ბორგვა ონის კასკადებზე. ლელა რეხვიაშვილი

ფოტოზე: მდინარე რიონი სოფელ ჭიორიდან

დაიცალაო ონის რაიონი, ამბობენ. მოსახლეობისგან დაცლის აღქმას სტატისტიკის წარმოება არ სჭირდება . თითზე ჩამოთვლიან ხოლმე ჩემი თანასოფლელები ოცდაათამდე ოჯახს, რომელიც სოფელში იზამთრებს. მაგრამ რომ დასჭირდეთ, 90-იანებში ამ სოფელში მცხოვრებ 300-მდე ოჯახსაც ჩამოთვლიან და ჩამოწერენ. მოყვებიან, როგორ ჩხუბობდა ხალხი საძოვრების დაყოფაზე მაშინ. 

ახლა კი მიწა ყრია, არავინ იყოფს, არავინ თიბავს და ხვეტს. თქმაც არ უნდა ამ ამბავს, ისე, თვალითაც დაინახავ. საძოვრებზე ფიჭვი წამოვიდა. სათიბებისკენ მიმავალი ბილიკები ტყემ შეჭამა. სადაც მე ბავშვობაში ზაფხულები მიტარებია, სადაც თივები დამიდგამს და ნაძვის კევის ძიებაში ბაბუაჩემის ჯაყვები დამიკარგავს, ბევრგან აღარ მიისვლება.

კავკასიონის ფერდები რომ ნელ-ნელა მიუსაფარი ხდება, ალბათ, არც ეგ უნდა მიკვირდეს, მაგრამ რივნის ჭალის ცვლილებას კი ვარ ბავშვობიდან შეჩვეული. მთელ ზემო რაჭაში რიონი არსად ისე გაშლილი და გაბატონებული არ არის, როგორც ჩვენი სოფლის ქვეშ. და გაშლილი ჭალის ხედიც ჩვენი სახლიდან ყოველ წელს შეცვლილი მახსოვს. ხან სად მოწყვეტდა რიონი ჭალას და, რა თქმა უნდა, სოფლის ხიდსაც და ხან სად. ამოვიდოდა ნელ-ნელა ხეები შემაგრებულ ადგილებში და წაიღებდა ხოლმე რიონი რამდენიმე წელში. ჩვენი საბანაო ადგილებიც ასე იცვლებოდა წლიდან წლამდე. ერთი კუთხიდან მეორეში გადაგუბებული საბანაოდ მოსახერხებელი (ან ამ ტემპერატურის წყალში როგორ ვბანაობდით) რივნის ტოტები ყოველ ზაფხულს თავიდან უნდა გვეპოვა.

მეცოდება რიონი მილებში შესადენად. მეცოდება ისე, როგორც ჩემი მხრები მეცოდება ხოლმე საოფისე სკამიდან კლავიატურამდე ჩამოკიდებული. მერე იქნებ რიონსაც, ჩემი არ იყოს, დღეში ერთი საათი სავარჯიშო დრო მისცენ. უფრო სწორედ, ერთი-ორი კილომეტრი სარბენი, ფორმა რომ შეინარჩუნოს. ტოტებმოჭმული რიონი ვეღარ შეებრძოლება ჭალას და იქნება დაწყნარდეს კიდეც, აღარ შეჭამოს ფერდები. იქნებ შრომა და დისციპლინა მოუხდეს რიონს, როგორც ადამიანს უხდება ხოლმე. მაგრამ თუ  დისციპლინირებული წარმოების ფერხულში დგომას არ მოინდომებს, ნეტავ რიონსაც ჩარეხცილს და ზარმაცს დაუძახებენ? ურჩი სტიქია, როგორც ისტერიული ცოლი, შეიძლება დემონიზაციის სამიზნედაც არ ღირდეს, ისე. ფსიქიატრიულ დახმარებას ჩვენ ვერ გვიწევენ და ალბათ არც თავაწყვეტილი რივნის დასახმარებლად შეწუხდება ვინმე.

დარდი მჭამს, როგორ დავიცვათ რიონი იმისგან, რისგანაც (ბევრმა, თუმცა არა ყველამ) ჩვენი თავიც ვერ დავიცავით: ღირებულის დატოვებისგან, თვითმყოფადობასთან დამშვიდობებისგან, არსებობის პრაგმატულ-ფუნქციონალური დანაწევრებისგან, ჩვენი დროის და სხეულის კაპიტალიზმის რიტმზე დამორჩილებისგან, ფსიქიკური რყევების და ღამის კოშმარებისგან. ალბათ მოიძებნება გზა, მე უბრალოდ დაცლილ ონთან, ჩემს დაცლილ სოფელთან ჩემივე დისტანცია და ამ დისტანციით გამოწვეული უსუსურობა მაწუხებს. ჩემი თავი მეცოდება, ჩემივე აშლილობებისგან რივნის ჭალებზეც რომ აღარ მქონდეს გასაქცევი.

გაზიარება

მსგავსი პოსტები