გიორგი ჩუბინიძე – ივანიშვილი არ არსებობს: ანტიუტოპიზმი და მოლოდინების მენეჯმენტი.

ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის ან პლატფორმის შეხედულებებს.

სხვა მიმართულებების ძიებაში

ივანიშვილი არ არსებობს: ანტიუტოპიზმი და მოლოდინების მენეჯმენტი

ავტორი: გიორგი ჩუბინიძე

    I.      დიდი დაპირების დასასრული

ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2019 წლის 27 ნოემბერს მოხდა, როცა „ქართული ოცნების” მაშინდელმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში ფაქტობრივად თქვა, რომ არა თუ 2012 წელს დაპირებული მეოთხე „ძალიან კარგი წელიწადი” არ დამდგარა, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაში არავითარ რადიკალურ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წლიდან წლამდე ნებისმიერი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში პირველობს (უმუშევრობა, სიღარიბე და ა.შ.). ივანიშვილის ამ განცხადებას პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოებაში დაბნეულობა მოჰყვა, ხოლო მისი მნიშვნელობა და ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიასა და თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში გამოცანად დარჩა. რატომ არ აძლევს „იმედის“ ეთერში ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანი საქართველოს მოქალაქეებს იმედს? რატომ უსვამს ხაზს შეუძლებელს და არა შესაძლებელს? ეს განცხადება არის არა გულწრფელობის სპონტანური გამოვლინება, ანდა ეკონომიკური სინამდვილის უბრალო აღწერა, არამედ სტრატეგიულად გათვლილი დისკურსული სვლა(ც), რომელიც, სინამდვილეში, თანხვედრაშია გვიანი „ქართული ოცნების“ ან ბიძინა 2.0-ის ანტიუტოპიურ მართვის წესთან.

ამ წერილში, სააკაშვილი და ბიძინა 2.0 მხოლოდ პირობითი სახელები იქნება მმართველობის ორი ტიპის აღსანიშნავად. სააკაშვილი და ბიძინა 2.0 უტოპიური და ანტიუტოპიური პარადიგმების სახელებია. 2020 წლის 12 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ „ქართული ოცნების ესთეტიკა ცოტა სხვაა”. ცოტა და არა ბევრად სხვა, ალბათ, სოციო-ეკონომიკური თვალსაზრისითაა, თუმცა არა საზოგადოებრივი აზრის მართვის თვალსაზრისით. სააკაშვილის მართვის ესთეტიკას, მის მგრძნობელობას, დაახლოებით პონცის სქემის ხასიათი აქვს, სადაც ერთ დაპირებას მეორე უფრო დიდი დაპირება გამოისყიდიდა ხოლმე. სააკაშვილი მაღალი მოლოდინების ველში მოძრაობს. შესაბამისად, მისი წარუმატებლობის მიზეზი ამავე სტრატეგიის წარმატებაშია. საყოველთაო ინტუიციის საპირისპიროდ, რევოლუციები ან დიდი სოციალური რყევები ხდება არა მაშინ, როცა სტაგნაციაა, არამედ მაშინ, როცა ჭარბ დადებით მოლოდინებსა და სოციალურ რეალობას შორის ნაპრალი უკიდურესად ფართოვდება.

ივანიშვილის ხელისუფლების პირველი წლები (ბიძინა 1.0) არსებითად აგრძელებდა სააკაშვილისეულ პონცის სქემას. მეტიც, ბიძინა 1.0-მა სააკაშვილის შექმნილი მაღალი მოლოდინების ზოგად ფონზე კაპიტალიზება კიდევ უფრო მაღალი მოლოდინების შექმნით მოახდინა. ამ მოდელში, ცალკეული ნაწარმოები მოლოდინი კიდევ უფრო მაღალი ნაწარმოები მოლოდინით ყუჩდება ხოლმე. ასე ხდება საბოლოო გაბრწყინების განმეორებითი გადადება და მხარდაჭერის შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი მალევე აღმოაჩენს რომ მაღალი მოლოდინებით მართვას თავისი ლიმიტი არასტაბილურობის მაღალ კოეფიციენტში აქვს – მისი წარმატება მხოლოდ მოკლევადიანია. ზემოთ ნახსენები ინტერვიუ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან ყველაზე მკაფიოდ სწორედ აქ გამოითქვა საზოგადოების მართვის უტოპიურიდან ანტიუტოპიურ მოდელზე, დიდი დაპირებიდან მოლოდინების მენეჯმენტზე გადასვლა. ივანიშვილის 2018 წლის ცნობილი ტროპი, რომ „ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას,” სწორედ აქ ნახსენებ ნაპრალზე გაზრდილი მგრძნობელობის დადასტურებაა. მოლოდინების დაწევის ხარჯზე მოლოდინსა და მის შესრულებას შორის ნაპრალის მენეჯმენტი „ქართული ოცნების” მართვის არსებითი, თუმცა ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი ელემენტია.

2012 წლის დეკემბერში, არჩევნებში თავისი პარტიის ელექტორალურ მარცხზე მსჯელობისას, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ დამდგარი შედეგის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ „[ნაციონალურმა მოძრაობამ] ნეოკონსერვატორული იდეოლოგიიდან ცენტრისკენ მოძრაობა [დააგვიანა]”. ცხადია, აქ არის სიმართლის მარცვალი, თუმცა მას გამორჩა, რომ გარდამტეხი ფაქტორი იყო არა ცალკეული საჯარო პოლიტიკები ან სხვადასხვა ტექნიკური საკითხი (რაც ყოველთვის იქნება ფაქტორი), არამედ დიდი დაპირებისუკუცემა, დაპირება, რომელიც უშვებს უტოპიურ ჰორიზონტს, სადაც ყველაფერი შესაძლებელი ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ დაპირება არ სრულდება, მაშინ ყოველთვის არის კიდევ ერთი შანსი, შევცვალოთ ის, ვინც ამ დაპირებას ვერ ასრულებს, იმით, ვინც მას ნამდვილად შეასრულებს. სწორედ ამ ნაპრალს იკავებს ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს და საზოგადოებას აუხდენელი ოცნებების ახდენის ოთხწლიან განრიგს სთავაზობს. თავად სახელი, „ქართული ოცნება,“ როგორც ამერიკული ოცნების კალკი, სწორედ ამ გაჩენილ ჰორიზონტზე კაპიტალიზების მცდელობის ნაყოფია.

    II.         ვალუტა და საზოგადოება: მოლოდინების მენეჯმენტი

ბიძინა ივანიშვილის 2019 წლის ინტერვიუ უნიკალურია საქართველოს და შესაძლოა რეგიონის უახლესი ისტორიისთვისაც, რადგან თავად ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ფიგურა დისტანცირდება დიდი დაპირებისგან, როდესაც აცხადებს, რომ სახელმწიფო აღარ იმუშავებს მაღალი მოლოდინების ველში. პირიქით, „ცრუ მოლოდინი” ხდება მთავარი ოპონენტი, რომელთან ბრძოლასაც იწყებს „ქართული ოცნება”. ივანიშვილიდან გახარიამდე, ნაცვლიშვილიდან რამიშვილამდე, ეკონომიკური პოლიტიკიდან საგარეო პოლიტიკამდე, „ცრუ მოლოდინი” არის ის სიტყვა, რომელიც არაშემთხვევითად და სტრატეგიულად მეორდება მმართველი ძალის საჯარო განცხადებებში. საზოგადოებისა და მისი განწყობის მართვის ეს ტექნიკა ემყარება გათვლას და სააკაშვილის მმართველობის გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ყველაზე საშიში ისეთი მოლოდინის შექმნაა, რომელშიც სიმბოლურად უკვე მოპოვებულია ის, რაც სინამდვილეში ჯერ კიდევ შორსაა.

ამ მხრივ, გამორჩეულია ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც ალბათ ყველაზე ხშირად იყენებს სიტყვებს „სწორი მართვა” და „დადებითი მოლოდინი” და რომლის დისკურსშიც ხშირად იგულისხმება ბუნდოვანი ზღვარი ბაზრისა და მოსახლეობის ქცევას შორის. ვალუტისა და ადამიანის ფსიქოლოგიებს შორის ზღვრის გაბუნდოვნება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ 2019 წელს დაამოწმა, როცა მან ქართული ლარი „დამოუკიდებელ თინეიჯერად” მოიხსენია და ამით ვალუტას პიროვნული თვისებები შესძინა.

სქემატურად რომ მოვხაზოთ, სააკაშვილი ქვეყანას მართავდა როგორც სუვერენი (ან როგორც ალექსანდრ ისკანდარიანმა აღნიშნა, „საკომანდო-ადმინისტრაციული სისტემის” მეთაური), ივანიშვილი მართავს როგორც ცენტრალური ბანკის დირექტორი. სააკაშვილის დისკურსის ხელწერა პროპაგანდა იყო, ივანიშვილის – მოლოდინების ინფლაცია-დეფლაციის კონტროლი. აღსანიშნავია, რომ ამ ორი პარადიგმის, უტოპიურის და ანტიუტოპიურის არსი ყველაზე კარგად მაშინ ვლინდება, როცა ისინი რეაგირებენ შოკებზე. აქ, მნიშვნელოვანია, რომ 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2017 წლის „ბათუმის ბუნტზე“ რეაგირება შევადაროთ ერთმანეთს. თუ 7 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის” მიერ აქციის დაშლა ასიმეტრიული ძალის დემონსტრირების ერთ-ერთი ეპიზოდია, „ქართული ოცნების” მიერ ბათუმის აქციის დაშლა არა ასიმეტრიული ძალაუფლების დემონსტრირების, არამედ ამ აქციის ენერგიის მენეჯმენტის ფორმას იღებს. მენეჯერიალიზმი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ჩანასახოვანი ფორმით არსებობს, ივანიშვილის ხელისუფლებაში სრულყოფილ სახეს იღებს.

ისტორიული მონაკვეთი ბიძინა 2.0-დან დღემდე სტაბილურობის აქამდე არნახული ხარისხით გამოირჩეოდა. ერთგვარი Pax Bidzina, თავის მხრივ, ახალ სოციალურ კომპრომისს ეფუძნება. იგი მოიცავს: საგარეო პოლიტიკური დაძაბულობის მოდუნებას, ცალკეული კონსერვატიული განწყობების ინსტიტუციონალიზებას, სოციალური სახელმწიფოს ზოგიერთი მქრქალი შტრიხის გამოჩენას, კაპიტალზე საკომანდო-ადმინისტრაციული წნეხის შემცირებას, ამ უკანასკნელის სახელმწიფოსთან უფრო მაღალი ხარისხის თანამშრომლობას და სპორადული არა-საბაზრო ძალების დათრგუნვის უფრო მოქნილად გაგრძელებას. ახალი კომპრომისი — რაც სოციო-ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში „ქართული ოცნების“ მიერ შაშკინის ნახსენებ „ცენტრისკენულ მოძრაობას” გულისხმობს —  და მოლოდინების მენეჯმენტი უზრუნველყოფს მოსახლეობის სწრაფ და ფართო დეპოლიტიზებას, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ არჩევნებში აქტივობის მაჩვენებელი მაღალია. აქ, დეპოლიტიზება გულისხმობს ახალ კომპრომისზე პასიურ თუ აქტიურ თანხმობას პარტიზანული წესრიგის საპირისპიროდ.

სწორედ ასეთი კომპრომისის ზოგად კონტექსტში, მონეტარისტული იდიომი[1] ხდება მთლიანად საზოგადოების მართვის მთავარი რუბრიკა; საზოგადოება აქ უკვე ნახსენები „თინეიჯერია,” რომელზეც მხოლოდ ირიბად შეიძლება იმოქმედო საპროცენტო განაკვეთების ზრდა-შემცირებით, ე.ი. მისი მოლოდინების მანიპულირებით.  მონეტარისტულ დისკურსში ნაგულისხმევი რაციონალური აგენტის თეორია, რისკებისა და მოლოდინების მენეჯმენტი და ა.შ. არა თუ ბაზარს, არამედ მთლიანად საზოგადოებას ერთ დიდ ინფორმაციულ ველად წარმოიდგენს. სწორედ ამ გადმოსახედიდანაა გასაგები, „ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, „ქართული ოცნების” სიხისტის შეუდარებლად დაბალი ხარისხი. მონეტარისტული დისკურსის მიხედვით, ჩარევა არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ მთლიანად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქმნის ინფორმაციული ველის დამახინჯების საფრთხეს, რომელიც, პირველ რიგში, ხელს უშლის არა უბრალოდ ბაზრის, არამედ მთლიანად საზოგადოების განწყობების კალკულირებულ მენეჯმენტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი „ნაციონალური მოძრაობის” საკომანდო-ადმინისტრაციული სახელმწიფო სააკაშვილის „მკაცრი ხელით” იმართება, „ქართული ოცნების” მენეჯერული სახელმწიფო „უხილავი ხელით” ლაგდება.

„ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ლარის კურსის ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კურსის ცვლილებას ბიუჯეტთან კავშირში არ აქვს. მისი თქმით, კურსის ცვლილებას არასწორი მოლოდინები და ერთჯერადი ტრანზაქციები იწვევს.”

„ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.”


[1] აქ, მონეტარიზმის ცნებას ვიყენებ არა მხოლოდ მისი ვიწრო ეკონომიკური გაგებით, რომელიც მილტონ ფრიდმანის ინფლაციის თეორიასთანაა ასოცირებული, არამედ მას განვიხილავ მართვის ტექნიკად, როცა სახელმწიფო საზოგადოების მართვას მონეტარული პოლიტიკის მოდელზე სწორებით, მისი იდიომების არაეკონომიკურ სფეროებზე პროექციით ცდილობს.

გაზიარება

მსგავსი პოსტები