რა ფერია რიონი?: ჩანაწერები კადრს მიღმა

რა ფერია რიონი?:

ჩანაწერები კადრს მიღმა

ავტორები: ნინო გოგუა, ეკა წოწორია

მექვენას აღმოჩენა, ზაფხული, 2020

ეკა

რიონის ხეობაში ამ ზაფხულს სრულიად შემთხვევით ამოვყავი თავი. ის იყო ნიკორწმინდას მივუახლოვდით, რომ მეგობარმა პატარა გადაღებაში გვთხოვა დახმარება. მექვენაში ვართო. ასე გავიგე პირველად ამ სოფლის სახელი და ასე დაუგეგმავად, ალპანა-ქუთაისის გაფუჭებულ გზაზე ორსაათიანი რახრახის შემდეგ, გვიან საღამოს აღმოვჩნდით მაკა სულაძესთან სახლში.

მასპინძელმა თავისი ბაღჩის ყვავილების ჩაი შემოგვთავაზა და, აღარც კი მახსოვს, როგორ დაიწყო თხრობა. პირველად ჟრუანტელმა მაშინ დამიარა 2016 წლის 1-ელ იანვარს, სახლში უცნაურ ვითარებაში გაჩენილ ხანძარზე რომ ყვებოდა.

გარდაცვლილ დედასაც იხსენებდა მაკა, რომელიც ხანძარში ყველაფრის დაკარგვამ ძალიან უცებ მოტეხა და ჯანმრთელობა შეურყია. დედამისმაც, მაკას მსგავსად, შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი ნამახვანჰესის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა.

რიონის ხეობის ეს სოფელი, მექვენა, იმერეთისა და ლეჩხუმის საზღვარზე, სოფელ ალპანასა და ქუთაისს შორისაა, თითქმის ხელუხლებელი ხეობის შუაწელში და გარესამყაროს მხოლოდ გაუბედურებული გზა აკავშირებს.

ეს გზა თავისუფლად მოიგებდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი გზის სტატუსს. ბოლოს 1989 წელს შეკეთდა და მას შემდეგ, ჰესის პროექტის გამო, მთელი ხეობასავით ყოფნა–არყოფნას შორისაა გამოკიდებული. ამ გაუბედურებული გზის გამოა, რომ ქუთაისიდან მექვენამდე მოსასვლელი ორმოციოდე კილომეტრი,  2 საათს გართმევს, და მასთან ერთად, მოთმინებას. ამ უგზოობის ბრალია, რომ ხეობა გაუკაცრიელდა, დაიკეტა სკოლები, მაღაზიები. ყველაფერი აქ თითქოს უკვე მისცემია ძილს. ისეთ ძილს, სოფლებს დატბორვა რომ უქადის ხოლმე.

ამ გაუკაცრიელების გამოა რომ მექვენაში საღამოობით სიჩუმეც სხვანაირია და ხმაურებიც. მაკას სახლიდან მდინარის დუდუნი ისმის, კარმიდამოს მიჯნაზე, ხევში რიონია. ხეობაში ვერც ინტერნეტის სიგნალი აღწევს, კავშირგამბულობის კომპანიებმაც დაივიწყეს აქაურები. ამიტომ მთელი საღამო გაქვს მასპინძელთან სალაპარაკოდ.

ვუსმენდი მაკას ისტორიას და ვცდილობდი გამეგო, როგორ მოხდა, რომ სიმართლის ამ ხმამ ჩემამდე, ქალაქში ვერ ჩამოაღწია. ჰესისა და რიონის ხეობის წინააღმდეგობის ამბავზე, თითქმის არაფერი ვიცოდი. როგორც ჰაერის, ისე ინფორმაციული დაბინძურების რამდენიმე შრე მაშორებდა ამ ყველაფერს. აქ ჰაერიც გამჭვირვალე იყო და ტყუილ-მართალიც უფრო ხელშესახები.

მაკას ეს ხმა ისეთი ცხადი, საკუთარ თავში დარწმუნებული და კრიალა იყო, რომ არ მომინდა მარტო დავმტკბარიყავი მისი მოსმენით. სიმართლის ეს ხმა როგორღაც უნდა ჩაგვეტანა ქალაქამდე – ჩაცემენტებულ, დახშულ, უჰაერო ქალაქამდე.

‘მიწა-წყალი’ პროექტის სათაურად ძალდაუტანებლად მოვიდა. თითქოს იქაურობა დაგვეხმარა, გვიკარნახა რომ ეს ყბადაღებული სიტყვათა შეთანხმება პათეტიკური სადღეგრძელოების ლექსიკონიდან ამოგვეძვრინა და ყურით მოგვეტანა იქ, სადაც ის, ან მისთვის ბრძოლა, ყველაზე ხელშესახები და საჭიროა. იქ, სადაც ეს სიტყვა ჯერ კიდევ შესაძლებელია დაუბრუნდეს თავის აღსანიშნს; იქნებ გადარჩეს სრულ გაუფასურებასა და გადაგვარებას.

 

ყოფილი სკოლა, სოფელი მექვენა, ზაფხული, 2020

ნინო

სოფელში სასეირნოდ გამოსულები ყოფილი სკოლის წინ გავჩერდით. შენობა, თითქოს, თან მყარად დგას, თან ინგრევა. ფანჯრები და კარებები ჩამტვრეული აქვს, მაგრამ კედლები რამდენიმე წლის შეღებილს ჰგავს. შენობას სოფლისგან დიდი მწვანე ჭიშკარი ჰყოფს, რომელიც თან, საკეტითაა ჩაკეტილი, თან საკეტს ენა არ აქვს.

ეს შენობა შიგნიდანაც უცნაურია, ოთახების ნაწილში რამდენიმე სასკოლო მერხია, არც ისე შელახული, ოთახების მეორე ნაწილი მიტოვებულ სტომატოლოგიურ კაბინეტს ჰგავს. ნაწილი ისეთი მოწესრიგებულია, არც იფიქრებ, მიტოვებულიაო. მეორე სართულზე ასასვლელი კიბეებიც მყარი და შეულახავია.

ერთი თავგადასავალია ასეთ ნახევრად განძარცვულ შენობაში ბოდიალი. თითოეულ ოთახში ცალცალკე შევდიოდით და მისი ყოფილი დანიშნულების გამოცნობას ვცდილობდით. აი, ეს, სასადილოს ჰგავდა, ეს უდაოდ საკლასო ოთახი იყო, მომდევნოში ისეთი კარადები და სავარძელი იდგა, სკოლის სამედიცინო ლაბორატორია უნდა ყოფილიყო. აი, შემდეგი კი უდაოდ, ბიბლიოთეკა იქნებოდა. მომდევნო კარს მივადექით, შევაღე და ელდა მეცა – შიგნით შუახნის ქალი იჯდა მაგიდასთან და შემომცქროდა. მაშინვე, ინსტინქტურად, ბოდიშის მოხდით გამოვკეტე კარი. რადმენიმე წამში ისევ შევაღე.

ეს ქალბატონი სოფლის ექიმი აღმოჩნდა. აქ კვირაში ორ დღეს ამოდის. სოფელში ყველამ იცის მისი განრიგი და ვიზიტზეც წინასწარ უთანხმდებიან. მოხუცებს და მძიმე პაციენტებს თავად აკითხავს სახლებში. აქ ქუთაისიდან დადის და რადგან, მის ტრანსპორტირებას არავინ უზრულველყოფს, ბუნების დაცვის სააგენტოს რეინჯერებსაა მიმაგრებული – მათ მანქანას ამოჰყვება ხოლმე და უკან, ან საკუთარი ხარჯით მიჰყვბა მარშუტკას, ან სოფლის მაცხოვრებელს, ან გამვლელ მანქანას, როდის, – როგორ.

მანვე მოგვიყვა, სოფლის ამბულატორია და სკოლა ამ შენობას იყოფდნენ. თუმცა, ჯერ კიდევ ხუთიოდე წლის წინ ეს სკოლაც მუშაობდა და ექიმების ცვლებიც იყო, მაგრამ სოფელი გაილია, სკოლა დაიკეტა და მხოლოდ საბაზისო სამედიცინო დახმარება დარჩა მექვენას და მომიჯნავე სოფლებს.

ქართული მთა ხომ სულ იცლება და ეს რეგიონიც არაა გამონაკლისი, ოღონდ აქ ნამახვან ჰესის პროექტი პროცესებს კიდევ უფრო აჩქარებს. აბა წარმოიდგინეთ, ჯერ ხომ ისედაც ძალიან რთულია ქართულ დაცარიელეულ მთებში ცხოვრება, მეურნეობის აწყობა, გეგმების დასახვა და ახლა, იწვალო, ხალხი დაიხმარო, ბანკის კრედიტი აიღო და ისაც არ იცოდე, გაგაჩერებენ თუ არა შენს მიწაზე. აქაურ მოსახლეობას, რაც თავი ახსოვს, ახსოვს ჰესის იდეაც და მასთან დაკავშირებული დაუცველობის შეგრძნებაც – ნამახვან ჰესის პროექტი საბჭოთა დროს გაჩნდა, ახალი კი არაა. მაშინ, საბჭოთა დროს პროექტი სახიფათოდ ჩაითვალა და შეჩერდა. იგივე მიზეზით, ახლადშექმნილი “ქართული ოცნება” დიდი ჰესების პროექტების შეჩერებას ჰპირდებოდა მოსახლეობას, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკის საპირისპიროდ, თუმცა მთავრობაში მოსვლის შემდეგ, დიდი ჰესებისთვის ახალი კონკურსები გამოაცხადა. ახლა მინისტრები ტელევიზორიდან ლაპარაკობენ – ქართული მთა უნდა გადავარჩინოთო, საერთაშორისო ტურიზმიო, შიდა მეურნეობებიო, ადგილობრივი წარმოებაო, ნუ დაცლით სოფლებსო, ოღონდ ნამახვან ჰესისთვის აქაურობა უნდა დაიტბოროს და სახლები უნდა დაცალოთო. ვისი სახლიც დატბორვის უშუალო არეალში ვერ ხვდება, იმან 600 ჰექტარზე მეტი ზედაპირის რეზერვუარის ნაპირას უნდა განაგრძოს ცხოვრება და მართალია, გარემოზე ჰესის ზემოქმედების ადეკვატური კვლევა არ გაკეთებულა, მაგრამ განა, რამ უნდა შეცვალოს ხეობის კლიმატიო?

დარწმუნებული ვარ, ხეობის მაცხოვრებლების უმრავლესობა, რომელსაც უკვე აქვს კომპენსაცია, ან კომპენსაციის ნაწილი აღებული, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ნამახვან ჰესის წინააღმდეგ პროტესტი მართლაც აგორდებოდა და რომ ეს წინააღმდეგობა იქნებოდა ჯიუტი და უშიშარი და რომ ამ ბრძოლას აზრი ექნებოდა. დარწმუნებული ვარ, როცა ჰესის მშენებელ კომპანიასთან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, მათი უმრავლესობისთვის ეს ხელმოწერა გამოხატავდა არა მათ ნაფიქრ არჩევანს, არამედ მჩაგვრელი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის კარნახს. მიწის დათმობა და კონპენსაცია, ან მიწის დაკარგვა და არაფერი – ასე დაუხატა სახელმწიფომ მათ არჩევანი. და მართლაც, გლეხს ვინ ჰკითხავს? გლეხისთვის ვინაა? ვინ დაითვლის შრომას, ნერვიულობას, ღირებულებას მისი ჩაყრილი რომელიმე ნერგის? რისი იმედი უნდაჰქონდეს? როდის იყო, ქართული სახელმწიფო ღარიბ მოქალაქეს უსმენდა? ბოლოს როდის ჰგავდა “ქართული სახელმწიფო” “სამშობლოს”?

 

არ ცოდნა არ ცოდვაა?

ეკა

რიონის ხეობაში არც მიწაა მოასფალტებული და არც წყალია მილებსა თუ ბეტონში გატარებული, მოთვინიერებული. აქ ორივე სტიქია ველურია; ორივე ელემენტი – ბუნებრივ მდგომარეობაში. ეს მიწა-წყალი გარდაუვლად იწვევს იმ ხალხის პატივისცემასა და რუდუნებას, რომელიც მათთან ერთად და მათი დამსახურებით არსებობს სოფელში.

ამუშავებს მიწას, რწყავს ნაკვეთს, მოწიწებით და მადლიერებით გაჰყურებს მდინარეს, რომელმაც წელს დაინდო და მოვარდნისას სახნავ-სათესები არ წაართვა; მადლიერებით უსმენს წყაროს წყალს, რომელიც ხვამლის მადლით ჯერ არ დამშრალა და ამ მისტიური კლდიდან ისევ გადმოდის.

მათ ხომ კარგად იციან, რომ წყარო შეიძლება დაშრეს. ახსოვთ, რომ ბუნების ნებას ხშირად ეწირება სოფლები;

ისიც იციან რომ ‘ბუნების ნება’ ხშირად ადამიანის დაუდევრობითაა გამოწვეული.

ამ ადამინებმა, რომლებიც მუშაობენ მიწასთან და ემადლიერებიან წყალს, იმდენი რამ იციან, ბევრს რომ ვერასდროს წარმოუდგენია.

იციან მაგალითად, სად იღებს სათავეს წყალი, რომელსაც სვამენ;

იციან როგორ ამინდში უნდა მოერიდონ მის დალევას;

იციან ნადირის გზა-კვალი;

სად იზრდება საუკეთესო სოკო;

რომელ მიწაზე და როგორი ამინდის პირობებში მოვა ამ ბასრ კლდეებს შორის ტვიშის საუკეთესო მოსავალი;

იციან ბილიკები, ქვაბულები, მეწყრული ზონები, ხრამები, ღელეები, მცენარეები, მათი თვისებები, მწერები, ჩიტები, ცაზე ამინდის წაკითხვა;

იციან, რომ არის წყლები, რომლებიც კონკრეტულ ადგილას სეზონურად ჩნდება და უცბათვე ქრება.

იციან როგორი შენაკადები აქვს რიონს და რომ პატარა ღელე, უცებ, შეიძლება ღვარცოფად იქცეს;

იციან როგორი ნაშალი მასალა მოაქვს რიონს, და რა შეუძლია მას, თუ მოინდომა;

ყველაფერი ის, რაზეც წარმოდგენაც არ აქვს კომპანიას, რომელმაც ხეობაში გიგანტური ჰესის შენება აიღო თავის თავზე.

არც სახელმწიფოს აქვს წარმოდგენა, ან კი რაზე უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, როცა ხეობაში 30 წელია მეცნიერულად აღარაფერი უკვლევია.

არავინ იცის, რა რის ფასად კეთდება, რა იკარგება;

არასდროს დაინტერესებულა იმ ათასწლოვანი ცოდნებით, რომელიც დედამიწის ამ დანაოჭებულ ხეობაში დაგროვდა.

არავის წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების ადეკვატური შეფასება.

რა გასაკვირია, რომ ხეობის ხალხი, რომელმაც გადარჩენისთვის დაკვირვება და ბუნებასთან საუბარი ისწავლა – არ ენდობა მათ, ვისაც ბუნებაზე დაკვირვების არც უნარი აქვს და არც სურვილი,

და მხოლოდ სარგებლის ენაზე ლაპარაკობს.

თუ საქმე (შ)ავად წავიდა – ყოველთვის იტყვიან რომ არ იცოდნენ.

განა სულ ასე არ შვებიან?

 

რიონის ადიდება, სოფელი მექვენა, ზაფხული, 2020

ნინო

დილით ადრიანად გაღვიძებულს მეწყინა, რომ წვიმდა. ჯერ ძლივს ავწიე თავი ბალიშიდან და მერე, მივხვდი, წინა დღეს დაწყობილი გეგმებიდამ არაფერი გამოგვივიდოდა. წესით, უნდა გადაგვეღო, როგორ წველის მაკა ძროხას განთიადისას, მერე წინა დღეს დაწყებული ინტერვიუ უნდა გაგვეგრძელებინა, სანამ ჭრიჭინების გამაყრუებელი ძახილი ატყდებოდა, მერე მდინარის ნაპირზე ჩავსულიყავით მაკასთან ერთად, საღამოს კი მინდორში სეირნობა გადაგვეღო. არაფერი გამოვიდოდა – ყველაფერი ჩაღამებული იყო და ატალახებული.

როგორც კი ხელი ჩავიქნიე, გამიხარდა, რომ წვიმდა. კოკისპირული წვიმა სულაც არ ერქვა, მაგრამ გარემო მთლიანად შეცვლილიყო – მწვანე მთები და ტყეები თეთრ ნისლში იყო ჩამალული, წვიმის წვეთებს შორის ღუმელებიდან ამოსული კვამლი მიძვრებოდა. მაკა უკვე მუშაობდა – წვიმს, თუ არ წვიმს, ძროხა მოსაწველია, ქათმები დასაპურებელი, ცეცხლი დასანთები, წყალი მოსამარაგებელი.

რიონისკენ გავეშურეთ, რომელიც იმაზე ადრე შეგხვდა, ვიდრე ველოდით. მდინარეზე ჩასასვლელი ფერდობი, რომელიც ჯერ მიწაყრილია, შემდეგ დიდი ქვები, მთლიანად წლით დაფარულიყო. ამ ადგილას მდინარე 3 მეტრით მაინც ადიდებულიყო.

წყალს საოცარი თვისება აქვს – თუ მასთან ისე ახლოს მიხვალ, რომ შენი მზერის უმეტესი არეალი წყალმა მოიცვას, თუ ასე თვალს გაუშტერებ, წყალი ადგილმდებარეობის გრძნობას წაგიშლის და ჰაერში გამოგკიდებს. ვითომ ხომ არაფერი, წყალია, მიმდინარე, ათასჯერ გინახავს, მაგრამ ასე წყლის დაკვირვებისას, ერთი წამიც და ვეღარ გაიგებ, საიდან მოედინება და საით მიედინება? სწრაფია, თუ ნელი? რა ფერია? რა სიღრმეა? აღმოაჩენ, რომ ყოველ წამს ახალია, სხვა ფერია, სხვა ფორმა აქვს.

ადიდებული რიონი სწრაფად მომდინარე ვერცხლის წყალს ჰგავდა. შლამი და ტალახი, რომელიც თან მოჰქონდა, მზეზე ვერცხლისფრად ციმციმებდა და რიონის ტალღები ისე ირეოდა ერთმანეთში, თითქოს წყალი მეტალის ასი ფურცლისგან შედგებოდა. მდინარის სხეულში კუნძულებივით მოჩანდა ლოდები, რომელიც სულ ახალი ჩამოტანილი ჰქონდა მდინარეს და კიდევ აწვებოდა. მთელი ხეობა ვიბრირებდა და დუდუნებდა. ჩვენ, მონუსხული ამ სანახაობით, ვიღებდით და ვიღებდით. შიგადაშიგ ერთმანეთს ვეკითხებოდით, მიწა იძვრის? თუ გვეჩვენება?

უკან რიონის სილამაზით გაშტერებულები დავბრუნდით და სახეგაცისკოვნებულებს მაკამ გვითხრა, ტელევიზორისთვის შეგვეხედა. თითქოს დაუჯერებელი იყო, რომ რიონმა, რომელიც ისეთი მშვენიერი იყო, რომ ჩვენ ორ საათს მივშტერებოდით ხან ობიექტივით და ხან ობიექტივს გარეთ, ხეობაშის ზედა ნაწილში, რაჭაში, გზები წაიღო, სოფლების მისასვლელები ჩახერხა, ხალხი უსახლ-კაროდ დატოვა. დაუჯერებელი იყო, რომ ეს უბედურება დაატრიალა ენით აღუწერელმა სილამაზემ.

 

ღვინის ფესტივალი, ტვიში, ზაფხული, 2020

ნინო

მაკამ გვითხრა, ტვიშში ღვინის ფესტივალი ეწყობა და წამოდითო. თავისი შეგროვებული მინდვრის მცენარეების ჩაი დააფასოვა, კალათში ჩაალაგა და დავიძარით.

ტრიალ მინდორზე, თაკარა მზეში, ვიწრო კარვები იყო გაშლილი და ალბათ, 30 ამდე ადგილობრივი მეღვინე ამაყი ღიმილით ელოდა სტუმარს. მინდორი თვალის დახამხამებაში გაივსო ხალხით, სცენა გაიმართა, მომღერლებმა თავიანთი ადგილი დაიკავეს. მეღვინეები ხელის დაქნევით გვეძახდნენ და ჭიქის მოწოდების შემდეგ მთის ფერდობებისკენ გვახედებდნენ –  მათი ვენახები ამ ადგილიდანვე მოჩანდა – ახალი ჩაყრილი ძირები და დიდი, ოპტომისტური სამომავლო გეგმები.

ბევრი აქ მოსული ადამიანი, შეიძლება, ნამახვან ჰესის მშენებლობის მომხრე ყოფილიყო. შეიძლება, ბევრს უკვე გაყიდულიც კი ჰქონოდა სახლ-კარი. ყველასთან მინდოდა ლაპარაკი და ყველას აზრის მოსმენა, მაგრამ თავშეკავებულიუნდა ვყოფილიყავი – ღვინის გასინჯვასთნ ერთად, მსუბუქად შევაპარებდი ხოლმე კითხვას, ჰესების მშენებლობაზე ხომ არ გაუგიათ რამე. მასპინძლები ისე ოსტატურად გადაიტანდნენ საუბარს სხვა თემაზე, თითქოს, წლებია, უკვე ამ საკითხში ვარჯიშობდნენ.

რაც ჰესის მოწინააღმდეგე მოძრაობამ გაძლიერება დაიწყო, სოფლებში კონფლიქტებმა იმატა. ისედაც, ამ დროს, წინააღმდეგობა თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებისგან შედგებოდა და ყველა მათგანი, უკვე, აწყდებოდა ძალიან ძლიერ პოლიტიკურ წნეხს, არა მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის დონეზე, არამედ სოფლის, სანათესაოს, სამეგობროს მასშტაბით. სამწუხაროდ, ლეჩხუმში ბევრს დააჯერეს, რომ ნამახვან ჰესის პროექტი მათაც გაამდიდრებს და ქვეყანასაც. მაგალითად, სოფელ მექვენაში, მაკა სულაძის ოჯახია ერთადერთი, რომელმაც მიწის გაყიდვის თანხმობას ხელი არ მოაწერა. აქეთ მაკა დგას, იქით მთელი სოფელი. მექვენას იქით კიდე სოფლებია, ისინიც მთლიანად გაყიდული.

ღვინოების ალბათ ნახევარი მქონდა გასინჯული, მზემ ისეთი ძალით დააჭირა, თვალები ამტკივდა, ჰაერი ბრჭყვიალა გახდა, მეღვინეებს სიცხე ზურგიდან მოადგათ და ქოლგის ჩრილები მაგიდებს გასცდა, ღვინოები გათბა, დასაკლავად მოყვანილი და მოკლე თოკზე დაბმული ცხვარი ბღავილით დაიღალა და ძირს დაეცა. მე,  მორიგ მეღვინესთან მისულმა, მისივე ღვინით სავსე ჭიქით ხელში, ფრთხილად ჩამოვაგდე საუბარი ჰესზე. მეღვინემ ერთი შემომხედა, ჩემს ჭიქაზე მოსაჭახუნებლად გამზადებული ჭიქა მაგიდაზე დადგა, “ეს მოგზავნილებიო” წამოიყვირა და სწრაფი ნაბიჯით გამშორდა. მე, მისი ღვინით ხელში, გაოგნებული ვუყურებდი, როგორ გარბოდა ეს კაცი და თვალებს არ ვუჯერებდი. მეზობელ დახლთან მდგომ მეღვინეს ვკითხე, რა ვუთხარი ასეთი, რატომ გაიქცა-მეთქი? მითხრა, ჰესის მშენებელი კომპანიის გამოგზავნილი ეგონეო. ყოველ დღე ვხვდებით ეგეთებს, მოვლენ, ჰესის მოწინააღმდეგეებად ასაღებენ თავს, რომ ჩვენი პოზიცია გაიგონ, მერე ჩვენი სიტყები მშენებელ კომპანიასთან მიაქვთ და ისინი კიდე ყველასთან სათითაოდ მოდიან დასაშინებლადო.

სახტად დავრჩი. ჩემი ჭკუით, ჰესის პროექტის მომხრეებთან კონფლიქტს ვარიდებდი თავს და ამასობაში, ერთ-ერთ მათგანს დავემსგავსე.

რისი მეშინოდა ასე? რას ვრისკავდი მე, იმ მეღვინესთან შედარებით? რა გამბედაობა მე მჭირდებოდა – თბილისიდან ჩასულ სტუმარს, რომ მეთქვა, ნამახვან ჰესი არ უნდა აშენდეს-მეთქი, იმ გამბედაობასთან შედარებით, რაც იმ მეღვინეს სჭირდებოდა საჯაროდ იგივეს სათქმელად?

აქ, თითქოს, სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს, ჰესის მშენებელი კომპანია და მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობა ერთმანეთსაა შეტოვებული. დიდი კაპიტალი და  30-მდე ღარიბი ადგილობრივი ეჭიდავება ერთმანეთს იმაზე, დაიტბორება, თუ არა ის ადგილი, სადაც იმ წუთას გაოგნებული ვიდექი და გემრიელ თბილ ტვიშის ღვინოს ვსვამდი უპატრონოდ დატოვებულ დახლთან, რიონის ხეობაში.

მომზადებულია პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით

გაზიარება

მსგავსი პოსტები