ნეოლიბერალური პოლიტიკა უმაღლეს განათლებაში

ნეოლიბერალური პოლიტიკა უმაღლეს განათლებაში

2013 წელს ვარვიკის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ვარვიკის უნივერსიტეტის სენატი დაიკავეს, სტუდენტები აპროტესტებდნენ ვიცე-კანცლერის ანაზღაურების 42 000 გირვანქა სტერლინგით ზრდას. ვიცე-კანცლერის ანაზღაურება ჯამურად 22-ჯერ აღემატებოდა უნივერსიტეტის ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასს. ეს ყოველივე კი ხდებოდა ეკონომიკური კრიზისის, ახალგაზრდების მზარდი უმუშევრობისა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის საუნივერსიტეტო განათლების შანსების შემცირებასთან ერთად. ვარვიკის უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი გვახსენებს „საზოგადოებრივი უნივერსიტეტის“ იდეის გაქრობას და უმაღლესი განათლების შეუქცევად პრივატიზაციას, ეს უნდა ყოფილიყო შეხსენება!..

1980-იანი წლებიდან მსოფლიოში გამძაფრდა ეკონომიკური რაციონალობისა და კერძო სექტორში აპრობირებული მენეჯმენტის მოდელების მისადაგება საჯარო სფეროში, სახელმწიფოს როლის დაკნინება აისახა ყველგან, მათ შორის უმაღლესი განათლების სფეროში. გავრცელდა იდეოლოგიური ჩარჩო: „ნაკლები მთავრობა და მეტი ხელმძღვანელობა/მმართველობა“.

უნივერსიტეტმა დაკარგა ის იდეური და სოციალურ-კულტურული ფუნქციები, რაც მას ჰუმბოლდტისეული გაგებით ეკისრა. აკადემიური კომუნა უკვე აღარ არის ერთადერთი აქტორი, რომელიც ცოდნის წარმოებაში მონაწილეობს უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის იდეა გადაფასდა და აკადემიური კომუნის როლი გახდა ინსტრუმენტული. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის როლი „სტუდენტების მენეჯმენტად“ გადაიქცა. ნეო-ლიბერალური მართვის მოდელებმა გავლენა იქონია განათლების მისაწვდომობისა, სახელმწიფოს მიერ განათლების სფეროს დაფინანსების, კვლევის წარმოებისა და ცოდნის მარკეტიზაციის პროცესებზე. ნეოლიბერალური მართვის სტილი საქართველოში დროსა და კონტექსტში აცდენილად „დამკვიდრდა“. სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, რეალურად რამდენად არის ნეოლიბერალური ახალი საჯარო მენეჯმენტის მოდელი კლასიკური გაგებით აპრობირებული ისე, როგორც ეს დასავლურ უმაღლეს განათლების სფეროში. პრივატიზაცია და „კვაზი-პრივატიზაცია“ თანმდევი ცნებებია ნეოლიბერალური მენეჯმენტის გავრცელების პირობებში საუნივერსიტეტო დონეზე.

ლექციის მიზანია თავი მოუყაროს უახლეს ცოდნას ნეოლიბერალური მართვის გავლენაზე ცოდნის წარმოების სფეროში და საქართველოს ადგილზე გლობალური პროცესებში. საჯარო ლექციის დროს განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

  • ნეოლიბერალური ადმინისტრაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. კერძო სექტორის ძალაუფლების დაფუძნება უმაღლესი განათლების სფეროში .
  • ახალი საჯარო მენეჯმენტი (New Public Management) თეორიები და მისი შესაბამისობა ქართულ უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის კონტექსტთან.
  • ცოდნის კომერციალიზაცია : value-for-money ლოგიკა განათლებაში
  • განათლების ხარისხის მართვასა და გაუმჯობესებაში აკადემიური პერსონალის, პროფესორების ჩართულობა: სოფო შუბითიძის სამაგისტრო კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა.

მომხსენებელი: სოფო შუბითიძე, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის მაგისტრი.

მოხსენება ჩაიწერა ,,ალტერნატიული აკადემიის” ფარგლებში.

გაზიარება

მსგავსი პოსტები