ასწლიანი მშვიდობა – კარლ პოლანი

თარგმანი

კარლ პოლანი

ასწლიანი მშვიდობა

XIX საუკუნის ცივილიზაცია დაემხო. წინამდებარე წიგნს ამ მოვლენის პოლიტიკური და ეკონომიკური საწყისები და მისი თანმხლები დიდი ტრანსფორმაცია აინტერესებს.

XIX საუკუნის ცივილიზაცია ოთხ ინსტიტუციას ეყრდნობოდა: პირველი იყო ძალთა ბალანსის სისტემა, რომელმაც მთელი საუკუნის განმავლობაში თავიდან აიცილა ხანგრძლივი და გამანადგურებელი ომი საერთაშორისო ძალებს შორის; მეორე – საერთაშორისო ოქროს სტანდარტი გახლდათ, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის უნიკალურ ორგანიზებას განასახიერებდა; მესამეს წარმოადგენდა თვითრეგულირებადი ბაზარი, რომელმაც იქამდე გაუგონარი მატერიალური კეთილდღეობა შექმნა; მეოთხე საყრდენი კი იყო ლიბერალური სახელმწიფო. ერთი ტიპის კლასიფიკაციით, ამ ოთხი ინსტიტუციიდან ორი წარმოადგენდა ეკონომიკურ, ხოლო ორი –  პოლიტიკურს. სხვაგვარი კლასიფიკაციით კი, ორი მათგანი ეროვნული და ორიც საერთაშორისო ინსტიტუტი იყო. მათ შორის ურთიერთობა განსაზღვრავდა ჩვენი ცივილიზაციის ისტორიის სახასიათო შტრიხებს.

ოქროს სტანდარტი ამ ინსტიტუციათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა; მისი მოშლა კატასტროფის უშუალო გამომწვევი შეიქნა. ოქროს სტანდარტის დაცემის პერიოდისათვის, სხვა ინსტიტუციების უმეტესობა ამაოდ შეეწირა მის გადარჩენას.

მაგრამ სისტემის მაცოცხლებელ წყაროსა და მატრიცას თვითრეგულირებადი ბაზარი წარმოადგენდა. ეს სწორედ ის ინოვაცია იყო, რომელმაც დასაბამი დაუდო კონკრეტულ ცივილიზაციას. ოქროს სტანდარტი მხოლოდ ადგილობრივი საბაზრო სისტემის საერთაშორისო დონეზე გავრცელების მცდელობა იყო; ძალთა ბალანსის სისტემა წარმოადგენდა სუპერსტრუქტურას, რომელიც ოქროს სტანდარტზე იყო დაშენებული და ნაწილობრივ მისი საშუალებით ახერხებდა მუშაობას; თავად ლიბერალური სახელმწიფო თვითრეგულირებადი ბაზრის წარმონაქმნი გახლდათ. XIX საუკუნის ინსტიტუციონალური სისტემისთვის საკვანძო იყო ის კანონები, რომელთა მიხედვითაც საბაზრო ეკონომიკა იმართებოდა.

ამ წიგნის მთავარი თეზისი ის გახლავთ, რომ თვითრეგულირებადი ბაზრის იდეა ცალსახა უტოპია იყო. მსგავსი ინსტიტუცია დროის მცირე მონაკვეთშიც კი ვერ მოახერხებდა არსებობას საზოგადოების ადამიანური და ბუნებრივი არსის მოსპობის გარეშე; ის ფიზიკურად გაანადგურებდა ადამიანს და მის გარემო-სამყოფელს უკაცრიელად აქცევდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოებამ საკუთარი თავის დამცავი ზომები შეიმუშავა, მაგრამ რა ზომებიც მიიღო, ამით დააზიანა ბაზრის თვითრეგულირება, ქაოტური გახადა ინდუსტრიული ცხოვრება და ამგვარად, განსხვავებული საფრთხე შეუქმნა საკუთარ თავს. სწორედ ეს იყო დილემა, რომელმაც საბაზრო სისტემის განსაზღვრული გზით განვითარება გამოიწვია და საბოლოოდ, ჩამოშალა მასზე დაფუძნებული სოციალური ორგანიზების სტრუქტურა.

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კრიზისის ამგვარი ახსნა ერთი შეხედვით, ზედმეტად მარტივად გამოიყურება. არაფერი შეიძლება იყოს ისე უადგილო და არაკომპეტენტური, ვიდრე ცივილიზაციის არსისა და ეთოსის დაყვანის მცდელობა კონკრეტული ოდენობის ინსტიტუტებამდე; ან რომელიმე ინსტიტუტის ცალკე გამოყოფა, მისი ფუნდამენტურ ინსტიტუტად მიჩნევა და მსჯელობის გაგრძელება ცივილიზაციის გარდაუვალ თვითდეკონსტრუქციაზე, რომელიც თითქოს ცივილიზაციის ეკონომიკური ორგანიზების ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებლით იქნა გამოწვეული. ცივილიზაცია, სიცოცხლის მსგავსად, მრავალი დამოუკიდებელი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგად იბადება. ეს ფაქტორები, როგორც წესი, არ დაიყვანებიან კონკრეტულ ინსტიტუტებამდე. ცივილიზაციის დაღმასვლის ინსტიტუციურ მექანიზმს თუ მივადევნებთ თვალს, ეს შესაძლოა უიმედო ძალისხმევადაც მოგვეჩვენოს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ სწორედ ეს განზრახვა გვაქვს. ამით, ჩვენ შეგნებულად ვუახლოვებთ ჩვენი კვლევის მიზანს საკითხის განსაკუთრებულ თავისებურებას. ვინაიდან, XIX საუკუნის ცივილიზაციის უნიკალურობა სწორედ ის იყო, რომ ეს ცივილიზაცია კონკრეტულ ინსტიტუციურ მექანიზმს ეფუძნებოდა.

დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება ახსნა, რომელიც არ ითვალისწინებს კატაკლიზმის უეცარ ბუნებას. თითქოს ცვლილებათა ძალები ერთი საუკუნის მანძილზე შეკავებულნი იყვნენო, ისე უეცრად გადმოიღვარა მოვლენათა ნაკადი კაცობრიობაზე. პლანეტარული მასშტაბის სოციალური ტრანსფორმაცია სრულიად ახლებური სახის ომებმა დაასრულა. ამ ომებში კი, სახელმწიფოებმა სრული მარცხი განიცადეს და სისხლის ზღვებიდან ახალი იმპერიების კონტურები აღმოცენდა. მაგრამ ეს დემონური ძალადობის ფაქტი მხოლოდ ზედ დაერთო ცვლილებათა სწრაფ და ჩუმ დინებას, რომელმაც წარსული დიდწილად უხმაუროდ, ზედაპირზე ტალღის წარმოქმნის გარეშე შთანთქა.

წინამდებარე ნაშრომი ისტორიული კვლევა არ არის; ჩვენ გამორჩეულ მოვლენათა დამაჯერებელი თანმიმდევრობის გამოკვეთა კი არ გვსურს, არამედ, ვცდილობთ ამ მოვლენათა ტენდენციის ახსნას ადამიანური ინსტიტუციების ჭრილში. ჩვენ არ ვერიდებით წარსულის კონკრეტულ სცენებში ჩაკირკიტებას იმ მიზნით, რომ ცხადი გავხადოთ აწმყოსთან დაკავშირებული საკითხები; ამასთან, დეტალურად გავაანალიზებთ კრიტიკულ პერიოდებს და თითქმის უგულვებელვყოფთ ამ პერიოდებს შორის არსებულ დროის მონაკვეთებს. სწორედ ამ ერთადერთი მიზნის მისაღწევად შევიჭრებით ცალკეულ დისციპლინარულ სფეროებში.

უპირველესად, განვიხილავთ საერთაშორისო სისტემის ჩამოშლას. შევეცდებით იმის წარმოჩენას, რომ ძალთა ბალანსის სისტემამ ვერ უზრუნველყო მშვიდობის შენარჩუნება მას შემდეგ, რაც მსოფლიო ეკონომიკამ – რომელსაც ეს მშვიდობა ემყარებოდა –  მარცხი განიცადა. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას სისტემის მოულოდნელი და წარმოუდგენელი სისწრაფით ჩამოშლა.

მაგრამ თუკი ჩვენი ცივილიზაციის ჩამოშლის დრო მსოფლიო ეკონომიკის მარცხმა განსაზღვრა, ეს უკანასკნელი ამ მოვლენის გამომწვევი სულაც არ ყოფილა. ეს პროცესი სათავეს ას წელზე მეტი ხნის წინ  – სოციალური და ტექნოლოგიური ძვრებიდან იღებს. ეს ის მოვლენებია, რომელთაგანაც დასავლეთ ევროპაში თვითრეგულირებადი საბაზრო სისტემის იდეა წარმოიშვა. ეს სარისკო წამოწყება ჩვენს დროში დამთავრდა და მან ინდუსტრიული ცივილიზაციის ისტორიაში გამორჩეული ეტაპი დაასრულა.

წიგნის ბოლო ნაწილში შევეხებით იმ მექანიზმს, რომელმაც ჩვენი დროის სოციალური და ეროვნული ცვლილებები წარმართა. აქვე განვიხილავთ ადამიანთა ყოფას. ზოგადად, ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის ამჟამინდელი მდგომარეობა კრიზისის ინსტიტუციონალური საწყისების პერსპექტივიდან უნდა იქნას ახსნილი.

კარლ პოლანის წიგნი “დიდი ტრანსფორმაცია”

XIX საუკუნემ დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიულ ქრონიკებში გაუგონარი ფენომენი – 1815-1914 წლების ასწლიანი მშვიდობა – წარმოშვა. ყირიმის ომის გარდა, რომელიც მეტ-ნაკლებად კოლონიური მოვლენა იყო – ინგლისი, საფრანგეთი, პრუსია, ავსტრია, იტალია და რუსეთი, ჯამში მხოლოდ 18 თვის განმავლობაში იყვნენ ჩართული ერთმანეთის წინააღმდეგ ომში. წინა ორი საუკუნის ერთმანეთთან შესადარებელი ციფრების გამოთვლის შედეგად ვასკვნით, რომ თითოეულ საუკუნეში, დიდი ომები, საშუალოდ სამოციდან სამოცდაათ წლამდე გრძელდებოდა. მაგრამ XIX საუკუნის ყველაზე მძვინვარე ომის ცეცხლიც კი – საფრანგეთ-პრუსიის 1870-71 წლის ომი –  წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდა, რის შემდეგაც დამარცხებულმა სახელმწიფომ გაუგონარი ოდენობის კომპენსაციის გადახდა შეძლო, არსებული ვალუტის რყევების გამოწვევის გარეშე.

პრაგმატული პაციფიზმის ამგვარი ტრიუმფალური გამარჯვება კონფლიქტის მნიშვნელოვანი მიზეზების არარსებობის შედეგი ნამდვილად არ იყო. ძლიერი სახელმწიფოებისა და დიადი იმპერიების საშინაო თუ საგარეო ვითარებების თითქმის უწყვეტი ცვლილებები თან სდევდა ამ „სამშვიდობო სანახაობას“. საუკუნის პირველი ნახევრის დღის წესრიგს სამოქალაქო ომები, რევოლუციური და ანტირევოლუციური ჩარევები ქმნიდა. ესპანეთში, ასიათასიანმა ჯარმა ანგულემის ჰერცოგის მეთაურობით აიღო კადისი; უნგრეთში, უნგრულმა რევოლუციამ თავად იმპერატორს გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხების საფრთხე შეუქმნა; ბრძოლები საბოლოოდ უნგრულ მიწაზე მებრძოლმა რუსულმა არმიამ ჩაახშო. შეიარაღებულმა ინტერვენციებმა გერმანიის კავშირში, ბელგიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, დანიასა და ვენეციაში საღვთო ალიანსის სიძლიერის კვალი დატოვა. საუკუნის მეორე ნახევარში, პროგრესის დინამიკა შენელდა: ოტომათნა, ეგვიპტური და შერიფის იმპერიები დაიშალნენ ან დანაწევრდნენ; დამპყრობელმა ჯარმა ჩინეთი აიძულა კარი გაეხსნა უცხოელებისთვის, ხოლო აფრიკის კონტინენტი ერთი დიდი გალაშქრების შედეგად დანაწევრდა. ამავდროულად, მსოფლიო მნიშვნელობის ორი ძალა წამოიმართა: შეერთებული შტატები და რუსეთი. ეროვნული ერთობა მიღწეულ იქნა გერმანიისა და იტალიის მიერ; ბელგიამ, საბერძნეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა, სერბეთმა და უნგრეთმა კიდევ ერთხელ მიიჩინეს სუვერენული სახელმწიფოების ადგილები ევროპის რუკაზე. ღია ომების თითქმის უწყვეტი სერიების ფონზე, ინდუსტრიული ცივილიზაცია მარშით შევიდა გაცვეთილი კულტურებისა თუ პრიმიტიული ხალხების ადგილ-მამულებში. რუსული სამხედრო ძალა იღებს ცენტრალურ აზიას, ხოლო ინგლისის ურიცხვი ომები ინდოეთსა და აფრიკაში, ისევე როგორც საფრანგეთის ექსპლუატაციები ეგვიპტეში, ალჟირში, ტუნისში, სირიაში, მადაგასკარში, ინდო-ჩინეთსა და სიამში, ისეთ პრობლემებს წარმოქმნის ამ ძალებს შორის, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ ძალასვე შეუძლია მოაგვაროს. თუმცა, თითოეული ეს კონფლიქტი ლოკალიზებული იყო და ძალადობრივი ცვლილების არაერთ სხვა შემთხვევას ან ერთობლივი ქმედებებით უმკლავდებოდნენ ან – საერთაშორისო ძალთა შორის კომპრომისით არბილებდნენ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლებოდა მეთოდები, შედეგი იგივე დგებოდა. თუ საუკუნის პირველ ნახევარში კონსტიტუციონალიზმი აკრძალული იყო და საღვთო კავშირი თავისუფლებას მშვიდობის სახელით ახშობდა, მეორე ნახევარში – და ისევ მშვიდობის სახელით – ბიზნესზე გონებამომართულმა ბანკირებმა დაუოკებელ დესპოტებს კონსტიტუციები მოახვიეს თავს. შესაბამისად, სხვადასხვა ფორმებითა და მუდმივად ცვალებადი იდეოლოგიების ქვეშ –  ზოგჯერ პროგრესისა და თავისუფლების სახელით, ზოგჯერ მონარქისა და საკურთხევლის ავტორიტეტით, ზოგჯერ საფონდო ბირჟისა და ჩეკის წიგნაკების მადლით, ზოგჯერ კორუფციითა და მექრთამეობით, ზოგჯერ მორალური არგუმენტითა და განათლებული მოწოდებებით, ზოგჯერ ზარბაზნითა და ხიშტზე წამოგებით – ერთი და იგივე შედეგი მიიღწეოდა: მშვიდობა ნარჩუნდებოდა.

ეს თითქმის სასწაულებრივი მოვლენა განპირობებული იყო ძალთა ბალანსის მუშაობით, რამაც ამ შემთხვევაში ისეთი შედეგი გამოიღო, რაც მისთვის ჩვეულებრივ უცხოა ხოლმე. მისი ბუნებით – რომლის მიხედვითაც ძალთა ბალანსი გავლენას ახდენს სრულიად განსხვავებულ შედეგზე, კერძოდ, ჩართული ძალების გადარჩენაზე –  სინამდვილეში, ის უბრალოდ ვარაუდობს, რომ სამი ან მეტი ერთეული, რომელსაც ძალის გამოყენება შეუძლია, მუდამ მოიქცევა იმგვარად, რომ შედარებით სუსტი ძალები ნებისმიერი ძლიერი ძალის ოდნავი ზრდის წინააღმდეგ გააერთიანოს. უნივერსალური ისტორიის ჭრილში, ძალთა ბალანსის სისტემას ის სახელმწიფოები აინტერესებდა, რომელთა დამოუკიდებლობის შენარჩუნებასაც თავად ემსახურებოდა. მაგრამ ამ შედეგს ეს სისტემა მხოლოდ მუდმივად ცვალებად პარტნიორებს შორის უწყვეტი ომებით აღწევდა. ანტიკური საბერძნეთისა და ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ-სახელმწიფოების ჩვეულება ამის მაგალითი იყო: მებრძოლთა ცვალებად ჯგუფებს შორის წარმოებულმა ომებმა ამ სახელმწიფოების დამოუკიდებლობა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა. იგივე პრინციპის მოქმედებამ ორას წელზე მეტი ხნით დაიცვა იმ სახელმწიფოთა სუვერენიტეტი, რომლებიც მიუნსტერისა და ვესტფალიის ზავის პერიოდში (1648) ევროპას აყალიბებდნენ. როდესაც სამოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, უტრეხტის ზავის ხელმომწერებმა ამ პრინციპისადმი თავიანთი ფორმალური ერთგულება დააფიქსირეს, ამ ნაბიჯით მათ ეს პრინციპი სისტემის ნაწილად გახადეს, და ამგვარად, ჩამოაყალიბეს ძლიერისა და სუსტისათვის გადარჩენის ორმხრივი და თანაბარი გარანტიები ომების საშუალებით. იმ ფაქტის ახსნა, რომ XIX საუკუნეში იგივე მექანიზმმა,  მშვიდობაში უფრო ჰპოვა გამოხატულება ვიდრე ომში, ისტორიკოსისათვის პრობლემურ გამოწვევას წარმოადგენს.

ჩვენ ვამბობთ, რომ მშვიდობის გამძაფრებული ინტერესის აღზევება აქ სრულიად ახალ ფაქტორს წარმოადგენდა. ტრადიციულად, მსგავსი ინტერესი სისტემის ფარგლებს გარეთ ყოფნად აღიქმებოდა. მშვიდობა, მთელი მისი მოკაზმულობით, ცხოვრების უბრალო მორთულობათა შორის იყო განთავსებული. ეკლესიას შესაძლოა ელოცა მშვიდობისთვის, ისევე როგორც უხვი მოსავლისთვის, თუმცა სახელმწიფოებრივი ქმედების სივრცეში ის მაინც მხარს დაუჭერდა შეიარაღებულ ინტერვენციას. მთავრობებმა მშვიდობა უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს დაუქვემდებარეს, ანუ იმ განზრახვებს, რომელთა მიღწევაც სხვაგვარად, ამ უკიდურესი ზომების მიღების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. ცოტა რამე იყო მიჩნეული საზოგადოებისათვის იმაზე უფრო საზიანოდ, ვიდრე ორგანიზებული მშვიდობის ცარიელი ინტერესი. ისე ახლო წარსულში, როგორიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარია, ჯან ჟაკ რუსომ ვაჭრები დაადანაშაულა პატრიოტიზმის დეფიციტში, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ მათ თავისუფლებას მშვიდობა ერჩიათ.

1815 წლის შემდგომ მომხდარი ცვლილება უეცარი და დამაგვირგვინებელია. საფრანგეთის რევოლუციის შედეგებმა, მშვიდობიანი ბიზნესის, როგორც უნივერსალური ინტერესის დაფუძნების პროცესში გააძლიერა ინდუსტრიული რევოლუციის ტალღა. მეტერნიხმა გამოაცხადა, რომ ის რაც ევროპელ ხალხს უნდოდა, იყო არა თავისუფლება, არამედ მშვიდობა. გენცმა პატრიოტებს ახალი ბარბაროსები უწოდა. ეკლესიამ და სამეფო ხელისუფლებამ ევროპის დენაციონალიზაცია დაიწყეს. მათმა არგუმენტებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და გააძლიერეს მხარდაჭერა არა მხოლოდ არსებული სახალხო საომარი მოქმედებების მრისხანე ფორმების მიმართ, არამედ ასევე მნიშვნელოვნად გაზარდეს მშვიდობის მნიშვნელობის აღქმა ახლადწარმოქმნილი ეკონომიკის პირობებში.

ახალი “მშვიდობის ინტერესის” გამტარებლები ჩვეულებრივ ისინი იყვნენ, ვინც განსაკუთრებული სარგებელი ნახეს მისგან. ესენი იყვნენ დინასტიებისა და ფეოდალების ის ნაწილი, რომელთა მემკვიდრეობით მიღებულ მდგომარეობასა და პოზიციებსაც საფრთხე დაემუქრა პატრიოტიზმის იმ რევოლუციური ტალღის შედეგად, რომელიც მთელს კონტინენტზე ვრცელდებოდა. ამდენად, საუკუნის დაახლოებით ერთი მესამედის განმავლობაში, საღვთო ალიანსი აქტიური სამშვიდობო პოლიტიკის სასარგებლოდ უზრუნველყოფდა ძალის გამოყენებასა და იდეოლოგიურ იმპულსებს; მისი ჯარები ევროპაში აღმა-დაღმა დაეხეტებოდნენ, ამცირებდნენ უმცირესობებს და ავიწროვებდნენ უმრავლესობებს. 1846 წლიდან დაახლოებით 1871 წლამდე – “ევროპის ისტორიაში ერთერთი ყველაზე არეული და ხალხმრავალი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში”[1] – მშვიდობის უსაფრთხოება ბოლომდე უზრუნველყოფილი არ იყო, ვინაიდან რეაქციების მილევადი ძალა ინდუსტრიალიზმის მზარდ ძალას გადააწყდა. საფრანგეთ-პრუსიის ომის მომდევნო მეოთხედ საუკუნეში განახლებული მშვიდობის ინტერესს უკვე ახალი ძლევამოსილი ერთეული – ევროპის კონცერტის სისტემა წარმოადგენდა.

ინტერესები, ყველაფრის მიუხედავად, განზრახვების მსგავსად, პლატონურად დარჩება, თუკი ისინი პოლიტიკაში გარკვეული სოციალური ინსტრუმენტალურობის საშუალებით არ გადაითარგმნება. გარეგნულად, ამგვარი ქმედების განხორციელების საშუალებები დანაკლისი იყო; ორივე  – საღვთო ალიანსიცა და კონცერტის სისტემაც, საბოლოოდ, დამოუკიდებელ, სუვენერულ სახელმწიფოთა უბრალო გაერთიანებებს და, მაშასადამე, ძალთა ბალანსისა და მისი ომის მექანიზმის სუბიექტებს წარმოადგენდნენ. მაშინ, მშვიდობა როგორღა ნარჩუნდებოდა?

[1] Sontag, R. J., European Diplomatic History,1871-1932, 1933.

პუბლიკაცია ითარგმნება platforma.ge-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი პუბლიკაციის კომერციული მიზნებით გამოყენება, იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.

გაზიარება

მსგავსი პოსტები