ივანიშვილი არ არსებობს: ანტიუტოპიზმი და მოლოდინების მენეჯმენტი. გიორგი ჩუბინიძე

ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის ან პლატფორმის შეხედულებებს.

სხვა მიმართულებების ძიებაში

ივანიშვილი არ არსებობს: ანტიუტოპიზმი და მოლოდინების მენეჯმენტი.

გიორგი ჩუბინიძე

III. 2017 წლის ბათუმის ბუნტის ანტიუტოპიურობა

ცოტა ხნით შევჩერდეთ ბათუმზე. 2017 წლის 11 მარტის ბათუმის პროტესტი სხვა მხრივაც სანიმუშოა. პროტესტის მიმდინარეობისას და განსაკუთრებით მას მერე, გაჟღერდა უამრავი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო ამ ენიგმატური ბუნტის ნამდვილი შინაარსი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ალბათ პირველად, ლიდერისა და გასაგები მოთხოვნების გარეშე წარიმართა და, რაც მთავარია, ზოგჯერ უპრეცედენტოდ უმისამართო ძალადობით გამოირჩეოდა. რამდენად ბუნდოვანიც იყო ბუნტის ნამდვილი მიზეზი, იმდენად ურთიერთგამომრიცხავი იყო მისი დადგენის სხვადასხვა მცდელობა. ის, რაც ყველამ გამოტოვა ანალიზისას (რაც თავად ანალიზის ლოგიკიდან გამომდინარეობს) არის ის, რომ თითქმის ყველა ჩამოთვლილი მიზეზი (შემოსავლების უთანასწორობა, სერვისის ეკონომიკა, კულტურული მარგინალიზება, რუტინული პოლიციური ძალადობა და ა.შ.), რომელიც ამ პროტესტის შესაძლებლობას ხსნის, ასევე წარმატებით ახსნიდა ამ ბუნტის შეუძლებლობას.

აქ, არ ვმსჯელობ იმაზე თუ რა იყო 11 მარტის უშუალო გამომწვევი მიზეზი და საფუძველი. ამ წერილში, ყურადღება მინდა გავამახვილო ფორმაზე, რომელიც მას უპრეცედენტოს ხდის – ესაა მისი უტყვი, ძალადობრივი და შესაბამისად, უმისამართო ფორმა. სწორედ ასე წარსდგა პასიური მაყურებლის წინაშე 11 მარტის ბუნტი, მიუხედავად მისი კოოპტაციის სხვადასხვანაირი მცდელობებისა. ამ ენიგმატურ ბუნტს უნიკალურს ხდის სწორედ ის, რომ იგი „ქართული ოცნების” ანტიუტოპიური, არაქარიზმატული, მენეჯერული მართვის წესის ანარეკლია. ის ისეთივე უთავოა, როგორც „ქართული ოცნება”, ისეთივე არაპოლიტიკურია, როგორც ბიძინა 2.0. ამავდროულად, შიშველი ძალადობის მაჩვენებელი მასში იმავე პროპორციითაა, რა პროპორციითაც ის არ არის „ქართულ ოცნების” მართვის ტექნიკებში. 11 მარტის ბუნტი, არსებითად, „ქართული ოცნების” უაღრესად ინტიმური კოშმარია, რომელიც შეიძლება არც მომხდარა. აქვე, თუკი შეიძლება, რომ პოლიტიკურ-ფილოსოფიურად განვასხვავოთ ფართო გაგებით პოლიტიკა და პოლიცია, დიდ დაპირება და მენეჯმენტი, 11 მარტის უტყვი ბუნტი სწორედ ამ უკანასკნელისთვისაა სახასიათო.

თუკი ივანიშვილი არსებობს და, როგორც მისმა საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველმა აღნიშნა, „ყველგანაა”, მაშინ, ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ, რომ ის არსადაც არაა. ბიძინა 2.0-ის ბუნდოვანი ონტოლოგიური სტატუსი, მისი დამალული სახე — განსხვავებით სააკაშვილის ბრწყინვალე სახისგან, რაც ამ უკანასკნელს მიზანში ადვილად ამოსაღებს ხდის — მისი მმართველობის პარადიგმის ქვაკუთხედია. აქ არ იგულისხმება ე.წ. „ჩრდილოვანი მმართველობა”. ამ მხრივ, აქ, არც კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკებია (კეინსიანური, ნეოკლასიკური და ა.შ.) მნიშვნელოვანი. ის, რაც გვიანდელ „ქართულ ოცნებას” გამოარჩევს, უტოპიური ჰორიზონტის გაუქმება, მესიის გამოცხადებული თვითსეკულარიზებაა. 11 მარტის ბუნტი ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ბიძინა 2.0-ის სტატუსი. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ მასთან დაპირისპირებული მედიაკომპლექსის ამოცანა წლების განმავლობაში იყო ივანიშვილის ხილვადობის ზონაში შემოყვანა და მისი მოხელთება.

IV.  განგების სეკულარიზება და მენეჯერიალიზმი

როცა ამ წერილზე მუშაობა დავიწყე, ბუნებრივია, ჩემთვის უცნობი იყო პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის სრული და საბოლოო წასვლის გადაწყვეტილების შესახებ. მიუხედავად ამისა, ბიძინა 2.0-ის ლოგიკა, რომლის აღწერასაც ამ წერილში ვცდილობ, მოვლენების მხოლოდ ასეთი სცენარით განვითარებას ვარაუდობდა. ხილული მესიიდან გნოსტიკურ დემიურგად ქცევა, რომელიც სამყაროს ჯერ ქმნის, შემდეგ კი მას ტოვებს და მის მართვას ანგელოზთა ბიუროკრატიას უტოვებს, რაღაც აზრით, საქართველოს ისტორიაში კლასიკური თეოლოგიური პარადიგმის ხელახალი აქტუალიზებაა. ივანიშვილის საჯარო თვითმკვლელობა, რათა საკუთარი არარსებობა დაედასტურებინა და სახელმწიფოს გადაბარება ანგელოზებისთვის, რომლებმაც ქვეყნის მოქალაქეების განწყობებს უნდა მისცენ მიმართულება — შუა საუკუნეების პოლიტიკურ-თეოლოგიური ფორმულით ჯამდება: „მეფობს, მაგრამ არ მართავს”.

თეოლოგიური პარადიგმა აქ შემთხვევით არ მომიყვანია. საქმე ისაა, რომ თავად „უხილავი ხელის” ადამ სმიტისეული მეტაფორა, რომელიც ბაზრის თვითრეგულირებადი ხასიათის მეტონიმიად იქცა, თავად ქრისტიანული განგების ცნების სეკულარიზებას წარმოადგენს. სმიტი პირდაპირ პარალელს ავლებს „უხილავ ხელსა” და „განგებას” შორის. თითქოს, რაღაც განგების ძალით, ბაზარში ჩართული აქტორების კერძო მისწრაფებები, შესაძლოა მათი ნების საპირისპიროდაც კი, ყოველთვის საზოგადოების საერთო კეთილდღეობას ემსახურებიან. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბაზარში ჩარევა თავად განგებაში, თვითრეგულირებად სისტემაში ჩარევა, მისი დამახინჯება და მასში იმანენტურად აღმოცენებული მორალურად სწორი წესრიგის აღრევაა. საინტერესო ისაა, რომ ბიძინა 2.0-ის შემთხვევაში, ამ წესრიგის წონასწორობის ცენტრი ხელისუფლებისადმი მოლოდინების მართვად სიმაღლეზე შენარჩუნებაა, რომელშიც ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა ამახინჯებს მოქალაქეების რაციონალური განსჯის უნარს და მათ უმართავს ხდის.

ჩვენი მსჯელობისთვის საყურადღებოა ეკონომიისა და მთავრობის თანამედროვე პარადიგმების ჯორჯო აგამბენისეული გენეალოგია. აგამბენი აჩვენებს, რომ თანამედროვე დასავლური მთავრობის მოდელი წარმოადგენს ქრისტიანულ ეკონომიკურ თეოლოგიასა და პოლიტიკურ თეოლოგიაში გადმოცემული განგების ცნების სეკულარიზებას, როცა ტრანსცენდენტური-სიკეთისა და იმანენტური-სიკეთის წყვილში პირველი ქრება, სეკულარიზდება და რჩება მხოლოდ სიკეთე როგორც ბუნებასა თუ საზოგადოებაში იმანენტურად მოცემული მექანიზმი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოდერნულობაში საზოგადოება კეთილშობილი წესრიგისკენ მიილტვის არა ღვთის განგების, არამედ მისი შინაგანი კანონზომიერებების ან ბუნების ძალით (მაგალითად, საბაზრო ეკონომიკის ზნეობრიობის მისტერია არა ღვთის, არამედ ადამიანის ბუნებითაა განპირობებული).

ერთ-ერთი ქართულენოვანი განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, განგება აღნიშნავს„ღმრთის კეთილგანწყობილ ქმედებას, რომლითაც იგი ისტორიასა და ბუნებრივ მოვლენებს წარმართავს და ყველა ქმნილებას საკუთარი საბოლოო მიზნისაკენ უძღვება… სარწმუნოება ადამიანს აძლევს იმის უეჭველობას, რომ ღმერთი არ დაუშვებდა ბოროტების არსებობას, იმავე ბოროტებიდან სიკეთე რომ არ მომდინარეობდეს, იმ გზებითა და ხერხებით, რომლებიც მხოლოდ მარადიულ სიცოცხლეში გახდება ცნობილი.” ის, რაც „განგებას” ან „უხილავ ხელს” ახასიათებს, არის არაპირდაპირი, ან-არქიული ეკონომიური მართვის წესი. მართვა და ეკონომიკა არ წარმოადგენენ ურთიერთგამომრიცხავ ცნებებს. მეტიც, პირველი მეორით ხორციელდება და პირიქით. სწორედ ამიტომ, წერილში შემთხვევით არ მიხსენებია ივანიშვილის, რომლის არსებობაც მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშაა, ქვეყნის მართვის სტილი, რომელიც ცენტრალური ბანკის მიერ ვალუტის მართვის ანალოგიურია. ცენტრალური ბანკი ფინანსურ სისტემაში ფულადი ინექციებით და საპროცენტო განაკვეთის ზრდა-შემცირებით, რაც, პირველ რიგში, მოლოდინების მენეჯმენტს წარმოადგენს, უხილავი ხელით მიუძღვება ვალუტას სასურველი წონასწორობისაკენ.

გლობალური პანდემიის დროს, მთავრობის წარმომადგენლებთან საუბრისას, ჟურნალისტები და დაინტერესებული ადამიანები ამაოდ ცდილობდნენ, დაეცინცლათ ერთი მნიშვნელოვანი დაპირება მაინც, სადაც ისინი იტყოდნენ, რომ ქვეყნის მმართველებს ჰქონდათ დიდი გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკა რადიკალურად ტრანსფორმირდებოდა ან გეზს შეიცვლიდა და რომლის მეშვეობითაც ის კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებდა ყველა სხვა ქვეყანაზე. ამის საპირისპიროდ, მთავრობის წარმომადგენლები, არსებითად ქვეყნის მენეჯერები, საუბრობდნენ სწორი მართვის საჭიროებაზე, პოზიტიურ მოლოდინებზე, ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციაზე და ა.შ. საქართველოს უახლეს ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალწლიანი კრიზისის ფონზე, საზოგადოებასთან ურთიერთობა მისი პოზიტიური მოლოდინების მინიმიზებით უპრეცედენტოა. აქ, გასაღები არის არა მთავრობის „სისუსტე” ან „რეალური ძალაუფლების” არქონა, არამედ მართვის მენეჯერული მოდელი.

V. დასკვნის მაგივრად

საზოგადოებრივი განწყობების ვალუტის კურსის მოდელზე მართვა, მოლოდინების სასურველ დონეზე შენარჩუნება, რათა ამან არც ინფლაცია გამოიწვიოს და არც დეფლაცია, სპეციფიკური „მონეტარისტული” მართვის მოდელია. იმისათვის, რომ ეს მსჯელობა ქართული ნარცისიზმის ან მეთოდოლოგიური ნაციონალიზმის ლუკმა არ გახდეს („მხოლოდ საქართველოში”), წერილს დავასრულებ სოციოლოგ გილ იეალის მიგნებით, რომელიც მონეტარისტულ მართვის წესს, 90-იანი წლების ჩეხეთის მაგალითზე, ანტიპოლიტიკურს უწოდებს (რასაც მე ანტიუტოპიური ვუწოდე) და მას შემდეგნაირად აღწერს:

„მონეტარიზება ქმნის თვითორგანიზებულ სფეროებს, რომელთა შორიდან მართვაც შესაძლებელია, რადგან ფული, ფასები და ბაზრები იძლევა პოტენციურად მკაფიო ინფორმაციას და ამგვარად, არჩევანი სტატისტიკურად წინასწარგანჭვრეტადი ხდება. მაშასადამე, მართვის ხელოვნება მონეტარისტული პერსპექტივიდან გულისხმობს იმისუზრუნველყოფას, რომ ასეთი ინფორმაცია „გამჭვირვალეა.” ესე იგი, ის არა მხოლოდხელმისაწვდომია საჯარო სფეროში, არამედ მისი მნიშვნელობაც მკაფიოა… [ინტერვენციები] მონეტარისტული პერსპექტივიდან მართვის სარისკო ფორმაა, რადგან ის ამახინჯებსინფორმაციას, გზავნის „არასწორ სიგნალს”, და შემოაქვს მოლოდინების სისტემური აცდენა[ჩვენთვის ნაცნობი „არასწორი მოლოდინები“ გ.ჩ.].”

რთული სათქმელია, თუ როდის მიილევა საზოგადოების პასიური მხარდაჭერა ანტიუტოპიურიმენეჯერიზმის, Pax Bidzina-სა და მისი თანმხლები ახალი კომპრომისისადმი. თუმცა, შემიძლიავიწინასწარმეტყველო, რომ მასთან დაპირისპირებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასსაზოგადოებასთან ურთიერთობა სწორედ იმ ანტიუტოპიური კოორდინატების ფარგლებში მოუწევს, რომელიც ბიძინა 2.0-მა მოხაზა. ის თუ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით რამდენად გადავა2015-2021 წლების მენეჯერიზმი (კვირიკაშვილი-ბახტაძე-გახარია) მეორე პლანზე და რამდენადიქნება ეს პოლიტიკის დაბრუნების ნიშანი, მისი თანხმლები დიდი დაპირებებითა და კარლშმიტისეული მტერი-მოყვარის დიქოტომიის ახალი ძალით გაღვიძებით, ამას მხოლოდ რამდენიმეწელიწადში დავინახავთ, როცა რეტროსპექტივის შესაძლებლობა გაჩნდება.

გაზიარება

მსგავსი პოსტები