მარკ ფიშერის პოპულარული მოდერნიზმი

მარკ ფიშერის პოპულარული მოდერნიზმი

ფიბი ბრეითვეითი

ინგლისურიდან თარგმნა მარიამ პაიჭაძემ.

მარკ ფიშერი ოთხი წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა სოციალისტური მომავლის მისეული ხედვა დღესაც აგრძელებს არსებობას.

მარკ ფიშერის შემოქმედების საფუძველში ვხვდებით იმას, რასაც მან „პოპულარული მოდერნიზმი“ უწოდა. ამ ტერმინში იგულისხმა იმგვარი კულტურა, რომელიც განზე გადგა როგორც ექსპერიმენტალურობისგან, ისე მეინსტრიმისგან, რაც ყველაზე ხშირად მუსიკაში გვხვდება. რამდენადაც პოპულარული კულტურის ნაწილია, ამგვარ ნამუშევარს მოეთხოვება იყოს სრულად გასაგები, ანადგურებდეს წარსულ ფორმებს, და მოდერნისტულის კვალდაკვალ ქმნიდეს მას ახალ იმპერატივად. როგორც იდეა, ეს ამყარება მტკიცებას, რომ ყველაზე საინტერესო ომისშემდგომი კულტურა განვითარდა კეთილდღეობის სახელმწიფოს აღმავლობის პირობებში და მას ქმნიდნენ მუნიციპალური სახელოვნებო სკოლებისა და უმაღლესი განათლების გრანტების მქონე სტუდენტები.

ფიშერის მტკიცებით, პოპ მოდერნიზმი განასახიერებდა შესაძლებლობის განცდას, რომელიც ბოლომდე არასდროს აღდგენილა იმ ჯიქური თავდასხმის შემდეგ, რომელიც მან 1980-იან წლებში გადაიტანა. ამასთანავე, ფიშერი სულაც არ უგულვებელყოფდა თანამედროვე პოპ მუსიკას: იგი აქებდა როგორც „სევდას“ და „ამბივალენტურობას“ რიანას ადრეულ შემოქმედებაში, ასევე „ეგზისტენციალიზმს“ დაიდოს (Dido) მუსიკაში. მიუხედავად იმისა, რომ თავისთვის ბუნებრივი მდგომარეობა პოლემიკაში ჰპოვა, მისიძირითადი სამუშაო ალტერნატიული რეალობების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება იყო – ფორმის შთაბერვა იმ დაკარგული მომავლებისთვის, რომლებითაც ჩვენი აწმყოა მოცული. ახალი, 800-გვერდიანი წიგნი K-PUNK გამომცემლობა Repeater-სგან, რომელიც ფიშერმა თარიქ გოდართან ერთად შექმნა Zer0 books-დან წამოსვლის შემდეგ, აერთიანებს გამოუქვეყნებელ ნაწერებს, ინტერვიუებსა და ბლოგებს 2004-დან 2016 წლამდე და ასევე, ცდილობს გაგვაცნოს იმ ადამიანის ნააზრევი, რომლის გარდაცვალებაც 2017 წლის იანვარში ყველაზე დიდ დანაკარგად იქცა ბრიტანეთის ინტელექტუალური წრისთვის.

ამ ნაწარმოებს თან გასდევს „სიამოვნების პრინციპს მიღმა გასვლის“ ფიშერისეული ფილოსოფია. როგორც იგი აღწერს თავის ერთ-ერთ, ბევრისთვის საყვარელ, მოკლე წიგნში „კაპიტალისტური რეალიზმი,“ ჩვენ დატყვევებულნი ვართ „დეპრესიული ჰედონიზმის“ მდგომარეობაში: არა „სიამოვნების მიღების შეუძლებლობაში“, არამედ „სიამოვნების მიღწევის გარდა, ნებისმიერი სხვა რამის კეთების შეუძლებლობაში“. ანთოლოგიაში წარმოდგენილი ნაშრომები იკვლევს ამ ფენომენს სხვადასხვა ხელოვნების ფორმების, ჟანრების და ცხოვრების წესების მიხედვით – იქნება ეს ჰიპ-ჰოპი, ნეო-ნოარი, თუ სხვა და ეს ხდება იმგვარი სტილით, რომელიც აკავშირებს კრიტიკულ მიდგომას მწყობრ, ეკლექტურ ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობასთან. ფიშერი ამტკიცებდა, რომ თეორია ყოველდღიური ცხოვრების ანალიზისთვის უნდა იქნას გამოყენებული. მისი ნამუშევრები განსაზღვურლია ანალიზის ამ მეთოდების დაუფლების შედეგად მიღებული თავისუფლების მძლავრი გრძნობით. ფიშერი ამ კულტურას 1980-იანი წლების მუსიკალური ჟურნალისტიკისგან ეზიარა. „არავითარი სენტიმენტალური ისტორიები,“ წერს იგი, „თუმცა, ამასთანავე, ჩემი წარმომავლობის მქონე ადამიანისთვის რთულია იმის განსაზღვრა, სხვა საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს ინტერესი.“ მის ნაწერებს ახასიათებთ სისტემის, მისი მთელი არქიტექტურის, სისრულეში მოყვანის შეგრძნება, თითოეული ნაწერი გამოხატავს შესაძლებლობას დაადგინოს თავისისაყრდენები და საზღვრები.

ფიშერი აქცენტს აკეთებდა ყოველდღიურობაზე, რაც მას ბირმინგემის სკოლისა და კულტურის კვლევების იმ ტრადიციების გვერდით აყენებს, რომლებსაც ატარებდნენ რიჩარგ ჰოგარტი და სტიუარდ ჰოლი, რომლებიც 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში წყალგამყოფ ზღვარს წამოადგენდნენ მაღალფარდოვან თეორიებსა და იმ გრძნობებსა და მოვლენებს შორის, რომლებზე ლაპარაკის პრეტენზიაც ამ თეორიებს ჰქონდათ. მათ მსგავსად, ფიშერსაც ესმოდა რომ ეს არ იყო მხოლოდ საპროტესტო სიმღერები, რომლებიც პოლიტიკურ შინაარს შეიცავდა. თუმცა, თავის მხრივ, ფიშერმა ხმა აიმაღლა აკადემიური წრისა და ამ წრით განპირობებული საკითხის დასმის უემოციო მანერის წინააღმდეგ. იგი იმედგაცრუებული იყო აკადემიური მემარცხენეობითა და მისი დოგმატური ერთგულებით კვაზი-მარქსისტული „თეოლოგიის” მიმართ.

ბლოგების წერა ერთგვარ სულის მოთქმად იქცა ამ მაღალფარდოვნებისგან. 1999 წელს ფიშერმა დაამთავრა ფილოსოფიის დოქტორანტურა ვარვიკის უნივერსიტეტში. 5 წლის შემდეგ, ბლოგების წერის დაწყებისას და საკუთარი თავის k-punk-ად გამოცხადებისას, მან თავისი ურთიერთობა აკადემიასთან დაახასიათა როგორც „უჰ, რთული.“ „სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა გიბიძგებს აზრისკენ, რომ არცერთ თემაზე არაფრის თქმა არ შეგიძლია, სანამ არ წაიკითხავ ყველა შესაძლო ავტორიტეტულ აზრს… ბლოგერობა იყო საშუალება ისევ დავბრუნებოდი სერიოზულ მწერლობას,“ აღწერს ფიშერი თავის ინტერვიუში როუან უილსონთან 2010 წელს. k-punk-მა, ცხადია, შექმნა თავის გარშემო საზოგადოება და იქცა ონლაინ ურთიერთკავშირის კერად 2000-იანებში ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი ტექნო-იდეალიზმის სულისკვეთებით.

ახალი ტომი შეიცავს აქამდე გამოუქვეყნებელ შესავალს წიგნისთვის Acid communism, რომელზეც ფიშერი მუშაობდა. ბრექსიტით, ტრამპის მმართველობითა და ონლაინ-ინტერაქციის სასტიკი ბუნებით, ისევე როგორც არსებული კონიუნქტურის სისასტიკით შეშფოთებული ფიშერი შეკავშირების ახალ გზებს ეძებდა. მან აღორძინების ლოტუსად მოულოდნელად აირჩია 1960-იანი წლების ფსიქოდელიური კონტრკულტურის მიერ თავიდან აცილებული უტოპიზმი. იგი იმედოვნებდა რომ ამ სახის ცნობიერებაში იპოვიდა საშუალებებს გადალახულიყო არა მხოლოდ ნეოლიბერალიზმის, არამედ „ავტორიტარული მემარცხენეობის“ მემკვიდრეობა, რომელმაც 70-იან წლებში ეს ექსპერიმენტები გაანეიტრალა.

ამ პროექტის წინამორბედებად ფიშერი ხედავდა სტიუარტ ჰოლსა და „ახალი მემარცხენეების“ (New Left) მოძრაობას: „სოციალიზმი, რომელიც სურდა ჰოლს, სოციალიზმი, რომელსაც მაილს დევისის მუსიკაში მოსმენილი სურვილებსა და ოცნებებთან დიალოგში ყოფნა შეეძლო, ჯერ კიდევ არ შექმნილა და მის აღმოცენებას ხელს უშლიდნენ როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ფიგურები”, წერს ფიშერი. საბოლოო მიზანი ერთმანეთთან ურთიერთობის ახალი გზების წარმოდგენა იყო. „მარცხენა ფლანგი ამას დიდი ხნის მანძილზე არასწორად ვაკეთებდით“, წერს იგი: საქმე იმაში კი არაა, რომ ჩვენ ვართ კაპიტალიზმის წინააღმდეგ, არამედ იმაში, რომ კაპიტალიზმი არის ჩვენ წინააღმდეგ. მხოლოდ ჩვენი წარმოების, ზრუნვისა და სიამოვნების მიღების კოლექტიური შესაძლებლობების „არდავიწყებით“ შევძლებთ მის გადალახვას.

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,გლობალური გამოწვევების პოლიტეკონომია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.