საით მიდის მეცნიერება? ინტერვიუ პროფესორ ჯორჯო აგამბენთან

ინტერვიუერი: ანდრეა პენზოტი

მთარგმნელი: ანა ლომაძე – სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემების კურატორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ფილოსოფიის მიმართულებით.

კოვიდ-19-ის პანდემიის პირველი თვეების განმავლობაში ფილოსოფოსმა ჯორჯო აგამბენმა გამოაქვეყნა მოსაზრებათა სერია, რომელიც შემდეგ შევიდა წიგნში სათაურით „სად ვართ ახლა: პანდემია როგორც პოლიტიკა“ (აგამბენი 2020).[2] მისი მოსაზრებების ძირითადი თემა იყო მეცნიერებასა და საზოგადოებას, კერძოდ კი, მედიცინასა და პოლიტიკას შორის არსებული დამოკიდებულება. აგამბენმა ცხადყო ცნება „ბიოუსაფრთხოების“ წარმოშობასთან დაკავშირებული რისკები, ანუ ყველა ის სოციალური აქტივობა, რომლებიც „ბიოლოგიური სიცოცხლის“ შენარჩუნების გამო შეჩერდა. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს საზოგადოება ბიოლოგიური სიცოცხლის დასაცავად? რა ზომამდე შეიძლება გავრცელდეს პოლიტიკა ორივეს – საზოგადოებისა და მოქალაქეთა ბიოლოგიური სიცოცხლის კონტროლისას?

აგამბენის წიგნმა გამოიწვია სხვადასხვაგვარი და, ძირითადად, ნეგატიური რეაქციები. თუმცა უდავოა, რომ ის მიუთითებს იმ გარდაუვალ კითხვებზე, რომელთა წინაც ვდგავართ დღესდღეობით. ჩვენ გაგვაოცა იმ ფაქტმა, რომ მის წინაამდეგ გამოთქმული არგუმენტების უმეტესობა შერყვნილი იყო (არნახსენები) იდეოლოგიური ცრურწმენებით. 

ამ კითხვებში ჩასაღრმავებლად, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჯორჯო აგამბენთან.

შიშველი სიცოცხლე

პერსონალიზაციისა და პროგნოზირების ცნებები საფუძველს მედიცინისგან იღებს. დიაგნოსტიკური საშუალებებისა და დიდი მონაცემების წყალობით, მედიცინა ამტკიცებს, რომ შეუძლია კონკრეტულ დაავადებათა ინდივიდუალური რისკების პროგნოზირება. როგორც კი ეს რისკები გამოვლინდება, ადამიანებს შეიძლება მოარგონ შესაფერისი ცხოვრების სტილი. ამ გენეტიკური პროგნოზის შემცველი მასიური კვლევების გარდა, ეგრეთ წოდებული, „სატარებელი“ (“wearable”) ტექნოლოგიები კონკრეტული სასიცოცხლო მონაცემების მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. დღესდღეობით ისინი, უმეტესწილად, მნიშვნელოვანია სპორტსმენებისათვის, რომლებსაც სურთ მუდამ აუმჯობესებდნენ საკუთარ საქმიანობას. თუმცა მალე მსგავსმა ხელსაწყოებმა შეიძლება მოიცვას ყველა მოქალაქე. აშკარაა, რომ მედიცინისადმი მსგავს მიდგომას მივყავართ იმისაკენ, რაც თქვენ განმარტეთ როგორც სიცოცხლის დაყვანა მხოლოდ ბიოლოგიაზე – „შიშველ სიცოცხლეზე“. თუმცა ბევრი მეცნიერი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ასეთი სცენარის ეთიკურ და ტექნიკურ განხორციელებადობას. გაგვიზიარებთ ამ საკითხზე თქვენს მოსაზრებას? ასევე, თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რათა შეიცვალოს ამ ტენდენციის მიმართულება?

პერსპექტივაში, რომელსაც ხაზი გაუსვით, გადამწყვეტია იმ ზღურბლის გადაკვეთა, რომლის მიღმაც პერსონალიზაცია, პროგნოზირება და მასიური კვლევები არის არა უბრალოდ რჩევა ცხოვრების წესის შესახებ, არამედ ისინი ხდება სამართლებრივი ვალდებულებები. ეს ზღურბლი გადაკვეთილია. რაც ჯანმრთელობის უფლებად მიიჩნეოდა ხოლმე, იქცა ნებისმიერ ფასად შესასრულებელ ვალდებულებად. კარდიოვასკულარული დაავადებები წარმოადგენს სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზს ჩვენს ქვეყანაში. ვიცით, რომ მათმა რიცხვმა შეიძლება დაიკლოს, თუ მივყვებით ცხოვრების უფრო ჯანსაღ წესს და დავიცავთ გარკვეულ დიეტას. თუმცა არც ერთ ექიმს უფიქრია, რომ ცხოვრების წესსა და დიეტასთან დაკავშირებული რჩევები პაციენტებისათვის გარდაქმნილიყო სამართლებრივ რეგულაციებად, რომლებიც  კანონით დაადგენდა, როგორ ვიცხოვროთ და რა ვჭამოთ, გადააქცევდა რა მთელ არსებობას ჯანმრთელობის ვალდებულებად. მეტიც, იტალიელი ექიმების პროფესიული ფიცი ამას კრძალავს მითითებით: „დაიცავი პიროვნების ავტონომიასთან დაკავშირებული მოქალაქეობრივი უფლებები“ (იხ. ასევე ჟენევის მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის დეკლარაცია: „დავიცავ ჩემი პაციენტის პიროვნულ ავტონომიასა და ღირსებას“ და „არ გამოვიყენებ ჩემს სამედიცინო ცოდნას ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობრივი თავისუფლების შესალახად, მუქარის შემთხვევაშიც კი“ – ა. პ.). ეს მოხდა კოვიდ-19-ის დროს. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ადამიანებმა არა მარტო უარი თქვეს თავიანთ კონსტიტუციურ თავისუფლებაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და პოლიტიკურ თუ რელიგიურ რწმენებზე, არამედ მათ დაუშვეს მათთვის საყვარელი ადამიანები მომკვდარიყვნენ მარტოობაში, დასაფლავების გარეშე. ამ აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის არსებობა დაყვანილ იქნა ბიოლოგიურ ფაქტზე, შიშველ სიცოცხლეზე, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა შენარჩუნდეს. ეს ასე მოხდა იმის მიუხედავად, რომ IFR-ის, ანუ დაავადების მიერ გამოწვეული რეალური სიკვდილიანობის ნიშნული 1 %-ზე ნაკლებია, თქვენი ჟურნალის კვლევების მიხედვით. სიცოცხლის მედიცინიზაციის ზრდის პროცესი უკვე გამოვლინდა. თითოეული ინდივიდის ცხოვრებისეული გამოცდილების მთლიანობა, რომელშიც ორივე – სხეულებრივიცა და სულიერიც  – ყოველთვის დაუნაწევრებლად გვხვდება, გაიყო, ერთი მხრივ, წმინდად ბიოლოგიურ არსებად და, მეორე მხრივ, სოციალურ, კულტურულ და ემოციურ არსებობად. ასეთი წყვეტა ყველა შემთხვევაში, აბსტრაქტულობაზე მიანიშნებს. ეს აბსტრაქტულობა კი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანები მას მსხვერპლად სწირავენ თავიანთი ცხოვრების ჩვეულ მდგომარეობას. ვთქვი, რომ სიცოცხლის დანაწევრება აბსტრაქტულობაზე მიანიშნებს. თუმცაღა, როგორც იცით, თანამედროვე მედიცინამ ეს აბსტრაქტულობა გაიაზრა დაახლოებით მეოცე საუკუნის შუა პერიოდში. მან ეს გააკეთა ინტენსიური თერაპიის მოწყობილობებით, რომელთაც შეუძლია ადამიანის სხეულის შენარჩუნება წმინდად ვეგეტატიურ მდგომარეობაში. ინტენსიური თერაპიის მოწყობილობას, თავისი მექანიკური რესპირატორებით, კარდიოპულმონარული ბაიპასით და ტემპერატურის შემნარჩუნებელი აღჭურვილობით, ნამდვილად შეუძლია სხეული სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გაახევოს. ეს ბნელი სივრცეა, რომელიც არ უნდა გავიდეს სამედიცინო საზღვრებს მიღმა. ამის სანაცვლოდ, პანდემიის შემთხვევაში, წმინდად ვეგეტატიური სიცოცხლე, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გახევებული ეს სხეული, იქცა ახალ პოლიტიკურ პარადიგმად, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებმა უნდა დაარეგულირონ საკუთარი ქცევები. ამ გამოცდილებაში ყველაზე გამაოცებელია ის ფაქტი, რომ შიშველი სიცოცხლე, ნებისმიერ ფასად, გააბსტრაქტულების გზით, დაცილებულია ინტელექტუალური და სულიერი სიცოცხლისაგან. ამგვარად, ის დადგენილია არა როგორც სიცოცხლის კრიტერიუმი, არამედ როგორც უბრალოდ არსებობისათვის ბრძოლა.

ჭეშმარიტება და გაყალბება

2016 წელს კვლევის შედეგების გამოქვეყნებით Nature-მა ცხადყო, რომ 1 500-ზე მეტმა მეცნიერმა ვერ მოახერხა ხელახლა ეწარმოებინათ მათი კოლეგების მიერ წარმოებული მონაცემები. დოქტორი გლენ ბეგლიც, მულტინაციონალური ორგანიზაციის, Amgen-ის ონკოლოგი დირექტორი, მსგავს პრობლემას წააწყდა 2011 წელს. მან, ახალი მედიკამენტის საკვლევ პროექტში რამდენიმე მილიონი ევროს ჩადებამდე, გადაწყვიტა ხელახლა ჩაეტარებინა 53 ექსპერიმენტი, რომლებსაც ეყრდნობოდა მათი განვითარების სტრატეგია. მან მხოლოდ მათი 11 %-ის ხელახლა ჩატარება მოახერხა.[3]

როცა საქმე ეხება წარმოებული მონაცემების სანდოობასა და მტკიცებების ჭეშმარიტებას, პარადოქსულად, მეცნიერება აწყდება საიმედოობის უპრეცენდენტო, ღრმა კრიზისს. ამის მიუხედავად, თითქმის შეუძლებელია იმ ჰიპოთეზებისა და შედეგების გაჟღერება, რომლებიც განსხვავდებიან საზოგადოდ აღიარებული „მეცნიერული ჭეშმარიტებებისგან“ ორივე, საზოგადოებრივი და აკადემიური მოსაზრების, დონეზე. მეტიც, ხშირად პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებები ამ ჭეშმარიტებათა საფუძველზე მიიღება. ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეთ პოსტი: „ჭეშმარიტებასა და სიყალბეზე“. ეგებ დაგვეხმაროთ, უფრო უკეთ ჩავწვდეთ ამ საკითხს?

აქ ჩვენ უშუალოდ ვხედავთ, რომ ჭეშმარიტების პრობლემა არ არის აბსტრაქტული ფილოსოფიური პრობლემა. არამედ ის არის რაღაც უკიდურესად კონკრეტული, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას. იმდენად, რამდენადაც საქმე მეცნიერულ ჭეშმარიტებას ეხება, თომას კუნის ცნობილმა წიგნმა უკვე აჩვენა, რომ მეცნიერული საზოგადოების დომინანტური პარადიგმა აუცილებლად ყველაზე ჭეშმარიტი კი არ არის, არამედ უბრალოდ მას შეუძლია მიიზიდოს მიმდევართა ყველაზე დიდი ნაწილი. დღეს ეს ასეა მეცნიერული ჭეშმარიტების მიღმაც. კაცობრიობა გადადის თავისი ისტორიის იმ ეტაპზე, რომელზეც ჭეშმარიტება დაიყვანება სიყალბეთა მიმოსვლის წამზე. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ეს წამი არის ენის ყოვლისმომცველი გამოშლა, რომელიც უკვე აღარ შეიცავს არანაირ კრიტერიუმს იმის განსასხვავებლად, რა არის ჭეშმარიტი და რა არის ყალბი. ჭეშმარიტია ის ნათქვამი, რომელიც აღიარებულია ასეთად და რომელიც უნდა დარჩეს ჭეშმარიტებად, მაშინაც კი, თუ მისი არაჭეშმარიტება დამტკიცებულია. საბოლოოდ, ეს მნიშვნელოვანია იმ სისტემისათვის, რომელიც ჭეშმარიტსა და ყალბს შორის ყოველგვარ განსხვავებას შლის. ამგვარად, დაბნეულობას იწვევს თუნდაც ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ურთიერთსაპირისპირო ახალი ამბები. ეს ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად ენა, როგორც ადგილი, სადაც ჭეშმარიტება აცხადებს საკუთარ თავს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია