გაეცანით ნაწყვეტს კარლ პოლანის წიგნიდან ,,დიდი ტრანსფორმაცია”.

თავი 6: თვითრეგულირებადი ბაზარი და ფიქტიური საქონლები: შრომა, მიწა და ფული

ეკონომიკური სისტემისა და ბაზრების ეს ცალკეული კონტურები გვიჩვენებენ, რომ ისტორიულად, დღემდე, ბაზრები არასდროს ყოფილან ეკონომიკური ცხოვრების აქსესუარებზე უფრო მეტი მნიშვნელობის მქონენი. როგორც წესი, ეკონომიკური სისტემა, ყოველთვის სოციალური სისტემის ნაწილი იყო, ხოლო ქცევის რა პრინციპიც დომინირებდა ეკონომიკაში, საბაზრო ქცევაც მასთან შესაბამისობაში იყო. ბარტერის ან გაცვლის პრინციპი, რომელიც საბაზრო ქცევას ედო საფუძვლად, არ ააშკარავებდა გაფართოების რაიმე ტენდენციას სხვა სივრცეებში შეჭრის ხარჯზე. იქ, სადაც ბაზრები ყველაზე მეტად იყო განვითარებული – როგორც მაგალითად მერკანტილურ სისტემაში – ისინი ვითარდებოდნენ ცენტრალიზებული ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ, რაც ახალისებდა ავტარქიას როგორც გლეხთა შინამეურნეობებში, ისე ქვეყნის ცხოვრებაშიც. ფაქტობრივად, რეგულაცია და ბაზრები ერთდროულად განვითარდნენ. თვითრეგულირებადი ბაზარი უცნობი ფენომენი იყო: მართლაც, თვითრეგულირებადი ბაზრის იდეის აღმოცენება განვითარების ტენდენციის მთლიან შემობრუნებას წარმოადგენდა. იმ უცნაური დაშვებების სიღრმისეული გაგება, რომლებიც საფუძვლად უდევს საბაზრო ეკონომიკას, სწორედ ამ ფაქტების საშუალებით არის შესაძლებელი.

საბაზრო ეკონომიკა ის ეკონომიკური სისტემაა, რომელიც კონტროლდება, რეგულირდება და იმართება საბაზრო ფასების მიერ; ამ სისტემაში, წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესის ორგანიზება მინდობილია თვითრეგულირებად მექანიზმზე. ასეთი ტიპის ეკონომიკა მიიღება მოლოდინისგან, რომ ადამიანების ქცევას მაქსიმალური ფულადი მოგებისაკენ სწრაფვა განაპირობებს. ამ ეკონომიკის არსებობა ეფუძნება ისეთი ბაზრების არსებობის ვარაუდს, რომელშიც საქონლისა და სერვისების განსაზღვრულ ფასში მიწოდება, უთანაბრდება მოთხოვნას იმავე ფასში. ის ვარაუდობს ფულის არსებობას, რომელიც მსყიდველუნარიანობის ფუნქციას ანიჭებს ფულის მფლობელებს. ამდენად, წარმოება აქ გაკონტროლდება ფასებით, ხოლო წარმოების პროცესის განმკარგველთა მოგება დამოკიდებული იქნება სწორედ ამ ფასებზე; საქონლის დისტრიბუციაც ფასებზე იქნება დამოკიდებული, ვინაიდან სწორედ ფასები წარმოქმნიან ხელფასებს, ხოლო სწორედ ამ ხელფასების დახმარებით მოხდება ნაწარმოები საქონლის დისტრიბუცია საზოგადოების წევრთა შორის. ამ ვარაუდების მიხედვით, საქონლის წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში წესრიგს მხოლოდ ფასები უზრუნველყოფენ.

თვითრეგულირება გულისხმობს, რომ ბაზარზე ნებისმიერი პროდუქცია იყიდება, და რომ ყველა ტიპის შემოსავალი ასეთი გაყიდვებისგან არის ნაწარმოები. შესაბამისად, არსებობს ბაზრები არა მხოლოდ საქონლისა და სერვისებისათვის, არამედ ინდუსტრიის ყველა ელემენტის, მათ შორის, შრომის, მიწისა და ფულისათვის. მათ ფასებს, კი შესაბამისად, უწოდებენ სასაქონლე ფასებს: ხელფასის, ქირისა, და პროცენტის გადასახადს. სწორედ ეს ტერმინები მიუთითებენ, რომ ფასები წარმოქმნიან  შემოსავლებს: პროცენტი არის ფულის გამოყენებისათვის გადახდილი ფასი და ქმნის შემოსავალს მათთვის, ვისაც ფულის მოწოდება შეუძლია; ქირა არის მიწის გამოყენების ფასი და შემოსავალს მათთვის ქმნის, ვისაც ბაზარზე მისი გამოტანა შეუძლია; ხოლო ხელფასი არის შრომის ძალის გამოყენების ფასი, და წარმოქმნის მათ შემოსავალს, ვინც შრომას ყიდის. საბოლოდ კი საქონლის ფასები მათ შემოსავლებს ქმნიან, ვინც საკუთარ სამეწარმეო სერვისებს ყიდიან. შემოსავალი კი აქ ნიშნავს მოგებას, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს განსხვავებას ორგვარ ფასს – წარმოებული საქონლის ფასსა და მის ხარჯს – ანუ იმ საქონლის ფასს შორის, რომელიც მის საწარმოებლად იყო საჭირო. თუ ეს წინაპირობები სრულდება, მაშინ ყველა არსებული შემოსავალი მიიღება ბაზარზე გაყიდვებისაგან, ხოლო შემოსავლები მხოლოდ იმისათვის იქნება საკმარისი, რომ მისით წარმოებული საქონლის შესყიდვა მოხდეს.

არსებობს ვარაუდების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც უკვე სახელმწიფოსა და მის პოლიტიკას შეეხება. ამ ვარაუდების მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან, ისეთი არაფერი უნდა იქნას დაშვებული, რაც ბაზრების ჩამოყალიბებას დააბრკოლებს; ამასთან,  გაყიდვების გარდა სხვა ტიპის შემოსავლების არსებობა არ უნდა იქნას ნებადართული; გარდა ამისა, საბაზრო პირობების ცვლილების შემთხვევაში, ფასებისდასარეგულირებლად – იქნება ეს  საქონლის, შრომის, მიწისა თუ ფულის ფასი – არანაირი ჩარევა არ უნდა განხორციელდეს. ამდენად, არა მხოლოდ ბაზრები უნდა არსებობდეს ინდუსტრიის ყველა ელემენტისათვის, არამედ ნებისმიერი იმგვარი ზომისა თუ პოლიტიკის განხორციელება არ უნდა იქნასნებადართული, რომლებიც ამ ბაზრების ქმედებაზე გავლენას მოახდენდნენ. არც ფასი, არც მიწოდება, და არც მოთხოვნა, არ უნდა იყოს ფიქსირებული ან რეგულირებული; ასეთი ვარაუდების მიხედვით, მხოლოდ იმგვარი პოლიტიკებისა თუ ზომების არსებობაა ნებადართული, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზრების თვითრეგულირებას. ეს კი, თავის მხრივ, ისეთი პირობების შექმნით უნდა მოხდეს, რომლებიც ბაზარს ეკონომიკურ სფეროში ერთადერთ მაორგანიზებელ ძალად აქცევს[1].

იმისათვის, რათა სრულყოფილად გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს ეს, მოდით ცოტა ხნით დავუბრუნდეთ მერკანტილურ სისტემას და ეროვნულ ბაზრებს, რომლებიც მერკანტილუმა სისტემამ საკმაოდ განავითარა. ფეოდალიზმისა და გილდიების სისტემაში, მიწა და შრომა თავად სოციალური მოწყობის ნაწილი იყო (ფული ამ დროისათვის, ჯერ კიდევ არ იყო ინდუსტრიის ელემენტად ჩამოყალიბებული). მიწა, რომელიც ფეოდალური წესრიგის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენდა, იყო სამხედრო, სასამართლო, ადმინისტრაციული და პოლიტიკური სისტემის საყრდენი: მისი სტატუსი და ფუნქცია განსაზღვრული იყო სამართლებრივი და ჩვეულებითი კანონებითა და წესებით. ის, თუ რამდენად შეიძლებოდა მისი საკუთრებად გადაცემა სხვაზე, და თუ ეს შეიძლებოდა მაშინ რა შეზღუდვებით, საკუთრების რა უფლებებით, და მიწის რა დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობით – ყველა ეს შეკითხვა ყიდვა-გაყიდვის მსგავსი ორგანიზების საკითხებიდან ამოღებული იყო და ისინი სრულიად განსხვავებული ტიპის ინსტიტუციურ რეგულაციებს ექვემდებარებოდნენ.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ შრომაზეც. გილდიების სისტემაში, ისევე როგორც ისტორიაში არსებულ ყველა სხვა ეკონომიკურ სისტემაში, საწარმოო ქმედებების მოტივები და გარემოებები გადაჯაჭვული იყო საზოგადოების ზოგადი ორგანიზების წესთან: ურთიერთობები ოსტატს, შეგირდსა და მაშინდელ დაქირავებულ კვალიფიციურ მუშაკს შორის (ე.წ. journeyman), ხელობის პირობები, შეგირდთა რაოდენობა, მშრომელთა ხელფასები –  ყველაფერი ეს წესრიგდებოდა გილდიისა თუ ქალაქის წესისა და ჩვეულების მიხედვით. მერკანტილურმა სისტემამ, იქამდე არსებულ ამგვარ პირობებს მხოლოდ თავი მოუყარა და გააერთიანა, როგორც ეს ინგლისში მოხდა მაგალითად „ერთიან კანონთა კრებულის“ შემოღებით, ხოლო საფრანგეთში გილდიების „ნაციონალიზაციით.“ 1789 წლის დიდ რევოლუციამდე, საფრანგეთში მიწების ფლობა სოცალური პრივილეგიების წყაროს წარმოადგენდა ხოლო ინგლისში კი ამ პერიოდის შემდეგაც კი, „ინგლისის საერთო სამართალი“ მიწის საკითხში დიდწილად შუასაუკუნობრივი იყო. მერკანტილიზმს, მიუხედავად მთელი თავისი მიდრეკილებისა კომერციალიზაციისაკენ, არასოდეს დაუყენებია საფრთხის ქვეშ ის გარანტიები, რომლებიც წარმოების ამ ორ საბაზისო ელემენტს – მიწასა და შრომას – კომერციის ობიექტებად გახდომისაგან იცავდნენ. ინგლისში, „ხელოსანთა კანონისა“ (1563), და „ღარიბთა კანონის“ (1601) მეშვეობით განხორციელებულმა შრომის კანონმდებლობის „ნაციონალიზაციამ,” შრომა საშიში ზონიდან გაიყვანა. გარდა ამისა, ტიუდორებისა და ადრეული ხანის სტიუარტების მიწის შემოღობვის საწინააღმდეგო პოლიტიკაც მოგების მიზნით მიწის საკუთრების გამოყენების პრინციპის წინააღმდეგ მიმართული ერთი თანმიმდევრული პროტესტი იყო.

მერკანტილიზმმა რომ ინდუსტრიაში სახელმწიფო ჩარევა გაზარდა, ამ ფაქტიდან ყველაზე მკაფიოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ეს სისტემა, მიუხედავად მისი ემპათიური და დაჟინებული სწრაფვისა კომერციალიზაციისაკენ, როგორც ეროვნული პოლიტიკისაკენ, ბაზრების შესახებ საბაზრო ეკონომიკისაგან სრულიად საწინააღმდეგოს ფიქრობდა. ამ პერიოდში, დიდი განსხვავება არ იყო მერკანტილისტებსა და ფეოდალებს შორის, სამეფო გვირგვინიან დამგეგმარებლებსა და კერძო ინტერესებს შორის, ცენტრალიზაციის განმახორციელებელ ბიუროკრატებსა და კონსერვატიულ პარტიკულარისტებს შორის. მათ შორის უთანხმოება მხოლოდ რეგულაციის მეთოდებზე იყო: გილდიები, ქალაქები, და პროვინციები მიმართავდნენ ჩვეულებისა და ტრადიციის ძალას, მაშინ როდესაც ახალი სახელმწიფო ხელისუფალნი უპირატესობას კანონებსა და დადგენილებებს ანიჭებდნენ. თუმცა, ყველანი ერთნაირად ეწინააღმდეგებოდნენ შრომისა და მიწის კომერციალიზაციის იდეას – ანუ იდეას, რომელიც საბაზრო ეკონომიკის წინაპირობა იქნებოდა. ხელოსანთა გილდიები და ფეოდალური პრივილეგიები საფრანგეთში მხოლოდ 1790 წელს გაუქმდა; ინგლისში  „ხელოსანთა კანონი“ მხოლოდ 1813-14 წლებში ანულირდა,ხოლო „ელიზაბეტის ღარიბთა კანონი“ კი – 1834 წელს. მეთვრამეტე საუკუნის ბოლო ათწლეულამდე, არც ერთ ქვეყანაში, შრომის თავისუფალი ბაზრის შექმნა არც კი განიხილებოდა, ხოლო ეკონომიკური ცხოვრების თვითრეგულირება ამ ეპოქის თვალსაწიერში საერთოდ არ იყო. მერკანტილისტს ვაჭრობისა და კომერციის საშუალებით ქვეყნის რესურსების განვითარება აინტერესებდა, მათ შორის სრული დასაქმებაც. მიწისა და შრომის ტრადიციულ ორგანიზებას ის არსებულ მოცემულობად აღიქვამდა. ამ თვალსაზრისით, ის აქაც ისევე დაშორებული იყო თანამედროვე კონცეფციებს, როგორც პოლიტიკის სფეროში: პოლიტიკაში მას განმანათლებელი დესპოტის აბსოლუტური ძალაუფლების სწამდა და ამ რწმენას სრულიად არ ამსუბუქებდა დემოკრატიის დათქმები. და ისევე, როგორც დემოკრატიულ სისტემასა და წარმომადგენლობით პოლიტიკაზე გადასვლამ ეპოქის ტენდენციების სრული შემობრუნება განაპირობა, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსათვის, რეგულირებულიდან თვითრეგულირებად ბაზრებზე გადასვლა წარმოადგენდა საზოგადოებრივი სტრუქტურის სრულ ტრანსფორმაციას.

თვითრეგულირებადი ბაზარი, არც მეტი და არც ნაკლები, მოითხოვს, საზოგადოების ინსტიტუციურ გაყოფას ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებად. ასეთი დიქოტომია, საზოგადოების, როგორც ერთი მთლიანობის პერსპექტივიდან, ფაქტობრივად,  თვითრეგულირებადი ბაზრის არსებობის ხელახალი გაცხადებაა. შესაძლოა ვამტკიცოთ, რომ ამ ორი სფეროს განცალკევება ყველა დროისა და ტიპის საზოგადოებაში გვხვდება. თუმცა, ასეთი დასკვნა მცდარ წარმოდგენაზე იქნება დაფუძნებული. ის კი მართალია, რომ ვერც ერთი საზოგადოება ვერ იარსებებს რაიმე ტიპის იმგვარი სისტემის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფდა წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესის ორგანიზებას. მაგრამ ეს არ გულისხმობს ეკონომიკური ინსტიტუტების გამიჯვნას; როგორც წესი, ეკონომიკური წესრიგი სოციალური წესრიგის ფუნქციას წარმოადგენს. როგორც ვნახეთ, არც ტრაიბალურ, არც ფეოდალურ, და არც მერკანტილურ პირობებში, საზოგადოებაში არ არსებობდა ცალკე ეკონომიკური სისტემა. მეცხრამეტე საუკუნის საზოგადოება, რომელშიც ეკონომიკური ქმედება გაიმიჯნა ცალკეული ეკონომიკური მოტივით, ამ მხრივ, წარმოადგენდა ერთადერთ გამონაკლისს.

ასეთი ინსტიტუციური მოწყობა ვერ იფუნქციონირებდა სისტემის მოთხოვნებისამი საზოგადოების დამორჩილების გარეშე. საბაზრო ეკონომიკის არსებობა მხოლოდ საბაზრო საზოგადოებაშია შესაძლებელი. ამ ზოგადი დასკვნის გამოტანა შესაძლებელი გახდა საბაზრო წყობის ჩვენეული ანალიზის შედეგად. ახლა, ჩვენ შეგვიძლია ამ მტკიცების კონკრეტული მიზეზები გამოვყოთ. საბაზრო ეკონომიკა უნდა შედგებოდეს ინდუსტრიის ყველა ელემენტისაგან, მათ შორის შრომის, მიწისა და ფულისაგან (საბაზრო ეკონომიკაში ფულიც ინდუსტრიული ცხოვრების აუცილებელი ელემენტია, და მის საბაზრო მექანიზმებში შეყვანას, როგორც შემდგომში ვნახავთ, გრძელვადიანი ინსტიტუციური შედეგები აქვს). მაგრამ შრომა და მიწა სხვა არაფერია, თუ არა თავად ადამიანები, რომელთაგანაც ნებისმიერი საზოგადოება წარმოიქმნება, და ის ბუნებრივი გარემო, რომელშიც ეს საზოგადოება არსებობს. მათი საბაზრო მექანიზმად მოაზრება ნიშნავს ბაზრის წესებისადმი საზოგადოების არსის დაქვემდებარებას.

Share This Story, Choose Your Platform!