბითუმო დანაშაულებები დიად საქმეებად ცხადდება. ჯიბგირები, რომლებიც ქუჩის კუთხეში იმალებიან, ახორციელებენ დაბალტექნოლოგიურ ვერსიას სპეკულანტების ხელოვნების, რომლებიც კომპიუტერების მეშვეობით მილიონობით ადამიანს ძარცვავენ.

ბუნების ყველაზე უარესი გამანადგურებლები და ადამიანის უფლებების ყველაზე უხეში დამრღვევები არასდროს მიდიან ციხეში. გასაღებები მათ ხელშია. მსოფლიოში,რომელიც სარკე-მსოფლიოა, ქვეყნები, რომლებიც მშვიდობას იცავენ, იმავდროულად იარაღის ყველაზე დიდი მწარმოებლები და გამყიდველები არიან. ყველაზე პრესტიჟული ბანკები ნარკოტიკების გასაღებით მიღებულ ყველაზე მეტ ფულს რეცხავენ და ყველაზე მეტ მოპარულ ფულს ინახავენ. ყველაზე წარმატებული ინდუსტრიები პლანეტის ყველაზე დიდი დამბინძურებლები არიან. და გარემოს დაცვა ბრწყინვალე მიზანია იმავე კომპანიების, რომლებიც მისი განადგურებით მოგებას ნახულობენ. ისინი ვინც უმოკლეს დროში ყველაზე მეტ ადამიანს კლავს, იმუნიტეტს და ქებას მოიხვეჭს. ასევე ისინიც, ვინც ბუნების უფრო მეტ ნაწილს გაანადგურებს ყველაზე დაბალ ფასად.

სეირნობა რისკია და სუნთქვა – გამოწვევა სარკე-მსოფლიოს დიდ ქალაქებში. ვინც საჭიროებების (პირველადი საჭიროებების ნივთების არქონის) ტყვე არ არის, ის შიშის ტყვეობაშია. ტანჯავთ უძილობა, რადგან შფოთავენ საგნების გამო, რომელიც არ აქვთ, ან იმ საგნების დაკარგვის შიშით არიან დამფრთხალები, რომელსაც ფლობენ. სარკე-მსოფლიო გვასწავლის, რომ მეზობელი საფრთხედ უნდა აღვიქვათ და არა იმედად. ის გვწირავს მარტოობისთვის და გვანუგეშებს ნარკოტიკებითა და კიბერ მეგობრებით. ჩვენ მოგვესაჯა შიმშილით, შიშით, ან მოწყენილობით სიკვდილი – თუ მანამდე ბრმა ტყვიამ არ მოგვიღო ბოლო.

ამ ტარგიკულ დასასრულთა შორის თავისუფალი არჩევანი, ხომ არ იქცა ჩვენთვის მონიჭებულ ერთადერთ თავისუფლებად? სარკე-სკოლა გვასწავლის ვიტანჯოთ ცხოვრებით და არა შევცვალოთ იგი. დავივიწყოთ წარსული და არა ვისწავლოთ მისგან. მივიღოთ მომავალი, და არა გამოვიგონოთ. მისი დანაშაულებრივი სწავლების დარბაზებში იმპოტენცია, ამნეზია და მორჩილება სავალდებულო კურსებია. თუმცა, შესაძლოა – ვინ იცის – ისევე, როგორც უღირსობა ვერ იქნება ღირსების გარეშე, არც სკოლა იქნება , რომელიც არ ბადებს კონტრ-სკოლას.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის ,,გლობალური გამოწვევების პოლიტეკონომია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით

Share This Story, Choose Your Platform!