საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები მუშაობენ ეკოსისტემის განადგურების კრიმინალიზების გეგმაზე

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები მუშაობენ

ეკოსისტემის განადგურების კრიმინალიზების გეგმაზე

„ეკოციდის“ სამართლებრივად განსაზღვრის გეგმას მხარდაჭერას უხადებენ ევროპული ქვეყნები და კუნძულოვანი სახელმწიფოები

ოუენ ბოიკოტი, სამართლის საქმეთა კორესპონდენტი

The Guardian-დან თარგმნა მარიკა ტყეშელაშვილმა

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები მუშაობენ სასარჩელო ძალის მქონე ეკოციდური დანაშაულის გეგმაზე,რაც გულისხობს მსოფლიო ეკოსისტემის განადგურების კრიმინალიზაციას.  ამ გეგმას უკვე უცხადებენ მხარდაჭერას ევროპის ქვეყნები და კუნძულოვანი სახელმწიფოები, რომლებსაც ზღვის დონის მატება მნიშვნელოვან საფრთხეს უქადის.

ინიციატივის საკოორდინაციო ჯგუფს ხელმძღვანელობენ ფილიპ სანდსი, დედოფლის ადვოკატი[1], ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი და ფლორენს მამბა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (სსსს) ყოფილი მოსამართლე.

საკოორდინაციო ჯგუფის მიზანია ეკოციდის სამართლებრივი განსაზღვრების შემუშავება, რომელიც დაემატება ისეთ საერთაშორისო დანაშაულებათა რიცხვს, როგორებიცაა დანაშაული კაცობრიობის წინაშე, სამხედრო დანაშაული და გენოციდი.

პროექტი, რომელიც შვედეთის პარლამენტართა მოთხოვნის საფუძველზე ფონდმა „შეაჩერე ეკოციდი“ მოამზადა, ამოქმედდა მიმდინარე თვეში, რათა დამთხვეოდა 1945 წელს ნაცისტი ლიდერების გასასამართლებლად დაწყებული ნიურბერგის სამხედრო ტრიბუნალის 75-ე წლისთავს.

ზოგიერთმა მცირე კუნძულოვანმა სახელმწიფომ, მათ შორის წყნარ ოკეანეში მდებარე ვანუატუმ და ინდოეთის ოკეანეში მდებარე მალდივის რესპუბლიკამ, გასული წლის დეკემბერში,  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა ყოველწლიურ ასამბლეაზე დააყენა ეკოციდური დანაშაულის „სერიოზულად განხილვის“ საკითხი.

იდეა დაიცვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც, ხოლო ბელგიის ხელისუფლებამ მისი მხარდაჭერის პირობა დადო.  იუსტიციის ჩრდილოვანმა მინისტრმა, დევიდ ლუმმა, ასევე მოითხოვა ეკოციდის სამართალში ინკორპორირება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, ადრევე დადო პირობა, რომ იზრუნებდა ისეთ დანაშაულთა პრიორიტიზებისთვის, რომელთა შედეგიცაა „გარემოს განადგურება“, „ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია“ და მიწის ჩამორთმევა“.

როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2016 წლის პოლიტიკის დოკუმენტი იტყობინებოდა, ის ფორმალურად არ გააფართოებდა თავის იურისდიქციას, მხოლოდ უფრო ვრცელ კონტექსტში შეაფასებდა არსებულ სამართალდარღვევებს, ისეთს, როგორიცაა დანაშაული კაცობრიობის წინაშე. თუმცა დღემდე არ აღრიცხულა ასეთი ტიპის ფორმალური გამოძიების ან პასუხისგების შემთხვევა.

სანდსმა განაცხადა: „დადგა დრო, რომ საერთაშორისო სისხლის სამართალი ჩადგეს გლობალური გარემოს დაცვის სამსახურში… ვიმედოვნებ, რომ ეს ჯგუფი მოახერხებს ისეთი განსაზღვრების ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება პრაქტიკული, ეფექტური და მდგრადი, და რომელიც მოიპოვებს საჭირო მხარდაჭერას იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მინიჭებული სტატუსის შესწორება.“

მამბამ, წითელი ქმერების [2] ტრიბუნალის მოსამართლემ, აგრეთვე ზამბიის უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, აღნიშნა: „ეკოციდის საერთაშორისო დანაშაულმა შესაძლოა შეიძინოს ის მნიშვნელობა, რომ დაარეგულიროს ინდივიდუალური/სახელმწიფო პასუხისმგებლობა ისეთი ბალანსის მისაღწევად, რომელიც გადაარჩენს როგორც კაცობრიობას, ისე ბუნებასაც“.

ჯოჯო მეჰტამ,  ფონდის “შეაჩერე ეკოციდი” დამფუძნებელმა, გარდაიანს განუცხადა: „ეკოციდი უმეტესადკორპორაციულ დანაშაულს წარმოადგენს. სსსს-ში მისი კრიმინალიზების შედეგად, ცვლილებები შევა იმსახელმწიფოთა კანონმდებლობაშიც, რომლებიც მის რატიფიცირებას მოახდენენ. შესაბამისად, მთელ მსოფლიოშიუამრავი შესაძლებლობა გაჩნდება [კანონდამრღვევი კორპორაციების] სასამართლო დევნისთვის“.

„შესაბამისად, მთელ მსოფლიოში უამრავი შესაძლებლობა გაჩნდება [კანონდამრღვევი კორპორაციების]სასამართლო დევნისთვის“.

როგორც ექსპერტები ამბობენ ერთ-ერთი გამოწვევა იქნება იმის განსაზღვრა, თუ რა საზღვრებში ამოქმედდებაეკოციდური სამართალდარღვევა. როგორც ისინი განმარტავენ, სოფლის სათემო მიწაზე ხის მოჭრა არ მოხვდება ამდანაშაულის ფარგლებში.

„ამ დანაშაულში უნდა იგულისხმებოდეს მასშტაბური, სისტემატური და ფართოდ გავრცელებული განადგურება“ დასძინა მან. „ჩვენ უფრო ვსაუბრობთ ამაზონის მასშტაბური გაჩეხვის, ზღვის ფსკერიდან თევზჭერის ან ნავთობისზღვაში ჩაქცევის შესახებ. გვინდა, რომ ასეთი შემთხვევები ისეთივე დონეზე განიხილებოდეს, როგორც ისბოროტმოქმედებანი, რომლებსაც სსსს  ჩვეულებრივ იძიებს“.

ექსპერტთა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს იურისტებს მთელი მსოფლიოდან, სხვებს შორის არის ტუილომა ნერონი სლეიდი სამოადან. ისიც სსსს-ის ყოფისი მოსამართლეა. ჯგუფი თავისი სამუშაოს დასრულებას მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს.

შენიშვნები:
[1] დედოფლის ან მეფის ადვოკატი – გაერთიანებულ სამეფოში უფროსი იურისტი, დანიშნული მონარქის მიერ მრჩეველად სასამართლო საქმეებში.
[2] კამბოჯის კომუნისტური მოძრაობის არაოფიციალური სახელწოდება.
წინამდებარე თარგმანი მომზადდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და ის შეიძლება არ ასახავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პოზიციებს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

გაზიარება

მსგავსი პოსტები