პრივილეგიები და პარანოია ქართულ საბჭოთა დიასპორაში

პრივილეგიები და პარანოია ქართულ საბჭოთა დიასპორაში

ერიკ სკოტის „ნაცნობი უცხოები“: რეცენზია

ავტორი: თამარ ქებურია

1956 წლის 14 თებერვალს, სამშაბათს, კრემლში, რიგით მე-20 პარტიული ყრილობა გაიხსნა. ეს იყო პირველი საკავშირო დონის ყრილობა, რომელსაც სტალინი აღარ ესწრებოდა. მეტიც, ვერც მის ფოტოს იპოვიდით კრემლის რომელიმე კედელსა თუ დარბაზში – „ყრილობის დიდი დარბაზის ერთ ბოლოს ლენინის ძეგლი ამშვენებდა, მოსაუბრის პოზაში. მე თვალებით სტალინის ფოტოს ძებნა დავიწყე. მას თქვენ ნახავდით მოედნებზე, მაღაზიებში, სამუშაო ოფისებში. უცნაური იყო, რომ ამ დარბაზში ერთსაც კი ვერ მოჰკრავდი თვალს,“ – წერდა თავის დღიურში პარტიული ყრილობის დამსწრე, იტალიელი ანტიფაშისტი, ესპანეთის სამოქალაქო ომის ვეტერანი და კომინტერნის წევრი, ვიტორიო ვიდალი.[1]

მაშინ, როდესაც პარტიული ყრილობის პირველი დღეები „მექანიკურად“ და პროგრამის თანახმად მიმდინარეობდა, კარს უკან ნიკიტა ხრუშჩოვის „საიდუმლო სიტყვა“ იწერებოდა.[2] ყრილობის ბოლო დღეს, 25 თებერვალს, ხრუშჩოვი ოთხსაათიანი მოხსენებით გამოვიდა, სადაც მან სტალინის პოლიტიკა დაგმო, ის მრავალ გადაცდომაში დაადანაშაულა და ამის საილუსტრაციოდ არაერთი მაგალითი მოიყვანა. გამოსვლისას, ხრუშჩოვი საუბრობდა სტალინის მიერ დამკვიდრებულ პიროვნების კულტზე, რამაც, მისი აზრით, დაასუსტა კომუნისტური პარტია და მთელი საბჭოთა კავშირი: “ვინც კი შეეწინააღმდეგებოდა მის მოსაზრებებს, ან ეცდებოდა საკუთარი შეხედულების დამტკიცებას, განწირული იყო, კოლექტივში წამყვანი პოზიციების დაკარგვისათვის, ისევე, როგორც განწირული იყო თანმდევი მორალური და, ხშირად, ფიზიკური მოსპობისთვისაც კი“. როგორც ერიკ სკოტი აღნიშნავს თავის წიგნში, „ნაცნობი უცხოები – ქართული დიასპორა და საბჭოთა იმპერიის ევოლუცია,“ სტალინის მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმოხილვა ხრუშჩოვმა სარკასტული რემარკით დაასრულა, სადაც სტალინი „ქართველი ხალხის დიდებულ ვაჟად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ „ქართველებს უყვართ თავიანთი ქვეყნის შვილების ასე მოხსენიება“ (სკოტი, გვ: 126).

ხრუშჩოვის საიდუმლო გამოსვლის შესახებ ჭორები საქართველოშიც მალევე გავრცელდა, რამაც ყველაზე მეტად საბჭოთა ელიტის ქართველი წარმომადგენლები ჩააგდო საგონებელში. ისინი შიშობდნენ, რომ სტალინის გადაცდომებზე პასუხს ქართველებს აგებინებდნენ. ქართველ მაღალჩინოსნებს ეშინოდათ, რომ მათი შვილებისთვის მოსკოვის წამყვანი უნივერსიტეტების კარები დაიხურებოდა, დაწინაურებული კადრები ჩამოქვეითდებოდნენ, ხოლო კარიერის დასაწყისში მყოფი ქართველები ვეღარ დაწინაურდებოდნენ.

ერიკ სკოტი სწორედ ამ შიშს უკავშირებს 1956 წლის 5 მარტს, როდესაც სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავთან დაკავშირებული აღლუმი ფართომასშტაბიან დემონსტრაციაში გადაიზარდა. წყაროების თანახმად, თუ თავდაპირველად დემონსტრაციებზე შეკრებილი ადამიანების განზრახვა სტალინის ღირსებისა და სტატუსის დაცვა იყო, ნელ-ნელა ლოზუნგები ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნის, ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის და სხვა „ანტი-საბჭოთა“ მოთხოვნებში გადაიზარდა.[3] თუმცა, მალევე, რუსმა საჯარისო დანაყოფებმა წინააღმდეგობა ძალადობრივად ჩაახშეს, რასაც მსხვერპლიც  მოჰყვა.

ამ ამბის შემდეგ, გამძაფრდა მოლოდინი, რომ „კრემლის“ დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველების მიმართ გამკაცრდებოდა და სადამსჯელო ხასიათს მიიღებდა. თუმცა, წიგნის ავტორი აღნიშნავს, რომ, რეალურად, ამის საპირისპიროდ, საბჭოთა მმართველობამ კიდევ უფრო გაზარდა საქართველოში სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით კი კულტურის დაფინანსება და ქართველი ხალხი მულტიეთნიკურ საბჭოთა ოჯახში კიდევ უფრო „ინტეგრირებული“ გახდა. როგორც სკოტი წერს, ეს იყო ერთგვარი კომპენსაცია ქართველების მიერ დაკარგული პოლიტიკური ძალაუფლების ბალანსირებისთვის, რაც, შემდგომში, სოციალური და კულტურული დაწინაურების წინაპირობად იქცა. დესტალინიზაციას საკავშირო დონეზეც მოჰყვა პოლიტიკის ცვილება, რაც „დათბობის“ პოლიტიკის სახელითაა ცნობილი. „დათბობის“ პოლიტიკამ მეტი თავისუფლება მოიტანა საბჭოთა მწერლებისთვის, რეჟისორებისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამის განსახიერებაა თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიების“ ეკრანიზაციის დაშვება. ავტორის თქმით, მაშინ, როდესაც „კრემლის“ პოლიტიკური ელიტის მზერისთვის აბულაძის ფილმი სტალინისტური დანაშაულების მონანიებად აღიქმებოდა, ქართული საზოგადოება ამ ფილმში სულ სხვა რამეს, საბჭოთა იმპერიული მმართველობის ღია კრიტიკას ხედავდა. ცნობილია, რომ ფილმის გადაღებებს ედუარდ შევარდნაძე მფარველობდა და ეწინააღმდეგებოდა ცენზორების მიერ ფილმის სცენარში ცვლილებების შეტანას. ამის შედეგად, შევარდნაძე და აბულაძე – ერთის მხრივ კომუნისტური სისტემის მაღალჩნოსნი, ხოლო მეორეს მხრივ სუბვერსიული იდეების მქონე ხელოვანი – განსაკუთრებით დაახლოვდნენ. სკოტის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძემაც და აბულაძემაც მნიშვნელოვნად ისარგებლეს საბჭოთა სოციალური მობილობის შესაძლებლობებით (არც ერთი მათგანი არ დაბადებულა თბილისში და წარმოადგენდნენ დაწინაურებული ოჯახის შვილებს), ორივეს ჰქონდა მიზეზი, ნეგატიურად ყოფილიყო განწყობილი სტალინისტური მმართველობისადმი, რადგან სტალინისტური რეპრესიები ორივე მათგანს შეეხო ახლობლების დახვრეტისა თუ გადასახლებაში გაშვების სახით.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესის მიერ 2016 წელს გამოცემული წიგნი „ნაცნობი უცხოები – ქართული დიასპორა და საბჭოთა იმპერიის ევოლუცია“ ადრეული სტალინისტური პერიოდის მიმოხილვით იწყება და ბრეჟნევის პერიოდამდე ქართული დიასპორის წარმომადგენლების პოლიტიკურ, კულტურულ თუ საერთაშორისო დონის გავლენების ისტორიასა და სპეციფიკას აღწერს. წიგნის ავტორისთვის მთავარი კითხვა არის ის, თუ როგორ ახერხებდა მასშტაბით და რაოდენობრივად მცირე ეთნიკური ჯგუფის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც ქართველები იყვნენ (ქართველთა წილი საბჭოთა კავშირის მთელი მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს შეადგენდა), ასეთი გამორჩეული როლი ეთამაშათ საბჭოთა კავშირის სპეციფიკის განსაზღვრაში, როგორც ბოლშევიკური რევოლუციის ადრეულ პერიოდში, ისე მის შემდგომ. სკოტს აინტერესებს, თუ რა სახის პოლიტიკური თუ კულტურული ურთიერთმიმართება განაპირობებდა ქართული დიასპორის წარმომადგენლების დაწინაურებულ პოზიციებს რუსეთში. აღნიშნულზე დაკვირვებით კი, ავტორი ახლებურ პარადიგმას ქმნის თავად საბჭოთა იმპერიულობის გასაგებად და მის აღსაქმელად, რომელიც სცდება ცენტრის და პერიფერიის ბინარულ კატეგორიებს და თავის თავში აქტორებისა თუ ჯგუფების ბევრად უფრო კომპლექსურ და მრავალგანზომილებიან ურთიერთკავშირებს მოიცავს.

ერიკ სკოტის ეს წიგნი გამორჩეულია იმითაც, რომ საბჭოთა სისტემის შიგნით მიმდინარე წინააღმდეგობრივი ძვრების ჩვენებით, იგი საბჭოთა კავშირის მონოლითურობისა და ერთგანზომილებიან პოლიტიკურ დიქტატზე დამყარებული მმართველობის შესახებ წარმოდგენას ანგრევს. ამის ნაცვლად, ავტორი საბჭოთა კავშირის ადამიანურ სახეს წარმოაჩენს, სადაც სცენაზე შემოდის ერთი შეხედვით ბანალური ისტორიები ნათესაურ კავშირებზე, თანამდებობრივ ინტრიგებზე, ადამიანურ ცდუნებებსა თუ პირადი ინტერესებით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებზე. გარდა ადამიანური სფეროსი, როგორც პოლ მანინგი სწორად შენიშნავს,[4] სკოტის წიგნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ისიცაა, რომ ავტორი ქართულ ნაციონალიზმთან თუ ეთნიკურობასთან დაკავშირებულ მატერიალურ ისტორიაზეც წერს. ქართული სუფრა, ქართული სამზარეულო და კულინარია თუ საქართველოში წარმოებული დეფიციტური პროდუქტები ის მცირე ჩამონათვალია, რომლის შესახებაც წიგნში ამოიკითხავთ.

სკოტის წიგნი ექვსი თავისაგან შედგება. პირველ თავში ავტორი დიასპორის კვლევებში გამოყენებულ თეორიულ და კონცეფტუალურ მიდგომებს მიმოიხილავს და ცდილობს, სათანადო მეთოდოლოგიური თუ ანალიტიკური ამხსნელი უპოვოს საბჭოთა იმპერიის ფარგლებში ქართული დიასპორის კვლევას. მომდევნო თავში  სკოტი ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ რუსეთში მოღვაწე კავკასიელებში არსებულ სოციალურ დინამიკაზე, პოლიტიკურ ინტერესებსა და პირად ურთიერთობებზე წერს. აქვე, სკოტი სტალინის მიერ კავკასიელთა წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ წმენდაზეც საუბრობს (რომელიც მალევე ფართომასშტაბიან რეპრესიებში გადაიზარდა) და მაგალითად არაერთი ცნობილი ქართველი ბოლშევიკის ისტორია მოჰყავს. მესამე და მეოთხე თავები ქართული მატერიალური კულტურის წარმატებაზე საუბარს ეთმობა საბჭოთა იმპერიის შიგნით. მეხუთე და მეექვსე თავში კი, სკოტი ქართული კულტურის, სახელოვნებო თუ სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატების ისტორიას აღწერს. ამ თავებში საუბარია, თუ როგორ ვირტუოზულად გამოსდიოდათ ქართველებს ერთდროულად ყოფილიყვნენ „ნაცნობები“ და „უცხოები“ იმპერიის ფარგლებში, რასაც ისინი ნაციონალურის იმპერიულ ენაზე თარგმნით და შემდგომ, მისთვის სოციალისტური შინაარსის მინიჭებით ახერხებდნენ.

ერიკ სკოტის წიგნი მარტივი ენით დაწერილი ნაშრომია, რომელიც სახალისოდ იკითხება და უამრავ ისტორიას თუ ანეკდოტს უყრის თავს. ამ რეცენზიაში ყველაზე საინტერესო და, ამასთან, წინააღმდეგობრივ ისტორიებზე გავამახვილებ ყურადღებას.

 

იხილეთ სრული ვერსია

რეცენზია მომზადდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით.

გაზიარება

მსგავსი პოსტები