უმაღლესი განათლება სიყვარულსა და სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს

უმაღლესი განათლება სიყვარულსა და სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს

OpenDemocracy-ის თანადამფუძნებლის, ენტონი ბარნეტის, გოლდსმიტის კურსდამთავრებულთათვის წარმოთქმული სიტყვის რედაქტირებული ვერსია და მისთვის საპატიო წოდების მინიჭება.

ჩემთვის პატივია გავიზიარო ის სიამაყე, რომელსაც თითოეული თქვენგანი გოლდსმიტის მიერ თქვენი მიღწევის აღიარების გამო გრძნობთ. თითოეულ თქვენგანში ვგულისხმობ სტუდენტებსა და მშობლებს, მართლაც რომ განსაკუთრებულ მშობლებს მთელი თქვენი მხარდაჭერის, სიყვარულისა და გადატანილი სტრესების გამო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ  შემოგიერთდით და ეს პატივი მხვდა წილად, რადგანაც: არსებობენ უნივერსიტეტები და არსებობს გოლდსმიტი.

რას ნიშნავს გქონდეს საპატიო წოდება?

ვიდრე ვისაუბრებდე გოლდსმიტის განსაკუთრებულობისა და თქვენი ცხოვრების შესახებ გოლდსმიტის შემდეგ, საპატიო წოდების მონიჭების თაობაზე მსურს მოგახსენოთ.

მე არ მჯერა ბრიტანეთის ისტორიული „პატივცემულთა სისტემის.“

გრაფის ტიტულების მფლობელებმა თავის დროზე სახელი გაითქვეს ძარცვითა და გაუპატიურებით. არისტოკრატიის კვლავწარმოებას იმპერია ახდენდა. ის წოდებრივ უპირატესობასა და გამორჩეულობას განასახიერებდა.

როგორც უკვე მოისმინეთ, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ამის აღმოფხვრის მცდელობას დავუთმე.

სანაცვლოდ, ის გაუარესდა – კომერციალიზდა. დიდგვაროვანთა ტიტულები ღიად იყიდებოდა  – სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ჰყავს ე.წ. ლორდთა პალატას ინტერესთა ფართო სპექტრის მქონე 780 წევრი. გამონაკლისი შემთხვევებიც კი რომ დავასახელოთ, მათ შორის  არასდროს ყოფილა ამდენი დიდგვაროვანი ტიტულის მქონე, ასეთი მცირე არისტოკრატიული წარმომავლობით.

თუმცა, ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენაც იცვლება. ჩვენი მოწიწებისა და პრივილეგიების ტრადიციები სუსტდება. ჩემი დამოკიდებულება პატივცემულთა სისტემის მიმართ არ შერბილებულა, თუმცა შეიცვალა საპატიო ტიტულის ფლობის ბუნება.

პირველად ამაზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც ღია უნივერსიტეტმა შემომთავაზა საპატიო დოქტორის ხარისხი დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი ჩემი წვლილის გამო. დედაჩემი, რომელმაც სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა, ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი იყო. ამ პროექტში მონაწილეობის გამო თავს დაფასებულად ვგრძნობდი, რადან გოლდსმიტის მსგავსად, ღია უნივერსიტეტიც მოწოდებულია ინკლუზიისა და იმ ადამიანებისთვის ხელის შეწყობისაკენ, ვისაც დედაჩემის მსგავსად არაფერი გააჩნდათ; ჩემი სადოქტორო  მას მივუძღვენი და ვთქვი: „აღარასოდეს“.

ახლა ამაყი ვარ, რომ კიდევ ერთი გამონაკლისი დავუშვი.

„არსებობენ უნივერსიტეტები და არსებობს გოლდსმიტი“

გასულ წელს გოლდსმიტში ვმონაწილეობდი დისკუსიაში კაპიტალიზმის მომავლის შესახებ. იმ შენობის საპოვნელად, სადაც ეს დისკუსია იმართებოდა, კამპუსის რუკას ჩავხედე.

როგორც წესი, დიდი უნივერსიტეტები სავსეა შენობებით, რომლებიც ხოტბას ასხამენ ძველი წყობის წარმომადგენლებს. მოგვიანებით მათ, ვისთან ერთადაც ვიყავი, ვუთხარი, „იცით, უცნაური გრძნობაა: ამ შენობებიდან სამი იმ ადამიანთა სახელს ატარებს, რომლებსაც ვიცნობდი!“

რიჩარდ ჰოგარტის შენობა გოლდსმიტის მეხუთე დეკანის სახელს ატარებს, ბენ პიმლოტის შენობას მეშვიდე დეკანის სახელი დაერქვა და აქვეა სტიუარტ ჰოლის შენობა. რიჩარდ ჰოგარტს ერთხელ შევხვდი. მუშათა კლასის მწერალს, რომელიც ცნობილი იყო 1950-იანი წლების ნოვატორული წიგნით „წიგნიერების გამოყენება.“ იგი ცდილობდა მთელი მსოფლიო განათლებული გაეხადა „იუნესკოს“ ხელმძღვანელობით.  გამაოცა მისმა პრაქტიკულმა სერიოზულობამ და ერთგულებამ იმისადმი, რასაც შოტლანდიელები „დემოკრატიულ ინტელექტს“ უწოდებენ.

ბენ პიმლოტი ჩემი ასაკის იყო. მენატრება, როგორ ვაჯავრებდით ერთმანეთს ისე, როგორც ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთსა და იმავე მხარეს მდგომ ადამიანებს შეუძლიათ. ორივე ვეწინააღმდეგებოდით ერაყში შეჭრას. თუმცა, ხშირად ვერ ვთანხმებოდით კიდეც. მას მოსწონდა ჰაროლდ ვილსონი, საშინელი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრი. მან დაწერა დედოფლის ღირსსახსოვარი ბიოგრაფია, მაშინ როდესაც მე ვიყავი და ვარ რესპუბლიკელი. მაგრამ ამასთანავე, ის იყო საჯარო სამსახურის დიდი ერთგული. დღეს, საჯარო სამსახურის ის კულტურა, რომელსაც ის განასახიერებდა, ყვითელი პრესის მიერ რეპუტაციაშელახულია, როგორც ანგარებიანი პატერნალიზმი. სინამდვილეში, ჩვენ საოცრად გვჭირდება ბენისნაირი თავდაუზოგავი ერთგულება დემოკრატიული პასუხისმგებლობისადმი.

სტიუარტ ჰოლს თანამებრძოლად მივიჩნევ. მას პირველად 1968 წელს, ბირმინგემის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში შევხვდი, როდესაც ის სტუდენტებს ჰქონდათ დაკავებული. ორივე იქ სტუდენტებისადმი სოლიდარობისთვის ვიყავით (იგი ერთ-ერთ მათგანზე  დაქორწინებული იყო, მე კი მეორეს ვხვდებოდი). მესმის, რამდენად დამაბნეველი შეიძლება იყოს მსგავსი პიკეტირებამშობლებისთვის, რომლებიც ხედავენ თავიანთ შვილებს, მობილიზებულებს იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომელში მოხვედრისთვისაც ამდენი იშრომეს. მიუხედავად ამისა, კოლექტიური მოქმედება სწავლების გამოცდილებაა იმ განსხვავებით, რომ იგი უპირისპირდება ყველას, თითოეულ მხარეს, აგენტობისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი საკითხებით, მათ შორის, როგორ უნდა გააპროტესტო, მოიპოვო და შეინარჩუნო მხარდაჭერა, აიცილო თავიდან პარტიკულარობა და როდის უნდა დაასრულო წინააღმდეგობა.

სტიუარტ ჰოლი იყო ფრთხილი, მაგრამ არასდროს ყოფილა მხდალი. ის იყო პირველი ამ ქვეყანაში, ვინც ამოიცნო „ტეტჩერიზმის“ მძლავრი საფრთხეები. მე მომწონდა, თუ როგორ შეიმუშავა მან სხვადასხვა კონცეფციები, რათა ისინი ჩვენთვის გასაგები გამხდარიყო. ეს ტერმინი [„ტეტჩერიზმი“] მან იქამდე გამოიყენა, ვიდრე ტეტჩერი საერთოდ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. იგი წინასწარგვაფრთხილებდა იმის შესახებ, რასაც თავად უწოდებდა ტეტჩერის „რეგრესულ მოდერნიზაციას“, რაშიც იგულისხმებოდა ტეტჩერის მხარდამჭერების თვითგამოცხადებული ტრადიციონალიზმი, მაშინ როდესაც მათ იერიში მიჰქონდათ ჩვენს მომავალზე. ახლა, ბრექსიტის მიმდინარეობისას, სტიუარტის სიცილი ჩამესმის. მისი სიცილი სიმღერას ჰგავდა, რომლის იამაიკურ რიტმს ჩვენი მოწყვლადობის აბსურდული განსაცდელი მხიარულად, მაგრამ არა ცინიკურად, მოეხელთებინა. შეუპოვარმა წინააღმდეგობამ დეჰუმანიზაციისა და რასიზმის ყოველგვარი გამოვლინებისადმი, ის დემოკრატიისთვის შეუპოვარ მებრძოლად აქცია.

უმანკოების სიმღერებში, უილიამ ბლეიკმა დაწერა, რომ ჩვენ შეიძლება დავინახოთ სამყარო ქვიშის მარცვალში და სამოთხე ველურ ყვავილში. თუმცა, შეგვიძლია კი ვნახოთ დემოკრატიული ინტელექტი, ან პასუხისმგებლობა ანდაც სასიცოცხლო ძალა – შენობაში?

შესაძლოა, არა მხოლოდ ერთში. თუმცა, გოლდსმიტში გავლისას ვგრძნობ, რომ დემოკრატიული დებატები ამ სამ ტრადიციულ შენობას შორის მიმდინარეობს ქალებსა და კაცებს – გოლდსმიტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და დამხმარე პერსონალს შორის. ეს უკიდურესად აუცილებელ, თანამედროვე ინტერაქციას აღძრავს და გოლდსმიტს უმაღლესი განათლების უნიკალურ ცენტრად აქცევს: დისკუსია, რომელიც ექსპერტული და ძიებაზე ორიენტირებულია სწორედ ისაა, რისთვისაც უნივერსიტეტი უნდა არსებობდეს.

უმაღლესი განათლების ტრაგიკული კომერციალიზაცია

თითოეული მათგანი განასახიერებდა იმას, რაც უნდა იყოს უმაღლესი განათლება და წინააღმდეგობას უწევდა მის მარკეტიზაციასა და კომერციალიზაციას. ამ პროცესში ტრაგიკული ის მომენტი იყო, როდესაც 2009 წელს სახელმწიფო მდივანმა ბიზნესის საკითხებში, ლორდმა მენდელსონმა, უფლებამოსილება მიანიჭა ლორდ ბრაუნს, რომ უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების გზა წარმოედგინა. ბრაუნმა, რომელიც “British Petrolium”-ის მმართველი იყო, განაცხადარომ, „ვერ იპოვა ვერანაირი „ობიექტური ხარისხის საზომი,“ რომლითაც შეიძლებოდა ეხელმძღვანელა უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსებისას.“ ამგვარად, ბაზარს ეს უნდა გადაეწყვიტა სტუდენტების გადასახადების მეშვეობით.

სიამოვნებით ვიხილავდი ლორდ ბრაუნს საჯარო დებატებში ჰოგარტთან, პიმლოტთან ან ჰოლთან! ისინი ნამდვილად, დოგმატურობის გარეშე ფლობდნენ იმ თვისებებს, რომლებითაც განისაზღვრება კარგი უმაღლესი განათლება და შესაბამისად, ესმოდათ სახელმწიფო დაფინანსების საჭიროებაც.

სამივემ იცოდა აზროვნების დამოუკიდებლობისა და განსჯის, როგორც, ორმხრივი სარგებლის მნიშვნელობა ყველასათვის, და როგორ სჭირდება ამას წვრთნა და აღზრდა. ისინი აცნობიერებდნენ, რამდენად არსებითია, ის რასაც ფართოდ შეგვიძლია ვუწოდოთ  ჰუმანიტარული მეცნიერებები, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ჩვენ მოგვეთხოვება ერთმანეთის გაფრთხილება ამ რთულ და სწრაფად ცვალებად დროებაში. რამეთუ, დემოკრატია ვერ შედგება დემოკრატიული კულტურისა და მისი დემოკრატიულ უნივერსიტეტებში ჩამოყალიბებული სტანდარტების გარეშე.

სტიუარტ ჰოლი, ბენ პიმლოტი და რიჩარდ ჰოგარტი – ისინი არ ემსახურებოდნენ კერძო ინტერესებს. მათ დიდი ძალისხმევა ჩადეს იმის გარკვევის მცდელობაში, თუ როგორ მუშაობს ჩვენი საზოგადოება – აი ესაა განათლება; და იმის გარკვევაში, როგორ უნდა ყოფილიყო ეს ხელმისაწვდომი ყველასთვის – ეს არის თანასწორობა; და როგორ შეეძლო ამას გაეუმჯობესებინა მსოფლიო – ეს არის პრაქტიკულობა.

მათ საკუთარი აზრები გამოსცადეს პუბლიკაციების, მასმედიისა და პოლიტიკის დოკუმენტების გზით, როგორც პედაგოგებმა. შემდგომში მათი სახელობის შენობები არ ასრულებდნენ მხოლოდ „ცოდნის ტაძრის“ ფუნქციას – მათმა საქმემ საჯარო სფეროს თავისუფლება შემატა. ისინი ისწრაფვოდნენ ყველაზე რთული მისიისკენ, ყოფილიყვნენ მართლები და ასევე, როგორც გოლდსმიტის პროფესორმა  პოლ გილროიმ აღნიშნა, „მათ იცოდნენ რომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთმანეთისთვის“.

ამ საქმისადმი ერთგულების ნიშანია ალბათ ისიც, რომ არცერთ მათგანს არ მიუღია წოდება ოფიციალური „პატივცემულთა სისტემისგან.“

„ჩემმა თაობამ გადმოგცათ სამყარო, რომელიც იწვის“

ყველაფერ ამას მივყავარ რჩევებამდე თქვენი, როგორც კურსდამთავრებულების, მომავლისთვის. პირდაპირ რომ ვთქვათ, რიჩარდს, ბენსა და სტიუარტს ოფიციალური წოდება იმიტომ არ მიანიჭეს, რომ  მათ წააგეს. მათმა თაობამ – ჩემმა თაობამ – გადმოგცათ სამყარო, რომელიც იწვის, ძალაუფლების სისტემა, რომელიც უგუნურია, ლიდერები, რომლებიც რასისტები არიან (ერთ-ერთიმათგანი პრემიერ-მინისტრი ხდება). არა, მოდით ვიყოთ კეთილსინდისიერები ჩვენს მიერ ისეთი ენის გამოყენებაში, ვითომ ის არაა რასისტი. პრეზიდენტ ტრამპის მსგავსად, ისიც იტყოდა რომ რასისტული ძვალიც კი არ აქვს სხეულში. თუმცა, რატომღაც, ბევრ მის მხარდამჭერსა და მიმდევარს არ სჯერა მისი, რაც მან კარგად იცის და ამასთან პრობლემაც არ აქვს.

ამგვარად, მესმის, თუ გრძნობთ, რომ ჩემი თაობიდან არავის აქვს უფლება რჩევა მოგცეთ!

მაშინ ერთადერთი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ გაფრთხილებაა. როგორც კი დატოვებთ გოლდსმიტს, თითოეული თქვენგანი იმსახურებს თავისი პოტენციალის სრულად განვითარებას და ეს გულისხმობს სწრაფვას, გახდეთ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსიები. მაგრამ, გააკეთეთ ეს ერთმანეთთან ურთიერთთანამშრომლობით. არ იფიქროთ რომ შეგიძლიათ სამყაროს ან საკუთარი თავის გადარჩენა ყველა სხვასთან კონკურენციით, საკუთარი სარგებლის მაქსიმიზაციის მიზნით. ეს ეგოიზმის სისტემაა, რომელსაც მხარს უჭერდნენ პრეზიდენტი რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი და მათი დღევანდელი მემკვიდრეები.

დღეს ამას მოაქვს დამანგრეველი ბრექსიტი, რომელიც დახურავს ჩვენს კონტინენტს თქვენთვის; საგანგაშო მდგომარეობა კლიმატის კუთხით, პოლარიზაცია, უთანასწორობა და ძალადობა, როგორსაც ახლა ამერიკაში ვხედავთ, სოციალური მედიის მიერ გავრცელებული, ახალი ფორმის ფაშიზმის საფრთხე.

სიყვარული და სამართლიანობა

ამ მძიმე დროში, კითხვის დასმა, თუ რა შეგიძლია გააკეთო სხვებისთვის, ერთადერთი გზაა თვითდახმარებისთვის. ამას ცდილობდა მარტინ ლუთერ კინგიც, როდესაც ითხოვდა სიყვარულით მართულ მსოფლიოს, რომელიც ქმნის  სამართლიანობას.

თანამშრომლობა უფრო რთული, მაგრამ უფრო დიდი კმაყოფილების მომტანია, ვიდრე კონკურენცია. ეს ნიშნავს, რომ უარი თქვა ორივეზე: იყო მსხვერპლი და აქციო სხვა მსხვერპლად; ეს ნიშნავს თქვენი გრძნობების გაზიარებას ისე, რომ არ იყოთ მართული ემოციებით; თანაგრძნობას სხვების განცდებისადმი მაშინაც კი, როდესაც მათ არ იზიარებ; ეს ნიშნავს არ თქვათ უარი თქვენს იდენტობებზე, რომელიც  ყველას ერთზე მეტი გაგვაჩნია და პირიქით, ხელი შევუწყოთ მათ ზრდასა და ტრანსფორმაციას; ეს ნიშნავს, გამოვიყენოთ ციფრული ეპოქის საშუალებები, რათა ვიქცეთ სამყაროს თანაშემქმნელებად და არა მხოლოდ მომხმარებლებად; ეს ნიშნავს, ყოველთვის გამოვიყენოთ ჩვენი გონება, მათ შორის ემოციური ინტელექტის ძალა, რათა შევქმნათ პრეცედენტი, რომელიც მნიშვნელობს, და დავსვათ კითხვა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ სხვებისთვის  – სიყვარულითა და სამართლიანობით.

თარგმნა თეონა რეხვიაშვილმა.

თარგმანი მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

გაზიარება

მსგავსი პოსტები