ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის ან პლატფორმის შეხედულებებს.

ავტომაგისტრალი ხადის ხეობაში: საფრთხე თუ განვითარება?

ავტორი: მარიამ დევიძე

სრული ვერსია:

ხადის ხეობის სოფელი წკერე, სადაც პროექტის 9კილომეტრიანი გვირაბის შესასვლელის მშენებლობა იგეგმება. © ორგანიზაცია „მწვანე

სახელმწიფოთა განვითარების ტრადიციულმა ხედვამ, რომელიც მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) ზრდისკენ იყო მიმართული, ვერ შეძლო სოციალური თანასწორობის მიღწევა. ამიტომ, აუცილებელია, რომ ქვეყნების განვითარების პოლიტიკა მოიცავდეს “სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით პრობლემებსა და პირობებს. განვითარების ტრადიციული ხედვა ზიანს აყენებს ეკოსისტემებს, რომლებიც ბევრი თემისთვის  საარსებო გარემოს წარმოადგენს საუკუნეების განმავლობაში; გარდა ამისა, იგი ეწევა ადამიანების ექსპლუატაციას, წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივი მოსახლეობის ღირებულებებთან.

მდგრადი განვითარების პარადიგმა ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ეკონომიკის, გარემოს დაზოგვისა და სოციალური სამართლიანობის იდეების გათვალისწინებას გულისხმობს. გაეროს გარემოსა და განვითარების მსოფლიო კომისიის თანახმად, მდგრადი განვითარების პრინციპები პასუხობს ჩვენს მოთხოვნილებებს ისე, რომ მომავალ თაობებს ჰქონდეთ გარემოსთან დაკავშირებული, სოციალური და ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მდგრადი განვითარების მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების პრევენციული ღონისძიებების გატარებას ადრეულ ეტაპზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფას განვითარების ყველა ეტაპზე.

ქვეშეთი – კობის გზის პროექტი და მისი „სტრატეგიული“ მნიშვნელობა

ეკონომიკური განვითარების მიზნით, ქვეყანაში არაერთი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020-ის“ მიხედვით, „პრიორიტეტი მიენიჭება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და ბაქო – თბილისი – ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დასრულებას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს.“ მიუხედავად ამისა, 2018 წელს, სტრატეგიული მნიშვნელობის შეფასებისა და საჭიროების დასაბუთების გარეშე, გამოცხადდა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც მოიცავს ახალი გზების აშენებას შემდეგ მონაკვეთებზე: ნატახტარი – ჟინვალი, ფასანაურის შემოვლითი გზა, არშა – სტეფანწმინდის შემოვლით გზა, სტეფანწმინდა – გველეთი და ქვეშეთი – კობის მონაკვეთი.

მხოლოდ ქვეშეთი – კობის მონაკვეთზე ახალი გზის მშენებლობა სახელმწიფოს 559 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება, რომლის უმეტესი ნაწილიც საგარეო ვალია აზიის განვითარებისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკებიდან. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მისი დანიშნულებაა „გარდაქმნას საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის, და მეორე მხრივ, თურქეთსა და ევროპას შორის.“ თუმცა, აღნიშნული პროექტი არ ჯდება არცერთ აქ ნახსენებ სატრანსპორტო მიმართულებაში. პროექტის განახორციელებს კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“, რომელიც ქვიშხეთი – ზესტაფონის მონაკვეთზე რკინიგზას ხარვეზებით აშენებს.

პროექტი მასშტაბური ინფრასტრუქტურის აგებას გულისხმობს. ახალი გზის სიგრძე, ჯამში, 22.7 კილომეტრი იქნება, რომელზეც მოეწყობა 5 გვირაბი, ჯამური სიგრძით 11.4 კმ, ხოლო ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ იქნება; ასევე, 6 ხიდი, ჯამური სიგრძით 2 კმ. მათ შორისაა, უზარმაზარი, 426 მ სიგრძისა და 166 მ სიმაღლის თაღოვანი ხიდი.

რუკაზე ყვითელი ფერით მოცემული ნახაზი ქვეშეთიდან კობამდე არსებულ გზას ასახავს, ხოლო წითელი ფერით წარმოდგენილია საპროექტო გზა, რომელიც ხადის ხეობის გავლით განხორციელდება. შენიშვნა: რუკა აღებულია პროექტის ვიდეო-რენდერიდან

მდგრადი განვითარება თუ საფრთხე ხადის ხეობაში?

პროექტის კრიტიკა შეეხება ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის განახლების საჭიროებას, რეალურ სარგებელს, რომელსაც ის საქართველოს მოუტანს და მის განხორციელებასთან დაკავშირებულ რისკებს. ბუნდოვანია, რატომ შეირჩა პროექტის მარშრუტად ხადის ხეობა, როდესაც პროექტის დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 30-ზე მეტი ალტერნატივა შეისწავლეს და სრულყოფილი კვლევა არც კი გასაჯაროებულა. ექსპერტებისა და ადგილობრივების თქმით, არსებობს რეალურიალტერნატივები, რომლებიც, როგორც ჩანს, პროექტის ფარგლებში არ შეუსწავლიათ. ასევე მნიშვნელოვანია პროექტის უსაფრთხოების საკითხებიც. დოკუმენტში სათანადოდ არ არის განხილული სეისმური პროცესების შესაძლო ზემოქმედება პროექტზე და მის მიერ ამ პროცესების გააქტიურების რისკები.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” კვლევის ანგარიშის მიხედვით, პროექტი არ შეესაბამება, ერთი მხრივ, მისი დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისსოციალურ და გარემოსდაცვით სტანდარტებს და, მეორე მხრივ, საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსს (მუხლი 10, ზ), რადგან კანონით მოთხოვნილი პროექტის სარგებელი -დანაკარგის ანალიზი დოკუმენტებში წარმოდგენილი არ არის.

პროექტის დოკუმენტების თანახმად, მისი მთავარი სარგებელი იქნება არსებული გზის 12 კმ-ით შემცირება და ამ მანძილის დასაფარად ნაკლები დროის დახარჯვა, მისი ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების გაზრდა ყველა სეზონზე და ხადაში მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი ტურისტული ცენტრის გახსნა. გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის (სგდ) წარმომადგენლები ხშირად ახსენებენ პროექტთან დაკავშირებულ სხვა ფაქტებს. სგდ-ის ყოფილი თავმჯდომარის (ახლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის), ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ გზის მეშვეობით „გუდაურს, ფაქტობრივად, თვისობრივად ახალი ტურისტი მიემატება, რომელიც ავა 1 დღით, ისრიალებს და ჩამოვა“; ასევე, პროექტის 9-კილომეტრიანი, „15-მეტრიანი სიგანის გვირაბი ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოში, რადგან ასეთი გვირაბი ბევრი არ არის“. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელია ეს ქვეყნისთვის და რა დანაკარგის ხარჯზე მოხდება მისი მიღწევა? ანდა, მოუტანს თუ არა ეს გზა ქვეყანასა და ხადის ხეობას მდგრად განვითარებას?

სრული ვერსია: